კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ციხე ხუმრობისთვის

7 სექტემბერი, 2007

80 წლის მოხუცი, გორის კრიმინალურმა პოლიციამ ხუმრობისთვის დააკავა.  მოხუცს ბრალად მძიმე დანაშაული, ბავშვის გატაცება და გაყიდვის მცდელობა ედება. გიორგი ცხოვრებაშვილს გორის რაიონულმა სასამართლომ 3 სექტემბერს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ბავშვის დედა ნანა ჯამასპიშვილი მოხუცის დაკავების საფუძველს ვერ ხედავს, რადგან მას ბავშვს უპრობლემოდ ანდობდა.

გიორგი ცხოვრებაშვილს, ყველა მეზობელი პაპას ეძახის, რადგან მოხუცს ბავშვები ძალიან უყვარს და მათთვის არც ტკბილეულის ყიდვა ავიწყდება ხოლმე.

პირველ სექტემბერს გიორგი პაპამ მეზობლის ბავშვი, 4  წლის  მზიკო ჯამასპიშვილი, საკუთარ ქალიშვილთან ნანა ცხოვრებაშვილთან სტუმრად  წაიყვანა. ქალაქის ერთი დასახლებიდან, მეორეში მიმავალმა მოხუცმა, რომელსაც თან ბავშვი ახლდა, მიკრო-ავტობუსში იხუმრა, რომ ბავშვს ყიდიდა. ამის გაგონებაზე ვინმე ბლიაძემ გორის პოლიციის კრიმინალურ განყოფილებაში დარეკა და შეატყობინა, რომ მასთან ერთად მგზავრობდა ადამიანი, რომელიც ბავშვს ყიდდა.

გიორგი ცხოვრებაშვილი ამასობაში საკუთარ ქალიშვილთან მივიდა და ბავშვიც მიიყვანა. ნანა ცხოვრებაშვილისგან ბავშვი და მოხუცი ცოტა ხანში წამოვიდნენ, რადგან მზიკო დედას ექიმთან ჰყავდა წასაყვანი.

სახლისკენ მიმავალი 80 წლის მოხუცი და 4 წლის მზიკო კრიმინალური განყოფილების თანამშრომლებმა დააკავეს და გორის პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს.

გიორგი ცხოვრებაშვილის ქალიშვილი ნანა ცხოვრებაშვილი ყვება, რომ მამამისმა, რომელიც  მეზობლის ბავშვთან ერთად მასთან სტუმრად მიდიოდა, მიკრო-ავტობუსში იხუმრა, ჩემი შვილიშვილია, მაგრამ ვყიდიო.

„ვის არ უხუმრია ასე, თან რას წარმოიდგენდა, რომ ასეთი შედეგი მოჰყვებოდა. სულ „კანფეტებით“ დადის, რომ პატარებს დაურიგოს. ჩემთან მოვიდნენ, ბავშვს ნამცხვარი ვაჭამე, ცოტა ითამაშა და მალევე გაბრუნდნენ. სახლში. როდესაც ჩემთან მოვიდნენ, ვიღაც ბიჭი მოჰყვათ ფეხდაფეხ. მამაჩემმა ზარი რომ დარეკა, ფანჯრიდან გავიხედე. იმ ბიჭმა მკითხა, ეს კაცი თქვენი ვინ არისო, მამაა მეთქი ვუთხარი, მამა არა, ეს კაცი ამ ბავშვს ყიდისო...გამეცინა, მეგონა მეხუმრებოდა... ჩემი სახლიდან წასული მოხუცი გზაში დააკავეს და სამმართველოში მიიყვანეს. მე მივედი და ვითხოვე მოწმის სახით დავეკითხე, მაგრამ კატეგორიული უარი მითხრეს და პოლიციის შენობიდან გამომაძევეს. საქმეში ვფიგურირებ, როგორც „ვიღაც ქალი“. იქ ვიყავი მისული და არავის უკითხავს ვინ ვიყავი გიორგი ცხოვრებაშვილისთვის“- ამბობს ნანა ცხოვრებაშვილი.

4 წლის ბავშვის დედას ნანა  ჯამასპიშვილს  კრიმინალური პოლიციის გამომძიბელმა ზაქრო შერმადინმა სახლში მიაკითხა და უთხრა, რომ მისი მეზობელი, ბავშვის გაყიდვას ცდილობდა, რის გამოც ის დააკავეს და პოლიციის სამმართველოში მიიყვანეს.

„ ამ კაცს დიდი ხანია ვიცნობ და მისთვის საეჭვო არაფერი შემიმჩნევია. სახლშიც შედიოდა ჩემი შვილი მასთან, ხშირად მეპარებოდა და ისე მიდიოდა. რა მოხდა და რის გამოა ეს ადამიანი დაკავებული არ ვიცი...ჩემთვის იმდენივეა ცნობილი რამდენიც თქვენთვის.  თავიდან ხუმრობა მეგონა, მერე რომ აღარ მომეშვა გამომძიებელი, ვიფიქრე , ვინმეს წინააღმდეგ მოწმედ ხომ არ ვუნდივარ მეთქი. სამმართველოში მისულს ჩემი შვილი და მოხუცი იქ დამხვდნენ. ექსპერტიც მოიყვანეს და შეამოწმეს ბავშვს რაიმე ძალადობის ნიშნები ხომ არ ჰქონდა. პროცესზე.  არავის გამოვუძახებივარ. სამმართველოში კი მივეცი ჩვენება, რომ გიორგი ცხოვრებაშვილს ძალიან კარგად ვიცნობ და საეჭვო არასდროს არაფერი შემიმჩნევია. პირიქით, ბავშვს ძალიან კარგად ეპყრობოდა და მას უპრობლემოდ ვანდობდი. მაშინ არ ვიცოდი წაყვანილი რომ ჰყავდა, მაგრამ კი მითხრა წავიყვანო, ვუთხარი ექიმთან მიმყავს მეთქი, მაგრამ ბავშვი, ალბათ,  თვითონ გაყვა“.

გიორგი ცხოვრებაშვილის ადვოკატი ვახტანგ ფირალიშვილის განცხადებით, დაკავება ყოველგვარი საფუძველის გარეშე მოხდა, რაც საპროცესო კოდექსის დარღვევაა, ადვოკატი ასევე არ ეთანხმება მუხლს (სისხლის სამართლის კოდექსის 143, ტრეფიკინგი), რომლითაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი წინასწარპატიმრობაში გაუშვეს.

„ხუმრობა არ შეიძლება დაკავების საფუძველი გახდეს. ასევე დიდი დარღვევაა, რომ უარი უთხრეს დაკითხვაზე დაკავებულის ქალიშვილს, რომელიც მოწმედ ფიგურირებს, როგორც „ვიღაც ქალი“. ეს სამსახურებრივი გულგრილობაა. აღკვეთის შეფარდება წინასწარ გაფრთხილების გარეშე მოხდა. მეც  პროცესის დაწყების წინ დამირეკეს, ხოლო დაზარალებულს, ანუ ბავშვის დედას, საერთოდ არ შეატყობინეს. მას პროცესზე, რომ ეთქვა გიორგი ცხოვრებაშვილს კარგად ვიცნობ და საეჭვო პიროვნება არ არისო, ეს მისი გათავისუფლების მიზეზი გახდებოდა, მაგრამ რატომღაც ეს არ უნდოდათ“-ამბობს ცხოვრებაშვილის ადვოკატი.

გორის კრიმინალური პოლიციის გამომძიებელი, შერმადინ კაპანაძე აცხადებს, რომ დაზარალებულ ნან ჯამასპიშვილს გამომძიებლისთვის ისეთი ჩვენება აქვს მიცემული, რომ მოხუცის დაკავება აუცილებელი გახდა.
„ მოვიდეს ბავშვის დედა და შეცვალოს ჩვენება, მაშინ პრობლემა არ იქნება და მოხუცს გავუშვებთ“ -  ამბობს კაპანაძე.

თეა თედლიაშვილი, გორი

ახალი ამბები