04:12, Thursday, 14.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

მოსამართლეები ”გაიდლაინების” ჩარჩოში

14.12.2007
გასულ კვირას ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე მერაბ კოზმავამ მორიგი სისხლის სამართლის საქმის განხილვა დაასრულა. განსასჯელი ირაკლი ღუდუნიძე პასუხისგებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ა და გ ქვეპუნქტებით იქნა მიცემული. მას ბრალი ლეილა გიორგაძის კუთვნილი სხვადასხვა დასახელების 1500 ლარის ღირებულების ნივთების ქურდობაში ედება.

სასამართლომ ირაკლი ღუდუნიძეს 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, ზუსტად დაემთხვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საქართველოს საერთო მოსამართლეებისათვის სისხლის სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე შემუშავებულ სახელმძღვანელო წინადადებებსა და რეკომენდაციებს, ე.წ. ”გაიდლაინებს”, რომლებიც უკვე 5 თვე ქართველი ადვოკატების საქმიანობის „აქილევსის ქუსლად“ იქცა.

სწორედ ე.წ. ”გაიდლაინების” გამოცემის შემდეგ საქმიანობაში შექმნილ პრობლემებზე საუბრობენ ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” ქუთაისის ოფისში ქუთაისელი ადვოკატები:

გიორგი ჭიქაბერიძე, საია-ს ქუთაისის ფილიალი, დაზარალებულ ლეილა გიორგაძის ადვოკატი: ”ჩვენს პრაქტიკაში ირაკლი ღუდუნიძის განაჩენი ”გაიდლაინებით” მისჯის პირველი პრეცედენტია, თუმცა ცნობილია, რომ მას შემდეგ, რაც ეს რეკომენდაციები მიიღეს, საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეები მისით ხელმძღვანელობენ, რაც ადვოკატებს სერიოზულ პრობლემებს უქმნის. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სახელმწიფო ბრალმდებელმა  5 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა, ჩვენ - სასჯელის მაქსიმუმი, 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მოსამართლის მიერ მიესაჯა 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ჩვენგან მაქსიმალური სასჯელის მოთხოვნა იმით იყო განპირობებული, რომ ზარალი ანაზღაურებული არ არის, ხოლო აღნიშული პირი ორჯერაა ნასამართლევი, რაც თავისთავად, საშიშ რეციდივს ქმნის. თუმცა, სასამართლომ ეს, როგორც წესი, არ გაითვალსიწინა.

საია-ს ქუთაისის ფილიალში მიიჩნევენ, რომ ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბება, რასაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი ე.წ. ”გაიდლაინების” მიღების მთავარ მიზეზად მიიჩნევს, ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს იმ გარემოებების შესახებ, რომ საქართველოს კანონმდებლობა კანონის ლეგალური ახსნა-განმარტების უფლებამოსილებას მხოლოდ სასამართლოს ანიჭებს.

”კანონის ინტერპრეტაციას სამართლებრივი შედეგის გამოწვევა ერთადერთ შემთხვევაში შეუძლია - თუ იგი სასამართლოს მიერ არის გაკეთებული და ასახულია კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით გამოტანილ გადაწყვეტილებაში. ალბათ, განუხორციელებელია ამბიცია, რაიმე დოკუმენტით წინასწარ გაითვალისწინო და გათვალო სამართლებრივი ურთიერთობების ყველა შესაძლო ვარიანტი, აგრეთვე დანაშაულის ყველა ის გარემოება, რომელიც საბოლოოდ დანაშაულის ხასიათს განსაზღვრავს და დამნაშავეზე დასაკისრებელი სასჯელის ზომაზეც აისახება. სწორედ ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოსამართლისთვის დისკრეციის, შეფასების იმ ფარგლების შენარჩუნება, რომელიც მას თავისი შინაგანი რწმენითა და სასამართლოს გაგებით მოქმედების შესაძლებლობას მისცემდა,” - აცხადებს საია-ს ქუთაისის ფილიალის ადვოკატი რეზო თოფურია.

ევგენი ომანაძე, ორგანიზაცია ”საზოგადოება და სამართალის” თავმჯდომარე: ”თავისი შინაარსით ე.წ. ”გაიდლაინები”, ანუ რეკომენდაციები გულისხმობს სახელმძღვანელო წინადადებებს, რომლებითაც მოსამართლეებმა თავიანთ საქმიანობაში უნდა იხელმძღვანელონ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ კანონზე მეტი ძალა აქვთ. ამიტომაცაა, რომ ეს წინააღმდეგობაში მოდის კანონთან. ეს ეწინააღმდეგება აგრეთვე მოსამართლის დამოუკიდებლობას. მაშინ, როცა მოსამართლემ თვითონ უნდა განმარტოს კანონი, ხდება ისე, რომ ერთი რაფინირებული მიდგომით, რომელიც ”გაიდლაინითაა” განსაზღვრული, ხელმძღვანელობს ყველა ინსტანციის სასამართლო და ყველგან შეიძლება დადგეს ერთი და იგივე შედეგი. ამიტომაცაა, რომ ადამიანებს თავიანთი უფლებების დაცვა ხშირად სტრასბურგის სასამართლოში უწევთ.”

ანა ჩაფიძე, ადვოკატი: ”აღნიშნული რეკომენდაციების მიღების მიზანი იყო, რომ პრეცედენტული სასამართლოს დამკვიდრებისთვის შეექმნათ ნიადაგი, მაგრამ ამ შემთხვევაში იგი არ გვაძლევს სათანადო შედეგს, რადგანაც კონკრეტულად, პრეცედენტი დგება არა მუხლების კლასიფიკაციის მიხედვით, არამედ თვითონ კონკრეტული დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე. ამ შემთხვევაში რეკომენდაციებში განსაზღვრულია ხისტად კოდექსის ერთნაირი მუხლების მიხედვით გათვალისწინებული სანქციები და არა კონკრეტული დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე მისაცემი სანქციები მოსამართლეების მიერ. პრეცედენტული სამართლის არსი კი იმაში მდგომარეობს, რომ კონკრეტული დანაშაულის ხასიათიდან და შინაარსიდან გამომდინარე დადგეს ერთგვაროვანი პრაქტიკა. მაგალითად 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები ხასიათების მიხედვით შეიძლება განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან, მაგრამ კვალიფიკაცია კოდექსის მიხედვით ერთნაირი იყოს. თუმცა, თვითონ ხასიათიდან გამომდინარე, დანაშაული იყოს სხვადასხვაგვარი. ამიტომაც, აქედან გამომდინარე, ვერ მივიღებთ იმ ერთგვაროვან პრაქტიკას, რომელიც ხელს შეუწყობს პრეცედენტული სასამართლოს დამკვიდრებას.

ნიკო კანკავა, ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” ქუთაისის ოფისის ადვოკატი: ”ჩემი მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, რადგანაც ჩემი მიზანია, რომ უდანაშაულობას ვამტკიცებდე, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისას და არა იმას, რომ აღიარებით ჩვენებას იძლეოდეს და მერე სასჯელის შემსუბუქებაზე ვფიქრობდე (ვცდილობ ასეთი საქმეები ჩემს პრაქტიკაში არ იყოს) ე.წ. ”გაიდლაინები” დიდ პრობლემას არ მიქმნის. თუმცა, მასში რაც არ მომწონს, არის ის, რომ მაგალითად სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილში ნათქვამია, რომ თუკი დანაშაულს ინანიებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასჯელი, რომელსაც მიაკუთვნებს სასამართლო, ნახევრად პირობითად ჩაეთვლება. მაგრამ იმ ”გაიდლაინებში” 50-ე მუხლის მე-5 ნაწილზე ლაპარაკი არ არის. ანუ ეს, ფაქტიურად ”მკვდრადშობილი” მუხლია და ასეთი მასში ბევრია. ხოლო რაც მთავარია, ამ ”გაიდლაინებით” ხდება შეზღუდვა სასამართლოს ხელისუფლების. მოსამართლეს ეზღუდება უფლება გამოიყენოს კანონის კონკრეტული მუხლები თავისი შეხედულებისამებრ და შესაბამისად, ხშირად ადვოკატის საქმიანობაც აზრს კარგავს, რადგანაც სხვადასხვა ინსტანციის სასამართლო ერთსა და იმავე საქმეზე იდენტურ გადაწყვეტილებებს იღებს.”

ადვოკატები მიიჩნევენ, რომ ე.წ. ”გაიდლაინები” სასამართლო ხელისუფლების სრულ დამორჩილებას ისახავს მიზნად და ის ”ზოგადსაკაცობრიო” იდეები, რომლებითაც ამ რეკომენდაციების შემოღებაა დასაბუთებული, მხოლოდ შირმაა, რომლის უკანაც საზოგადოების სრული დამორჩილების მზაკვრული მიზანი იფარება.

ლელა ხიდაშელი, ქუთაისი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC