კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ყინვამ სამცხე-ჯავახეთში ბევრი პრობლემა გააჩინა

14 თებერვალი, 2008

სამცხის მოსახლეობა გაზაფხულზე წყალდიდობამ, ზამთარში კი ძლიერმა ყინვამ დააზარალა. ჯერ კიდევ მაისში ხალხი წყალდიდობის, ღვარცოფისა და მეწყერის გამო შექმნილ პრობლემებზე ჩიოდა, რომელსაც ახლა უკვე ყინვისგან მიყენებული ზიანიც დაემატა.
 
სუსხიანი ზამთარი სამცხე-ჯავახეთში უცხო არ არის, თუმცა ყინვები წელს სამცხისთვის უჩვეულოდ გაგრძელდა. თვენახევარია უკვე ახალციხეში გზები მოყინულია და რეგიონში მოძრაობა, როგორც ქვეითად, ასევე ავტომანქანით მოსიარულეებსაც უჭირთ. შიდა ქსელის გაყინვის გამო კი მოსახლეობას სასმელი წყალიც არ მიეწოდება. შპს წყალკანალის ხელმძღვანელი გურამ შეშაბერიძე ამბობს, რომ მსგავსი ამინდი 1905 წელს არის დაფიქსირებული და ისიც, მხოლოდ სამი დღის განმავლობაში. იგი ახალციხეში შექმნილ მდგომარეობას სტიქიურ უბედურებას უწოდებს.

,,ახლაც ისეთივე ყინვაა. ჩემი ინფორმციით ასეთი ამინდი კიდევ ათ დღეს გაგრძელდება. ამ დროისათვის მხოლოდ ცენტრალური მილები, შემოსასვლელები და გასასვლელები მუშაობს. ვშიშობ, რომ ის წერტილები, რომლებიც ჩვენ შევინარჩუნეთ, გაგვეყინება. ჩათვალეთ, რომ ქალაქში სტიქიური უბედურება მოხდა. 80 სმ-დან ერთ მეტრამდე სიღრმეზე მიწა გაიყინა. ჩვენი წყალსადენის მილები და საკანალიზაციო მაგისტრალი დაახლოებით მაგ დონეზეა. მოსახლეობის თითქმის 80 პროცენტს უკვე გაეყინა მილები. ახლა ვცდილობთ, ცენტრალური მაგისტრალი მაინც არ გაიყინოს”.

სამუშაოები გაურთულდათ შპს კეთილმოწყობის სამსახურშიც. ერთადერთი, რასაც აქ ახერხებენ, გაყინულ გზებზე მარილის დაყრაა. კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენელი სარქის კუზადიანი ამბობს, რომ მათ გზების გაწმენდა არ ევალებათ, თუმცა გამგეობის მითითებით ეს სამსახურიც შეითავსეს.

ტემპერატურის მკვეთრი დაცემის გამო შეშფოთებულია მოსახლეობაც. ახალციხეში ამბობენ, რომ ყინვამ მათ სურსათის მარაგი გაუფუჭა და სახლებიც დაუზიანა.

,,ამ ყინვების გამო საშინლად ვიზარალე. სასმელი წყლის მილი გასკდა და სახლი დამიზიანა. აღარც სახურავი მივარგა და აღარც კედლები. ეზო სულ გაყინულია. სურსათიც გამეყინა – კარტოფილი, ვაშლი, კომბოსტო. 63 წლის ქალი ვარ და ასეთი ყინვა არ მახსოვს”, – ამბობს თამარაშვილის ქუჩა #53-ში მცხოვრები ჯულიეტა თუმასიანი.

,,მილები გაყინულია, აღარც წყალი მაქვს და ნორმალურად ვეღარც კანალიზაციას ვხმარობთ”, – ამბობს ირა კარაქსიანი.

ძლიერი ყინვის გამო შეშფოთებულნი არიან სოფელ მინაძეშიც. შემოდგომით ბაღებისა და მიწის ნაკვეთების მორწვამ გლეხები  სერიოზული პრობლემების წინაშე დააყენა. .,,სასმელი წყლის მილები სულ ჩაყინულია, მინუს 23 გრადუსზე ზევით ტემპერატურა არ აწეულა, სტიქიური უბედურებაა, აბა რა? ასე თუ გაგრძელდა, ხეებსაც ზიანს მიაყენებს, დახეთქავს მთლიანად, იმიტომ, რომ შემოდგომით ბევრმა ბაღები მორწყა. ზოგს სარდაფში პროდუქტიც გაეყინა. ჩემს სიცოცხლეში ასეთი ყინვა არ მახსოვს. ყოფილა ხოლმე, მაგრამ მხოლოდ ერთი-ორი დღით,”- ამბობს მინაძის მკვიდრი გიორგი გევორქიანი.

გურამ შეშაბერიძის განმარტებით, შპს წყალკანალი ამ დროისათვის დროებითი წყალაღების სისტემების შეკეთებას ცდილობს, რომ მოსახლეობა სულ უწყლოდ არ დარჩეს.

,,6 იანვრიდან ყინვები რომ დაიწყო, მას შემდეგ ყოველდღიურად უფრო და უფრო იყინება ყველაფერი. ახლა თუ დაიწყება გალღობა და მერე კიდევ გაიყინება, აღარაფერი გვეშველება, მწყობრიდან გამოვა მთელი სისტემა. შიდა ქსელის მდგომარეობას გაზაფხულამდე ვერ გავიგებთ. ურავლის სათავეში, სადაც ჩვენ წყაროს წყალს ვკრებთ, ტემპერატურა მინუს 32 გრადუსამდე დაეცა, სამი დღის განმავლობაში ასე იყო. დაბლა, სადაც წყალსაქაჩებია, ყინვა 27-გრადუსზე დაბლა არ ვარდება”. 

2007 წელს დაგვიანებულმა გაზაფხულმა გლეხებს  მრავალი თავსატეხი გაუჩინა. ჯერ კიდევ ერთი წლის წინ სოფლებში შიშობდნენ, რომ 2006 წელს დაწყებული მოუსავლიანობა კვლავაც გაგრძელდებოდა. მესამე წელია, სამცხე-ჯავახეთის გლეხობა სტიქიის სხვადასხვა გამოვლინებებს ებრძვის.

გულო კოხოძე, ახალციხე

ახალი ამბები