კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადვოკატი უფასოდ

16 ივლისი, 2007

cuxishvili_ninob.gif2007 წლის ბოლოს უფასო საადვოკატო მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა საქართველოს მთელ მოსახლეობას ექნება. ამ ეტაპისთვის სახაზინო ადვოკატი მხოლოდ რამდენიმე რაიონს ფარავს. მართალია, ჯერჯერობით მომსახურება შეზღუდული არ არის, თუმცა 2009 წლიდან ის მხოლოდ გარკვეული კატეგორიას მოემსახურება. 

  
როგორ დავიქირავოთ ადვოკატი უფასოდ? რა ტიპის საქმეებს განიხილავს სახაზინო ადვოკატი? რამდენად შესაძლებელია მისი ნდობა? - ამ და სხვა საკითხებზე „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ადვოკატის სამსახურის უფროსი ნინო ცუხიშვილი ესაუბრა.

ნინო ცუხიშვილი: ჯერჯერობით აღნიშნული სამსახურის სახელწოდება - სახაზინო ადვოკატი შენარჩუნებულია. თუმცა, საკმაოდ მალე, ძალაში ახალი კანონი შევა, რის შემდეგაც სახელწოდება შეიცვლება და მას იურიდიული დახმარების სამსახური დაერქმევა. სამსახური იმისათვის შეიქმნა, რომ საზოგადოების გადახდისუუნარო და სოციალურად დაუცველი ნაწილი იურიდიული დახმარებით უზრუნველყოფილი ყოფილიყო. აქ იგულისხმება საადვოკატო საქმიანობა, კონსულტაციები, სასამართლო პროცესებზე გამოსავლა და ეს ყველაფერი უფასოდ მოხდება. ხარჯებს სახელმწიფო ფარავს. 

ჟურნალისტი: როგორც მახსოვს, თავდაპირველად თქვენ მხოლოდ თბილისის რამდენიმე უბნის მოსახლეობას ემსახურებოდით, რაც გარკვეულ პრობლემებს ქმნიდა. მოსახლეობა პრეტენზიებს გამოთქვამდა, რომ მათ რაიონების მიხედვით არჩევდით. ამ ეტაპზე შეიცვალა სიტუაცია?

ნ.ც. პრობლემას ის ქმნიდა, რომ თავიდან თბილისში 8 და ზესტაფონში 6 ადვოკატი გვყავდა, მაგრამ მსურველი იმდენად ბევრი იყო, საჭირო გახდა თბილისის დაფარვა გაგვეფართოვებინა. ამიტომ, თუ თავიდან სამსახური  მხოლოდ გლდანი-ნაძალადევის რაიონს ფარავდა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ვაკე-საბურთალოსა და დიდებე-ჩუღურეთის რაიონებიც მოიცვა.  თუმცა, შტატების სიმცირის გამო, მთელი თბილისი მაინც ვერ დავფარეთ. მას შემდეგ, რაც დაფინანსება კიდევ გაგვეზარდა, რამდენიმე ხნის წინ ჩავატარეთ კონკურსი, რის შედეგადაც საშუალება მოგვეცა, საშტატო ერთეული დაგვემატებინა. ამ ეტაპისთვის თბილისში უკვე 27 ადვოკატი გვაყავს, შესაბამისად, მთელ თბილისს ვფარავთ.

ჟურნალისტი: რეგიონებში რა მდგომარეობაა?

ნ.ც. თბილისის გარდა, უკვე დამთავრდა საბუთების მიღება 4 ბიუროზე, ეს არის შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი და კახეთის ბიუროები. ამ რეგიონებში გასაუბრება 9 ივლისს დაიწყო. სულ 134-მა ადვოკატმა შემოიტანა საბუთები. კადრების შერჩევის შემდეგ ამ ბიუროებისთვის ოფისებიც გაიხსნება. ივლისის ბოლოსთვის გასაუბრება კიდევ 3 ბიუროზე დაიწყება. ესენია: აჭარა, სამეგრელო და იმერეთი. წლის ბოლომდე სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საზოგადოება უფასო იურიდიული მომსახურებით უზრუნველყოფილი იქნება. გასაუბრებაზე, ასევე შეირჩევიან კონსულტანტები, რომლებიც ქურთასა და ერედვში იმუშავებენ. იქ მოსახლეობის მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. 

