კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიტიკური ლიდერები „ბოდიშის კამპანიას“ აფასებენ

17 ივლისი, 2007

sorry1.gif„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ წამოწყებულ „ბოდიშის კამპანიას“ აფხაზი ხალხის მიმართ,  პოლიტიკური ლიდერები ეხმაურებიან. ზოგისთვის ბოდიშის მოხდა პრობლემას არ წარმოადგენს, ზოგისთვის ეს გრანტების მოსაპოვებლად მიმართული კამპანიაა, ზოგი კი ფიქრობს, რომ აღნიშნული კამპანია სამშვიდობო მოლაპარაკებებს ძალიან დააზარალებს.    
 
გთავაზობთ საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკურ პარტიათა ლიდერების კომენტარებს. 
        
მიხეილ მაჭავარიანი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე: „როცა ყოველი ჩვენგანი ისტორიული სასამართლოს წინაშე წარსდგება, საკუთარი თავისა და ქვეყნის წინაშე მართლები უნდა ვიყოთ. მიმაჩნია, რომ არ ღირს არანაირი ცენტის თუ თეთრის გრანტი იმად, რომ ისტორია დაამახინჯო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში 1992 წელს არ იყო მარტივი სიტუაცია, მაინც უნდა ვთქვა, რომ საქართველოს აფხაზებთან ომი არ დაუწყია. ეს იყო დიდი პროვოკაცია, რომელიც სპეცსამსახურებიდან მოდიოდა, მათ შორის ჩართულები იყვნენ ჩრდილოკავკასიელები. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ყოველივე  ასეთი ქმედება სახელმწიფო ინტერესის ღალატი, ისტორიის უკუღმა წერა და  გონებას აცდენილი ხალხის მოქმედებაა. მირჩევნია, აფხაზს დაველაპარაკო პირისპირ. მე მასთან საბოდიშო არაფერი მაქვს.“

სოსო შატბერაშვილი, „ლეიბორისტული შრომის პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი: „ქართველ ხალხს საბოდიშო არავისთან არაფერი აქვს. თუ საბოდიშოდ ვინმეს აქვს საქმე, ეს ედუარდ შევარდნაძეა, რომელმაც, პირველ რიგში, ბოდიში ორი სამოქალაქო ომის გაღვივებისთვის, ქართველ ხალხს უნდა მოუხადოს. ერთი თბილისის ომი იყო, მეორე - აფხაზეთის ომი. ორივე სამოქალაქო ომი თავს რუსეთის იმპერიამ მოგვახვია, რომლის გამხმოვანებელი და შემსრულებელი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გახლდათ. ამიტომ, ქართველ ხალხს არავისთან აქვს საბოდიშო, ისევე როგორ აფხაზ ხალხს არა აქვს საბოდიშო. ორი ხალხი რუსეთის მიერ გადებულ მახეში გაება და ორივე ხალხისთვის ეს სამარცხვინო ომი ძალიან ცუდად დამთავრდა. არავინ თქვას, რომ იქ აფხაზმა ხალხმა გაიმარჯვა ან ქართველი ხალხი დამარცხდა. ამ ომში ორივენი დავმარცხდით. ჩვენი პარტიის პოზიციით,  პასუხისგებაში უნდა მიეცეს თენგიზ კიტოვანი, შევარდნაძე და მასთან ერთად ყველა ის ადამიანი, ვინც დამნაშავეა აფხაზეთის ომის გაღვივებაში. ამავე დროს, მოვითხოვთ, სააკაშვილის პასუხისმგებლობას, რადგან ის ვარდების რევოლუციის დროს მიტინგებზე ხალხს არძინბას რეჟიმის დამხობას ჰპირდებოდა. ის კი არ დაემხო, პირიქით, შესაძლებელია, აფხაზეთის დე-იურედ აღიარება მოხდეს.“

კოტე გაბაშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი,  პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე: „არიან ადამიანები, რომლებიც  ცდილობენ თავიანთი მუშაობისთვის თუ აქტიურობისთვის ყველა თემა გამოიყენონ. „მოვაწერდი ბოდიშს ხელს“ ქართველების მხრიდან იმის გამო, რომ თავის დროზე ვოვა ვეკუა მოკლეს; „მოვაწერდი ბოდიშს ხელს“ იმის გამო, რომ ქართველებს თავი მოჭრეს და მათი თავებით ბურთი ითამაშეს გაგრის სტადიონზე; იმისთვის, რომ ამოწყვიტეს და ამოხოცეს პატარა ბავშვებიანად ოჯახები მარტო იმიტომ, რომ ისინი ქართველები იყნენ. ყველამ თვალწინ დაიყენოს ეს კადრები და მერე გადაწყვიტოს, ბოდიში უნდა მოიხადოს თუ უფრო სწორი იქნება, ბოდიში ორივე მხარემ ერთმანეთს მოუხადოს. ეს ბოდიში იყოს თანაბარი და ჩვენი საზოგადოება ნუ გადაიქცევა მხოლოდ მაზოხისტად. ეს ბოდიში არარეალურია და ჩემს სიმპატიას არ იმსახურებს“.

