კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ცოცხალი მკვდარი, ანუ კახეთის საოლქო პროკურატურის „ნოუ – ჰაუ“

21 იანვარი, 2008
ჟურნალისტური მოკვლევა

ალექსი ბახუტოვი 2007 წლის 27 ივნისს დააკავეს. კახეთის საოლქო პროკურატურამ მას ბრალი ლაშა ჩოფიკაშვილის განზრახ მკვლელობაში დასდო, თელავის რაიონულმა სასამართლომ კი ბახუტოვს ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქმის გამოძიებისას სამართალდამცავებმა ბახუტოვი არაერთხელ ისე აწამეს, რომ მან დანაშაულში მონაწილე სხვა პირებიც დაასახელა.

ჩოფიკაშვილის გვამის გადამალვის ბრალდებით პროკურატურამ ასლან გაუარაშვილი, ალექსი ცოციაშვილი და ვეფხია ხეჩოშვილი დააკავა. ამ დროისათვის სამართალდამცავებმა უკვე იცოდნენ, რომ ჩოფიკაშვილი ცოცხალი იყო. ამ ინფორმაციას თელავის სასამართლოშიც ფლობდნენ, მაგრამ მოსამართლემ პროკურატურასა და დაკავებულებს შორის გაფორმებული საპროცესო გარიგება მაინც დაამტკიცა. თავისუფლების სანაცვლოდ გენერალური პროკურატურის ანგარიშზე ათასობით ლარი გადაირიცხა. პროკურატურა კი ბახუტოვს დღემდე აშანტაჟებს.

2007 წლის 27 ივნისს კახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში, ალექსანდრე ბახუტოვის მიერ ლაშა ჩოფიკაშვილის გაუფრთხილებლობით მკვლელობის ფაქტზე წინასწარი გამოძიება დაიწყო. ამ დანაშაულის ჩადენის გამო ბრალდებულის სახით დააკავეს ალექსი ბახუტოვი. წინასწარი გამოძიების მიმდინარეობისას, ლაშა ჩოფიკაშვილის გაუფრთხილებლობით მკვლელობა, განზრახ მკვლელობად გადაკვალიფიცირდა. 24 აგვისტოს კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორმა ზურაბ ჯავახიშვილმა, შუამდგომლობით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს, ბრალდებულ ბახუტოვის სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ალექსი ბახუტოვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ეჭვმიტანილები თელავის პოლიციაში აწამეს

ლაშა ჩოფიკაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით, ალექსი ბახუტოვი და მისი გერი ირაკლი ციციშვილი, შს თელავის სამმართველოს ნაფარეულის განყოფილების თანამშრომლებმა, დაკითხვაზე, 2007 წლის 18 ივნისს დაიბარეს.

 - თვითონ „თავა“ იყო მოსული ორ სხვა პოლიციელთან ერთად და მე და ჩემი მამინაცვალი წაგვიყვანეს დაკითხვაზე.

- „თავა“ ვინ არის?

- ნაფარეულის პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომელია, გოჩა ნოღაშვილი. პოლიციის განყოფილებაში მისვლისთანავე მე პოლიციის უფროსის ოთახში შემიყვანეს, სადაც სამართალდამცავებმა დამიწყეს გამოკითხვა, თუ რა შელაპარაკება მოხდა ბახუტოვსა და ჩოფიკაშვილს შორის. გოჩა ნოღაშვილი ძალიან აქტიურობდა. რამდენიმე საათის განმავლობაში ის სხვა პოლიციელებთან ერთად უმოწყალოდ მცემდა და მაიძულებდა მეღიარებინა, როგორ შემოაკვდა ჩემს მამინაცვალს ლაშა ჩოფიკაშვილი. ასევე ჩემგან მოითხოვდნენ, დამესმინა რამდენიმე ადამიანი და სანაცვლოდ მე და მამინაცვალს გაგვათავისუფლებდნენ, რაზედაც არ დავთანხმდი. 2 საათის შემდეგ გაგვიშვეს“, - აღნიშნავს ირაკლი ციციშვილი.

2007 წლის 27 ივნისს, გოჩა ნოღაშვილმა ორ პოლიციელთან ერთად, ირაკლი ციციშვილს კვლავ მიაკითხა ნათან ზათიაშვილის კუთვნილ ფერმაში, სადაც იმყოფებოდა ციციშვილის მამინაცვალი ალექსი ბახუტოვიც.  სამართალდამცავებმა ის ავტომანქანით წაიყვანეს, ერთ საათში უკან დააბრუნეს და მანქანიდან გადმოაგდეს. ციციშვილს კი განუცხადეს, რომ სოფელ კისისხევში, ალექსი ბახუტოვის ძმისშვილს გადამალული ჰყავდა ლაშა ჩოფიკაშვილი და მათთან ერთად წასვლა მოთხოვეს.

„შევეცადე პოლიციელებისთვის ამეხსნა, რომ ნათქვამი სიმართლეს არ შეესაბამებოდა, მაგრამ სახეში მუშტი ჩამარტყეს და ნაფარეულის პოლიციის განყოფილებაში წამიყვანეს. განყოფილების უფროსის თანდასწრებით რეზინის ხელკეტებით მცემეს. მერე სოფელ კისისხევში ჩამიყვანეს, სადაც ნახეს მამინაცვლის ძმისშვილი ზაურ ბახუტოვი. მან, რა თქმა უნდა, უარყო ჩოფიკაშვილის იქ ყოფნა. ამის შემდეგ ნაფარეულის პოლიციაში დაბრუნდნენ, სადაც უკვე მოყვანილი ჰყავდათ ალექსი ბახუტოვიც. მას პოლიციელი გოჩა ნოღაშვილი სასტიკად სცემდა და უყვიროდა, ეთქვა ჩოფიკაშვილის გვამის ადგილსამყოფელი. ნოღაშვილმა ხელკეტით ჩემი ცემა პოლიციაშიც გააგრძელა. ტკივილს ვეღარ ვუძლებდი და ხმამაღლა ვყვიროდი. მამინაცვალმა სთხოვა იქ მყოფ პოლიციელებს, რომ შეეწყვიტათ ჩემი შეურაცხყოფა და ყველაფერს დაიბრალებდა, რასაც ეტყოდნენ“, - ამბობს ირაკლი ციციშვილი, რომელიც მოწმის სახით მაშინვე დაკითხეს. „წავიღეთ ლაშა ჩოფიკაშვილის ცხედარი და დავმარხეთ 1 მეტრ - 1,5 მეტრზე საგუბურებიდან დაახლოებით 700-800 მეტრზე, რა ადგილის ჩვენებაც მე შემიძლია“, - ვკითხულობთ დაკითხვის ოქმში.

ირაკლი ციციშვილის მტკიცებით, „დანაშაულის“ აღიარების შემდეგ, პოლიციელებმა მას და მის მამინაცვალს მოსთხოვეს, ლაშა ჩოფიკაშვილის გვამის გადამალვის თანამონაწილეებად დაესახელებინათ მათი ნაცნობი ახალგაზრდები: ასლან გაუარაშვილი, ალექსი ცოციაშვილი და ვეფხო ხეჩოშვილი. ძლიერი ცემის შედეგად სამართალდამცავებმა ციციშვილისგან ეს ჩვენებაც მიიღეს.

2007 წლის 27 ივნისს, თელავის შს სამმართველოში, ლაშა ჩოფიკაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით ჩვენებები ჩამოართვეს ალექსი ცოციაშვილს, ასლან გაუარაშვილსა და ვეფხო ხეჩოშვილს.

„მე გამომძიებელს ავუხსენი, რომ 11 ივნისიდან 18 ივნისამდე ვიმყოფებოდი ყვარელში მამაჩემის მეგობარ ავთო დათულაშვილთან ერთად. აქედან გამომდინარე, არაფერი საერთო არ შეიძლება მქონოდა ხსენებულ მკვლელობასთან. მიუხედავად ამისა, იქ მყოფმა სამართალდამცავებმა მითხრეს, რომ ჩემს ჩვენებას მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან ალექსი ბახუტოვმა და ირაკლი ციციშვილმა, ლაშა ჩოფიკაშვილის გვამის გადამალვის მონაწილედ დამასახელეს. ამის შემდეგ დამაკავეს და გადამიყვანეს ყვარლის დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც შევხვდი ალექსი ბახუტოვს. მას ჰქონდა ფიზიკური დაზიანებები. ჩემთან საუბარში ბახუტოვმა აღიარა, რომ მე, ასლანი და ვეფხო დანაშაულის მონაწილეებად, პოლიციის მოთხოვნით დაგვასახელა“, - აცხადებს ალექსი ცოციაშვილი.

28 ივნისს თელავის რაიონულმა სასამართლომ დაკავებულებს, ალექსი ბახუტოვს, ასლან გაუარაშვილს, ალექსი ცოციაშვილს და ვეფხია მარგოშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

„როდესაც სასამართლოში პროცესი მიმდინარეობდა, გოჩა ნოღაშვილმა დამირეკა და გამაფრთხილა, რომ არაფერი მეთქვა ჩვენი წამების შესახებ. მანვე მითხრა, რომ ვიმყოფებოდი პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ და თუ მის გაფრთხილებას არ დავემორჩილებოდი, მეც დამაპატიმრებდნენ“, - ამბობს ირაკლი ციციშვილი.

ალექსი ბახუტოვის ფიზიკური დაზიანების ფაქტები დასტურდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყვარლის რაიონის დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსებულ დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილ პირთა აღრიცხვის ჟურნალში გაკეთებული ჩანაწერებითაც. ჟურნალში აღნიშნულია, რომ დაკავებულს, იზოლატორში მოთავსებისას მარცხენა თვალის ქუთუთო ჩაშავებული ჰქონდა, ცხვირზე და მარცხენა მხარზე კი ნაკაწრები და დაჟეჟილობები აღენიშნებოდა. ხოლო 2007 წლის 29 ივნისს ქ. თბილისის #5-ე საპყრობილეში შეყვანისას ბახუტოვს აღენიშნებოდა მუქი შინდისფერი სისხლჩაქცევა მარცხენა თვალბუდის არეში, მარცხება ბეჭისა და მარჯვენა თეძოს ფრთის მიდამოში.

ცოცხალი მკვდარი

2007 წლის ოქტომბრის თვის დასაწყისში ბახუტოვმა გამომძიებლისა და ადვოკატისგან შეიტყო, რომ გარდაცვლილი ჩოფიკაშვილი ცოცხალია და ამ ხნის განმავლობაში მთაში საძოვრებზე იმყოფებოდა.

„გამომძიებელმა წიკლაურმა ასევე მაცნობა, რომ ჩოფიკაშვილმა ჩვენება მისცა ჩემს წინააღმდეგ და თქვა, რომ ბახუტოვმა კეტი ჩამარტყაო, რის შემდეგაც იგი გადავარდა წყალში, ხოლო გონზე მოსული სოფელს გაერიდა. გამომძიებელი დამპირდა, რომ ჩემს მიერ ჩოფიკაშვილის არ ჩადენილი მკვლელობა გადაკვალიფიცირდებოდა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სხვა მუხლზე, თუ ჩუმად ვიქნებოდი“, - აცხადებს ალექსი ბახუტოვი.

პროკურატურამ იცოდა, რომ ლაშა ჩოფიკაშვილი ცოცხალი იყო, თუმცა 2007 წლის 22 ნოემბერს გაუარაშვილთან, ცოციაშვილთან და ხეჩოშვილთან საპროცესო შეთანხმება მაინც გააფორმეს, რომელიც სასამართლომაც დაამტკიცა. შეთანხმების საფუძველზე მათ პირობითი მსჯავრი დაედოთ და სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლეს.

ვეფხვია ხეჩოშვილის მტკიცებით, მასთან საპყრობილეში მისული ადვოკატი ლეილა გარსევანიშვილი, სთხოვდა ეღიარებინა პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალი, წინააღმდეგ შემთხვევაში მას სასამართლო არჩადენილი დანაშაულისათვის გაასამართლებდა.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, საპროცესო შეთანხმების შესახებ პროკურორის მიერ შედგენილ ოქმებსა და შუამდგომლობების მიხედვით, არ ვლინდება განსასჯელთა მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. „აქედან გამომდინარე, გაურკვეველია, თუ რისი ჩადენა აღიარეს განსასჯელებმა ხეჩოშვილმა, ცოციაშვილმა და გაუარაშვილმა. მაშინ როდესაც, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 679 მე-2 პრიმა მუხლის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე შუამდგომლობის ფორმა უნდა შეიცავდეს, ბრალდების ფორმულირებას, ქმედების აღწერას, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხისა თუ საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ასევე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 679 მესამე პრიმა მუხლის 2 ნაწილის `ა~ პუნქტის თანახმად, საპროცესო შეთანხმების დამტკიცებამდე სასამართლო ვალდებულია დარწმუნდეს, რომ ბრალდებული (განსასჯელი) სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი, რაც არ მომხდარა და ვერ მოხდებოდა“, - აღნიშნავს საქართველოს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი.

