კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

"მიშას ასე უნდა და "ვსიო"

26 სექტემბერი, 2007

ჩინოვნიკები პრეზიდენტის სახელით ბოროტად მანიპულირებენ

"ეს ამბავი პრეზიდენტის და სოფლის მეურნეობის მინისტრის დონეზეა გადაწყვეტილი. მიწები უნდა დათმო და აუქციონში მონაწილეობა არ მიიღო" - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის ამ შეთავაზებაზე უარის თქმის მიუხედავად, ფერმერი ლერი მიდელაური კახეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ სამხარეო ადმინისტრაციაში მაინც დაიბარა. მიდელაური ვერც ზურა ბეჟანიშვილმა შეაშინა. სამაგიეროდ, ჩაშალეს აუქციონი, სადაც 200 ჰექტრამდე მიწა უნდა გაყიდულიყო. მორიგი აუქციონის დანიშვნამდე კი ფერმერის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ცდილობენ.

20 სექტემბერი, 2007 წელი. სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზების კახეთის რეგიონულ სამმართველოში 16 საათისთვის ღია აუქციონია დანიშნული. აუქციონზე ლაგოდეხის რაიონში მდებარე ე.წ. "ვიტიმის" მიწები უნდა გაიყიდოს. მონაწილეთა შორის ერთ-ერთი ლაგოდეხის მკვიდრი, სოფელ ჰერეთისკარის მცხოვრები, ფერმერი ლერი მიდელაურია. მას აუქციონზე გამოტანილი იმ მიწების შესყიდვა სურს, რომელიც მის ფერმერულ მეურნეობას ესაზღვრება. "ბე"-ს სახით, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ანგარიშზე თანხაც შეტანილი აქვს -  20 ათასი ლარის ოდენობით.

"ეს ბრძანებაა, შენ რა გინდა არ გვაინტერესებს!"

16 სექტემბერს ლერი მიდელაურს ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჰერეთისკარის გამგებელი ურეკავს. "ლაგოდეხის გამგებელმა თამაზ გოძიაშვილმა მითხრა, ლერისთვის დამერეკა და მეთქვა, რომ 17 სექტემბერს, ორშაბათს, გამგეობაში მისულიყო მასთან შესახვედრად. გოძიაშვილის დანაბარები შევასრულე"- აღნიშნა ჰერეთისკარის გამგებელმა ტარიელ ქიმაძემ.

ფერმერი და ლაგოდეხის გამგებელი ერთმანეთს მართლაც შეხვდნენ. შეხვედრა ლაგოდეხის გამგეობის შენობაში, გამგებლის სამუშაო ოთახში შედგა. `ჩვენი საუბარი "ვიტიმის" მიწებს შეეხო. თავდაპირველად ლაგოდეხის გამგებელმა მითხრა, რომ ამ მიწების გაყიდვის საკითხი საქართველოს პრეზიდენტის და სოფლის მეურნეობის მინისტრის დონეზეა გადაწყვეტილი და იგი ერთ-ერთმა ორგანიზაციამ უნდა შეიძინოს, რომელიც ტერიტორიაზე ზეთისხილის გაშენებას აპირებსო. ვკითხე, რა ორგანიზაცია იყო და ვთხოვე, მე თვითონ დაველაპარაკები იმ ხალხს მეთქი, მაგრამ გამგებლისგან პასუხი ვერ მივიღე. მან მხოლოდ ის მითხრა, რომ პრივატიზების სამმართველოში შეტანილი განცხადება უნდა გამეუქმებინა და აუქციონში მონაწილეობა არ მიმეღო, რაზეც უარი ვუთხარი. აღშფოთდა. ოთახიდან გამოსვლამდე დამიბარა, რომ 18 სექტემბერს, სამშაბათს, კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე ზურა ბეჟანიშვილი მიბარებდა სამხარეო ადმინისტრაციაში და თელავში უნდა ავსულიყავი.

- შეხვდით ბოლოს გუბერნატორის პირველ მოადგილეს?

- ზურა ბეჟანიშვილს მითითებულ დღეს, სამუშაო ოთახში შევხვდი. მანაც იგივე მითხრა, რაც გოძიაშვილმა. პრეზიდენტია ამ მიწების საკითხით, მისი გაყიდვით დაინტერესებული და აუქციონში შენ მონაწილეობა გინდა თუ არ გინდა, არ უნდა მიიღო, დანარჩენი არ გვაინტერესებს. "მიშას ასე უნდა ვსიო"- ო, განმიცხადა ბეჟანიშვილმა. მე მას ვუთხარი, რომ თბილისში ჩავიდოდი, შევეცდებოდი გამერკვია მართლა პრეზიდენტი თუ იყო ამ მიწებით დაინტერესებული და მივიღებდი გადაწყვეტილებას. ისიც ვუთხარი, რომ როგორც მე ვიცი, პრეზიდენტს ინტერესი აქვს, ბიუჯეტში რაც შეიძლება მეტი თანხა შევიდეს და იქნება იმ ორგანიზაციაზე მეტ ფულს მე ვიხდი მეთქი. თანაც თუ პრეზიდენტს სურვილი აქვს უშუალოდ რომელიმე კომპანიამ იყიდოს ეს მიწები, მაშინ პირდაპირი გაყიდვის გზით გაყიდიდნენ მეთქი. გუბერნატორის მოადგილე ერთხანს გაკვირვებული მიყურებდა, მერე მითხრა, ეს ბრძანებაა, თანხის ოდენობაზე და ბიუჯეტზე არ არის საუბარი, მიწები საწყის ფასში უნდა გაიყიდოსო. პასუხს მოიფიქრებ და დღეს საღამოს ლაგოდეხის გამგებლის მეშვეობით შემატყობინებო. ასე დავშორდით ერთმანეთს. გამგებლისთვის აღარ დამირეკავს.

- ე.ი აუქციონში მონაწილეობა მაინც მიიღეთ?

- 17 სექტემბერს პრივატიზების კახეთის რეგიონულ სამმართველოში, აუქციონის დაწყებამდე დაახლოებით ნახევარი საათით ადრე მაინც მივედი. სამმართველოს შენობაში დამხვდნენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი თამაზ გოძიაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლაგოდეხის ორგანიზაციის თავმჯდომარე გურამ კაკალაშვილი, პრივატიზების სამმართველოს სპეციალისტი ლაგოდეხის რაიონში ჯონდო კობერიძე და სამი თუ ოთხი უცნობი, რომელიც გამგებელს და დეპუტატს ახლდა თან. სამმართველოს შენობაში სხვებიც იყვნენ, მაგრამ ეს ჯგუფი ერთად იდგა. მისვლისთანავე გამგებელმა კიდევ ერთხელ გამაფრთხილა, რომ აუქციონში მონაწილეობა არ მიმეღო. ვერაფერს რომ ვერ გახდნენ, აუქციონამდე რამდენიმე წუთით ადრე, როცა მონაწილეების რეგისტრაცია დაიწყო, გამგებლის თანმხლებმა პირებმა ფიზიკური ძალის გამოყენებით სარეგისტრაციო ოთახიდან გარეთ გამათრიეს. რეგისტრაციის დასრულებას წამებით მივუსწარი. მონაწილეთა სიას ხელი მოვაწერე და იმ ოთახში შევედით, სადაც აუქციონი უნდა ჩატარებულიყო.
როგორც იცით, აუქციონი 16 საათზე იყო დანიშნული. დაიწყო 40 წუთის დაგვიანებით.

- ბატონო ლერი, ამბობთ მონაწილეთა სიას ხელი დროზე მოვაწერეო. ასეც რომ არ იყოს, აუქციონის დაწყებას ეს ხელს არ შეუშლიდა. რატომ დაგვიანდა აუქციონის დაწყება?

- ამ ხნის განმავლობაში გამგებელი, დეპუტატი და სხვები ფიქრობდნენ, რადგან ჩემთან მოლაპარაკებას ვერ მიაღწიეს, აუქციონი როგორმე შეეფერხებინათ. აუქციონი დაწყებული იყო, როცა პრივატიზების სამმართველოს წარმომადგენელმა გამოაცხადა, 4 დიდი ნაკვეთი, რომელიც დღეს უნდა გაყიდულიყო, აღარ გაიყიდება, რადგან ამ სამმართველოში შემოვიდა განცხადება, საიდანაც ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გასაყიდ მიწებზე დგას შენობა-ნაგებობები, რაც აქამდე არ ვიცოდით. დასახელებული მიზეზით აუქციონის ნაწილი ჩაშალეს. მე მოვითხოვე აღნიშნული განცხადების ჩვენება, რაზეც მიპასუხეს, რომ მისი ნახვა სამმართველოს კანცელარიაში შემეძლო. კანცელარიაში მდივანმა მითხრა, რომ უნდა დამეწერა განცხადება და გადაწყვეტდნენ, მოეწოდებინათ თუ არა განცხადების ასლი.

- იქნებ დააზუსტოთ, აუქციონის შედეგად იყიდეთ თუ არა საერთოდ მიწის რომელიმე ნაკვეთი?

- აუქციონის შედეგად მხოლოდ ერთი ჰა მიწის შესყიდვა მოვახერხე, რაშიც 3 ათასი ლარი გადავიხადე. მე როგორც ფერმერს, ერთი შანსი მაქვს, მიწები შევისყიდო და გავძლიერდე. სხვა შემთხვევაში, რაც მაქვს მაშინ ისიც უნდა ამათ უნდა მივყიდო და ფერმერულ საქმიანობას, რომელსაც ჩემი ლაგოდეხში ჩამოსვლის შემდეგ, 2001 წლიდან ვეწევი, თავი დავანებო. მიწა გოჯებით შევისყიდე და ისე მოვღონიერდი. ...არ გამოვრიცხავ, რომ რადგან ასეთ წინააღმდეგობას ვუწევ თანამდებობის პირებს, პრობლემები შემიქმნან, თუმცა გარწმუნებთ, ვერაფერს იპოვიან, რადგან ყველაფერს კანონის შესაბამისად ვაკეთებ. სულ მინდორში ვარ ჩემს 11 შვილთან ერთად და მეც მაქვს ჩემი პრინციპები. არ დავუთმობ მიწებს თამაზ გოძიაშვილს და გურამ კაკალაშვილს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი თანამდებობის პირები არიან და გავლენა აქვთ.

- ანუ, ამბობთ, რომ მიწების შესყიდვით უშუალოდ გამგებელი და პარლამენტის წევრი არიან დაინტერესებულნი?

- დიახ. ამის შესახებ გამგებელთან დაახლოებულმა პირებმა მითხრეს. ამ აუქციონზე ხომ გაიყიდა 13 ჰა ნაკვეთი ცალკე და 17 ჰა ცალკე. ვიცი, რომ იგი გამგებლის შვილმა ლევან გოძიაშვილმა იყიდა. გოძიაშვილი და კაკალაშვილი თუ არ არიან დაინტერესებულები მიწების შესყიდვით, რატომ შემომთავაზა მათმა ხალხმა ჯერ 10, ხოლო შემდეგ 15 ათასი აშშ დოლარი იმის ნაცვლად, რომ აუქციონში მონაწილეობა არ მიმეღო.

- და, ვინ არიან ის პირები, ვინც თქვენ თანხა შემოგთავაზეს გარიგების სანაცვლოდ?

- ისინი, ვინც გამგებელს და პარლამენტარს პრივატიზების რეგიონულ სამმართველოში ახლდნენ. მათ ნამდვილად არ ვიცნობ. სხვათა შორის მე მათ ვკითხე, დავუშვათ და მე განცხადება გამოვიტანე და აუქციონში მონაწილეობა არ მივიღე, დანარჩენ განმცხადებლებს რას უშვრებით მეთქი? შენ მაგაზე არ ინერვიულო, ეგ საკითხი უკვე მოგვარებულიაო.

- ბატონო ლერი, რამდენადაც ვიცით, თქვენი საქმიანობით ფინანსური პოლიცია უკვე დაინტერესდა?