ელიზბარ ჯაველიძე, პოლიტიკური მოძრაობა „ენა, მამული, სარწმუნოება“: „საბოდიშო ორივე მხარეს აქვს და არა ერთ-ერთს. ომი ედუარდ შევარდნაძემ დაიწყო. ეს იყო პროვოკაცია. ამ ომს რაც მოჰყვებოდა, ეს გასაგებიც იყო. ვერავინ დამარწმუნებს, რომ კიტოვანმა თქვა აფხაზეთში გავისეირნოთო და მას შევარდნაძე აჰყვა. მან იცოდა, ამას რაც მოჰყვებოდა. იმის გამო, რომ ჩვენ აფხაზეთში შევედით, ბოდიში უნდა მოვიხადოთ, თუმცა, მერე რაც მოხდა, რომ ქართველების თავებით ფეხბურთს თამაშობდნენ, და დღეს რა აგრესიასაც ამჟღავნებენ ჩვენი მოძმე აფხაზები, მათ უფრო ეკუთვნით ბოდიშის მოხდა. საერთოდ, პოლიტიკოსთა ბოდიში არაფერს ნიშნავს. მე ვარ მომხრე სახალხო დიპლომატიის. ხალხმა საერთო ენა უნდა გამონახოს.“

ჯონდი ბაღათურია, „ქართული დასი“: „აღშფოთებული ვარ, როცა რომელიღაც ორგანიზაცია თავს უფლებას აძლევს ქართველი ხალხის სახელით ილაპარაკოს,  მითუმეტეს, ბოდიშები იხადოს. რაც შეეხაბა გვაქვს თუ არა ბოდიშები სახდელი, ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს დასაბრუნებელი ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა გვაქვს აღსადგენი. რომელი უფრო ადრე იყო - კვერცხი თუ ქათამი და ვინ პირველმა გააკეთა პროცესების პროვოცირება, ამას ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არა აქვს. ცხადია, რომ პროცესები იყო არასასურველი და დამანგრეველი. ამ პროცესების მაპროვოცირებელი იყო ერთი ჯგუფი, რომელიც აფხაზი ხალხის სახელით მოქმედებდა და ლაპარაკობდა. ამან გამოიწვია დაპირისპირება სოხუმში. ახლა იმის გარკვევის დრო არ არის, ბოდიში ვინ უნდა მოიხადოს.“

გია გაჩეჩილაძე, „საქართველოს მწვანეები“: საქმე იმაში გახლავთ, რომ ეს არის გულუბრყვილო მცდელობა რაღაც კორექტირება შეიტანონ მოლაპარაკების პროცესში. თუ ხელისუფლებიდან ვინმე ამას დაეთანხმა, ეს ძალიან ცუდი იქნება თავად მოლაპარაკებისთვის, რადგან საქართველო წამგებიან პოზიციაში აღმოჩნდება არა მარტო აფხაზურ-ქართულ ურთიერთობაში, არამედ, საერთაშორისო დონეზე. ალბათ, ყველამ იცის, რომ კონფლიქტი პროვოცირებული იყო რუსეთის სპეცსამსახურების მიერ. ამის მიზანი იყო და არის იქ დემოგრაფიული სიტუაციის შეცვლა, ანუ აფხაზეთის ტერიტორიის გათავისუფლება როგორც ქართველებისგან, ასევე აფხაზებისგან. ქართველების მიმართ ეს ეფექტურად განხორციელდა სამხედრო ოპერაციების თვალსაზრისით.  აფხაზების მიმართ ეს ძალიან ეშმაკურად ხდება და ამას თვითონ აფხაზებიც ხვდებიან. ამიტომ, თუ ვინმეს ბოდიში აქვს მოსახდელი, ეს პირველ რიგში, რუსეთის მხარეა.“

ბაჩუკი ქარდავა, „ეროვნულ დემოკრატიული პარტია“: „ნამდვილად ვერ მოვიხდი ბოდიშს ვერავის წინაშე, რადგან დაწყებული რუსეთიდან, აფხაზების ჩათვლით, საბოდიშო სწორედაც რომ მათ აქვთ. მათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დაარღვიეს და 100 000-ზე მეტი ქართველი გამოყარეს აფხაზეთიდან. აფხაზი ხალხის მიმართ საპრეტენზიო არაფერი მაქვს და არც საბოდიშო. მაგრამ, ის, რაც აფხაზების ხელით გაკეთდა, ეს არის სერიოზული დანაშაული ქართველი ერის წინაშე. გრანტების მოსაპოვებლად აკეთებს ამას ვინმე თუ სხვის დავალებას ასრულებს, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, არც მორალური უფლება და არც ისტორიული სამართლიანობა არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ  ჩვენ ასე მოვიქცეთ იმ ბიჭების წინაშე, რომლებიც აფხეზეთში დაიღუპნენ.“

თინა ხიდაშელი, „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი:  „ჩემი პირადი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით ცნობილია. პარტიის პოზიციას კი ნამდვილად ვერ გეტყვით, რადგან ეს ამბავი პირველად თქვენგან გავიგე. პირადი პოზიციით კი  ვამბობ, რომ არა ქართველმა ხალხმა, არამედ საქართველოს სახელმწიფომ  უნდა მოიხადოს ბოდიში ომისთვის. ბოდიში უნდა მოუხადოს იმ დევნილებსაც, რომლებიც აფხაზეთიდან გამოყარეს და ომის ყველა მსხვერპლს. თუ სახელმწიფო ხარ და ამის პრეტენზია გაგაჩნია, საკუთარ ქვეყანაში ომის გაჩაღება არ უნდა დაუშვა. მე ამაში ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ. ამ ადამიანებს საერთოდ არ ვიცნობ, მაგრამ თავისთავად, იდეა მისაღებია.“        

ეკა გულუა 

ახალი ამბები