კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბათუმში კიდევ ერთი კოლეჯი იხურება

6 ივლისი, 2007

ბათუმის მრავალდარგობრივი სახელმწიფო კოლეჯის სტუდენტები და პედაგოგები სასწავლებლის გაუქმების გამო საპროტესტო აქციებს აწყობენ. ისინი სასწავლებლის შენარჩუნებას მოითხოვენ. აჭარის განათლების მინისტრის, ალექსი ჩიკვაიძის განცხადებით, ბათუმში არსებული რამდენიმე კოლეჯის ოპტიმიზაცია მოხდა, რაც მომავალში უკეთეს შედეგს მოიტანს. აქციას ორგანიზატორობა ხალხის პარტიის წარმომადგენელმა ჯუმბერ თავართქილაძემ გაუწია, რომელმაც განათლების მინისტრებს განათლების მტრები უწოდა.

ბათუმის მრავალდარგობრივი სახელმწიფო კოლეჯის პედაგოგთა და სტუდენტთა განცხადებით, აჭარის განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ისინი მოულოდნელად ქუჩაში აღმოჩდნენ. “ინდუსტრიულ კოლეჯთან შეგვაერთეს. ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნულ კოლეჯს საკუთარი შენობა არა აქვს, კოლეჯი ორგანიზაცია “მამულიშვილს” ეკუთვნის. ჩვენ საქართველოს განათლების სამინისტროს დამტკიცებული პროგრამით ვმოქმედებთ, ასევე გვაქვს მის მიერ დამტკიცებული საშტატო განრიგი წლიური ბიუჯეტი, რომელიც სავსებით შეესებამება სახლმწიფო სტანდარტებს. ამასთან, წელს საქართველოს განათლების სამინიტრომ ოფიციალური ექსპერტიზა ჩაგვიტარა, რომელმაც გადაამოწმა და გადასინჯა კოლეჯის აბსოლუტურად  ყველა სასწავლო გეგმა და პროგრამა. სასწავლო პროგრამაც ახლებურად შევიმუშავეთ. ახლა რა ხდება, ჩვენთვის გაუგებარია,” - აცხადებს კოლეჯის დირექტორის მოადგილე, ბადრი გეჩბაია. მისი თქმით, ამ მოულოდნელი ფაქტის გამო კოლეჯის დირექტორს, ჟუჟუნა ზოიძეს გულის სტენოკარდიული შეტევა განუვითარდა.
 
“75 წლის განმავლობაში აქ პროფესიული სასწავლებელი, ვაჭრობის ტექნიკუმი იყო. თავიდან გვითხრეს, რომ კოლეჯი უფრო გაფართოვდებოდა, ახლა კი აღმოჩნდა, რომ საერთოდ აღარ ვიარსებებთ. როგორც ირკვევა, შენობას ყიდიან,” - განაცხადა პედაგოგმა თამარ სამიტაშვილმა.

ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ სტუდენტებიც. ბიზნესისა და მარკეტინგის პირველი კურსის სტუდენტის, თამთა შეყილაძის თქმით,  ხელისუფლება მათ უფლებებს უაპელაციოდ ხელყოფს: “ჩვენ სახელმწიფო კოლეჯში ჩავაბარეთ და სამი წლის განმავლობაში სასწავლო კურსი უნდა გაგვევლო. ახლა კი მოულოდნელად ჩვენი კოლეჯი საერთოდ იხურება. ამ მთავრობამ ყველაფერი გაყიდა. საინტერესოა რას უტოვებენ მომავალ თაობას?!”

აჭარის განათლების მინისტრის, ალექსი ჩიკვაიძის განცხადებით, კოლეჯების ოპტიმიზაცია განათლების რეფორმის ნაწილია: “ბუნებრივია, ამას ჰყავს გარკვეული მოწინააღმდეგეები. არსებული სასწავლებლების ბაზაზე ჩამოყალიბდება ახალი ტიპის სასწავლებლები. შეიცვლება მათი სტატუსი და ისინი ჩამოყალიბდებიან, როგორც სახელობო მომზადების ცენტრებად. რიგი საშუალო პროფესიული სასწავლებლები გარდაიქმნება უმაღლესი პროფესიული განათლების ცენტრებად. ეს კოლეჯი თავიანთი პროფილის მიხედვით შეუერთდება ინდუსტრიულ და პედაგოგიურ კოლეჯებს. გადანაწილდებიან როგორც სტუდენტები, ისე პედაგოგები. შენობა კი სახელმწიფოსია და ეკონომიკის სამინისტროს გადაეცემა .”

აქცია ხალხის პარტიის წარმომადგენლის, ჯუმბერ თავართქილაძის მხარდაჭერით გაიმართა: “თითქმის ყოველდღე ფიქსირდება მოზარდებს შორის კრიმინალური ფაქტების ზრდა. რატომ ხდება? იმიტომ, რომ ბავშვებს ხელოვნურად ტოვებენ ქუჩაში, სადაც ისინი კრიმინალებად ყალიბდებიან. ჩიკვაიძემ არ იცის, რა პროფილის სპეციალისტებს უშვებს ეს კოლეჯი. ეს კაცი ალექსანდრე ლომაიამ ამ რეგიონში იმისათვის გამოუშვა, რომ სწავლა-განათლების ცენტრები დახუროს.”

ემზარ დიასამიძე, ბათუმი

ახალი ამბები