კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კიდევ ერთი კერძო საკუთრება ინგრევა

23 ივლისი, 2007

ngrevab.gifთაბუკაშვილის 50-ში მცხოვრები 26 ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა. მათი კერძო საკუთრების ნგრევა ისე დაიწყო, რომ მობინადრეებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ. თბილისის მერიას რომ აღნიშნულ შენობასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები ჰქონდა, ცნობილი იყო, თუმცა მისი დემონტაჟი მოსახლეობის გაუფრთხილებლად დაიწყო. მერია მიზეზად მშენებლობის წესების დარღვევას ასახელებს, მობინადრეები კი ინვესტორის ინტერესს, რომელმაც ამ ტერიტორიაზე სასტუმრო  „კემპინსკი“ უნდა ააშენოს.   


შენობის დემონტაჟი 20 ივლისს დაიწყო. ქალაქის ზედამხედველობის სამსახურის წარმომდგენლები თაბუკაშვილის 50-ში მოულოდნელად გამოჩდნენ და იმ დადგენილების აღსრულება დაიწყეს, რომელიც 13 სართულიანი შენობის ნგრევას ითვალისწინებს. ნგრევის შესახებ  მოსახლეობა ინფორმირებული არ ყოფილა, რამაც დიდი პანიკა გამოიწვია. შენობის ფანჯრებს ისე ლეწავდნენ, რომ მოსახლეობას შენობიდან გამოსვლის უფლებას არ აძლევდნენ, ხოლო მათ, ვინც გარეთ იყვნენ, შენობაში არ უშვებდნენ. ზოგს სახლში მოხუცი და ინვალიდი ჰყავდა დარჩენილი.

ვითარება მაშინ გართულდა, როცა მობინადრეებმა რუსთაველის გამზირის გადაკეტვა სცადეს. ადგილზე მობილიზებულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მათ ამის უფლება არ მისცეს და რამდენიმე მათგანის დაკავებაც კი სცადეს. პარალელურად, მოსახლეობის ნაწილმა ადვოკატთან ერათად, დემონტაჟის შეჩერების მოთხოვნით
სასამართლოს მიმართა.

„დემონტაჟი დაწყებულია, თუმცა ვალდებულნი იქნებიან, სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდნონ,“ – აცხადებდნენ მობინადრეები. მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილებას არავინ დალოდებია. ასეც რომ ყოფილიყო, სასამართლომ მობინადრეთა მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

საკუთარი სახლის ნგრევას მობინადრეები ქვევიდან უყურებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ნივთების გამოტანას ითხოვდნენ, სახლებში არავინ უშვებდა. საკუთარი ნივთები მხოლოდ ერთ-ერთ უცხოელ მოქალაქეს გამოატანინეს.  მობინადრეებსა და პოლიციას შორის „შეტაკებაში“ რამდენიმე ადამიანიც დაშავდა, მათ შორის ერთ-ერთი სასწრაფო დახმარების ექიმი.

ქალაქის ზედამხედველობის სამსახურში ირწმუნებოდნენ, რომ მობინადრეები ნგრევის შესახებ ინფორმირებულები იყვნენ და კომპენსაციებიც კი შესთავაზეს. აღნიშნული სამსახური ნგრევის მიზეზად იმას ასახელებდა, რომ შენობა ექსპლუატაციაში არ იყო შესული და ის არამდგრადი იყო: „ზედამხედველობის სამსახური უკვე რამდენიმე დღეა აცხადებს, რომ იმ ადამიანებს, ვისაც ბინები გარემონტებული აქვთ, კვადრატულ მეტრზე 1400 დოლარს ვთავაზობთ, გაურემონტებელზე  კი 1200 დოლარს. შენობას საცხოვრებლად სულ 10 ოჯახი იყენებდა. მათი ნაწილი თანახმაა ჩვენს შეთავაზებაზე. მათ ბინებიც ვუქირავეთ. ვინც ჯერჯერობით თანახმა არ არის, მათთან მოლაპარაკება გრძელდება.

