კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ინვალიდ-პენსიონერს სესხის დასაფარავად პენსიას ართმევენ

12 ნოემბერი, 2007

 შოთა გორგაძე
„ადამიანის უფლებათა ცენტრის” აჭარის ბიუროს 72 წლის შოთა გორგაძემ მიმართა. მას ბათუმის საქალაქო სასამართლოს, 2007 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილების გასაჩივრებაში დახმარება სჭირდება.

აღნიშნული გადაწყვეტილებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე მოსარჩელის შოთა გორგაძის სარჩელი არ დააკმაყოფილა. კერძოდ, შოთა გორგაძე 2000 წლიდან სს. „საქართველოს სახალხო ბანკის“ ბათუმის ფილიალში შემფასებელ-ექსპერტად მუშაობდა. ამა წლის მაისში, გორგაძეს მეუღლე გარდაეცვალა და ბანკმა დახმარების სახით სესხი, 770 ლარი მისცა, რომელიც ხელფასიდან (350 ლარი), ყოველთვიურად (102 ლარი), რვა თვის მანძილზე უნდა დაეფარა. თუმცა სესხის მიღების მეორე თვეს, ის სამსახურიდან გაათავისუფლეს და სესხის დაფარვა მისი პენსიის - 48 ლარის, სრული დაკავებით მიმდინარეობს.

ექვსწევრიან გორგაძეების ოჯახში შემოსავალი მხოლოდ რძალს, ისიც 80 ლარის ოდენობით აქვს. მათივე კმაყოფაზეა ავადმყოფი ქალიშვილი, რომელსაც მეუღლე გარდაეცვალა და ამჟამად მძიმედაა დაავადებული. გორგაძემ სასამართლოს მიმართა, მაგრამ ბათუმის საქალაქო სასამართლომ არც მისი მძიმე სოციალური მდგომარეობა გაითვალისწინა და არც კანონი პენსიის შესახებ.

„ერთადერთი თავის რჩენისა და არსებობის წყაროა, ჩემი პენსიაა, რაც ფაქტობრივად, მომისპეს კიდეც. პენსიის თანხიდან, ცოტა მაინც რომ დამიტოვონ, არ შეიძლება? ნუთუ კანონი აძლევთ მათ ამის უფლებას? ნახევარი მაინც რომ დამიტოვონ, რამდენიმე დღე მშიერი მაინც არ ვივლი და პურს ვიყიდი. ჩემს შვილიშვილებს როგორ წავართვა ხელიდან პური?“, - კითხულობს ინვალიდი პენსიონერი.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტის, ბაკურ ბოლქვაძის განცხადებით, პენსიის 50%-ზე მეტის დაკავება არ შეიძლება: „მართალია, სახელმწიფო პენსიის შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლი ითვალისწინებს პენსიის თანხის დაკავებას კომპეტენტური ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მაგრამ ამავე მუხლის მე-3 პუნქტი იმპერატიულად მიუთითებს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით შეიძლება დანიშნული პენსიის არა უმეტეს 50%-ის დაკავება. აღნიშნულ შემთხვევაში, სამწუხაროდ, სასამართლოს არ უმსჯელია თავის გადაწყვეტილებაში ამ იმპერატიული ნორმის სავალდებულობაზე და უმართებულო გადაწყვეტილება ნორმის იგნორირებით გამოიტანა“.

ახლა, პენსიონერი შოთა გორგაძე სააპელაციო სასამართლოს სამართლიან გადაწყვეტილებას ელოდება. მანამდე კი, ყოველდღიურად, ბათუმის ოქროს ბირჟაზე დადის და რამდენიმე თეთრად, ვისაც სურვილი აქვს, შეძენილი ოქროს ხარისხს უმოწმებს: „ხანდახან ერთ თეთრსაც ვერ ვაკეთებ. ხანდახან ერთ ან მაქსიმუმ ორ ლარს“.

მაკა მალაყმაძე, ბათუმი

ახალი ამბები