"ამ მიწების შესყიდვა რომ მინდა, ამის შესახებ დიდი ხანია იციან. "ვიტიმის" მიწების გასაყიდად პირველი აუქციონი ჯერ კიდევ გასული წლის 15 აგვისტოს იყო დანიშნული, რომელიც ამავე მეთოდით ჩაშალეს. როგორც მაშინ სახელმწიფო ქონების პრივატიზების ლაგოდეხის სამმართველოს უფროსმა ჯონდო კობერიძემ წერილობით მაცნობა, აუქციონის ჩატარებამდე საქართველოს სოფლის მეურნეობისა და მეცნიერებათა აკადემიის ლაგოდეხის საცდელი სადგური "თამბაქოს" წერილით მათთვის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ხელშეკრულება მოშლილი იქნა დარღვევით, კონკრეტულ მოიჯარესთან შეთანხმების გარეშე, რის გამოც აპირებდნენ სასამართლოში სარჩელის შეტანას. საკითხის ბოლომდე გარკვევის მიზნით აუქციონის ჩატარება გადადეს.

ლაგოდეხის გამგებლისთვის და დეპუტატ კაკალაშვილისთვის ცნობილი იყო, რომ მე ამ მიწების შესყიდვის სურვილი მქონდა და მაქვს. ამიტომ მიმდინარე წლის მარტსა და აპრილში, ჩემი თავიდან მოცილების მიზნით, ფინანსური პოლიციის კახეთის სამმართველომ ჩემი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოიძია. მუქარებს ჩემს მიმართ მაშინაც ჰქონდა ადგილი, მიუხედავად იმისა, რომ დარღვევა ვერ ნახეს. როგორც გავიგე, ფინანსური პოლიცია ჩემი საქმიანობით ამჟამადაც დაინტერესდა. საჯარო რეესტრიდან არაოფიციალურად გარკვეული დოკუმენტები მოითხოვეს და ა.შ. არ გამოვრიცხავ, რომ პრობლემები შემიქნან"- აცხადებს მიდელაური.

ფერმერზე ზეწოლას და სააუქციონო კომისიის მიკერძოებას ადასტურებს 20 სექტემბრის აუქციონის კიდევ ერთი მონაწილე ჯემალ ხაჩიძე.

"მას შემდეგ რაც აუქციონის მიმდინარეობის დროს პრივატიზების სამმართველოს წარმომადგენელმა განცხადება გააკეთა, სამმართველოში შესული წერილის თაობაზე, ვიკითხე, სააუქციონო კომისია ბათილად ცნობდა თუ არა ასევე იმ 13 და 17 ჰა მიწის გაყიდვის გადაწყვეტილებას, რომელიც ვინმე ლ. გოძიაშვილმა იყიდა?  ამ მიწაზე გაცილებით კარგი შენობა-ნაგებობები დგას. ჩემს კითხვას უარით უპასუხეს. ამასაც რომ თავი დავანებოთ, ლაგოდეხში ზეთისხილის მოყვანა წარმოუდგენელია. მე პროფესიით აგრონომი ვარ. "ვიტიმის" მიწების ნიადაგი ძალიან მლაშეა და ზეთისხილის მოშენება შეუძლებელია. რაც შეეხება ზეწოლას, ჩემზე არ ყოფილა, ლერის კი "მიაწვნენ". გამგებელი, დეპუტატი კაკალაშვილი და სხვა პირები აუქციონის დროს პრივატიზების სამმართველოში ნამდვილად იყვნენ. მეტს ვერაფერს გეტყვით"- განაცხადა ხაჩიძემ.

ლერი მიდელაურის თქმით, ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა ჯემალ ხაჩიძეზეც განხორციელდა. მიდელაური ამბობს, რომ ხაჩიძეს მარტო მაშინ მისცეს ნება აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, რაც მან განაცხადი მხოლოდ 22 ჰა მიწის შესყიდვაზე გააკეთა. თავად ხაჩიძე აღნიშნულს უარყოფს.

"ვიტიმის" მიწების ისტორია

ოფიციალური ინფორმაციით, "ვიტიმის" მეურნეობა წლების მანძილზე სოფლის მეურნეობის აკადემიას ექვემდებარებოდა. მეურნეობის ტერიტორიაზე გახსნილი იყო საცდელი სადგური "თამბაქო", რომლის საქმიანობაშიც, სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების წარმოების შედეგად, თამბაქოს ახალი ჯიშების გამოყვანა შედიოდა. სადგურს ათი წლის განმავლობაში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის დღევანდელი გამგებელი თამაზ გოძიაშვილი ხელმძღვანელობდა. სადგურის ბუღალტრად კი გურამ კაკალაშვილის ახლო ნათესავი ეკა კაკალაშვილი იყო გაფორმებული.

ადგილობრივების ცნობით, მეურნეობა სწორედ გოძიაშვილის დირექტორობის პერიოდში გაჩანაგდა. "თამბაქოს" კუთვნილი 186 ჰა მიწიდან მხოლოდ 5 ჰა მიწა მუშავდებოდა, დანარჩენის ნაწილს მეურნეობის დირექტორის ახლობლები ამუშავებდნენ და მოსავალი მოჰყავდათ, ნაწილი კი საძოვრად იყო გაქირავებული. ამის მიუხედავად, თელავის ზონალური საგადახადო ინსპექციის მონაცემებით, ბიუჯეტში მიწის გადასახადის სახით ერთი თეთრიც არ შესულა. მეურნეობის დირექტორი ოფიციალურად აჩვენებდა, რომ "ვიტიმის" მიწებზე სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობდა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად კი მიწის გადასახადით არ იბეგრება სამეცნიერო-კვლევითი, სასწავლო, საცდელი-სასელექციო, ექსპერიმენტულ ჯიშთა გამოცდის ის ნაკვეთები, რომლებიც გამოიყენება სამეცნიერო და სასწავლო მიზნებისათვის და რომლებზედაც სამუშაოები ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. იგივეს ჩვენება გააგრძელა ნუგზარ ბარბაქაძემაც, რომელიც `თამბაქოს~ სათავეში მას შემდეგ ჩაუდგა, რაც გოძიაშვილი ლაგოდეხის რაიონის გამგებლად დანიშნეს. მან ჩვენთან საუბარში არ უარყო, რომ ჰექტრობით მიწა გაქირავებული ჰქონდათ, ერთი ჰა – წლიური 60 – 70 ლარად.

ადგილობრივი მოსახლეობის მტკიცებით, გოძიაშვილმა და ბარბაქაძემ დირექტორობისას, მეურნეობიდან სულ გაყიდეს ძვირაღირებული "ბეტონის პლიტები", რასაც ბარბაქაძე უარყოფს. მისი თქმით, ქონება ხალხმა მოიპარა და ამის თაობაზე იგი რეაგირებას უშედეგოდ ითხოვდა სამართალდამცავებისგან. შს ლაგოდეხის რაიონულ განყოფილებაში საცდელი სადგურიდან შესული ერთი წერილიც კი არ არის რეგისტრირებული, ქონების ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით.

"ვიტიმის" მიწები ასევე ცნობილია შავი არქეოლოგიით. ტერიტორია, რომლის დიდი ნაწილიც "მეურნეობას" ეკავა, ძველი ნაქალაქარია. ამ ტერიტორიაზე თვითნებური გათხრების შედეგად ბევრი უნიკალური ნივთია ნაპოვნი, რომელიც საზღვარგარეთ სარფიანად არის გაყიდული. 

ყურადღებას იქცევს კიდევ ერთი დოკუმენტი, რომლითაც ქ. ლაგოდეხში ბათუმის ქუჩა 39-ში მცხოვრები იოსებ გოძიაშვილი, საგადასახადო ინსპექციას მიმართავს. "მოგახსენებთ, რომ 28-30 მაისს, ვიტიმის 20 ჰა-ზე დავთესე სიმინდი. ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ საგადასახადო კოდექსის თანახმად ფაქტიური ფლობის მიხედვით მიწაზე ქონების გადასახადით უნდა დავიბეგრო. ამიტომ, გთხოვთ, მოახდინოთ ნაკვეთის გამოყენებისათვის ქონების გადასახადის დაბეგვრა ბიუჯეტის სასარგებლოდ"- აღნიშნავს იოსებ გოძიაშვილი. იგი გამგებლის, თამაზ გოძიაშვილის ბიძაშვილის და გადასახადს, რომლის გადახდასაც წერილით ითხოვს, წლების მანძილზე არ იხდიდა. საგულისხმოა, რომ განცხადება მას შემდეგ არის დაწერილი, რაც ვიტიმის მიწების გაყიდვაზე კონკურსი გამოცხადდა.


"რა პრეზიდენტი, რის პრეზიდენტი"

ლაგოდეხის გამგებელი თამაზ გოძიაშვილი ჩვენთან საუბარში, ფერმერის ბრალდებებს უარყოფს.

"ბრალდებებს პროკურორი აყენებს. ამ ქვეყნად რამდენი ადამიანია, ყველამ შეიძლება რაღაც თქვას და... მაგ კაცს, მხოლოდ ერთხელ შევხვდი ცხოვრებაში.

-  მიდელაურისთვის, 20 სექტემბრის აუქციონიდან, რაზედაც "ვიტიმის" მიწები უნდა გაყიდულიყო, განცხადების გამოტანა არ გითხოვიათ?

- აუქციონს მე არ ვნიშნავ. რას ჩამეძიეთ? ხომ არ დაგავიწყდათ, რომ არც თქვენ ხართ პროკურორი?"- განაცხადა გოძიაშვილმა და ტელეფონი გათიშა.

ფერმერზე ზეწოლას უარყოფს პრეზიდენტის კახეთის მხარის სახელმიწფო რწმუნებულის  - გუბერნატორის პირველი მოადგილე ზურა ბეჟანიშვილიც. "რა პრეზიდენტი, რის პრეზიდენტი? მიდელაური?.. ჟურნალისტებთან დაკავშირებით მე მაქვს ასეთი წესი. ჩემს პრესსამსახურს მიმართეთ და თუ რამ გაინტერესებთ, იქიდან გაიგებთ ყველაფერს"- აღნიშნა ბეჟანიშვილმა.

თუ რატომ დაიბარა გუბერნატორის პირველმა მოადგილემ ლერი მიდელაური საკუთარ სამუშაო ოთახში, რა დაინტერესება აქვს მას "ვიტიმის" მიწებთან დაკავშირებით და რატომ მანიპულირებენ ჩინოვნიკები პრეზიდენტის სახელით, ან იქნებ მართლაც პრეზიდენტია დაინტერესებული, ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესმდივანსაც დავუკავშირდით. "მე ვესაბრე ზურას. მისი თქმით, ლერი მიდელაურს საერთოდ არ იცნობს და მასთან არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია. რაც შეეხება სხვა საკითხებს, ამაზე კომენტარის გაკეთება არ სურს" - გვითხრა მარი შაშვიაშვილმა.

20 სექტემბრის აუქციონთან დაკავშირებით საუბარი არც სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზების რეგიონული სამმართველოს უფროსმა ზურაბ ბუცხრიკიძემ ისურვა. რამდენჯერაც დავუკავშირდით, მან იმდენჯერ მოუცლელობა მოიმიზეზა. კომენტარი ამ საკითხზე არც სამმართველოს სხვა თანამშრომლებმა გააკეთეს.

პროკურატურამ გამოძიება უნდა დაიწყოს!

"ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტი ლია ხუროშვილი განმარტავს, რომ თანამდებობის პირებმა სამსახურებრივი უფლებამოსილებას გადაამეტეს და საკუთარი პოსტები ბოროტად გამოყეიყენეს, რაც დასჯადია სისხლის სამართლის კოდექსით. "მომხდართან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს"- აღნიშნავს იურისტი.

"ფერმერებზე და კერძო მესაკუთრეებზე ზეწოლა ჩინოვნიკების მხრიდან ჩვეულებრივი ამბავია. თუ კახეთის მასშტაბით გუბეტრნატორის მოადგილე ზურა ბეჟანიშვიალია ამ საქმით დაკავებული, სხვადასხვა რაიონებში ამ მხრივ გამგებლები ან მათი მოადგილეები აქტიურობენ. მაგალითად გურჯაანის რაიონში გამგებლის მოადგილე ვალერი ვარდოსანიძე და ა.შ. პირად საუბრებში ბევრი მეწარმე აღნიშნავს, რომ ჩინოვნიკები მათ პრობლემებს უქმნიან, თუმცა ქვეყანაში არსებული შიშის სინდრომის გამო, ამაზე ისინი საჯაროდ ვერ საუბრობენ"- ამბობს "ახალი მემარჯვენეების" წარმომადგენელი ზურაბ კანდელაკი.

"ადამიანის უფლებათა ცენტრის" ინფორმაციით, ორგანიზაცია გამოძიების დაწყების მოთხოვნით კახეთის საოლქო და გენერალურ პროკურატურას დღეს მიმართავს.


გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები