კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გურჯაანის გამგებელი ჟურნალისტებს ატერორებს

11 სექტემბერი, 2007

რამაზ ქერეჭაშვილმა ტელეკომპანიის კორესპონდენტს ტელეფონი ესროლა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი რამაზ ქერეჭაშვილი დამოუკიდებელ ჟურნალისტებზე ზეწოლას ახდენს. მოვლენების კრიტიკულად გაშუქების შემთხვევაში, იგი კორესპონდენტებს სახელმწიფო სამსახურებში დასაქმებული ახლობლების გათავისუფლებით აშანტაჟებს. გამგებლის რისხვას განსაკუთრებით ის ჟურნალისტები იმსახურებენ, რომლებიც მის მიერ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად ხარჯვის, მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტებს აშუქებენ.

ცოტა ხნის წინ, გამგებლის მორიგი სამიზნე საზოგადოებრივი მაუწყებლის რეგიონული კორესპონდენტი თეა ალავერდაშვილი გახდა. გამგებელმა ჟურნალისტს გამგეობაში მომუშავე ახლო ნათესავის მეშვეობით შეუთვალა, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრის" კახეთის ოფისში მოწყობილი პრესკონფერენცია, სადაც ფინანსური დარღვევების გამო მის დაპატიმრებას ითხოვდნენ, არ გადაეღო. რამაზ ქერეჭაშვილის ამ მოთხოვნის მიუხედავად, თეა ალავერდაშვილმა და მისმა ოპერატორმა ვალერი ღარიბაშვილმა პრესკონფერენცია მაინც გადაიღეს და კომენტარისთვის თავად მასაც მიმართეს. ამ ფაქტმა გამგებელი კიდევ უფრო გააღიზიანა. ქერეჭაშვილმა საკუთარ სამუშაო ოთახში დაიბარა ჟურნალისტის მეუღლე, რომელიც გამგეობის ერთ-ერთ სამსახურში სპეციალისტად მუშაობს და უსაყვედურა. ჟურნალისტის მეუღლემ სცადა განრისხებული გამგებლისთვის აეხსნა, რომ მისი მეუღლის საქმიანობასთან მას არავითარი შეხება არ აქვს და ჟურნალისტი იმას გადაიღებს, რასაც საჭიროდ ჩათვლის და რედაქტორთან შეათანხმებს. ამის შემდეგ გამგებელი ხმამაღალ ყვირილზე გადავიდა. ჟურნალისტებს პარაზიტები უწოდა და უცენზურო სიტყვებით შეაგინა. გამგებლის სამუშაო ოთახის ახლოს მყოფმა ჟურნალისტებმა ამის შესახებ თავად გაიგეს, რამაც ისინი აღაშფოთა.

"საკრებულოს თავმჯდომარის მისაღებიდან გამოვედით, როცა გამგებლის სამუშაო ოთახიდან ყვირილი შემოგვესმა. გამგებელი მედიის წარმომადგენლების მისამართით უწმაწური სიტყვებით იგინებოდა. თუ რატომ გვაყენებდა შეურაცხყოფას, ამის გასარკვევად გამგებლის მისაღებს მივაშურეთ. ქერეჭაშვილის სამუშაო ოთახში პირველად საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი თეა ალავერდაშვილი შევიდა და გამგებელს მოსთხოვა, აეხსნა, რატომ ახდენდა მასზე ზეწოლას. გამგებელმა ყველაფერი უარყო და იმდენად გაღიზიანდა, რომ ჟურნალისტს მობილური ტელეფონი ესროლა. საბედნიეროდ, ტელეფონი კედელს მოხვდა. შიგნით შესვლა ვეღარ მოვახერხეთ, რადგან გამგებლის ოთახიდან გამგეობის თანამშრომლები გამოვარდნენ და გაგვიტანეს"- ამბობს კახეთის რეგიონული გაზეთის `იმედის~ კორესპონდენტი თამარ მახარაშვილი.

"გამგებლის მხრიდან ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტების შესახებ საკრებულოს თავმჯდომარეს პირადად მივაწოდეთ ინფორმაცია. თამაზ აბრამიშვილი დაგვპირდა, რომ გამგებელს გაესაუბრებოდა და ასეთ ფაქტები აღარ მოხდებოდა. ჟურნალისტისთვის ტელეფონის სროლა, ოთახიდან გამოგდება და ა.შ. სწორედ ამის შემდეგ მოხდა. უხერხულობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ბოლოს და ბოლოს, რა გახდა ეს გამგებელი, რომ მისი აღვირახსნილობა ვერავინ ალაგმა? რა უფლება აქვს მას, რომ მისი დავალებით ჟურნალისტს მუშაობისას ურეკავენ და სიუჟეტის მომზადების საშუალებას არ აძლევენ. ეს არის ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უხეშად ჩარევა და ხელის შეშლა, რაზედაც მას პასუხი უნდა მოსთხოვონ"- აცხადებს ტელეკომპანია `მზეს~ რეგიონული კორესპონდენტი ხათუნა გულიაშვილი.

ზეწოლის ფაქტს თეა ალავერდაშვილი არ უარყოფს, თუმცა კონკრეტული ფაქტების თაობაზე საუბარი არ სურს. "ჩემი ოჯახის წევრები სახელმწიფო სამსახურებში ნამდვილად მუშაობენ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმეს აქვს უფლება, ჩემს სამსახურებრივ საქმიანობაში ჩაერიოს. ამის უფლება მითუმეტეს არ აქვს გამგებელს, რომელსაც კანონმდებლობა, როგორც საჯარო მოხელეს თმენის ვალდებულებას აკისრებს"- ამბობს ალავერდაშვილი.

ჟურნალისტებს სურდათ მომხდარის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულისათვის მაშინვე მიეწოდებინათ, თუმცა არც მაშინ, არც მეორე დღეს და არც არასდროს, კახეთის გუბერნატორი ჟურნალისტების სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ამიტომ გია ნაცვლიშვილთან დაკავშირება მისი პრეს-მდივნის მეშვეობით ვცადეთ.

"ამის შესახებ მე ვესაუბრე რამაზ ქერეჭაშვილს და იგი ყველაფერს უარყოფს. ტყუილ ამბებზე კი გუბერნატორთან ვერ დაგაკონტაქტებთ. მე მჯერა, რომ გამგებელი ასეთ რამეს არ გააკეთებდა და მართალია".

- თქვენ გუბერნატორის პრეს-მდივანი ხართ, მისი დაცვის სამსახურის წარმომადგენელი თუ ქერეჭაშვილის ადვოკატი?

- რაც გინდათ, ის იფიქრეთ. გუბერნატორს ბევრი საქმე აქვს და ასეთი ამბებისთვის არ სცალია~ - განაცხადა რწმუნებულის პრესმდივანმა მარი შაშვიაშვილმა.

ჩვენთან საუბარში ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტი უარყო გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა რამაზ ქერეჭაშვილმა. სტატიის მომზადებისას ის თავად დაგვიკავშირდა.

"აპირებ, რომ ამაზე წერილი დაწერო? სად? ეს არის აბსოლუტური ტყუილი. გაიგე, ტყუილი"- აღნიშნა ქერეჭაშვილმა ჩვენთან სატელეფონო საუბარში.

"თუ ასეთი რამ ნამდვილად მოხდა, გამგებელს ეს არ უნდა გაეკეთებინა. ეს არის მისი სერიოზული შეცდომა. ჟურნალისტებთან ასე მოქცევა არ შეიძლება"- მიაჩნია გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს თამაზ აბრამიშვილს.

უნდა აღინიშნოს, რომ რეგიონულმა ჟურნალისტებმა შევიწროების ფაქტები არაერთხელ გააპროტესტეს, თუმცა უშედეგოდ. ჩინოვნიკები მათ მუშაობაში ხელს დღემდე უშლიან.
 
კახეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ფიქრობენ, შესაძლოა რამაზ ქერეჭაშვილი ასეთ დავალებებს გუბერნატორისგან იღებს.

"გამგებელმა შესაძლოა ერთხელ ითავხედოს, ორჯერ, სამჯერაც კი, მაგრამ ამდენჯერ? ვეჭვობ, მისი მოქმედებები ზემდგომებს არ მოსწონდეთ, ან არ ახალისებდეთ ჟურნალისტებზე ჯავრის ამოყრის მიზნით. ამიტომ ვფიქრობთ, რომ მითითებები მედიაზე ზეწოლის შესახებ, გუბერნატორისგან მოდის, რაც ორმაგად დასაგმობი და საყურადღებოა", - ამბობს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ლია ხუროშვილი.

გავრცელებული ინფორმაციით, რამაზ ქერეჭაშვილს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი დავით კირკიტაძე მფარველობს.

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები