კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნატო - დიდი რისკი თუ დიდი უსაფრთხოება?

19 თებერვალი, 2008

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისაკენ (ნატო) მიმავალი გზა ნოემბრის მოვლენების შემდეგ საქართველოსთვის უფრო დაგრძელდა. ჩვენი მიზანი ახლა MAP-ია. ნატო, როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, დაფიქრდება, მისცეს თუ არა კიდევ ერთი შანსი საქართველოს. ხოლო ხალხი, რომელსაც რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებზე მიბმული პლებისციტის დროს ჰკითხეს, სურთ თუ არა ნატოში ინტეგრაცია, სულ უფრო ხშირად კითხულობს, ხომ არ ემუქრება ქვეყანას რეალური საფრთხე ნატოში შესვლის შემთხვევაში?

ამ კითხვების გაჩენას საზოგადოებაში, ნაწილობრივ, არჩევნების პერიოდში გარკვეული პოლიტიკური ძალების მხრიდან გაკეთებულმა ანტი-ნატოს განცხადებებმაც შეუწყო ხელი. მაგალითად, პოლიტიკური გაერთიანება "იმედის" ლიდერი ირინა სარიშვილი ამომრჩეველს მაშინ კითხვაზე ნატო-ში გაწევრიანების შესახებ უარყოფითი  პასუხის გაცემას იმ მოტივით ურჩევდა, რომ ეს არამცთუ კონფლიქტური რეგიონების პრობლემის მოგვარებას შეუწყობდა ხელს, პირიქით, სეპარატისტული რეგიონების საბოლოოდ დაკარგვას გამოიწვევდა. ის პირდაპირ მიანიშნებდა ირანსა და  ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მოსალოდნელ საომარ დაპირისპირებაზე და საქართველოს როლზე ამ დაპირისპირების შემთხვევაში.

„ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ უარს ამბობთ ევროპელობაზე და უარს აცხადებთ ნატოზე. სინამდვილეში ჩვენი მატყუარა ხელისუფლება ნატოში შესვლაში ნატოს სამხედრო ბაზების საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებას გულისხმობს. მწვავდება ურთიერთობები ირანსა და აშშ-ის შორის. ეს კი ნიშნავს, რომ საქართველო შეიძლება ჩათრეული იყოს ირანის წინააღმდეგ ომში”, - განაცხადა მაშინ სარიშვილმა.

ექსპერტები აცხადებენ, რომ საზოგადოება ნატოსთან მიმართებაში რამდენიმე ნაწილად არის დაყოფილი: ვინც კარგად იცის, რას ნიშნავს ნატო; ვინც არ იცის; ვისაც ჰგონია, რომ ნატო საქართველოს კონფლიქტების მოგვარებაში დაეხმარება და ვინც უსმენს ყველა მხარეს, არგუმენტებს აგროვებს და დასკვნებს ისე აკეთებს. პლებისიტმა აჩვენა, რომ სამოც პროცენტზე მეტ ამომრჩეველს სურს ნატოსთან ინტეგრაცია. თუმცა, რამდენად სწორად ასახა ამ მაჩვენებელმა რეალური განწყობა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მიმართ, სადაოა, რადგან შექმნილმა პოლიტიკურმა ფონმა ამომრჩევლებში ხელისუფლების მიმართ აგრესიულად განწყობილი ნაწილი გაზარდა. მათ „არა“ უთხრეს სააკაშვილის ხელისუფლებას და მასთან ერთად, ნატოსაც.

ასოციაცია „სამართალი და თავისუფლების“ ხელმძღვანელი ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ  მოსახლეობის დამოკიდებულება ნატოში ინტეგრაციისადმი იცვლება პოლიტიკური სიტუაციის შეცვლასთან ერთად.
„ჩემი აზრით, ბოლო არჩევნების დროს ამ საკითხის დასმა არასწორი იყო.

ისე გამოჩნდა, თითქოს ნატოსთან დიალოგი ამ ხელისუფლების დროს დაიწყო. არადა, ეს პროცესები რეალურად 1994 წელს იღებს სათავეს. საქართველოს რამდენიმე მილიარდი აქვს ჩადებული ამ საქმეში, რომ აღარაფერი ვთქვათ მეგობარი ქვეყნების დახმარებაზე.
ჩვენ უკვე დიდი ხნის წინ ვთქვით, რომ დასავლეთის ნაწილი ვართ.

ახლა კი, როცა ასეთ კითხვას სვამ, ლოგიკურად ჩნდება სხვა კითხვა, ხომ არ არის ხალხი ნატოს წინააღმდეგი? ასეთი საკითხები კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დააყენო.
 
ძირითადად, 7 ნოემბრის მოვლენების გამო აღშფოთებულმა ხალხმა შემოხაზა „არა“. ამას ისიც ემატება, რომ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებს არ გამოუხატავთ საკუთარი პოზიცია. ასეთი კითხვა, თუ ის საერთოდ გაჩნდებოდა, უნდა დაგვესვა საქართველოს გაერთიანების შემთხვევაში, რადგან  რუსეთმა, ეს ფაქტორი, შესაძლოა, სერიოზული მანიპულირებისათვის გამოიყენოს“.

მისი თქმით, უსაფრთხოების თვალსაზრისით, ჩვენ არ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო. ნატო  კი არის ის სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი, სადაც მკვეთრად დემოკრატიული და ძლიერი ეკონომიკის ქვეყნები ერთიანდებიან.

„ნატოს არაფერში სჭირდება ღარიბი ქვეყანა.  პირიქით, მას სჭირდება ქვეყანა, რომელიც საკუთარ წვლილს შეიტანს მისი მიზნების განხორციელებაში. საქართველოს ამ მხრივ აქვს პოტენციური ნიშნები. მასში გაწევრიანება ნიშნავს, რომ საქართველო ხდება უსაფრთხო მსოფლიოს ნაწილი. ასე ადვილად თავდასხმას ერთ სახელმწიფოზე ვერავინ გაბედავს. ხოლო თუ მსგავსი რა მოხდა, ნატოს ყველა დანარჩენი წევრი მის გვერდით დგას. ისიც მართალია, რომ  სადაც უსაფრთხოების ხარისხი მაღალია, იქ რისკებიც იზრდება. თუ ჩვენ კონფლიქტების მოგვარება მოგვიწევს სამხედრო გზით, მაშინ რუსეთისგან არის საშიშროება, რომ ის მხარს სეპარატიზმს დაუჭერს. ნატო შიდა პრობლემებში არ ჩაერევა, მაგრამ აგრესორის, მესამე ძალის გამოჩენის შემთხვევაში, უკან არ დაიხევს. ნატოში ყოფნა გულისხმობს იმას, რომ შენი ქვეყნის თავზე ყოველთვის იფრენს მაკონტროლებელი თვითმფრინავი,  დაკვირვება მოხდება კოსმოსიდან და ა.შ.

სამხრეთ-აღმოსავლეთით საქართველო იქნება ბოლო ქვეყანა ნატოსთვის - ბოლო საზღვარი. ჩვენთან, ცხადია, საჭირო გახდება უსაფრთხოების სისტემების გაძლიერება და როგორც ერთიანი სისტემის ნაწილს, შესაძლოა საფრთხე დაგვემუქროს, მაგალითად, ტერორისტულმა ძალებმა სცადონ ააფეთქონ რომელიმე სამხედრო ობიექტი. ასეთი რისკები, ცხადია, არსებობს.

მაგრამ ხალხმა ისიც უნდა გაიგოს: ნატოში შესვლა არ ნიშნავს, რომ გერმანელი ჯარისკაცი ჩამოვა აქ და შეტევაზე გადავა. ნატო არის მესამე ქვეყნისაგან დაცვის ფარი. წარმოიდგინეთ ერთი კორპუსი - თუ იქ ერთ ოჯახში არის კონფლიქტი, მაშინ კორპუსის დანარჩენი ოჯახები შეეცდებიან როგორმე მოაგვარონ ეს პრობლემა“.

ძნელია წარმოაჩინო სრული სურათი იმისა, თუ ვინ რა მიზეზით განაცხადა უარი ნატოზე, თუმცა, ერთ-ერთი ასეთი ამომრჩევებლი ნინო ღვედაშვილი მიიჩნევს:
„ნატო ჩემთვის არ ნიშნავს უსაფრთხოებას. პირიქით. ჯერ ერთი იმიტომ, რომ არცთუ ისე შორს რომ გავიხედოთ, რეალურად დადგება ამერიკა-ირანის ომის საკითხი, საქართველოს მოუწევს ძალიან აქტიურად ამ ომში ჩართვა.  შესაბამისად, ირანი საპასუხო დარტყმას განახორციელებს საქართველოზე და არა ამერიკაზე. ნატოს ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ ალიანსში ქვეყანა შედის  კონფლიქტების გარეშე. ჩვენ ორი გაყინული კონფლიქტი გვაქვს: ან უნდა დავთმოთ ეს ტერიტორიები, ან რაც შეიძლება მალე დავიბრუნოთ. მგონია, რომ დღეს მშვიდობიანი გზით დაბრუნების პერსპეტივა არ არსებობს. და მესამე, საქართველო გრანდიოზულ თანხებს ხარჯავს სამხედრო სფეროს გაძლიერებისათვის. გასაგებია, ნატოს მოთხოვნაა, ქვეყანა ამ მხრივ მაღალი სტანდარტებით გამოირჩეოდეს. მაგრამ მე, პირადად, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთ მოქალაქეს, არ მაქვს სურვილი, რომ ჩემი ფული, გადასახადების სახით შესული ამ მიმართულებით მიდიოდეს. მე ვარ ომის და შეიარაღების გაძლიერების წინააღმდეგი. ამას გარდა, საფრთხის გრძნობას მიჩენს ისიც, რომ ნატოს წესდება (რომელიც ერთი შეხედვით იდეალურია) და მისი რეალური საქმეები ერთმანეთს არ ემთხვევა“.

ამ პოზიციის საპასუხოდ, ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ ნატო არ ითხოვს კონფლიქტების მოგვარებას. ის ითხოვს, რომ საქართველომ ყველა ღონე იხმაროს მათი მოგვარებისათვის. რაც შეეხება მილიტარაციას, მისი თქმით, არც მილიტარიზაციის პროცესი უნდა გავაიგივოთ სამხედრო ოპერაციის დაგეგმვასთან: „ჩვენ ძალების გაძლიერება გვჭირდება იმისათვის, რომ მოვიგერიოთ აგრესია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2001 წლიდან მსოფლიოში უსაფრთხოების გაგება შეიცვალა და  ახლა ტერორიზმია ნომერ პირველი პრობლემა. ფრონტის ხაზი აღარ არსებობს. ახლა მხოლოდ ევროპაში მშვიდობის დამყარეება კი აღარ არის მიზანი,  არამედ მთელ მსოფლოში. ნატოს კი ამ მხრივ სჭირდება დასაყრდენი განსაკუთრებით პოსტ-საბჭოთა სივრცეში“.

კიდევ ერთი ამომრჩევლის, თეა ბერულავას აზრით, ნატოში შესვლა არ არის არც უტოპიური ოცნების ახდენა და არც ისეთი საფრთხე, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს:
„გააჩნია, როგორ შევალთ ჩვენ ნატოში. ჩემი აზრით, ეს არ უნდა გახდეს თვითმიზანი ხელისუფლებისთვის, ანუ ნატოში შესასვლელად ყველაფერი არ უნდა დავთმოთ. მოსახლეობაში არის ასეთი აზრი, რომ ნატო მოაგვარებს აფხაზეთის პრობლემას, რაც არასწორია. ამ საქმეში  ნატო არ ჩაერევა. მე ასე მესმის: ეს არის ჩვენი მოსაგვარებელი პრობლემა. ვფიქრობ, რომ ნატოში შესვლა ჩვენ უფრო მოგვცემს სტაბილურობის და დაცულობის გარანტიას.
გარდა ამისა, ნატოს სტანდარტები აიძულებს ქვეყანას მისდიოს მათ, იქნება ეს  დემოკრატიის ხარისხი, ადამიანის უფლებები და ა.შ. თუ ჩვენ გვაქვს ეს კურსი, მაშინ ფასადური დემოკრატია არ გაგვივა და ხელისუფლება იძულებული იქნება ქვეყანა ამ გზით წაიყვანოს“.

გიორგი ხუციშვილი, კონფლიქტოლოგი: რისკები არის განუზომლად მცირე იმ უპირატესობასთან მიმართებაში, რაც ნატოში ინტეგრაციას მოჰყვება. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისათვის ნატოში წევრობა არის ერთგვარი საშვი ევროკავშირისაკენ. ბულგარეთს და რუმინეთსაც ჰქონდათ ბჭობა რისკებზე, მაგრამ მათ არჩევანი გააკეთეს.

ჩვენთან, რისკი,  გეოგრაფიული მდებარეობის გამო, მეტია. ეს რისკი შესაძლოა, გახდეს სამხედრო ოპერაცია ჩვენს მახლობლად ან სულაც ჩვენი ტერიტორიიდან.

თუ ირანთან მიმართებაში დაიგეგმა რამე, საქართველო,  ნატოს წევრობის შემთხვევაში, ხდება კანდიდატი ქვეყანა, სადაც განთავსდება სამხედრო ობიექტები, მაგრამ ასე რომც არ გახდეს, საქართველო მაინც იქნება ჩათრეული ამ პროცესში. ამიტომ ჩვენ მაინც გვიწევს დაფიქრება რა გვირჩევნია - ცივილიზებული ხალხების კლუბის წევრობა თუ მარტო ყოფნა“.


ამერიკელი ჟურნალისტი ჯეფრი სილვერმენი, რომელიც უკვე 15 წელია საქართველოში მოღვაწეობს, თვლის, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაცია კარგს არაფერს მოუტანს:

“მთავრობის ამჟამინდელ მცდელობა  - გაწევრიანდეს ნატოში, ჩემი აზრით, არის  მცდელობა გადაიტანოს მოსახლეობის ყურადღება უფრო მნიშვნელოვანი საშინაო და საგარეო პრობლემებიდან. გულუბრყვილობა იქნებოდა გვეფიქრა, რომ ნატოს წევრობა საშინაო  კონფლიქტებს გადაწყვეტს. ბოლო თვების განმავლობაში საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახა, რომ ნატოს წევრობა მხოლოდ ოცნებაა. მთავრობის მხრიდან ადამიანის უფლებების შელახვა, ევროკავშირის მოთხოვნების უგულვებელყოფა, სხვადასხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების არ შესრულება, ამტკიცებს, რომ საქართველო ნატოში გაწევრიანებისთვის საჭირო მინიმალურ მოთხოვნებსაც ვერ აკმაყოფილებს. შესაძლოა, ნატოს საქართველო უფრო სჭირდება, ვიდრე პირიქით. საქართველო ხომ სტრატეგიულად ხელსაყრელ ადგილას მდებარეობს., სადაც ბევრი პოლიტიკური ინტერესი იკვეთება“.

ნოემბრის მოვლენების შემდეგ არაერთი ექსპერტი გამოთქვამდა ეჭვს, რომ ნატოსკენ მიმავალ გზაზე საქართველო გარკვეულ დაბრკოლებებს წააწყდებოდა: „თუ დემოკრატიულ ღირებულებებს გადაუხვევ, ნატო ფიქრდება - ღირს თუ არა საერთოდ დისკუსია ალიანსში საქართველოს გაწევრიანებაზე. 7 ნოემბრის მოვლენებამდე სერიოზულ პრობლემად იდგა სასამართლოს ხელისუფლების საკითხი. დიპლომატები ამაზე ღიად არ საუბრობენ, მაგრამ ხელისუფლებასთან საუბარში ამ თემას ხშირად აჟღერებენ. ვფიქრობ, საქართველოს კიდევ ერთხელ მისცემენ შანსს, რომ არ გაიმეოროს 7 ნოემბერი“, - ფიქრობს ირაკლი სესიაშვილი.

ეკა ქევანიშვილი, თბილისი

ახალი ამბები