02:29, Sunday, 29.03.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

არ დამარტყა, შენიანი ვარ

26.11.2007
შემთხვევით ტელევიზორი ხომ არ დაგიპატიმრეს? ან იქნებ ტელეფონზე გისმენენ? და 7 ნოემბერი თუ გახსოვს? მაშინ შენ ისეთი მაგარი ყოფილხარ, რომ ალბათ არც გეშინია. რამდენიმე დღის წინ ქალაქში გამოჩენილ სტიკერებსა და სამკერდე ნიშნებზე, წარწერით - „დაპატიმრებულია“, „არ დამარტყა“, „მახსოვს 7 ნოემბერი“, „ნუ მისმენ“, ისეთი მოთხოვნაა, რომ ამ იდეის ავტორები მათ ხელახლა დაბეჭდვას გეგმავენ.

სულ თავიდან კი დაიბადა იდეა, რომლის განხორციელებაც არც ისე რთული აღმოჩნდა. შეიკრიბა სამეგობრო წრე, რომლებმაც ორ-სამ დღეში საკუთარი ჯიბეებიდან თანხა გაიღეს, შეაგროვეს 800 ლარზე ცოტა მეტი, მოძებნეს ერთ-ერთი ყველაზე გულადი სტამბა და სტიკერები და გულსაბნევები დაბეჭდეს.

„როდესაც ჩვენს ნაცნობებსა და მეგობრებს შევატყობნინეთ ამ აქციის შესახებ, ყველა დიდი სიხარულით დაგვთანხმდა. ადამიანები თვითონ გამოთქვამდნენ სურვილს, რომ სტიკერების დაბეჭვდაში მონაწილეობა მიეღოთ. ყველამ საკუთარი ჯიბიდან გაიღო თანხა და რამდენიმე დღეში სტიკერები და გულსაბნევები დავბეჭდეთ. ერთადერთი პრობლემა სტამბებთან შეგვექმნა. თითქმის ყველა სტამბამ ჩვენთან თანამშრომლობისაგან თავი შეიკავა. მაგრამ საბოლოოდ გამოჩნდა ერთი ინკოგნიტო სტამბა, რომელიც დათანხმდა აქციაში მონაწილეობაზე,“ - აცხადებს აქციის ერთ-ერთი ინიციატორი ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე.

წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის (GCRT) კოორდინატორი ნატო ზაზაშვილი იმ დღეს იხსენებს, როდესაც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა და უბრალო მოქალაქეებმა ამ ჩანაფიქრის განხორციელება გადაწყვიტეს: „ ჩვენი ოფისი ამ წამოწყების ერთ-ერთი ინიციატორი იყო. გადავწყვიტეთ, რაიმე სიმბოლიკით გამოგვეხატა ჩვენი დამოკიდებულება, შეშფოთება და პროტესტი იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებიც ნოემბერში განვითარდა. არასამთავრობო ორგანიზაცია GCRT- ის დირექტორმა ლელა ცისკარიშვილმა ეს იდეა თავის მეგობრებს გაუზიარა და აღმოჩნდა, რომ მან დიდი მოწონება დაიმსახურა. ჩვენ არ გვინდოდა ეს აქცია არასამთავრობო ორგანიზაციების სახელით გაკეთებულიყო, რადგან აქციაში მონაწილეობას ღებულობდნენ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქეები, სტუდენტები და ა.შ. სტიკერებისა და გულსაბნევების დასაბეჭდად თანხა ძალიან მალე ორ-სამ დღეში, სამეგობრო წრეში შეგროვდა.“

ნინია კაკაბაძის განცხადებით, აღნიშნული სტიკერები და გულსაბნევები საზოგადოების პროტესტის ერთ-ერთი ფორმაა:  „ჩვენ სამი ძირითადი მიმართულება ავიღეთ. პირველი - 7 ნოემბერი, რომელიც მიგვაჩნია, რომ საზოგადოებამ არასდროს არ უნდა დაივიწყოს; მეორე - ტელეკომპანია „იმედის“ დახურვა, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ მარტო „იმედზე“ არ გაგვიკეთებია აქცენტირება, რადგან ვფიქრობთ, რომ საქართველოში მთლიანად მედია განიცდის ხელისუფლების მხრიდან ზეწოლას. სამწუხაროდ, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა უფრო ცხადად დაგვანახა, რომ დღეს, ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს თავისუფალი მედია. ამიტომაც დავბეჭდეთ ერთ-ერთ სტიკერზე ტელევიზორი, რომელიც გისოსებში ჩავსვით და დავაწერეთ - „დაპატიმრებულია“ და მესამე - ყველაზე მცირე ზომის სტიკერები წარწერით - „ნუ მისმენ“.

როგორც ნინია კაკაბაძე აცხადებს, ბოლო ხანებში შემაშფოთებელი სახე მიიღო ტელეფონზე მოსმენების მასშტაბებმა: „უკვე ჩვეულებრივ, რიგით მოქალაქეებშიც კი გაჩნდა შიშის სინდრომი, რომ მათ უსმენენ. ძალიან ცუდია, როდესაც დღევანდელი ხელისუფლება ასეთი შიშის პირობებში ამყოფებს საკუთარ მოსახლეობას. არავის არა აქვს გარანტია, რომ მისი პრივატული საუბრები მომავალში საჯარო არ გახდება. ვფიქრობ, მსგავსი აქცია, პროტესტის ყველაზე მშვიდობიანი ფორმაა.“

აქციის ორგანიზატორების თქმით, ყველაზე დიდი მოთხოვნა სამკერდე ნიშნებზე, წარწერით „მახსოვს 7 ნოემბერი“ იყო. სწორედ ამიტომ, ისინი უახლოეს მომავალში კვლავ გეგმავენ სტიკერებისა და გულსაბნევების ხელახლა დაბეჭდვას.

ნუ გაგიკვირდება, თუკი ქალაქის ქუჩებში დაპატიმრებულ ტელევიზორს აღმოაჩენ, ანდა თუკი ტრანსპორტში, შენი გვერდითმჯდომი „ნუ მისმენ“ სტიკერით გაფორმებულ ტელეფონს ამოიღებს ჯიბიდან, მთავარია არ შეგეშინდეს, თორემ დღეს გასაკვირი აღარაფერია.

ნინო თარხნიშვილი, თბილისი

 

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

შშმ მსჯავრდებულთა უფლებები პენიტენციურ დაწესებულებაში
შვიდი წელია არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრში ვმუშაობ და ამდენივე წელია, რაც პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულთა უფლებრივ მდგომარეობას ვსწავლობ.
ვრცლად...
გორაშვილი vs ნაჭყებია
სიკვდილით სავსე ქალაქი
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC