კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქართველი ჟურნალისტები - ყველაზე „თავისუფალი“ ჟურნალისტები

18 ოქტომბერი, 2007

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ქვეყნებში პრესის თავისუფლების მდგომარეობის ამსახველ მეექვსე ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს. რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, საქართველომ 169 ქვეყანას შორის 66-ე ადგილი დაიკავა და შარშანდელთან შედარებით მდგომარეობა 23 საფეხურით გაიუმჯობესა.

მიუხედავად წინ გადადგმული 23 ნაბიჯისა, ფაქტია, რომ საქართველოში პრესა ხელისუფლების მხრიდან აშკარა პრესის ქვეშ იმყოფება და ამას უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენებიც ცხადყოფს. ჟურნალისტები პროფესიული თავისუფლების დაკარგვის შიშით კვლავ აგრძელებენ სამსახურების დატოვებას. ხელისუფლების წარმომადგენლებმა იმდენი მოახერხეს, რომ წამყვანი ტელეკომპანიების ჟურნალისტებს შორის ურთიერთდაპირისპირებაც კი გააღვივეს. ისევ და ისევ იხურება გაზეთები და არამარტო იხურება, არამედ დარჩენილი გაზეთების რეალიზაციაც შეფერხებით მიმდინარეობს.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2007 წლის 1 იანვრამდე, მედია დღგ-ს, მოგების და ქონების გადასახადს არ იხდიდა, გადასახადისაგან თავისუფლდებოდა სარეკლამო მომსახურების გაწევით მიღებული მოგება და ჟურნალ-გაზეთების საგამომცემლო საქმიანობით დაკავებული პირების  ბალანსზე არსებული და ამ საქმიანობაში უშუალოდ გამოყენებული ქონება. 2007 წლის პირველი იანვრიდან კი ეს შეღავათები გაუქმდა, რამაც საბოლოოდ ბევრი ჟურნალ-გაზეთის არსებობა სერიოზული საფრთხის ქვეშ დააყენა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ შეეცადა გაერკვია თუ რას ფიქრობენ დღევანდელი ჟურნალისტიკის აქტიური წარმომადგენლები ქართული თავისუფალი პრესის 23 ნაბიჯით წინ წაწევაზე:

ინგა გრიგოლია, ტელე-ჟურნალისტი: „დღეს საქართველოში პრესა მართლაც თავისუფალია. თავისუფალი იქნება აბა რა, გამოდის პრეზიდენტი და სახალხოდ აცხადებს, გაზეთებს არ ვკითხულობო. ანუ რას ნიშნავს მისი ეს განცხადება? - რაც გინდათ წერეთ, რაც გინდათ იკითხეთ, ამას ხელისუფლებისათვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მაშინ, როდესაც ხელისუფლება ღიად და დამცინავად ადანაშაულებს ტელეკომპანიის ჟურნალისტებს, რომ მათ კახელ გლეხს ფული გადაუხადეს იმაში, რომ ვაზი გაეჩეხა, რაღაზე უნდა ვილაპარაკოთ. ხელისუფლება როგორც წესი უარს ამბობს სატელევიზიო დებატებზე, ისინი მხოლოდ თავიანთ კონტროლირებად ტელევიზიებში არ ერიდებიან გამოსვლას. მე დღეს თავისუფალი ვარ, მე დღეს რასაც მინდა იმას ვიტყვი ხმამაღლა, უბრალოდ, კარგი იქნება, თუკი ხანდახან ხელისუფლება გაზეთებსაც წაიკითხავს და განსხვავებულ აზრსაც მოისმენს თავიანთი მოღვაწეობის შესახებ“.

ლაშა ტუღუში, გაზეთ „რეზონანსის“ რედაქტორი: „თავისთავად კარგია, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგის მიხედვით წინ მივიწევთ და პოზიციებს ვიუმჯობესებთ. თუმცა, აშკარაა, რომ საქართველოში კვლავ სერიოზული პრობლემებია და მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია ამ პრობლემების დროული გადაჭრა. სამწუხაროდ, ფაქტია, რომ ხელისუფლება ხშირად ერევა ამათუიმ ტელეკომპანიის საქმიანობაში, ცდილობს საკუთარი მითითებების მიხედვით ამუშაოს ისინი და საკუთარი პროპაგანდის ორგანოდ გადააქციოს. ხშირია ხელისუფლების მხრიდან მედიის მიმართ გაუწონასწორებელი და ცილისმწამებლური განცხადებების გაკეთებაც, რომ თითქოს იმისათვის, რომ სკანდალური მასალა მომზადდეს, ისინი ამაში ფულს იხდიან და ა.შ. რაც შეეხება ბეჭდურ მედიას, ვფიქრობ, ქალაქის მთავრობამ აშკარად გაუაზრებელი და მცდარი ნაბიჯი გადადგა, როდესაც ქალაქის ცენტრალურ მაგისტრალზე, კონკრეტულად კი თავისუფლების მოედნიდან ვაკის პარკის ჩათვლით საგრძნობლად შეამცირა გაზეთების გავრცელების პუნქტების რაოდენობა. დღემდე ვერ ვხვდები მათ ეს ნაბიჯი რატომ გადადგეს. „რეპორტიორი საზღვრებს გარეშე“ საკმაოდ ცნობილი და ავტორიტეტული ორგანიზაციაა. იმედი მაქვს, მათ საქართველოს 23 საფეხურით წინწაწევის რეალური საფუძველი ჰქონდათ. თუმცა, არ ვიცი, ამ შემთხვევაში ისინი რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობდნენ“.

რუსუდან გიგაშვილი, გაზეთ „ახალი ვერსიის“ (დახურულია) ყოფილი რედაქტორი: „უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში უამრავი გაზეთი დაიხურა. როგორ გგონია, ჩვენ ჩვენი სურვილის გამო დავხურეთ გაზეთი „ახალი ვერსია“? იძულებული გავხდით ეს ნაბიჯი გადაგვედგა და ამის ობიექტური მიზეზები არსებობდა. პრესის თავისუფლების მხრივ ურთულესი სიტუაციაა რეგიონებში. მათზე [ჟურნალისტებზე] არაადამიანური ზეწოლა ხორციელდება, მათ ხშირად ფიზიკურადაც კი უსწორდებიან. ინფორმაციის მოპოვება სულ უფრო და უფრო დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ასე რომ, ვერ ვხვდები, რა კრიტერიუმით გავიუმჯობესეთ პოზიციები.“

ექსპერტების შეფასებით, პრესის თავისუფლების მხრივ, ყველაზე უკეთესი მდგომარეობა ისლანდიაშია. მას ნორვეგია, ესტონეთი, სლოვაკეთი, ბელგია, ფინეთი, შვედეთი, დანია, ირლანდია და პორტუგალია მოყვებიან. უკანასკნელი პოზიცია ერიტრეას უკავია, რომელმაც შარშან ბოლო ადგილზე გასული ჩრდილოეთ კორეა შეცვალა.

რუსეთი რეიტინგის 144 ადგილზე მოხვდა. ანგარიშის ავტორების განმარტებით, რუსეთის დაბალი მაჩვენებელი ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობამ, სხვა რუსი ჟურნალისტების მკვლელების დაუსჯელობამ და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში პლურალიზმის არარსებობამ განაპირობა.

და ერთი საინტერესო პარადოქსი: საქართველოს პრეზიდენტი საჯაროდ აცხადებს, რომ ის გაზეთებს არ კითხულობს. ანუ რა გამოდის? მას სულ არ აინტერესებს ჟურნალისტები რას წერენ და რას კითხულობენ და კიდევ ისიც გამოდის, რომ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ „შეცდა“, ასეთ პირობებში საქართველოს 66-ე კი არა, პირველი ადგილი უნდა დაეკავებინა: ჩვენს „შემოქმედებას“ ხომ „პატრონი“ არ კითხულობს, ანუ ჩვენ ყველაზე თავისუფალი ჟურნალისტები ვართ დედამიწის ზურგზე.

ნინო თარხნიშვილი, თბილისი
 
 

ახალი ამბები