კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დისშვილმა დეიდა „13-წლიან შარში“ გახვია

24 აგვისტო, 2007

„ჩემთვის შეურაცხმყოფელი იყო, როდესაც ხმამაღლა განაცხადეს, ის, რომ ბებიაშვილი არ არის ნასამართლევი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის დანაშაულებრივ ცხოვრებას არ ეწეოდაო. თუ 15 წელი სკოლაში მუშაობა დანაშაულებრივი საქმიანობა იყო, ნამდვილად არ ვიცოდი და ამიტომ, ჩემი დანაშაულებრივი ცხოვრების თუნდაც ერთი საბუთი მაინც წარმოადგინონ“, - განაცხადა თავის საბოლოო სიტყვაში განსასჯელმა ნანა ბებიაშვილმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ იმ სასამართლო სხდომაზე, რომელზეც პროკურატურის წარმომადგენელმა მისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ქუთაისის ბიუროს ნანა ბებიაშვილის ადვოკატმა ნიკო კანკავამ მიმართა და მისი დაცვის ქვეშ მყოფის უფლებების იმ დარღვევებზე ისაუბრა, რომლებსაც სამართალდამცავთა მხრიდან ჰქონდა ადგილი. ადვოკატის აზრით, იმის გამო, რომ ნანა ბებიაშვილი უკანონო პატიმარია, მისი კანონიერი უფლებების დარღვევა დღემდე გრძელდება და ამაში უკვე სასამართლო ხელისუფლებაც მონაწილეობს.

ნანა ბებიაშვილი ტყიბულის რაიონის პოლიციამ 2006 წლის 2 სექტემბერს თერჯოლის რაიონში დისშვილებთან, მამამზე და მელიტონ ზოსიაშვილებთან და მათ მეგობარ ზვიად ხუჯაძესთან ერთად დააკავა.

სამართალდამცავთა განმარტებით, ტყიბულის რაიონის პოლიციის უფროსმა ცირეკიძემ თავის მოადგილეს საგამოძიებო კუთხით, გელა თვალჭრელიძეს მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მამამზე ზოსიაშვილს მდედრობითი სქესის წარმომადგენლისაგან უნდა მიეღო რაღაც კანონსაწინააღმდეგო ნივთი. თუ რა იყო ეს, პოლიციელებმა არ იცოდნენ. მაგრამ ამის მიუხედავად აღნიშნულ დაკავებაში ტყიბულის რაიონული პოლიციის კარგად შეიარაღებული რამდენიმე თანამშრომელი მონაწილეობდა. ერთ-ერთმა დაკავებულმა, ნანას დისშვილმა მამამზე ზოსიაშვილმა თავიდანვე აღიარა, რომ ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილი ხუთი აბი სუბოტექსი მას ეკუთვნოდა და მან იგი ქუთაისში პირადი მოხმარებისთვის შეიძინა, მაგრამ ეს გამოძიების მიერ გათვალისწინებული არ იქნა და ნანა ბებიაშვილი უმძიმესი მუხლებით მიეცა პასუხისგებაში.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის უფლება პირველად მაშინ დაირღვა, როდესაც მანქანას, რომლშიც იგი თერჯოლის რაიონის გადასახვევში ჩაჯდა, პოლიციელებმა გზა გადაუკეტეს და მანქანაში მსხდომნი ისე დააკავეს, რომ მათთვის არც საკუთარი უფლებები განუმარტავთ და არც ის აუხსნიათ, რის საფუძველზე ხდებოდა მათი დაკავება. იქვე მოხდა დაკავებულების უკანონო ჩხრეკაც, რომელსაც მხოლოდ პოლიციელები ესწრებოდნენ. ნანა ბებიშვილი სანამ მისი ხელჩანთა გაიჩხრიკებოდა, დამსწრეს ითხოვდა, რაზეც პოლიციელებმა უთხრეს, რომ ჩვენ აქ 10 კაცი ვართ და რაღა დამსწრე გინდაო. დაკავებული პოლიციაში მიყვანამდეც და შემდეგაც ადვოკატს ითხოვდა, თუმცა მისი არც ეს მოთხოვნა შეასრულეს, რაც დაკითხვის ოქმებშიც კარგად ჩანს. ეჭვმიტანილმა დაკითხვის დროს ადვოკატის მოსვლამდე დუმილის უფლება არჩია, მაგრამ გამომძიებელმა კახიძემ ცნობა შეადგინა, თითქოს მას ბებიაშვილი გაესაუბრა და უთხრა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის ჩაწერილია სოფელ ალისუბანში, სინამდვილეში თბილისში, თემქის ქუჩაზე ცხოვრობს. ამ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ამით, გამოძიებამ უკანონოდ გაამყარა თავისი პოზიცია, გაეჩხრიკა თბილისის ბინა. თუმცა, ჩხრეკას არც თავად ნანა ბებიაშვილი და არც მისი ოჯახის სხვა რომელიმე წევრი არ დასწრებია, რაც ასევე მისი უფლების უხეში დარღვევა იყო. კანონის თანახმად, ბინის ჩხრეკისას დამსწრის მოწვევის უფლება აქვს მხოლოდ მას, ვისი ბინაც იჩხრიკება, ამ შემთხვევაში კი ეს ასე არ მომხდარა. გამომძიებელმა ამ უკანონო ჩხრეკას ბებიაშვილის სურვილის საწინააღმდეგოდ, მისი თბილისელი მეზობელი დაასწრო,“ - აცხადებს „ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ საუბრისას ადვოკატი ნიკო კანკავა.

იგი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ საქმეში დაირღვა ქვემდებარეობის პრინციპიც: „მართალია, ბებიაშვილი და მასთან ერთად მყოფი პირები ტყიბულის რაიონულმა პოლიციამ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დააკავა, მაგრამ რადგანაც დაკავება თერჯოლის რაიონის ტერიტორიაზე მოხდა, ტყიბულის პოლიციას მხოლოდ გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება შეეძლო. ეს არის დაკავება, ჩხრეკა, შემთხვევის ადგილის დათვალიერება, შემდეგ საქმე უნდა გაეგრძელებინა თერჯოლის რაიონის გამოძიებას, რაც ასე არ მომხდარა და აღკვეთი ღონისძიებების შეფარდებაც ტყიბულის რაიონული სასამართლოს მიერ მოხდა. სინამდვილეში კი, როცა 15 სექტემბერს პროკურორმა საქმე ქვემდებარობით თერჯოლას გადასცა, უდიდესი წილი საგამოძიებო მოქმედებებისა უკვე შესრულებული იყო, თანაც დიდი კანონდარღვევებით“, - მბობს ნიკო კანკავა.

ადვოკატის აზრით, თავის უდანაშაულობასთან ერთად სწორედ აღნიშნული სერიოზული კანონდარღვევები, გახდა იმის მიზეზი, რომ აღკვეთი ღონისძიებების შეფარდებისას ნანა ბებიაშვილი გირაოთი იყო გათავისუფლებული და ისე ესწრებოდა პროცესებს პირველი ინსტანციის სასამართლოში. მაგრამ იმ პერიოდში, როდესაც სასამართლო განხილვა დასასრულს უახლოვდებოდა, ნიკო კანკავა სამსახურებრივი მივლინებით შვედეთში იმყოფებოდა და მოსამართლემ ერთ კვირაში, დაჩქარებული განხილვით დაასრულა სასამართლო სხდომა, ნანა ბებიაშვილს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ის სასამართლო დარბაზიდან აიყვანეს პატიმრობაში.

„სანამ სასამართლო განხილვა მიმდინარეობდა, მე არ ვაპირებდი, ამ დარღვევების შესახებ გენერელური პროკურატურისთვის, გენერალური ინსპექციისთვის, სახალხო დამცველისა და სხვა უფლებადამცველი ორგანიზაციებისათვის მეცნობებინა, რადგან ვფიქრობდი, რომ მას შემდეგ, რაც ბებიაშვილი გირაოთი გაათავისუფლეს,  სამართალდამცავები თავად მოვიდოდნენ გონს, მაგრამ სააპელაციო სასამართლოში განვითარებულმა მოვლენებმა დამარწმუნა, რომ ეს შეუძლებელია. ამიტომაც, სანამ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია თავის საბოლოო ვერდიქტს გამოიტანდეს, მე გენერალურ ინსპექციას, გენერალურ პროკურატურას და სახალხო დამცველის ოფისს მივმართავ და ტყიბულის შს რაიონული განყოფილებისა და ზესტაფონის პროკურატურის შესაბამისი თანამშრომლების პასუხისმგებლობის საკითხს დავსვამ. ეს საქმე სტრასბურგამდეც რომ მივიდეს, ჩვენ კანონიერების აღდგენას მაინც შევძლებთ და უდანაშაულო ადამიანის ციხეში უკანონოდ გატარებული დღეების გამო ყველას, ვისაც მის დაკავებში წვლილი მიუძღვის, პასუხი მოეთხოვება“,- ამბობს ნიკო კანკავა.

პროკურატურის წარმომადგენლები მომხდართან დაკავშირებით დუმილს ამჯობინებენ და კომენტარს არ აკეთებენ. სასამართლო პროცესი აღნიშნულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 26 სექტემბრამდე გადაიდო. დაუჯდება თუ არა დისშვილებსა და მათ მეგობართან მანქანაში ჩაჯდომა ნანა ბებიშვილს 13-წლიან პატიმრობად, ეს სექტემბრის ბოლოს გაირკვევა.

ლელა ხიდაშელი, ქუთაისი

ახალი ამბები