შენობა თავიდანვე დაბალსართულიანი უნდა ყოფილიყო, თუმცა 13 სართულიანი აშენდა.  რაც შეეხება მდგრადობას, ამ  შენობის სიმტკიცე არ აკმაყოფილებს სტანდარტებს. აქედან გამომდინარე, მიღებულია დადგენილება დემონტაჟის შესახებ,“ - ასეთი იყო ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის დავით ავალიანის კომენტარი.

მობინადრეები კი აცხადებენ, რომ მათთვის არავის არაფერი შეუთავაზებია და ეს ყველაფერი სიცრუეა: „ვინ გაგვაფრთხილა და რა გაგვაფრთხილა. შემოგვხედეთ, რა დღეში ვართ. ტანსაცმელი, ნივთები სახლში დაგვრჩა. თანხა გვაქვს სახლში და შესვლის და გამოტანის უფლებას არ გვაძლევენ. რომ დაიკარგოს, თავად აგებენ პასუხს? კაპიკი ფული არ მაქვს, რომ საჭმელი ვიყიდო. არადა  ჩემთვის შიმშილი არ შეიძლება,  დიაბეტიანი ვარ,“ - აცხადებს ერთ-ერთი მობინადრე.

მოსახლეობა პროტესტს სხვადასხვაგვარად გამოხატავდა, ზოგი მოლაპარაკებას ცდილობდა და მხოლოდ ნივთების გამოტანას ითხოვდა, თუმცა, მაინც არაფერი გამოვიდა. „ცოლები არა გყავთ, შვილები არა გყავთ, ოჯახები არა გაქვთ, ქრისტიანები არ ხართ, ადამიანები არ ხართ? ჯალალედინს არ გაუკეთებია მსგავსი რამ, აგვიშვით, რომ ნივთები ჩამოვიტანოთ, უფალი ყველას მოგიზღავთ,“ - მსგავსი სიტყვები მთელი დღის განმავლობაში ისმოდა, თუმცა, მათ ყურადღებას არავინ აქცევდა. 

როგორც „რესპუბლიკელი“, იურისტი თინა ხიდაშელი აცხადებს, ბუნებრივი იყო, რომ სასამართლო მობინადრეთა სარჩელს არ დააკმაყოფილებდა: „ვიცოდი, რომ მოსამართლე  მოთხოვნას არ დააკმაყოფილებდა. ეს იყო საქმის განხილვის დასრულებამდე ნგრევის შეჩერება. მთავარი ეს არ არის. სასამართლოში რამდენიმე დღის წინ შევიდა სარჩელი, რომელიც ჯერჯერობით არ განხილულა. ეს არის კერძო საკუთრების დაცვა და იმის დამტკიცება, რომ ამ სახლში ეს ადამიანები კანონიერად ცხოვრობდნენ. შესაძლებელია, სასამართლომ სასწაული მოახდინოს და ობიექტური გადაწყვეტილება გამოიტანოს. ეს არის  ბარბაროსობა და სახეზეა საკუთრების ხელყოფა. უკანონობას თავად დავით ავალიანიც ადასტურებს. ის ამბობს, მერია მზად არის მოსახლებას 1200 და 1400 დოლარი გადაუხადოსო. თუ მერია ამბობს, რომ შენობა უკანონოაო და ეს ადამიანები იქ უკანონოდ ცხოვრობდნენ, მაშინ გაუგებარია, რატომ სთავაზობენ მათ თანხებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი უკანონობაში არიან ჩართულები. თუკი მერია აცხადებს, რომ ამ ადამაინებს არაფერი ეკუთვნით, ფულს რაში უხდიან ან ბინებს რატომ ქირაობენ მათთვის?“

მომხდარს ბარბაროსობად აფასებს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი: „როცა კერძო საკუთრებას ასე ვექცევით, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვცხოვრობთ კონსტიტუციურ ქვეყანაში. ეს არის ბარბაროსული ქმედება.“

მობინადრეები შუა ღამემდე ღია ცის ქვეშ ელოდებოდნენ სახლში შესვლის უფლებას როდის მისცემდნენ. ისინი გვიან ღამით სახლებში შეუშვეს და ბინის დაცლის ვადა მეორე დღის 3 საათამდე მისცეს. მობინადრეები ზედამხედველობის სამსახურისგან კონკრეტულ პასუხებს ითხოვდნენ: „რის საფუძველზე გამოგვაგდეთ  სახლიდან, გვაჩვენეთ  დოკუმენტი, რას გვთავაზობთ. ასეთი ცარიელი სიტყვები არავის სჭირდება. მთელი მოსახლეობა კარვებს გავშლით, ეს ჩვენი საკუთარი მიწაა, რომელსაც ვერ წაგვართმევენ და მაინც აქ დავსახლდებით.“

შენობის ნგრევის პარალელურად, ბინების დაცლა დღესაც გრძელდება.  მობინადრეები აცხადებენ, რომ მათთვის არავის არანაირი კომპენსაცია არ შეუთავაზებია, ზედამხედველობის სამსახური კი საწინააღმდეგოს ამტკიცებს.    
 
ერთ-ერთი მობინადრე: „ყველანი გაოგნებულები ვართ. ასეთ ქმედებას არავინ ელოდა. არანაირი შემოთავაზება კომპენსაციასთან დაკავშირებით არ გვქონია. გვთავაზობენ მხოლოდ იმას, რომ შევიდეთ ჩვენს ფართში და ნივთები გამოვიტანოთ. შემიძლია ვთქვა, რომ ბინები გაძარცვულია. გატეხილია კარები და გაოგნებულები ვართ. ხელისუფლებისთვის ჩვენი სასამართლოს გზით სიარული მომაკვდინებელია. ეს საქმე ხელისუფლებას სასამართლოში წაგებული აქვს. აუცილებლად სტრასბურგამდე მივალთ და ეს ხელისუფლება კიდევ ერთხელ შერცხვება, ისევე, როგორც არაერთ შემთხვევაში.“   

ბადრი ზაქარაშვილი, I სართულის მაცხოვრებელი: „ჩემი ფართი 250 კვადრატს შეადგენს, თითქმის გარემონტებული მქონდა. ქუთაისში ვიყავი, დამირეკეს და მითხრეს გვანგრევენო და სასწრაფოდ ჩამოვედი. პირადად ჩემთვის არავის არაფერი შემოუთავაზებია. ოფიციალურ დონეზე ასეთი არაფერი ყოფილა. სხვა რა გზა მაქვს, ვცლი. გამოდის, რომ ეს ხარჯი გვეკარგება, რა იქნება, არ ვიცი.  დაახლოებით 6 წელია ეს სახლი შენდება და საკუთრების დამადასტურებელი ყველა საჭირო დოკუმენტი არსებობს. ოფიციალური დოკუმენტებით, ეს ბინა ჩემია.“

მობინადრეები იმდენად  გაღიზიანებულები იყვნენ, შეურაცხყოფასაც არ ერიდებოდნენ: „ზედამხედველობამ მოგვიყვანა მანქანები, 10 მანქანა მოვითხოვეთ, 20 მოგვიყვანა. მაღალი სართულებიდან ავეჯი ვერ ჩამოგვაქვს და ვერტმფრენი უნდა დასვან სახურავზე. „დავაი“ რა, თუ ძმა ხარ...“

ერთ-ერთი მიზეზად, რის გამოც თაბუკაშვილის 50-ში მდებარე 13 სართუალიანი სახლი ინგრევა,  ის ინვესტორი სახელდება, რომელმაც ყოფილი „იმელის“ შენობა შეიძინა და ამ ტერიტორიაზე უზარმაზარ მშენებლობას გეგმავს. ეს არის სასტუმრო „კემპინსკი“.

ის შენობა კი, რომელსაც ანგრევენ, სწორედ „იმელს“  ესაზღვრება. „კემპინსკის“ საბოლოო სახე კომპანიის ელექტრონულ გვერდზეც გამოქვეყნდა. იქ თაბუკაშვილის 50-ში მდებარე სახლი საერთოდ არ ჩანს, ეს ტერიტორია კი მთლიანად სასტუმროს უჭირავს. უფრო მეტიც, თუ ამ ტერიტორიაზე არსებულ სახლს იმიტომ ანგრევენ, რომ ის 13 სართულიანია, სასტუმროს 2 თაღი 16 სართულს აღწევს.

მობინადრეები დათმობას არ აპირებენ და ბრძოლას  კანონიერად, სასამართლო ძალით გეგმავენ. 

ეკა გულუა        

ახალი ამბები