კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ამნისტია - წინასაარჩევნო კამპანია თუ „პრეზიდენტის შერბილებული ტონი“ ?

17 იანვარი, 2008

ნოემბრის მოვლენების შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პარლამენტში ამნისტიასთან დაკავშირებული კანონპროექტი შეიტანა. წინასაარჩევნო კამპანიის დროს მიხეილ სააკაშვილის და ნინო ბურჯანაძის ინიციატივით ათასობით ადამიანი განთავისუფლდა. მათ შორის პოლიტპატიმრებიც. ამნისტიაში, ცხადია, ცუდი არაფერია. მით უმეტეს, იმ პირობის გათვალისწინებით, რა პირობებშიც იმყოფებიან ადამიანები სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში. კითხვა სხვაგვარად ისმის, მიუხედავად საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ მრავლად აღმოჩენილი დარღვევებისა, რატომ იწყება ამნისტია სწორედ წინასაარჩევნო პერიოდში? სწორედ მაშინ, როდესაც მთავრობას მოსახლეობის მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდება? ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ამ მთავრობის არჩევის შემდეგ, პატიმართა რაოდენობა კვლავაც გაიზრდება? და საერთოდ, რა მდგომარეობაშია დღეს პენიტენციალური სისტემა?

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო პატიმართა თანამეგობრობის ნაციონალური სამსახურის საქართველოს პატიმართა თანამეგობრობის“ დირექტორი ლალი აფციაური უკვე მრავალი წელია მუშაობს პატიმრებთან და კარგად იცის ის ვითარება, რომელიც სატუსაღოებშია შექმნილი. „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მასთან ინტერვიუს გთავაზობთ.

- რამდენად დროული და მნიშვნელოვანი იყო ამნისტია საქართველოს პენიტენციალური სისტემისთვის?

- რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო, დაგვიანებულიც კი. მოგეხსენებათ, რომ სისტემა გადატვირთულია, ჩვენ დაახლოებით 25 ათასამდე პატიმარი გვყავს. ამ ადამიანების განთავსება ფიზიკურად შეუძლებელია, რადგან არ არის საკმარისი კოლონიები, ციხეები, იზოლატორები და ა. შ. ალბათ გახსოვთ, ბევრს საუბრობდნენ იმაზე, რომ მე-5-ე საპყრობილეში 20 ადგილიან საკანში 100 ან მეტი პატიმარი იმყოფებოდა. ახლა მე-8 საპყრობილეს გახსნის შემდეგ, პატიმრების ნაწილი იქ გადანაწილდა. შეღავათი კი არის, მაგრამ პრობლემების მოგვარებისთვის საკმარისი არ არის.

- რამდენად ეფექტურია ამნისტიის კანონი?

- როგორც კი მომზადდა კანონპროექტი ამნისტიასთან დაკავშირებით, ინტერნეტში მოვიძიე, თუ რა მუხლებს ეხებოდა ეს კანონპროექტი. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა.  მასში ჩადებული იყო უმოქმედო, მკვდარი მუხლები, რომლის შესაბამისად დაკავებული შეიძლება ათასიდან ერთი ადამიანი გვყავდეს. მაგალითად, ამნისტია ეხება შხამის ბოროტად გამომყენებელს, გემის კაპიტანს, რომელმაც ზღვაში მიცურავდა და განწირულ ადამიანს, რომელიც იხრჩობოდა, დახმარება არ აღმოუჩინა. ამნისტიის კანონში ყველაზე მისაღები მე-200-ე მუხლი იყო, რომელიც კონტრაბანდული სიგარეტების შემოტანა-გადაზიდვა-გასაღებას ეხება. ასეთი დანაშაულით შეიძლება 2 ათასამდე დაკავებული ადამიანი გვყავდეს. ამ ადამიანებზე საკმაოდ სერიოზული შეღავათები გავრცელდა, ოღონდ მხოლოდ სასჯელის ნაწილში. მოგეხსენებათ რომ დღეს ჩვენთან, დანერგილია ასეთი პრაქტიკა, სასჯელთან ერთად ნებისმიერ ადამიანს ენიშნება ფულადი ჯარიმა. რამდენად არის ეს კანონიერი, სხვა საკითხია. საუბარია საკმაოდ სერიოზულ თანხებზე. ანუ თუკი პატიმარი გაუშვეს, ამ ჯარიმის გადახდა მას მაინც ევალება.

- რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ ის ვერ გადაიხდის ამ  ჯარიმას?

- კანონი ითვალისწინებს ქონებაზე ყადაღის დადებას, ჩამორთმევას, რიგ შემთხვევაში სასჯელსაც. ჯარიმის არგადახდა ხომ სასამართლო განაჩენის არ აღსრულებაა და კანონით ისჯება. მაგრამ არავის აინტერესებს, აქვს თუ არა ადამიანს ამის გადახდის საშუალება. აუცილებლად უნდა შეისწავლონ მისი ქონებრივი მდგომარეობა. ეს მუხლი ხომ ისეთ ადამიანებს ეხებოდა, რომლებიც ხელზე ვაჭრობდნენ, ისინი მატერიალურად უზრუნველყოფილები რომ ყოფილიყვნენ, ამ საქმეს ხელს არ მოკიდებენ. ანუ ასეთი ამნისტიის და დარჩენილი ფულადი ჯარიმის გადახდის შემდეგ უამრავი ადამიანი შეიძლება სახლ-კარის გარეშე დარჩეს.

არასრულწლოვანებიც გაათავისუფლეს. ციფრს არ ასახელებენ, თუმცა, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ბევრნი არ არიან. აქედან გამომდინარე, ამ ერთ მუხლს თუ არ გავითვალისწინებთ, ამნისტია უბრალოდ წინასაარჩევნო კამპანია იყო და მეტი არაფერი.

- დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, თქვენი აზრით, კიდევ რა მუხლებით უნდა გაანთავისუფლონ პატიმრები?

- მიმაჩნია, რომ აუცილებლად უნდა გაათავისუფლონ ნარკოტიკების მომხმარებლები. დღევანდელი კანონით მათ პირდაპირ ციხეში უშვებენ. მართალია, სასჯელი ძალიან მცირეა, 1 წლამდე, მაგრამ ავადმყოფი ადამიანის საპატიმროში მოთავსება, თუნდაც 1 თვით, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია. მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც საპატიმრო არ არის გამოსასწორებელი ადგილი, ხელისუფლებას კი მათი მკურნალობის საშუალება არ გააჩნია. ამიტომ მიმაჩნია, ხელისუფლება ამ ადამიანების დაკავების ნაცვლად, უნდა იფიქროს ახალ პროექტებზე, გამოყოს მკურნალობის საშუალებები. ხელისუფლებისთვის ციხეში გაშვება ადვილია. ყველა როგორც ერთი - ეს არის ის, რაც სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნით დღეს დანერგა.

- ძირითადად, რა პრობლემებს გამოყოფდით, რომლებიც პენიტენციალურ სისტემას ახასიათებს?

- მიუხედავად იმისა, რომ ბატონი პრეზიდენტი ამბობს, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მას ყურადღება ჰქონდა და ახლა მეტად აქვს გამახვილებული, მინდა აღვნიშნო, დღემდე საპატიმროებში პატიმრებს ღირსების შემლახველად ექცევიან. ორი დღის წინ ვიყავი ახლად გახსნილ მერვე საპყრობილეში. იქ, როდესაც პატიმარი ადვოკატთან შესახვედრად გამოდის, მას მთლიანად აშიშვლებენ, აიძულებენ რამოდენიმეჯერ ჩაიკუზოს, ამის შემდეგ ადვოკატთან შესახვედრად საგამოძიებო ოთახში მოჰყავთ. ანალოგიური პროცედურის გავლა პატიმარს საკანში დაბრუნებისას უწევს. მე უამრავი ქვეყნის ციხე მაქვს ნანახი და მსგავსი რამ არსად მინახავს. ხელისუფლება კი ევროსტანდარტებზე საუბრობს.

რა უნდა გადასცეს საკნიდან პატიმარმა ადვოკატს, რომელშიც ის სრულ იზოლაციაში იმყოფება. ვფიქრობ, წერილებზეა საუბარი, თუმცა ამას კანონი არ კრძალავს. მეშვიდე საპყრობილეში ოჯახის წევრებისათვის წერილების გადაცემა წითელი ჯვრის მეშვეობით ხდება.  ახლობლებთან ურთიერთობა შეზღუდული და გამკაცრებულია. თუ ჩვენ გვინდა ამ ადამიანების შემდგომ საზოგადოებაში დაბრუნება და ინტეგრირება, აუცილებელია მათ ოჯახებთან ურთიერთობას ხელი შევუწყოთ. სტატისტიკურ მონაცემებს ვიკვლევდი და აღმოვაჩინე, რომ არა ერთი ოჯახი დანგრეულა მეუღლეს საპატიმროში ყოფნის პერიოდში, როდესაც მათ არ აქვთ მოკლე ან გრძელვადიანი შეხვედრების შესაძლებლობა. ამის გამო ამ ადამიანებს შეიძლება სექსუალური პათოლოგია განუვითარდეთ.

გრძელდება პატიმრებზე ფიზიკური ზეწოლა. როდესაც პატიმრებს მეშვიდედან მერვე საპყრობილეში ანაწილებდნენ, სპეცრაზმელების მიერ შექმნილ ცოცხალ კორიდორში გაატარეს და უმოწყალოდ სცემეს. ეს ყველაფერი დღემდე ბაჩო ახალაის მითითებით ხდება.

სანიტარულ მდგომარეობას რაც შეეხება, აღსანიშნავია, რომ ახლად გახსნილ საპატიმროებში სისუფთავეა, მაგრამ მე-7 საპყრობილეში ისეთი სანიტარიული მდგომარეობაა, რომ პატიმართა 99 პროცენტი მუნით იყო დაავადებული. მწვავე ინფექციურ დაავადებას დღემდე მკურნალობენ.

- როგორ შეაფასებთ პენიტენციალურ სისტემაში ჩატარებულ რეფორმებს?
 
- შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, სასჯელაღსრულებით სისტემაში რეფორმა არ ჩატარებულა, თუ არ ჩავთვლით ახლად აშენებულ ციხეებს და გადამზადებულ თანამშრომლებს. სამწუხაროდ, სწორედ ეს რეფორმირებული კონტინგენტი პატიმრებისგან ითხოვს, რომ მათ ასე მიმართონ: „ბატონო დაცვის თანამშრომელო“. თუ არ მიმართავენ, სასტიკად გაილახებიან. ბატონობით მიმართვაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, მაგრამ, თუ არ მოგმართე ასე, რატომ უნდა მცემო.

რაც შეეხება ბოლო დროს აშენებულ ციხეებს. ზამთრის პერიოდში ბევრი პატიმარი სიცივეს ჩივის. დავუკავშირდით სოციალური სამსახურის წარმომადგენელს და მან ამას ასეთი ახსნა მოუძებნა, გაეთვალისწინებინათ, რომ ზაფხულის შემდეგ ზამთარი მოდისო. საქმე იმაშია, რომ ზაფხულში საშინელი სიცხეა, კონდიცირება არ ხდება. ამიტომ პატიმრები მინებს ამსხვრევენ. რკინის გისოსები კი ორივე მხრიდან ისე არის გაკეთებული, რომ ფანჯრების ჩასმა შეუძლებელია.

ბოლო დროს სააკაშვილმა შერბილებული ტონით დაიწყო საუბარი, თუმცა მისი ასეთი ტონი რამის შეცვლას, სამწუხაროდ, არ ნიშნავს. ის ფაქტი, რომელზეც  გესაუბრეთ, პატიმრების ცემასთან დაკავშირებით, დეკემბრის თვეში მოხდა, მიხეილ სააკაშვილის წინასაარჩევნო კამპანიის დროს…


ნონა სუვარიანი, თბილისი

ახალი ამბები