კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არალი - ცალკე მდგომი სოფელი ადიგენში

30 ნოემბერი, 2007
სპეციალური რეპორტაჟი
                                                                                                                                                                                                             
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელი არალი ახალციხიდან 17, ადიგენიდან კი 19 კილომეტრითაა დაშორებული. სოფელი ზღვის დონიდან 1120 მეტრზე, მდინარე ქვაბლიანის ნაპირზე მდებარეობს.

ადრე ამ ტერიტორიაზე შვიდი სოფელი ყოფილა. არალი ამ ნასოფლარებზეა გაშენებული. სოფლის სახელწოდებაზე ადგილობრივებს ორი ვერსია აქვთ: ერთის თანახმად სახელი ნაყოფიერების ქალღმერთ „ჰარალეს“ სახელწოდებიდან მომდინარეობს, მეორე ვერსიით „არალი“ ცალკე მდგომს ნიშნავს.  
მოსახლეობის უმრავლესობა კათოლიკეა. სოფელში ბევრია ნაეკლესიარი, მოქმედი კი ერთი პატარა კათოლიკური ეკლესიაა.
                        
სოფლის პრობლემათა ჩამონათვალი საკმაოდ დიდია: დანგრეული გზა, უწყლობა, უმუშევრობა, უქმად და უპატრონოდ დარჩენილი კულტურის სახლი, ბოქლომდადებული ბიბლიოთეკა, დაუმუშავებელი მიწები, გაძვირებული ცხოვრება...

არალში ძირითადად ორსართულიანი, ქვითკირის სახლებია. ბევრი მათგანი დაუმთავრებელია. ბევრი დამთავრებულია, მაგრამ მიტოვებული. ადგილობრივები ამ ფაქტს მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობებით ხსნიან.             

„სოფელი, ძირითადად, მიწათმოქმედებითა და მებაღეობით ირჩენდა თავს.   მოსავალი ბევრი გვქონდა და ცხოვრება არ გვიჭირდა. ახლა აღარაფერი მოდის, ამიტომ აქ დარჩენა არავის უნდა. სამი შვილი მყავს, არცერთი არ აპირებს არალში ცხოვრებას. ალბათ მომავალში ჩემი სახლიც ისე დაიკეტება, როგორც სხვებია დაკეტილი“, - ამბობს ანა მათოშვილი.

არალი მჭიდროდ დასახლებული და მცირემიწიანი სოფელია. თუმცა გაძვირებული საწვავის გამო, რაც აქვთ, ის მიწებიც დაუმუშავებულია. პრობლემებზე საკრებულოს წევრი, ნაციონალური მოძრაობის არალის პირველადი ორგანიზაციის ლიდერი, რუსული ენის მასწავლებელი იოსებ კაჭკაჭაშვილი გვესაუბრა:

„სოფელს სარწყავი და სასმელი წყლის პრობლემა აქვს. გასამაგრებელია მდინარის ნაპირები, მოსალოდნელია წყალდიდობა და სერიოზული საფრთხე არსებობს. მდინარის ნაპირას ბაღებია გაშენებული. ხალხს გაჭირვებით მოჰყავს მოსავალი, მაგრამ სარეალიზაციო ბაზარი არ არის. თუ იყიდება, რაღაც კაპიკებში. გადასახადები ბევრია, შემოსავალი ცოტა“.
                    
                   
მოხუცებს ძველი დრო ენატრებათ.
„ადრე უკეთესად ვცხოვრობდით. ხალხი მუშაობდა, ხელფასები და პენსიები გვყოფნიდა. ახლა პენსია მარტო გადასახადებს არ ჰყოფნის“, - სინანულს ვერ ფარავს 65 წლის სტეფანე აფრიამაშვილი.

სოფლის კულტურის სახლი მიტოვებული და ჩამონგრეულია. მინებიც არ შემორჩენია. ეზოში ლადო კეცხოველისა და სტალინის ძეგლები დგას. იქვეა სამამულო ომში დაღუპულთა მემორიალი.

სოფელში ლადო კეცხოველის სახელობის კოლმეურნეობა ყოფილა. ეს ძეგლებიც წარსულის ნოსტალგიაა, მათ აღებას არც ფიქრობენ.  

„ძალა აღმართს ხნავსო. თუ მოინდომეს აღება, ჩვენ ვერაფერს გავხდებით. მაგრამ რატომ უნდა აიღონ? მათ სიკეთის მეტი არაფერი გაუკეთებიათ“, - ამბობენ მოხუცები.                           

კულტურის სახლის შენობაში საკრებულო, ბიბლიოთეკა და მუსიკალური სკოლა ყოფილა განთავსებული.

საკრებულო აღარ არსებობს. ბიბლიოთეკა დაკეტილია, რამდენიმე ათას წიგნს პატრონი არ ჰყავს. „წიგნები აღარ ყოფილა საჭირო. ინტერნეტმა უნდა შეცვალოსო. ვინ იცის, როდის შემოვა არალში ინტერნეტი“, - გულისტკივილით ამბობენ სოფელში.
 
ძველი შენობის სიღრმიდან ფორტეპიანოს ხმა ისმის. როგორც ჩანს, მუსიკალური სკოლა ჯერ კიდევ ფუნქციონირებს.

ექვს პედაგოგს, რომლებიც 2007 წლის იანვრიდან ენთუზიაზმზე მუშაობენ, სამი ოთახი აქვს დაკავებული.  

„სამი ინსტრუმენტი გვაქვს. უკვე მოძველებულია, მაგრამ მაინც გვემსახურება. ადრე ოთხმოცი მოსწავლე გვყავდა. იანვრიდან სწავლის ქირა რვიდან ცამეტ ლარამდე გაიზარდა. ბევრმა საფასურის გადახდა ვერ შეძლო და მუსიკას თავი დაანება“, - ამბობს მუსიკის მასწავლებელი ლია ჯანაშვილი.

არალში სკოლამდელი დაწესებულების მდგომარეობა შედარებით უკეთესია. შენობა გარემონტებულია, მოწესრიგებული საძინებლით, სამზარეულოთი და სველი წერტილებით.

„25 ბავშვი გვყავს. მშობელი თვეში ათ ლარს იხდის. დღეში ორჯერადი, კარგი კვებაა. სამღვდელოება დაგვეხმარა, იტალიიდან უამრავი სათამაშო ჩამოგვიტანეს“, - ამბობს აღმზრდელ-მასწავლებელი ციალა კალანდია-კაჭკაჭიშვილი.

სოფელში ერთი საშუალო სკოლაა. ორი წლის წინ იქ 320 მოსწავლე სწავლობდა.. ახლა მათი რაოდენობა 240-მდეა შეამცირებული.
სკოლის პედაგოგები მადლიერებით იხსენებენ საერთაშორისო ორგანიზაცია „ქეას“ და კომპანია ბი-პის, რომელთა დახმარებით 2002 წელს სკოლა გარემონტებულა, თუმცა იმასაც აღნიშნავენ, რომ პრობლემები კვლავ მრავლად აქვთ:  

„შეიცვალა ფანჯრები, პირველ სართულზე იატაკიც გამოცვალეს. სამი კომპიუტერი „ქეამ“ გვაჩუქა. თუმცა საკლასო ოთახები არ გვყოფნის, სწავლა ორ ცვლაში მიმდინარეობს. არა გვაქვს დარბაზი. ღონისძიებებს კულტურის სახლის დარბაზში ვმართავთ“.
                         
სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა სოფელში 68-70 წელია. არალს სამედიცინო ამბულატორიაც ემსახურება, სადაც სოფლის მოსახლეობას პირველად დახმარებას უწევენ.
 
"ჰიპერტონული და გულის იშემიური დაავადებებით ხანდაზმული ადამიანები ხშირად გვაკითხავენ. გაზაფხულთან დაკავშირებით მომრავლდა ალერგიები. გავრცელებულია ენდოკრინული დაავადება – ჩიყვი. შობადობა საგრძნობლად შემცირებულია. იყო დრო, წელიწადში 50-60 ბავშვი იბადებოდა. წელს, სავარაუდოდ, რვა-ცხრა დაიბადება“, - ამბობს სამედიცინო ამბულატორია შპს „გულის“ დირექტორი, თერაპევტი გულნაზ კაჭკაჭიშვილი.                           

სოფელში მცხოვრებნი გაძვირებულ ცხოვრებას და უყურადღებობას უჩივიან.
 
„ადრე საცხოვრებელი ადგილიდან ცნობის აღება უფასოდ, სოფელშივე  შეგვეძლო. ახლა ამისათვის ადიგენში უნდა ახვიდე და თან 30 ლარია გადასახდელი. შეიძლება ასე? სად აქვს ხალხს ამის საშუალება?“ - კითხულობს იოსებ კაჭკაჭაშვილი.

სოფელში ამბობენ, რომ უკეთესი მომავლის იმედი აქვთ. სურვილებიც ბევრია, თუმცა არ იციან, უწერია თუ არა მათ ასრულება.     

მოხუცები პენსიის, პედაგოგები და სამედიცინო ამბულატორიის თანამშრომლები კი ხელფასის მომატებას ელიან. მუსიკის მასწავლებლებს ოთხი თვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურების იმედი აქვთ. სკოლის მოსწავლეები    ხელოვნურსაფარიან სპორტულ მოედანზე ოცნებობენ. გლეხები ცას შესცქერიან იმედის თვალით: „იქნებ ბუნებამ ხელი შეგვიწყოს და ბარაქიანი წელიწადი დაგვიდგესო“.

 გულო კოხოძე, ადიგენი

ახალი ამბები