კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

"სპეცსანახაობა" ქუთაისში

13 ივლისი, 2007

dakavebebi_.gifგასულ კვირას, ქუთაისში, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ განხორციელებულმა სპეცოპერაციამ საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. დაკავებულების მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, რომელიც ორ ნაწილს მოიცავს. ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის 24 თანამშრომელს ბრალი ყალბი დოკუმენტაციის დამზადება-გამოყენებასა და ბიუჯეტიდან 600, 000 ლარის მითვისებაში ედება.

"ამ ადამიანებმა, რომლებსაც ჩვენ დღეს ვაკავებთ, საქართველოს 600, 000 ლარი მოპარეს. მაგრამ საბედნიეროდ, ეს თანხა დღეს ხალხთან არის და ამით პენსიები დარიგდება," - განაცხადა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ იოსებ თოფურიძემ იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის დარბაზში გამართულ "საგანგებო თათბირზე". მისი განცხადებიდან ზუსტად ნახევარ წუთში კუდ-ის თანამშრომლებმა ეჭვმიტანილ ჩინოვნიკებს ხელბორკილები "ოფიციალურად" დაადეს.

რეალურად კი, ქუთაისში 2 ივლისს დაგეგმილი სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაცია უფრო ადრე, წინა დღით გავრცელდა. 1 ივლისს სამართალდამცავებმა ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები დასაკითხად კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დასავლეთ საქართველოს სამმართველოში დაიბარეს. გავრცელებული ინფორმაციით, ზოგიერთ მათგანს ხელბორკილებიც მაშინ დაადეს. 2 ივლისს კი, დღის 2 საათზე, ქუთაისის მოსახლეობა ხედავდა, თუ როგორი კინწისკვრით გამოჰყავდათ ეჭვმიტანილები კუდ-ის თანამშრომლებს სპეცდანიშნულების რაზმით ალყაშემორტყმული სამხარეო ადმინისტრაციის შენობიდან და მიკროავტობუსში სვამდნენ.
 
საზოგადოებაში გაჩნდა პროტესტის გრძნობა, რომელსაც მოქალაქეები სხვადასხვაგვარად ხსნიდნენ (და ხსნიან დღესაც). "დღისით, მზისით, შენობიდან 20-ზე მეტი ადამიანი გამოიყვანეს და ცხოველებივით მანქანაში შეყარეს. ამდენი შეიარაღებული პოლიციელი ცხოვრებაში არ მინახავს. ბავშვები გადაირივნენ, შეშინებულები აქეთ-იქეთ იხედებოდნენ. ეს არის სპეცოპერაცია? ეს შოუა, რომლის დაგეგმვაში ჩვენი ხელისუფლება უკვე გაიწაფა და აწი, ალბათ, უარესებსაც შემოგვთავაზებს," - განაცხადა 72 წლის პენსიონერმა, რომელიც უშუალოდ შეესწრო აღნიშნულ ფაქტს.

სპეცოპერაციის საქმის დეტალების მოკვლევის თაობაზე სოზარ სუბარმა გენპროკურატურას მიმართა. სახალხო დამცველი კონსტიტუციური უსაფრთხოების თანამშრომლებს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს და სიმართლის გარკვევას ითხოვს.

სიმართლე აინტერესებთ უშუალოდ დაკავებულთა ახლობლებსაც. ერთერთი მათგანის ოჯახის წევრმა, რომელმაც ვინაობის გამხელა გარკვეული მიზეზების გამო არ ისურვა, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ქუთაისის ბიუროში განაცხადა: "ჩემმა ძმამ სპეცოპერაციამდე რამდენიმე საათით ადრე სატელეფონო შეტყობინება გადმოგვიგზავნა, ბორჯომში ვარ და დამაკავესო. ანუ, ეს არის ცოცხალი მაგალითი იმისა, რომ ეს სპეცოპერაცია იყო უნიჭოდ დადგმული შოუ, ხალხის თვალის ასახვევად."

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ქუთაისის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით მათ დაკავებულთა ახლობლების გარდა, რიგითმა მოქალაქეებმაც მიმართეს. ისინი ე. წ. სპეცოპერაციის ფაქტს ადამიანის უფლებათა დარღვევის კვალიფიკაციას აძლევენ.

"ეს საკითხი შესასწავლია. თუ დამტკიცდა, რომ ამ ადამიანთა ორჯერ დაკავებას მართლა ჰქონდა ადგილი, ე.ი. უხეშად დაირღვა ადამიანის უფლებები. ჩვენ ადვოკატები ვართ და ამიტომ ჯერ თვითონ უნდა დავიცვათ კანონი, რათა ამის შემდეგ მოვუწოდოთ სხვებს კანონის დაცვისკენ," - აცხადებს "საია"-ს ქუთაისის ორგანიზაციის ადვოკატი გიორგი ჭიქაბერიძე. იგი ერთერთი დაკავებულის ინტერესებს იცავს.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პიროვნება თავს დამნაშავედ არ ცნობს. მე მას ხვალ შევხვდები და გავესაუბრები. მხოლოდ ამის შემდეგ გავარკვევ, რა კუთხით დავიცავ მას," - აცხადებს გიორგი ჭიქაბერიძე.

მისი დაცვის ქვეშ მყოფი, ისევე როგორც დანარჩენი 23 დაკავებული, ამჟამად ქუთაისის #2 საპყრობილეში იმყოფება. 3 ივლისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე მოსამართლემ დაკავებულთა ადვოკატების შუამდგომლობები, მათი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ, არ დააკმაყოფილა.

შორენა კაკაბაძე ქუთაისიდან

ახალი ამბები