სახალხო დამცველის რწმუნებულებთან საუბრისას ბრალდებულებმა განმარტეს, რომ მართალია, დანაშაული მათ არ ჩაუდენიათ, მაგრამ არ აქვთ სამართლიანი სასამართლოს იმედი. ამიტომ იძულებულნი იყვნენ არჩადენილი დანაშაული ეღიარებინათ.

მკვლელობა - მკვლელობის მცდელობად აქციეს

2007 წლის 20 სექტემბერს ლაშა ჩოფიკაშვილი გამოჩნდა. თელავში მას ნაცნობი, ვინმე არაბული შეხვდა, ვისგანაც გაიგო, რომ სოფელში გარდაცვლილი ეგონათ.

„სოფელში დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში ჩემთან მოვიდა თელავის პოლიციის სამი თანამშრომელი, რომლებმაც იძულებით ჩამსვეს მანქანაში და თელავის პროკურატურაში წამიყვანეს. მეკითხებოდნენ, ჩემსა და ბახუტოვს შორის 2007 წლის 15 ივნისს რა შელაპარაკება მოხდა. მე ვუთხარი, რომ ფერმაში ბახუტოვთან კამათი ნამდვილად მომივიდა. სახლში დაბრუნებულს ბახუტოვმა დამიძახა და სიგარეტი მთხოვა. მე მას სიგარეტი გავუტანე მდინარე სტორის ნაპირთან და სახლისკენ გავბრუნდი. სწორედ ამ დროს გონება დავკარგე. გონზე მოსული სველი ვიყავი და მდინარის ნაპირთან ვიწექი. შემდეგ სახლში დავბრუნდი. გამთენიისას მთაში წავედი მწყემსად სამუშაოდ, საიდანაც 20 სექტემბერს ჩამოვედი“, - განმარტავს ლაშა ჩოფიკაშვილი.

21 სექტემბერს, პოლიციის თანამშრომლებმა ჩოფიკაშვილი თელავის საავადმყოფოში წაიყვანეს, ვენიდან სისხლის აუღეს და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსაკვლევად ექიმს გაასინჯეს. საავადმყოფოში ჩოფიკაშვილმა შეიტყო, რომ კისრის ძვალი ჰქონდა დაზიანებული.

თავდაპირველად ჩოფიკაშვილი სამართალდამცავებს არწმუნებდა, რომ მისთვის ხელი არავის უხლია, თუმცა მეორე დღეს, პროკურატურაში ჩვენება შეცვალა. ჩოფიკაშვილმა განაცხადა, რომ ალექსი ბახუტოვმა მას ჯოხი ჩაარტყა თავში და დააგდო.

ამ ჩვენების მიღების შემდეგ კახეთის საოლქო პროკურატურამ დანაშაულის კვალიფიკაცია შეცვალა. ბახუტოვს ბრალი ლაშა ჩოფიკაშვილის განზრახ მკვლელობის მდელობისთვის დასდეს.

მიუწვდომელი სამართალი

უდანაშაულო ადამიანების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებთან, ბახუტოვის დაშანტაჟებასთან და ჩოფიკაშვილის მიერ ჩვენების შეცვლასთან დაკავშირებით, კახეთის საოლქო პროკურორმა თამაზ ცაბუტაშვილმა, დეტალებზე საუბარი არ ისურვა. „ალექსი ბახუტოვი განსასჯელია. მას ბრალი ედება ლაშა ჩოფიკაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის. სისხლის სამართლის საქმეს თელავის რაიონული სასამართლოს განიხილავს“, - განაცხადა ცაბუტაშვილმა და დანარჩენ კითხვებზე პასუხის მისაღებად, თელავის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარესთან გადაგვამისამართა.

მოსამართლე მარიკა ცერცვაძემ ამ საქმის შესახებ კომენტარი არ გააკეთა. ინფორმაცია, ვერც სასამართლოს კანცელარიიდან მივიღეთ.

ალექსი ბახუტოვი სამართალს დღემდე ითხოვს, მაგრამ უშედეგოდ. ადამიანების წამების ფაქტებით კი პროკურატურა დღემდე არ დაინტერესებულა.


გელა მთივლიშვილი, კახეთი.

ახალი ამბები