კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უფლებაშელახული მესაკუთრეები უვადო შიმშილობას იწყებენ

15 თებერვალი, 2008
საკუთრების ხელყოფის კვალიფიკაციით, ბოლო დროს, ქუთაისში არაერთი ობიექტი „დაცალეს“ მეპატრონეებისგან. პოლიციის თანამშრომლები უხეში ჩარევითა და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, ამჯერად ფალიაშვილის ქუჩაზე განთავსებულ შპს „განთიადს“ მიადგნენ და ბრძანება გასცეს, რომ იქაურობა ორ დღეში დაიცალოს. ვადა 15 თებერვალს იწურება. „განთიადის“ თანამშრომლები უკვე მეორე დღეა შიმშილობენ.

„ჩვენ აქაურობას ნებით არ დავტოვებთ. მოვიდნენ, დაგვხოცონ და მერე აქედან მკვდრები გაგვიყვანონ. სხვა შემთხვევაში, რასაც ითხოვენ, ვერ მიიღებენ. სამარცხვინოდ იქცევა ჩვენი პრეზიდენტი, როცა ამბობს, რომ ქვეყანაში დასაქმების პროგრამა უნდა ამუშავდეს და დაუსაქმებელ ადამიანებს შემოსავლის წყარო უნდა გაუჩნდეს. სინამდვილეში უკვე დასაქმებულებს სამსახურებიდან გვყრიან და თავის დროზე სიმწრით მოპოვებულ ობიექტებს გვიხურავენ. უფრო მეტიც, გვართმევენ და უკანონოდ ყიდიან“, - ამბობს შპს „განთიადის“ დირექტორი სვეტლანა ახალაია.

აღნიშნული ობიექტზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გასული წლის ნოემბერში მივიდნენ და იქაურობა გულდასმით დაათვალიერეს. 12 დეკემბერს კი აუქციონი გაიმართა და „განთიადი“ გაიყიდა. მისი მფლობელი ვინმე კონსტანტინე ჯანანაშვილი გახდა, რომელიც, როგორც მოშიმშილეები აცხადებენ, ფართის პირობითი მფლობელია. სინამდვილეში კი, აქ სხვა პირთა ინტერესები იკვეთება.

„ეჭვიც არ გვეპარება, რომ მფლობელი მთავრობის წარმომადგენელია. ჯანანაშვილი შირმაა, რომელსაც არავინ არაფერს ეკითხება. აუქციონზე, რომელის პრივატიზაციის სამმართველომ უკანონოდ ჩაატარა, ვინმე გიორგი გოგლიჩიძე იმყოფებოდა. ჩვენი მღელვარების დროს მან ჯანანაშვილს გადაულაპარაკა, „იყვირონ რამდენიც უნდათ, პრეზიდენტს გადავურეკავ და მაშინვე ყველაფერი მოგვარდებაო“. ეს სიტყვები ახლაც ყურებში მესმის. ნამდვილად არაფერს ვამატებ. ეს კი ნიშნავს, რომ ყველაფერი ზევით, ხელისუფლების დონეზე გადაწყდა და ჩვენი უფლებები სწორედ მათი ძალისხმევით შეილახა“, - აცხადებს სვეტლანა ახალაია.

ქუთაისის პრივატიზაციის რეგიონალური სამმართველოს ხელმძღვანელის დავით ჯაიანის განმარტებით: „სადაო და გაურკვევველი აქ არაფერია. აღნიშნული ობიექტის, ისევე როგორც სხვა დანარჩენის გაყიდვა აუქციონის წესით, ყოველგვარი ნორმების დაცვით განხორციელდა და ყველაფერი კანონის ფარგლებში მოექცა.“

როგორც ირკვევა, შპს „განთიადი“ სვეტლანა ახალაიამ 1995 წელს, შესაბამისი კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით შეიძინა. მას ამის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი გააჩნია. თუმცა, თვლის, რომ სიმართლის გასარკვევად, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და საკუთრების ხელყოფას ვერსად გაექცა. „განთიადის“ თანამშრომლებმა საკუთარი უფლებების დასაცავად საპროტესტო აქცია, რამდენიმე დღის წინ ქუთაისის მერიის შენობასთან გამართეს. თუმცა, მათ ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან არავინ გამოხმაურებია.

„სხვა გზა არ დაგვიტოვეს და პროტესტის ამ ფორმას ამიტომაც მივმართეთ. ვაცხადებთ უვადო შიმშილობას. აქედან ვერავინ გაგვყრის. ხელითაც რომ შეგვეხონ, არ დავნებდებით. ბოლოსდაბოლოს, ადამიანები ვართ თუ პირუტყვები, რომ არ გვისმენენ და ჩვენი აზრი არავის აინტერესებს. თავის დროზე პროცენტიანი ვალები ავიღეთ, საკუთარი სახლი გავყოდეთ და ეს ობიექტი ისე შევიძინეთ. დღეს კი აქედან უკანონოდ გვყრიან,“- ამბობს შპს „განთიადის“ თანამშრომელი ნანული ბერიძე.

„საკუთრების უფლება საქართველოს კონსტიტუციითა და საკუთრების შესახებ შესაბამისი კანონმდებლობითაა დაცული. კერძოდ, კონსტიტუციის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში შპს „განთიადს“ კანონიერ საკუთრებაში აქვს აღნიშნული ობიექტი, რის გამოც მისი აუქციონზე გატანა გასხვისების მიზნით  დაუშვებელი იყო. უკიდურეს შემთხვევაში უნდა არსებობდეს შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილება.

ამ ადამიანებს მოდავე მხარე რომ ჰყოლოდა, რომელიც სასამართლოს გზით დაადასტურებდა, რომ უძრავი ქონება უკანონოდ იყო შეძენილი და საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ბათილად იქნებოდა ცნობილი, მხოლოდ მას შემდეგ გახდებოდა  შესაძლებელი ამ ფართის აუქციონზე გატანა. როგორც ჩვენთვის ცნობილია, მსგავსი არაფერი ყოფილა, ანუ ეს არის სხვისი საკუთრების ხელყოფა“- ამბობს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ქუთაისის ოფისის იურისტი ნანა ჩაფიძე.

მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში, „განთიადის“  მეზობლად მდებარე შპს „პასაჟა“ პოლიციის თანამშრომლებმა იგივე მეთოდით ხელყვეს. საპროტესტო აქციების მიუხედავად, მესაკუთრეები ვერაფერს გახდნენ. როგორც ჩანს, ქალაქის ცენტრში მდებარე ობიექტები  დღითიდღე განსაკუთრებით საინტერესო და მიმზიდველი ხდება. შესაბამისად, იზრდება საკუთრების ხელყოფის ფაქტები, რომელიც მოგვიანებით სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში ინაცვლებს.
შპს „განთიადის“ მესაკუთრეები სამართლიანობის აღდგენას სწორედ სასამართლოს გზით აპირებენ.

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ახალი ამბები