ჟურნალისტი: რამდენია ადვოკატის ხელფასი და ხომ არ მოხდება მოქალაქეთა გაცხრილვა, ვის მოემსახუროთ და ვის არა? 
 
ნ.ც. თითოეული ადვოკატს ხელფასს უხდის სახელმწიფო.
ხელფასის რაოდენობა თბილისში 900 ლარს შეადგენს, რეგიონებში კი 800 ლარია. რაც შეეხება მოქალქეთა გაცხრილვას, 2009 წლამდე სახელმწიფოს გადაწყვეტილებით ყველას მოვემსახურებით, რადგან არ არსებობს  განსაზღვრული კრიტერიუმი, ადამიანი გადახდისუნარიანია თუ პირიქით.

ჟურნალისტი: სახაზინო ადვოკატი ყველა ტიპის საქმეს განიხილავს თუ მხოლოდ გარკვეულ კატეგორიას?  
 
ნ.ც. ამ ეტაპზე სამოქალაქო საქმეებს არ განვიხილავთ. განვიხილავთ სს პროცესში არსებულ ყველანაირ საქმეს და ადმინისტრაციულს, კერძოდ კი ფსიქიატრიული მკურნალობის იძულებით დანიშვნას. კანონი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში სავალდებულია ადვოკატის დასწრება, შესაბამისად, ეს ვალდებულება საკუთარ თავზე ავიღეთ. რაც შეეხება კონსულტაციას, ამ მხრივ ყველა სახის სამართალწარმოებას ვფარავთ.

ჟურნალისტი: მოქალაქეებმა სახაზინო ადვოკატის მომსახურება როგორ უნდა მიიღონ?

ნ.ც. რაც შეეხება პროცედურას, ეს საკმაოდ მარტივია. მოქალაქე მოგვმართავს განცხადებით, ამის შემდეგ ივსება განაცხადი და ადმინისტრატორი გამოყოფს ადვოკატს. ის მოქალაქეს ყველა სტადიაზე ეხმარება, საბუთების შედგენიდან დაწყებული სასამართლოში გამოსვლის ჩათვლით.

ჟურნალისტი: რაც შეეხება სტატისტიკას, როგორ სრულდება სახაზინო ადვოკატის მიერ წარმოებული საქმეები?

ნ.ც. კერძო ადვოკატებთან შედარებით საკმაოდ დადებითი შედეგი გვაქვს. ხშირ შემთხვევაში, საპროცესო გარიგებაც კი მოგებულ საქმედ შეიძლება ჩაითვალოს. ჩვენთან კი საქმეების უმრავლესობა სწორედ საპროცესო შეთანხმებით სრულდება, ვინაიდან თვითონ მხარე ითხოვს ამას. თუმცა, დაკავებულის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების შემთხვევებიც არის. თითქმის ყველა საქმეზე ხდება ვადის დაკლება. სამსახურის არსებობიდან სულ შემოსული გვაქვს გვაქვს 887 მომართვა, 2000 საქმეზე კონსულტაცია გავუწიეთ, დამთავრებულია 655 საქმე, აქედან 12-ზე გამამართლებელი განაჩენი დადგა, 230-ზე სეპროცესო შეთანხმება, 232 საქმე ჯერ არ დასრულებულა. 
 
ჟურნალისტი: სახიზინო ადვოკატის საქმიანობას, შეიძლება ვუწოდოთ „სახელმწიფო სახელმწიფოს წინააღმდეგ“. როგორია მოსახლეობის ნდობა?

ნ.ც. იმ გამოცდილებიდან, რაც მოქალაქეებს ადრინდელი სახაზინო ადვოკატებიდან ჰქონდათ, ნამდვილად არ ველოდი, რომ ასე მალე შევძლებდით ნდობის მოპოვებას, თუმცა, 100 პროცენტიანი ნდობა ჯერ მაინც არ არის. ძალიან ბევრი ჩვენს მომსახურებას სკეპტიკურად უყურებს, მაგრამ სხვა გზა არა აქვთ და სულ არაფერს, რა თქმა უნდა, ურჩევნიათ ჩვენ მოგვმართონ, და ძალიან ხშირად საქმის დასრულების შემდეგ ასეთი ადამიანები გვირეკავენ და მადლობებს გვეუბნებიან. აქედან გამომდინარე, მომართვების ოდენობა თანდათანობით იზრდება.    

ეკა გულუა

 

ახალი ამბები