კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დაზარალებული მესაკუთრე პარლამენტის შენობის წინ თვითმკვლელობით იმუქრება

21 დეკემბერი, 2007
სიღნაღში მცხოვრები მანანა მაჭარაშვილი(ფოტოზე), პროტესტის ნიშნად, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, შიმშილობის დაწყებას გეგმავს და უყურადღებობის შემთხვევაში თვითმკვლელობით იმუქრება. სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, კახეთის გუბერნატორის მოადგილემ და სხვა ჩინოვნიკებმა, მაჭარაშვილთან ერთად რამდენიმე მეწარმე, ცოტა ხნის წინ, აიძულეს, სიღნაღში მდებარე კომერციული ფართი ინვესტორისთვის მიეყიდათ. უძრავი ქონების ყიდვა – გაყიდვა ღამის 12 საათზე მოხდა. მაჭარაშვილი სანოტარო ბიუროში ფიზიკური ძალის გამოყენებით მიიყვანეს და ქონების გასხვისების ხელშეკრულებაზე ხელი სამართალდამცავებმა მოაწერინეს.

მომხდარის შესახებ მანანა მაჭარაშვილმა და მასთან ერთად კიდევ სხვა მეწარმეებმა დახმარებისათვის იურისტებს მალევე მიმართეს.

"სიღნაღის გამგეობის თანამშრომელი გია ინანაშვილი პირდაპირ მემუქრებოდა, რომ მის მიერ დასახელებულ ბიზნესმენს, ვინმე ბაჩანა დავლიანიძეს ფართს თუ არ მივყიდდი, სასურსათო მაღაზიაში ფინანსური პოლიცია შემოვიდოდა, დარღვევებს მიპოვნიდნენ და დამიჭერდნენ. უფრო მეტიც, ჩინოვნიკები პირდაპირ დამემუქრნენ, რომ ჩემს საცხოვრებელ სახლში ნარკოტიკს აღმომიჩენდნენ. ბავშვები მყავს და შემეშინდა, თუმცა მაღაზიის გაყიდვაზე მაინც უარს ვამბობდი. მაღაზია, ჩემი ოჯახის რჩენის ერთადერთი წყარო იყო. სხვა შემოსავალი საერთოდ არ გვაქვს. ამიტომ, ინანაშვილის შემდეგ სიღნაღის გამგებელს რამაზ ხატიაშვილს და კახეთის გუბერნატორის მოადგილეს დავით ცისკარიშვილსაც, მიუხედავად მუქარებისა, უარი ვუთხარი. მაღაზია ძალით გამაყიდინეს. სახლში დამადგნენ პოლიციის თანამშრომლები, წამიყვანეს და ყიდვა – გაყიდვის ხელშეკრულებაზე ხელი ღამის 12 საათზე მომაწერინეს. ნოტარიუსს გიორგი ლომაშვილს პირდაპირ ვუთხარი, რომ ქონებას ჩემი ნებით არ ვყიდდი. უსამართლობის ხელშეშლის მიზნით, საჭირო დოკუმენტაციის ორიგინალიც არ წარვადგინე, მაგრამ უშედეგოდ", - ამბობს მანანა მაჭარაშვილი.

იურისტებთან კონსულტაციისას გაირკვა, რომ ქონების გაყიდვა არაკანონიერად მოხდა, რადგან იგი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თელავის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 16 დეკემბრის შეტყობინების თანახმად დაყადაღებული იყო. "საქართველოს საგადასახადო კოდექსით, იმ ქონების გაყიდვა, რომელსაც ყადაღა აქვს დადებული, ყადაღის მოხსნამდე აკრძალულია. მიუხედავად ამისა, პრობლემა არც სანოტარო ბიუროში შექმნილა და არც საჯარო რეესტრის სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურში. არადა, კანონის მიხედვით საგადასახადო ინსპექციიდან ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ შეტყობინების ერთი ასლი თვით საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურსაც ეგზავნება", - ამბობს "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტი ლია ხუროშვილი. მისივე თქმით, მანანა მაჭარაშვილის, თამარ თარაშვილის და სხვათა ახსნა – განმარტებებიდან ნათლად ჩანს, რომ თანამდებობის პირებმა გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ბოროტად გამოიყენეს იგი.

საკუთრების უფლების ხელყოფის თაობაზე "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტებმა გაცხადებით მიმართეს სიღნაღის რაიონულ პროკურატურას და გამოძიების დაწყება მოითხოვეს. რაიონულმა პროკურატურამ კი განცხადება და თანდართული მასალები საქართველოს გენერალურ პროკურატურას გადაუგზავნა.

"დაგვიბარეს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში და დაგვკითხეს. ყველაფერი დეტალურად აღვწერეთ. მას შემდეგ სამი თვე გავიდა და კონკრეტულ პროკურორს რამდენჯერაც ვუკავშირდებით, იმდენჯერ გვპასუხობს, რომ საკითხი არაერთხელ დააყენა ხელმძღვანელობის წინაშე, მაგრამ ამ დრომდე მოქმედების ბრძანება არ მიუღია", - აცხადებს მანანა მაჭარაშვილი, რომელსაც დავლიანიძის მიერ, მის საბანკო ანგარიშზე შეტანილი თანხიდან თეთრიც არ გაუხარჯავს.

ჩვენ შევეცადეთ დავკავშირებოდით საქართველოს გენერალურ პროკურატურას, თუმცა არაერთი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. პროკურატურის პრეს-სამსახურის უფროსმა ხათუნა ცხვედიაშვილმა მოუცლელობა მოიმიზეზა, სამსახურებრივ ტელეფონებზე კი არავინ პასუხობს.

რეაგირების თხოვნით დაზარალებული მესაკუთრეები საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავჯდომარეს ელენე თევდორაძესაც შეხვდნენ. თამარ თარაშვილის თქმით, თევდორაძე მათ დახმარებას დაპირდა, მაგრამ დღემდე ასევე უშედეგოდ.

მანანა მაჭარაშვილმა მოახერხა და კახეთში მყოფ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნინო ბურჯანაძეს წერილიც გადასცა, თუმცა მისი პრობლემით სახელმწიფო სტრუქტურებიდან არავინ დაინტერესებულა.

გადაწყვეტილება პროტესტის უკიდურესი ფორმის გამოყენების შესახებ, როგორც ქალბატონი მამანა ამბობს, მხოლოდ ამის შემდეგ მიიღო. ხვალ ის საქართველოს პარლამენტის შენობის წინ შიმშილობის დაწყებას გეგმავს და უყურადღებობის შემთხვევაში თვითმკვლელობით იმუქრება.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები