კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამცხე –ჯავახეთში რადიაციული ფონი დაავადებების გაზრდას იწვევს

19 დეკემბერი, 2007

,,ადგილობრივების უმეტესობა სიმსივნით არის დავადებული. კაცი საღ-სალამათია და უცებ აღმოჩნდება რომ კიბო აქვს. ჩვენი რაიონიდან რაც ონკოლოგიურში ხალხია გაწერილი, ვინ მოთვლის. მოსახლეობა ნელ-ნელა იწამლება, ურანს კი ყურადღებას არავინ აქცევს”, - ეს დიალოგი აბასთუმანი –ახალციხის  ავტობუსში მოვისმინე. ადიგენის მუნიციპალიტეტის მთიანი სოფლების მოსახლეობას გულსისხლძარღვთა და სიმსივნური დაავადების სიმრავლის გამო შეშფოთება არაერთხელ გამოუთქვამს. მათი აზრით, დავადებულთა კატასტროფული ზრდა ფერსათის მთაზე ერთ დროს რუსეთის საჯარისო ნაწილის მიერ უკონტროლოდ დატოვებული ურანის გამოჟონვის მიერ გამოწვეული რადიაციის მაღალი დონის შედეგია.

,,მე გული მაწუხებს. აქ უმეტესად კიბოთი ან გულით ავადდებიან”, - გვითხრა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაქურდების მკვიდრმა მირანდა ამირხანიანმა.

ელიკო ენდელაძისთვის კი დიდი დარტყმა იყო როცა გაიგო, რომ მის ქალიშვილს ყელში სიმსივნე ჰქონდა.

,,სრულიად ჯანმრთელი იყო, თორმეტ წლამდე ფრჩხილის კი არ ასტკივებია. ერთხელ დილით ტირილით მითხრა ნერწყვს ვეღარ ვყლაპავო. მის მეტი არავინ გამაჩნდა და დაფეთებულმა უცებ წავიყვანე ექიმთან. უკვე მეტასტაზები მთელ სხეულში ჰქონდა. ვეღარაფერი ვუშველეთ. ვფიქრობ, რომ სიმსივნე რადიაციის გამო გაუჩნდა”, - მიაჩნია  შვილმკვდარ დედას. 

რა სამხედრო ნაწილი იდგა ფერსათის მთაზე, შეესაბამება თუ არა მოსახლეობის შეშფოთება სიმართლეს, რა გამოკვლევები არსებობს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველოში.

ოთხი წლის წინ ახალციხეში რეგიონალური გარემოს დაცვის სამსახური ფუნქციონირებდა, რომლის უფროსი ნუგზარ თათეშვილი გახლდათ.
 
ახალციხის რაიონის გამგეობამ საქართველოს  გარემოს დაცვისა და ბუნებრივი  რესურსების სამინისტროში გააგზავნა მოთხოვნა შემოწმებულიყო სამცხე-ჯავახეთში ეკოლოგიური მდგომარეობა. ეს ხდება დაახლოებით სამი ოთხი წლის წინ”,  - ამბობს ნუგზარ თათეშვილი

- რის საფუძველზე მოითხოვეთ რეგიონის შემოწმება? თქვენ მოსახლეობიდან  გქონდათ ინფორმაცია ფერსათის მთაზე ურანის არსებობის შესახებ? 

საუბრისა და ჭორის დონეზე არ შეიძლებოდა ამ პრობლემისთვის შეგვეხედა, ინფორმაცია უნდა გვქონოდა და შემოწმებაც ამიტომ მოვითხოვეთ.

 - და რა გამოირკვა შემოწმების შედეგად?

 - ჩამოსული იყო ჯგუფი, მაგრამ მასალები ჩვენთვის არ დაუტოვებიათ, საერთოდ არ მოსულან გამგეობაში.

 - თქვენი მოთხოვნის საფუძველზე მოხდა თბილისიდან კომისიის ჩამოსვლა და არაფერი აღარ გაგაგებინეს? რატომ არ მოითხოვეთ? 

 - მოეთხოვა გამგეობას! მერე გამგებელი შეიცვალა. მეც გავთავისუფლდი ამ თანამდებობიდან. მასალებს სამმართველოს, ან მაშველთა კორპუსის სამხარეო სამსახურს დაუტოვებდნენ. არ დავინტერესებულვარ.

გადამისამართება  პირველი -  გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველო

,,ეგ პრობლემა თქვენგან პირველად გვესმის, ჩავინიშნავთ და სამინისტროს გადავცემთ”, - განმიცხადეს სამმართველოში, სადაც რეგიონში ეკოლოგიური მოკვლევის შესახებ არაფერი იცოდნენ. ,,ეს მოკვლევა თუ ჩატარდა ისიც კი არ ვიცით”,  - განმიცხადეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველში.

საქართველოს  გარემოს დაცვისა და ბუნებრივი  რესურსების სამინისტროს საიტზე ამ კვლევის შესახებ ინფორმაცია არ მოიძებნა. 

ბმული - ,,ცენტრალური აპარატი” - ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახურის გვერდზე მხოლოდ ეს ინფორმაციაა მითითებული  -  ,,ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახურის კომპეტენციაა ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაციის უზრუნველყოფა”.

სამხედრო ნაწილის ისტორია

ფერსათის მთაზე განლაგებულ რუსულ სამხედრო ნაწილზე ყველა ერთხმად აცხადებს, რომ ეს იყო საიდუმლო ნაწილი, რომლის გაუქმების შემდეგ უყურადღებოდ მიტოვებული ნივთები, მანქანები, რკინა ახლოს მდებარე სოფლების მოსახლეობამ დაიტაცა.

,,ფერსათის მთაზე იყო ანგარები ანუ შენიღბული ადგილები, სადაც თვითმფრინავი შედის და ზემოდან არ ჩანს. ურანზე და სხვა რამეზე მოსახლეობას ვინ რას გვეტყოდა? თუ ეს მართალია, მაშინ დარჩენილ ნივთებს რადიაცია მართლაც რომ ექნებოდა.
ფაქტი ერთია - მოსახლეობა ჩვენს რეგიონში სპეციფიკური დაავადებებით გამოირჩევა. თბილისში ონკოლოგიურში მუშაობს ერთი ჩემი ახლობელი და მან მითხრა რომ სამცხე-ჯავახეთიდან ძირითადად სიმსივნით დაავადებულები მოდიანო”, - გვითხრა ვალის მკვიდრმა პეტრე ხითარიშვილმა.

,,რუსები როცა წავიდნენ, ხალხმა მწყესებისაგან ეს მალევე გაიგო, ამიტომ ყველა ადიოდა და დატოვებულ ,,არმატურას”, ,,მოტორებს” და საერთოდაც ყველაფერს სახლში ეზიდებოდა. ვიცი ოჯახები, რომლებსაც ფერსათის მთიდან წამოღებული რკინით ,ტალავერი“ აქვთ გაკეთებული. იმის თქმა, რომ ფერსათის მთაზე ურანი იყო დანამდვილებით შემიძლია, მაგრამ ვერ გეტყვით დარჩა თუ არა იქ ურანი. სხვა კუთხითაც რომ შევხედოთ, რუსები ურანს არ დატოვებდნენ. ფაქტი ისაა, რომ მოსახლეობის მიერ დატაცებულმა ნივთები საფრთხის შემცველი იყო და ხალხი დააავადა”, - გვითხრა ადგილობრივმა ჯემალ სვანაძემ.


რას ამბობს ექიმი

სამცხე-ჯავახეთში გულსისხლძარღვთა დაავადებების რიცხვმა იმატა. არსებობს ეჭვი რომ, ამის მიზეზი რეგიონში რადიაციული ფონის მომატებაა”, - აცხადებს ექიმი-კარდიოლოგი თამაზ მათოშვილი. 

- როგორია გულსისხლძარღთვთა დაავადებების სტატისტიკა ბოლო პერიოდისთვის?

- გულსისხლძარღთვთა დაავადებებმა, სამწუხაროდ, არა მარტო ხანდაზმულებში, ახალგაზრდებშიც საგრძნობლად იმატა. ისეთი დაავადება, როგორიცაა მიოკარდული ინფარქტი, თუ ადრე 50 წლის ზევით იყო დამახასიათებელი, ახლა ორმოცი და ოცდათხუთმეტი წლის ასაკშიც გვხვდება.

- დაახლოებით რამდენი პროცენტია დაავადებთა ზრდის მაჩვენებელი?

- თერაპიული დაავადებების 80 პროცენტი გულსისხლძარღვთა დაავადებებია.
ჩემთან ამბოლატორიულ მიღებაზე თვეში საშუალოდ ასი ავადმყოფი მაინც მოდის. წლის ბოლოს კი ეს რიცხვი ათასზე მეტს აღწევს. დაავადებულთა საშუალო ასაკი ორმოცდაათს არ აღემატება.
 
- თქვენი აზრით ეს რამ გამოიწვია?

- ეს პირდაპირ კავშირშია სოციალურ პირობებთან, მაგრამ მაინც ყველაფრის მიზეზი რადიაციული ფონის მომატებაა.
 
- რადიაციული ფონის მომატებას რეგიონში რუსეთის ჯარის არსებობას ხომ არ უკავშირებთ?
 
 - რუსი სამხედროების საქართველოდან გასვლის შემდეგ ბევრგან დარჩა ცეზიუმის ამპულები, რომლებმაც ქართველი ჯარისკაცების მოწამვლა გამოიწვია, თუმცა დამამტკიცებელი საბუთი, რომ რადიაციული ნარჩენების რა დოზა დატოვეს ახალციხეში, ცხადია არ გამაჩნია. გულის პათოლოგიებთან ერთად ჩვენს მხარეში ონკოლოგიურმა დაავადებებმაც მოიმატა, რომლის გახშირების ყველაზე რეალური მიზეზი რადიაციაა.
 
- და მაინც, რა ფაქტები გაძლევთ ასეთი დასკვნების გაკეთების საბაბს?

- ეჭვი იმის შესახებ რომ ჩვენს მხარეში რადიაციული ფონი პირდაპირ კავშირში იყო ადამიანის ჯანმრთელობასთნ, პირველად 90 – იანი წლების დასაწყისში ადიგენის რიონში მუშაობისას გამიჩნდა. ზოგიერთ სოფელში თვალშისაცემი ფაქტები გამოიკვეთა. რაიონის ორ სოფელში, უდესა და ვარხანში მოსახლეობის ერთი და იგივე რაოდენობა ცხოვრობს და მათ შორის მანძილიც რამდენიმე კილომეტრია. სოფლებში სიკვდილიანობის ორი თვის მაჩვენებლების შედარებისას აღმოჩნდა, რომ უდეში სიკვდილიანობის სიხშირე ვარხანთან შედარებით შვიდჯერ მეტი იყო. საბოლოო მიზეზების დადგენა ჩემს ძალებს აღემატებოდა, მაგრამ საგულისხმო ფაქტად მივიჩნიე ის, რომ ფერსათის მთაზე მდგარი საბჭოთა ჯარის ერთ-ერთი ნაწილი თურქეთის სასაზღვრო ნაწილებს ლოკატორით აკონტროლებდა. ლოკატორი, რომელიც დიდი რადიაციას ასხივებდა, სოფელ უდეს დაჰყურებდა.

- მიმართეთ თუ არა ვინმეს ამ პრობლემის მოსაგვარებლად?

- მქონდა საუბარი ახალციხის ე.წ ,,ქიმიური ასეულის” სპეციალისტებთან, რამდენად შესაძლებელი იყო მათ ხელთ არსებული ხელსაწყოებით გამოკვლევის ჩატარება. აღმოჩნდა, რომ მათ უფრო სტაციონალური ხელსაწყოები აქვთ, რომლის შორ მანძილზე გადატანა მოუხერხებელია, გარდა ამისა ასეთი გამოკვლევების ჩატარებას დიდი ფინანსები სჭირდება.


გულო კოხოძე, ადიგენი - ახალციხე

ახალი ამბები