კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახლში თუ ბავშვთა სახლში?

16 აგვისტო, 2007

bavshvta_saxlib.jpgრას ჰპირდება დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს?

 

 

"საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მზრუნველობამოკლებული ბავშვები ინსტიტუციური დაწესებულებებიდან მაქსიმალურად გამოიყვანოს და ისინი ან ბიოლოგიურ ოჯახებს დაუბრუნონ ან მიმღებ ოჯახებში გადაიყვანონ. ამით ბავშვები იმ ოჯახურ სითბოს იპოვიან, რაც მათ წლების განმავლობაში აკლდათ,“ - აცხადებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს„ ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა დახმარების“ პროგრამის ხელმძღვანელი თამარ ჭანტურია. 

 

 

 

 

 

ორი ამბავი

დიდთვალება ნიკა დედას უზის კალთაში და მუცელზე ეკრობა...

ნიკა 1 წლის იყო ჩვილ ბავშვთა სახლში რომ მოხვდა. ის დედამ, მეზობლის რჩევით ბავშვთა სახლში მიიყვანა და იქ 7 თვის განმავლობაში ცხოვრობდა. ახლა ნიკა 2 წლის და 4 თვისაა და ისევ დედასთან ერთად ცხოვრობს. ნიკას დედა ორსულადაა. ერთ თვეში მეორე შვილს ელოდება:

გალინა, ნიკას დედა: „ჩვილ ბავშვთა სახლში ჩემს მეზობელს ჰყავდა ბავშვი მიბარებული და მან მირჩია, იქნებ ნიკაც იქ მიგეყვანაო. ძალიან გვიჭირდა, ქირით ვცხოვრობდი, სამუშაო არ მქონდა, ბავშვს საჭმელსაც კი ვერ ვაჭმევდი და იძულებული გავხდი, ნიკა აქ მომეყვანა. კვირაში ერთხელ ან ორჯერ ვაკითხავდი, მიხაროდა, რომ უკეთეს პირობებში აღმოჩნდა, მოსუქდა კიდეც, მაგრამ მენატრებოდა და მინდოდა, ჩემს გვერდით ყოფილიყო. სოციალური მუშაკების დახმარებით, ახლა ნიკა ჩემთან ერთად ცხოვრობს. ერთ თვეში მეორე შვილს ველოდები, სანამ ბუნებრივ კვებაზე იქნება, ჩემთან მეყოლება, მერე მასაც აქ მოვიყვან და ისევ მუშაობას დავიწყებ. ნიკას კი საბავშვო ბაღში ვატარებ. საშინელებაა, როდესაც იმის საშუალება არა გაქვს, შვილები შენს გვერდით გყავდეს. იმედი მაქვს, ნელ-ნელა ფეხზე დავდგები.“

4 წლის გიო მშობლებმა ჩვილ ბავშვთა სახლში დაბადებისთანავე მიატოვეს. რამდენჯერმე ბებიამ მიაკითხა, მერე ისიც აღარ გამოჩნდა და გიო იქ დარჩა. ორი თვის წინ ის შვილობილად ერთ-ერთმა ოჯახმა აიყვანა.

გიო კომპიუტერთან ზის, ენერგიულად უკაკუნებს კლავიშებს და თან სკამზე ცქმუტავს:

ნელი, გიოს დედობილი: 10 წლის განმავლობაში ჩვილ ბავშვთა სახლში ვმუშაობდი. ახლა უკვე პენსიაში ვარ. შვილებიც მყავს და შვილიშვილებიც, მაგრამ გიო ისე შემიყვარდა და ისე მივეჩვიე, რომ გადავწყვიტე შვილობილად ამეყვანა. ოჯახში ჩემს სურვილს ყველა გაგებით შეხვდა. საკმაოდ უკარება ბავშვი იყო. სხვებთან კონტაქტი უჭირდა, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ამის გამო კიდევ უფრო რთული იყო მისი მოვლა, თუმცა, მას შემდეგ, რაც სახლში გავიყვანე, სულ შეიცვალა, უამრავი ლექსი და სიმღერა ისწავლა. უფრო კონტაქტური გახდა და რაც მთავარია, ის ოჯახური სითბო იპოვა, რაც აქ აკლდა.

ახლა ნიკა საკუთარ ოჯახში, გიო კი მიმღებ ოჯახში იზრდება. მათ „ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მიტოვების პრევენციისა და დეინსტიტუციონალიზაციის“ ქვეპროგრამის დახმარებით ბავშვთა სახლი დატოვეს.  

დეინსტიტუციონალიზაცია - უბრალოდ რთული სიტყვა თუ...

როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრიორიტეტს სახემწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფ ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მომსახურების სფეროში დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი წარმოადგენს, რომლის მიზანი ამ კატეგორიის ბავშვთა ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნება ან მათი ალტერნატიული ზრუნვის გზით, შვილობილად მიმღებ ოჯახებში განთავსებაა.

ამ პროცესის განხორციელებისათვის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, საქართველოს კანონის „ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა შვილობილად აყვანის“ თანახმად, გაეროს ბავშვთა ფონდისა და ბრიტანული ორგანიზაცია „Eვერყ ჩჰილდ“ - ის დახმარებით, „ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მიტოვების პრევენციისა და დეინსტიტუციონალიზაციის“ ქვეპროგრამა აამოქმედა, რომელიც დღეს სახელმწიფო პროგრამას წარმოადგენს.

თამარ ჭანტურიას განცხადებით, დღეისათვის აღნიშნული ქვეპროგრამა საქართველოს 11 რეგიონის 32 რაიონში ხორციელდება:

„აღნიშნული ქვეპროგრამა სამი მიმართულებით მიმდინარეობს: სააღმზრდელო დაწესებულებებში მცხოვრები ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნება და მათი ოჯახების ხელშეწყობა (შემდგომში რეინტგრაცია); სააღმზრდელო დაწესებულებაში მოხვედრის რისკის წინაშე მყოფი ბავშვის პრევენცია და მისი ოჯახურ გარემოში აღზრდის ხელშეწყობა, (შემდგომში პრევენცია) და ხელშეკრულების საფუძველზე, მიმღებ ოჯახებში ბავშვთა დროებით აღსაზრდელად, შვილობილად განთავსება (შემდგომში შვილობილობა). ქვეპროგრამის ფარგლებში, ფულადი საოციალური შემწეობის ოდენობა შვილობილობის შემთხვევაში, თითოეული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისათვის განისაზღვრა 240 ლარის ოდენობით, ხოლო ჯანმრთელი ბავშვისათვის 125 ლარის ოდენობით. რაც შეეხება პრევენციისა და რეინტეგრაციის შემთხვევაში, თითოეული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისათვის განისაზღვრა 80 ლარის, ხოლო ჯანმრთელი ბავშვისათვის 60 ლარის ოდენობით,“ - აღნიშნავს თამარ ჭანტურია.

განათლების სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით, საქართველოში დეინსტიტუციონალიზაციის პროგრამა საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს: „ქართულ ოჯახებს, ისევ და ისევ ქართული მენტალიტეტიდან გამომდინარე, მიაჩნიათ, რომ ამით ისინი კეთილშობილურ საქმეს სჩადიან და სწორედ ამიტომ, რაოდენ დაუჯერებელიც არ უნდა იყოს, მიმღები ოჯახები საკმაოდ მრავლად არის. განსაკუთრებით უნდა გამოიყოს თელავი. იქ უამრავი მიმღები ოჯახი გვყავს. სამწუხაროდ, კანონის თანახმად, შვილობილობაში ბავშვი მხოლოდ 18 წლამდე შეიძლება დარცეს, შემდეგ ის უკვე სრულწლოვანი ხდება და აქედან გამომდინარე, განათლების სამინისტრო მათზე პასუხისმგებელი ვეღარ იქნება. თუმცა, არის ისეთი შემთხვევები, როდესაც მიმღებ ოჯახებსა და შვილობილ ბავშვებს შორის ისეთი ურთიერთობა ყალიბდება, რომ ისინი ამ ოჯახებში საცხოვრებლად რჩებიან“, - ამბობს თამარ ჭანტურია.

სტატისტიკური მონაცამების მიხედვით, 2000-2007 წლის I-II კვარტლის ჩათვლით, დეინსტიტუციონალიზაციის პროცესში ჩართულ ბავშვთა რაოდენობამ 1817 ბავშვი შეადგინა. დღეისათვის კი საქართველოს მასშტაბით, 300-ზე მეტი მიმღები ოჯახია რეგისტრირებული.

თამარ ჭანტურიას განცხადებით, ამჟამად ფინანსთა სამინისტროში წარსადგენად 2008 წლის ბიუჯეტის პროექტი მზადდება: „ჩვენი გამოთვლებით, მიმღები ოჯახების დაფინანსება მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს და იქიდან გამომდინარე, რომ დეინსტიტუციონალიზაცია სახელმწიფოს პრიორიტეტია, დარწმუნებული ვართ, ბიუჯეტი გაიზრდება. ეს ფაქტი კი ბავშვთა ინსტიტუციური დაწესებულებებიდან გამოყვანას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს“, - აღნიშნავს თამარ ჭანტურია.

მისივე თქმით, განათლების სამინისტრო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ბავშვები პირველ რიგში ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნდნენ. ამისათვის შეიქმნა ისეთი დამხმარე მომსახურებები, როგორიცაა დღის ცენტრები, სადაც მარტოხელა დედებს საშუალება ეძლევათ დღის განმავლობაში დატოვონ ბავშვები თვითონ კი იმუშავონ. „ასეთი ცენტრები უკვე არსებობს თბილისში, თიანეთში და უახლოეს მომავალში გაიხსნება რუსთავში. ნელ-ნელა ამ ქსელის გაფართოებას ვგეგმავთ. ანუ მშობელს შეძლებისდაგვარად ვეხმარებით, რომ ბავშვი ბიოლოგიურ ოჯახს არ მოსწყვიტოს და თავისთან იყოლიოს. ასეთივე დამხმარე მომსახურებას წარმოადგენს დედათა და ბავშვთა თავშესაფრები, მცირე საოჯახო ტიპის სახლები, რომლის მიზანია ოჯახური გარემოთი უზრუნველყოს ის ბავშვები, რომელთა ზრუნვის სხვა ალტერნატიული ფორმები მოცემულ მომენტში არ არსებობს.“

დღეისათვის არსებული ბავშვთა სახლების დირექტორების ნაწილი ამ პროგრამას საკმაოდ პროგრესულად უყურებს, თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებსაც ამ სიახლის მიღება საკმაოდ უჭირთ:

აფრიკის დასახლებაში მდებარე მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლის „სათნოების“ დირექტორი ანგელინა ბერიშვილი: „ისე არ ჩათვალოთ ჩემი ნათქვამი, რომ მე დირექტორი ვარ და ამ პროგრამის შედეგად ბავშვთა სახლი დამიცარიელდება, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ამ პროგრამას საკმაოდ ნეგატიურად ვუყურებ. ჩვენ ისეთი მშობლები გვყავს, რომ მათ რაც არ უნდა თანხა მიიღონ, იმ ფულს ერთ დღეში გაანიავებენ. მათი შვილები კი ისევ ქუჩაში დარჩებიან. რაც შეხება მიმღებ ოჯახებს, ასეთი ოჯახები თითქმის არ არსებობენ. აგერ უკვე ათი წელია ჩვენი სახლი არსებობს და მხოლოდ ერთხელ მახსოვს, ოჯახი იყო მოსული და ისიც ჩვილი ბავშვის აყვანა უნდოდათ. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ცენტრში მყოფ ბავშვებს ძირითადად უკიდურესად გაჭირვებული, ალკოჰოლდამოკიდებული ან მსუბუქი ყოფაქცევის მშობლები ჰყავთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათ არ სურთ, რომ მათი შვილები გააშვილონ. რამდენიმე ხნის წინ, ჩვენს ცენტრში განათლების სამინიტროდან რვაკაციანი ჯგუფი მოვიდა, რომლებმაც სამდღიანი მონიტორინგი ჩაატარეს. მათი შერჩევით მშობლები დავიბარეთ. თვითონვე გახდნენ იმის მოწმენი, რომ მშობლები გაშვილების სასტიკი წინააღმდეგნი იყვნენ. ჩვენ ამ ბავშვებს არაფერს ვაკლებთ, ყველანაირად ვცდილობთ არც მზრუნველობა მოვაკლოთ, არც განათლება და არც საკვები. ასე რომ სრულიად მიზანშეუწონლად მიმაჩნია ამ პროგრამის განხორციელება.“

„სათნოების“ დირექტორისაგან განსხვავებული აზრი აქვს დიღმის ბავშვთა სახლის დირექტორს ლალი ალფაიძეს. მისი თქმით, დეინსტიტუციონალიზაციის განხორციელება აუცილებელია: „ბავშვისთვის ოჯახია მთავარი. სად აქ, ბავშვთა სახლში ყოფნა და სად ოჯახურ პირობებში აღზრდა. ისეთი პედაგოგი, რომელსაც ერთდროულად 15 ბავშვზე მზრუნველობა აქვს დაკისრებული, ბავშვთან ურთიერთობას ვერ ახერხებს. ყურადღება კი ბავშვის განვითარებისათვის აუცილებელია. რაც არ უნდა კარგი პირობები შევუქმნათ ბავშვს, ოჯახს მაინც ვერაფერი შეცვლის. ჯერჯერობით, მიმღებ ოჯახებთან ურთიერთობის გამოცდილება ნაკლებად გვაქვს. სრულიად უპატრონო ბავშვი იშვიათობას წარმოადგენს. ხოლო იმ ბავშვების გაშვილება, რომლებსაც მშობლები ჰყავს, ისევ და ისევ მშობლების წინააღმდეგობის გამო არ ხერხდება, რადგან მათ არ სურთ, რომ შვილები სხვის ოჯახში აღიზარდნონ. თვითონ კი მატერიალური სიდუხჭირის გამო, მათი სახლში წაყვანისაგან თავს იკავებენ, რადგან ის დახმარება, რასაც სახელმწიფოსაგან იღებენ, საკმარისი არ არის.“

მსგავსი მოსაზრება აქვს სააქციო საზოგადოება თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის დირექტორს ირინა ბექურიძეს. მისი თქმით, ბავშვთა კეთილდღეობასა და ოჯახურ სითბოს დეინსტიტუციონალიზაციის პროგრამა საუკეთესოდ უზრუნველყოფს: „ჩვენ ხელს ვუწყობთ ამ მიმართულებით მუშაობას და განათლების სამინისტროსთან აქტიურად ვთანამშრომლობთ.“

წყნეთის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლის დირექტორი მანანა წილოსანი მოკლე კომენატრით შემოიფარგლა, - ის დეინსტიტუციონალიზაციის პროგრამას დადებითად აფასებს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, უახლოეს მომავალში სააღმზრდელო დაწესებულებებშიც დირექტორების არჩევნები ჩატარდება: „ასეთი გზით არჩეული დირექტორებისათვის ბავშვის კეთილდღეობა და ინტერესები იქნება მნიშვნელოვანი და არა ის, რომ ინსტიტუციებში ბავშვთა რაოდენობა გაიზარდოს“, - აცხადებს თამარ ჭანტურია. 

ნინო თარხნიშვილი

ახალი ამბები