კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თბილისის მერიამ საბავშვო ბაღების გამგეები 10 დღით აირჩია

11 თებერვალი, 2008

თბილისის მერიისთვის კონკურსის ჩატარება ფორმალობად იქცა.  ეს იქიდანაც ჩანს, რომ ბაგა-ბაღების დირექტორების არჩევის მეათე დღეს მერიამ „ვაკანტურ“ ადგილებზე კონკურსი გამოაცხადა. საინტერესო კი ის არის, რომ ყველა ადგილი 10 დღის წინ დანიშნული დირექტორების მიერ უკვე დაკავებული იყო. ხოლო კვალიფიციური კადრების ნაცვლად, როგორც პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი აცხადებს, კონკურსგაუვლელი ადამიანები დანიშნეს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მერია ბაგა-ბაღების დირექტორებს ასეთი გზით ნიშნავს.
 
დირექტორების დანიშვნის ეს უცნაური ისტორია 2007 წლის 4 აგვისტოს დაიწყო, როდესაც თბილისის მთავრობამ   სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები არასამეწარმეო იურიდიული პირის სახით დააფუძნა. ბაღის დირექტორებად კი კონკრეტული ადამიანები დანიშნა. მიუხედავად იმისა, რომ დადგენილება შრომითი ხელშეკრულების განსაზღვრული ვადით დადებას ითვალისწინებდა, ბაღების გამგეებს ეს ხელშეკრულება არ გაუფორმდათ.

პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის იურისტი მაია ლიპარტელიანი განთავისუფლებული გამგეების უფლებებს იცავს. ის განმარტავს, რომ შრომითი ხელშეკრულება ზეპირ შეთანხმებასაც ითვალისწინებს, თუმცა რადგანაც ამ შემთხვევაში ხელშეკრულების ამოწურვის ვადა მითითებული არის, ის  განიხილება, როგორც  უვადო.

„როდესაც განსაზღვრულ ვადაზეა საუბარი, ხელშეკრულებაში ეს მითითებული უნდა იყოს. თუ ასეთი დოკუმენტი არ არსებობს, ეს იმას ნიშნავს, რომ გამგე განუსაზღვრელი ვადით არის დანიშნული“.

ზეპირი შეთანხმების შემდეგ  ეს ადამიანები უფლებამოსილების შესრულებას შეუდგნენ. „თანამდებობის დაკავება“ მათ მხოლოდ 10 დღის მანძილზე მოახერხეს. 2007 წლის 14 აგვისტოს თბილისის მთავრობამ კონკურსი სპონტანურად ჩაატარა. ამის შესახებ დანიშნულ დირექტორებს არავინ შეატყობინა. არავინ იცოდა კონკურსის წესების შესახებ, სავალდებულო იყო ის გასავლელად თუ არა. როგორც იურისტები ამბობენ, ბაგა-ბაღების დირექტორების კონკურსის წესით შერჩევის აუცილებლობა არც ერთ კანონში აღნიშნული არ არის. გარდა ამისა კონკურსი ისეთ დროს გამოცხადდა, როდესაც სკოლის გამგეები შვებულებაში იმყოფებოდნენ.

ინფორმაცია კონკურსის შესახებ მხოლოდ გაზეთ „24 საათში“ და თბილისის მთავრობის ვებგვერდზე იყო გამოქვეყნებული. თუმცა კონკურსის ჩატარებისთვის მხოლოდ ეს არ არის საკმარისი. კონკურსის გამოცხადებას თავისი წესები აქვს.

მაია ლიპარტელიანი: „გამგეების ნაწილს ამ კონკურსის შესახებ ვიღაცამ უთხრა და ასე გაიგო. ნაწილმა ეს კონკურსი წარმატებით ჩააბარა, ბევრმა შვებულების გამო არ იცოდა კონკურსის ჩატარების შესახებ და ამიტომ მონაწილეობა ვერ მიიღეს, ზოგს არ ეგონა, რომ კონკურსის გავლა აუცილებელი პირობა იყო, და ამიტომაც არ გავიდა და ა.შ.
 კონკურსის პირველ ეტაპზე ტესტირება იყო გასავლელი, მეორეზე - გასაუბრება. მოგეხსენებათ, რამდენად „ობიექტურად“ ტარდება გასაუბრება. ხშირად ადამიანი ვერ გაიგებს რისთვის ეუბნებიან მას უარს“.

ყველაფერი 2007 წლის 24 სექტემბრის მთავრობის დადგენილებით დასრულდა. დადგენილების თანახმად, ბაღების მოქმედი გამგეები განთავისუფლდნენ და მათ ადგილებზე ახალი გამგეები დანიშნეს.

ეს დადგენილება უცნაური იმით არის, რომ მას ცვლილება 4 აგვისტოს დადგენილებაში შეაქვს და 14 აგვისტოს დანიშნული დირექტორების განთავისუფლებას შეეხება.  გამოდის, რომ დირექტორები ერთსა და იმავე დღეს დანიშნეს და გაანთავისუფლეს. თან გაანთავისუფლეს მომავალი კონკურსის შედეგების საფუძველზე. უცნაურია, საიდან იცოდნენ 4 აგვისტოს 14 აგვისტოს კონკურსის შედეგების შესახებ?

მაია ლიპარტელიანი: „ეს დადგენილება კურიოზული და სამართლებრივი სივრციდან ამოვარდნილია. ამას დადგენილებაში მითითებული კანონებიც მოწმობენ. მაგალითად, სამსახურიდან განთავისუფლება-დანიშვნის შესახებ ბრძანებაში მითითებულია სამოქალაქო კოდექსის ის ნორმა, რომელიც ფილიალის ცვლილებების რეგისტრაციას ეხება. ანუ თუ არსებობს რომელიმე ორგანიზაციის ფილიალი და მის რეგისტრაციაში ცვლილებები უნდა შევიდეს, მაშინ კანონი ავალდებულებს შესაბამის ორგანოებში რეგისტრაციაში ისევ გაატაროს. ეს არის სამოქალაქო კოდექსის 31-ე მუხლი.

ამ ადამიანებისთვის არც კონკურსის ჩატარების და არც განთავისუფლების შესახებ დადგენილებები არ ჩაუბარებიათ. ბაღის გამგე ასრულებდა თავის მოვალეობას, როდესაც მერიის თანამშრომელმა მიუყვანა მას ახალგაზრდა გოგო და უთხრა, რომ დღეიდან ის იქნებოდა მათი ბაღის გამგე. დადგენილებები მას შემდეგ მოიპოვეს, რაც თავად დაინტერესდნენ და მერიას მიაკითხეს. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ყველაფერი უკანონოდ ჩატარდა და სასამართლოს მივმართეთ“.

იურისტებს პრეტენზია თავად კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებითაც აქვთ. მათი თქმით, თანამდებობებზე კონკურსგაუვლელებიც დანიშნეს. მათ შორის ისეთებიც, ვინც გაიარა კონკურსი და შესაბამისი ქულა ვერ მიიღო.

პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის იურისტი, ნატალი ქორიძე: „კონკურსის გამოცხადებას აზრი ეკარგება. მერიამ ეს კონკურსი თუ იმისთვის გამოაცხადა,  რომ არსებული გამგეები უფრო კომპეტენტურებს შეეცვალათ, მაღალქულიანები დაენიშნათ, გასაგები იქნებოდა. მაგრამ დანიშნეს დაბალქულიანები, კონკურსგაუვლელები“.

მაია ლიპარტელიანს მიაჩნია, რომ კონკურსის კანონიერების ფარგლებში ჩაეტარება შესაძლებელი იყო: „არ ვამბობ, რომ ბაღის გამგის განთავისუფლება შეუძლებელია. მაგრამ თუ მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ეს თანამდებობა კონკურსის წესით უნდა დაიკავონ, გაეკეთებინათ ისე, როგორც განათლების სამინისტრომ გააკეთა: შეემუშავებინათ კონკურსის წესი, გამოექვეყნებინათ, გაეცნოთ ამ ადამიანებისთვის. ჩაეწერათ რომელიმე ნორმატიულ აქტში, რომ დირექტორი კონკურსის წესით უნდა დაინიშნოს.

კონკურსის გამოცხადების შესახებ დადგენილებაში თბილისის მთავრობას უწერია, „გამოცხადდეს კონკურსი ბაღის ვაკანტურ ადგილზე“. თუმცა რეალურად ვაკანტური ადგილი არ იყო. მათი იურისტი განმარტავს,  რომ კონკურსის გამოცხადება თავისთავად ვაკანტურ ადგილს გულისხმობს. ეს კი სიმართლეს არ შეესაბამება.“
 
ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობა ახალ გამგეს კანონის უხეში დარღვევით ნიშნავს. პროფკავშირის იურისტები საუბრობენ კიდევ ერთ შემთხვევაზე. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ შექმნა სამმართველო, გაერთიანება, რომელსაც ახალი კანონით საბავშვო ბაღების სამართლებრივი მოწესრიგება უნდა მოეხდინა. ეს გაერთიანება კანონის დარღვევით დაარეგისტრირეს. დარღვევა იმაში მდგომარეობდა, რომ საბავშვო ბაღები ცალკე იურიდიულ პირად ჯერ არ იყვნენ დარეგისტრირებულნი, როდესაც გაერთიანება შექმნეს, რომელშიც არ შედიოდა არც ერთი საბავშვო ბაღი, როგორც დამოუკიდებელი იურიდიული პირი. ამ გაერთიანებამ შემდეგ ჩაატარა კონკურსი. ძველი გამგეები გაანთავისუფლეს, ახლები დანიშნეს.

კახა კალმახელიძე „პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის შიდა ქართლის რეგიონული იურისტი: „ჩვენ შევიტანეთ ადმინისტრაციული საჩივარი და გუბერნატორი საქმის კურსში ჩავაყენეთ. საკრებულომ გააუქმა დადგენილება, რომლითაც ეს გაერთიანება შექმნა, ბათილად ცნო კონკურსის შედეგები და ძველი გამგეები ისევ დანიშნა. ის კონკურსი არაობიექტურად ჩატარდა, რადგან ხალხი ნაცნობ-მეგობრობით მიიღეს, ამაზე თავად გუბერნატორიც საუბრობდა“.

გამგეების საქმეზე რამდენიმე პროცესი უკვე ჩატარდა. მოსამართლემ ეს საქმე ადმინისტრაციული კოლეგიიდან სამოქალაქო კოლეგიაში გადააგზავნა. 

მაია ლიპარტელიანი: „როგორ დასრულდება დავა, ვერ გეტყვით, მაგრამ იმას, რაც წერილობით არასამართლებრივად ჩანს, მერიის იურისტის არაკომპეტენტურობაც ემატება“. 

ქალაქ თბილისის მერიის კომპეტენტური პირები ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარისთვის ჯერ ვერ იცლიან. მსგავსი სურვილის გამოთქმისთანავე, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მზად არის დააფიქსიროს მათი პოზიცია.

ნონა სუვარიანი, თბილისი

ახალი ამბები