08:36, Wednesday, 05.08.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ვის ემუქრება სკოლებში ჩატარებული რეფორმა?(ნაწილი II)

25.02.2008
ჟურნალისტური მოკვლევა
ნონა სუვარიანი, თბილისი

სამეურვეო საბჭოს ინსტიტუტი, რომელიც რეფორმის შემდეგ შეიქმნა, ცალკე განხილვის საგანია. ექსპერტების აზრით, ამ ინსტიტუტმა არ გაამართლა. ჯერ ერთი, კანონში მოუმზადებლად იყო ჩადებული ის მუხლები, რომლებიც სამეურვეო საბჭოს შეეხება, მეორეც, 2 წლიანი ლუფტი, რომელიც კანონში იყო ჩადებული, არ გაითვალისწინეს და არჩევნების ჩატარება ხელის ერთი მოსმით გადაწყვიტეს. ამიტომ სამეურვეო საბჭოს წევრების გადამზადება ნორმალურად ვერ მოხერხდა.

მანანა ნიკოლაიშვილი აღნიშნავს, რომ ამ საქმისთვის რამდენიმე ორგანიზაციას უნდა მიეხედა, თუმცა ამ უზარმაზარი საქმის წარმართვა მხოლოდ „თავისუფლების ინსტიტუტმა“ ითავა.

„რა თქმა უნდა, „თავისუფლების ინსტიტუტი“, ძალიან მოკლე დროში ამ საქმეს ვერ გაწვდა, 3000 სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრთა გადამზადება ადვილი საქმე არ არის.  გადაამზადეს მხოლოდ თავმჯდომარეები და ისიც ყველა სკოლაში ვერ მოასწრეს. საბოლოოდ, ჩვენ მივიღეთ არაპროფესიული სამეურვეო საბჭო. ამ საბჭომ კი მთელი სკოლა უნდა მართოს. უნდა განსაზღვროს სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი, სკოლის პოლიტიკა და სტრატეგია, საფინანსო-ეკონომიკური მდგომარეობა“.

მანანა ნიკოლაიშვილის აზრით, სამეურვეო საბჭო არც გადამზადების შემთხვევაში  გაამართლებდა: „როგორ შეიძლება რაღაც ჰიპოტეტურმა წარმონაქმნმა, რომელიც წელიწადში სავალდებულოდ სამჯერ იკრიბება (თუმცა შეიძლება მეტჯერაც), მართოს, დაგეგმოს და აკონტროლოს ისეთი რთული ორგანიზმი, როგორც სკოლაა? არავითარ შემთხვევაში. ესენი რომ ამბობენ, ამერიკული მოდელიაო, ეს ასე არ არის. არც ერთი ქვეყნის პედაგოგიკის კურსი არ აღიარებს სკოლის ასეთ მოწყობას. არაერთ ამერიკელ ექსპერტს შევხვედრივარ და მისაუბრია. მათაც დააინტერესათ საქართველოში მიმდინარე რეფორმა. რომ ჩაუღრმავდნენ და ნახეს, გაგიჟდნენ, ამერიკაში სკოლები ასე არ იმართება."

მანანა ღურჭუმელიძე სამეურვეო საბჭოს „არშემდგარობის“ სხვა მიზეზს ასახელებს. სამეურვეო საბჭოს ის წევრები, რომლებსაც ტრენინგი „თავისუფლების ინსტიტუტმა“ და პროფკავშირებმა ჩაუტარეს, დირექტორებმა გაათავისუფლეს. იმ ადამიანებთან კი, ვინც ჯერ ისევ ინარჩუნებს თანამდებობას, ერთწლიანი ხელშეკრულება არის დადებული.

კანონმდებლობით სამეურვეო საბჭოს უფლება აქვს დირექტორს ხელშეკრულება შეუწყვიტოს. მაგრამ აქაც პრობლემას ვაწყდებით, რადგან დირექტორს სამეურვეო საბჭოს წევრების, თავმჯდომარეს ჩათვლით, განთავისუფლება ნებისმიერ დროს შეუძლია. ასეთი შემთხვევები ყოფილა კიდეც. №140 სკოლაში, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, რომელმაც წინააღმდეგობა გაუწია დირექტორს ამ კაბალური ხელშეკრულების გამო, სამსახურიდან გაანთავისუფლეს.

გამოდის, რომ სამეურვეო საბჭო თავის ფუნქციას ვერ შეასრულებს, თუნდაც იმიტომ, რომ მას დირექტორთან დაპირისპირების შემთხვევაში სამსახურში დარჩენის გარანტია არ ექნება.

და მაინც, რატომ გადაწყდა ვადიანი ხელშეკრულებების დადება საქართველოს ყველა სკოლაში, როდესაც ამის ოფიციალური მოთხოვნა არ ყოფილა? რამდენიმე სკოლის დირექტორს ერთი და იგივე შეკითხვებით მივმართეთ და აი, რა მივიღეთ პასუხად.

-რა ვადა ჩაწერეთ მასწავლებლებთან დადებულ ხელშეკრულებაში?

გრიგოლ მურღულია, 24-ე საჯარო სკოლის დირექტორი: ჩვენ ხელშეკრულება 2 წლით გავაფორმეთ.
ეკა კისკეიძე, 78-ე საჯარო სკოლის დირექტორი: 6 წლიანი შრომითი ხელშეკრულება  გავუფორმე.

ნანა დოლიძე, მე-100 სკოლის დირექტორი:  წელიწადნახევრიანი ხელშეკრულება გავუფორმე.

-რატომ მიგაჩნიათ, რომ ეს ყველაზე ოპტიმალური ვადაა?

გრიგოლ მურღულია: ყველაფრის საფუძველი შეთანხმება იყო. ჩვენ ვფიქრობდით, ეს ხელშეკრულები სერტიფიცირებისთვის უნდა მიგვესადაგებინა, რომელსაც სახელმწიფო გეგმავდა. ეს ჯერ 2008, ხოლო შემდეგ 2009 წლისთვის იყო დაგეგმილი. ახლა რა დროისთვის გადაიდო, არ ვიცი...

ეკა კისკეიძე: არ მიმაჩნია, რომ ეს ყველაზე ოპტიმალური ვადაა. ვფიქრობ,  სტაბილურობის შეგრძნებიდან გამომდინარე, ერთ აკადემიურ წელს ჯობს.

დოლიძე ნანა: შეიძლებოდა მეტხნიანიც დამედო, მაგრამ არ ვთვლი, რომ ამით მათი უფლებები დაირღვა. ყველა ორგანიზაციაში მუშაკები ხელშეკრულებით ჰყავთ აყვანილი. და თუ ისინი თავს გამოიჩენენ და კარგად იმუშავებენ, მათთან ახალ ხელშეკრულებას ყველა გააგრძელებს.

-იცოდით, რომ უვადო ხელშეკრულების დადებაც შეგეძლოთ?

ეკა კისკეიძე: ჩემთან არ იყო ასეთი პრობლემა, 6 წლიანი ხელშეკრულებით პედაგოგები კმაყოფილები დარჩნენ. 6 წლიანი ხელშეკრულება იმიტომ დავდე, რომ თავადაც 6 წლით ვარ არჩეული. თუმცა შესაძლებელია უვადოც და ნაკლები ვადიანიც დამედო.

გრიგოლ მურღულია: ამაზეც იყო საუბარი მაგრამ ჩვენი პედაგოგები აცნობიერებენ, რომ ჩვენ გარკვეული მიზნები გვაქვს, ჩვენ ისეთი სისტემით ვმუშაობთ, ბუნებრივია, ამ მიზნებს გააზრება სჭირდება.  საერთოდ მნიშვნელობა არ აქვს 2 თუ 3 წლიანი ხელშეკრულება იქნება, მთავარია პედაგოგის შრომა მის კვალიფიკაციას შეესაბამებოდეს.

ნანა დოლიძე:  საერთოდ ვიცი, რომ უვადო ხელშეკრულება არსებობს, მაგრამ ამ შემთხვევაში არ მიმაჩნია მიზანშეწონილად. იმიტომ, რომ  თითოეულ დირექტორს 6 წლის ვადით ირჩევენ.

მანანა ნიკოლაიშვილის აზრით, მასწავლებლების განთავისუფლება ფარული დაკვეთაა. ამას ორი მიზეზი აქვს. პირველი ის გახლავთ, რომ არსებული ხელისუფლება რევოლუციურად არის მოსული. ამიტომ მას გარკვეული ვალდებულებები გააჩნია.

„მათ ვალდებულება იმ რევოლუციაში მონაწილე გოგო-ბიჭების მიმართ აქვთ აღებული, რომლებიც დროშებით და სასტვენებით დარბოდნენ. ძირითადად ეს სტუდენტობა იყო. ახლა დაამთავრეს სასწავლებლები და მათ სამსახური სჭირდებათ. განათლების სისტემაში კი ამ ათასობით ახალგაზრდის დასაქმება ადვილად შესაძლებელია“.

მეორე მიზეზი ის არის, რომ ხელშეკრულების პირობებში ყველა პედაგოგი მონურ, კაბალურ პირობებში იმყოფება. ის მუდმივი შიშის ქვეშ იქნება და ყველაფერს გააკეთებს, რომ არ გაანთავისუფლონ. მაგალითად, თუნდაც ბოლო არჩევნების მოყვანა შეიძლება, როდესაც პედაგოგებს, მშობლების დაუკითხავად ბავშვები მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ მიტინგზე მიჰყავდათ.

პროფკავშირების იურისტი მაია ლიპარტელიანი ყურადღებას კიდევ ერთ მიზეზზე ამახვილებს. დირექტორები, რომლებსაც სათანადო კვალიფიკაცია არ აქვთ, ვადიანი ხელშეკრულების დადებით, პრობლემას იადვილებენ.

„დაელოდებიან 1 წელს და თუ მასწავლებელი არ მოეწონებათ, ყოველგვარი დასაბუთების გამო გაუშვებენ. ამიტომაც ადმინისტრაციას აწყობს არაკვალიფიციური მასწავლის აყვანა, რომელსაც ერთი წლის შემდეგ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გაუშვებენ. ეს სუბიექტური მიდგომის საშუალებას იძლევა, ანუ 1 წლის თავზე ვერავინ გაარკვევს, რის საფუძველზე გაანთავისუფლეს მასწავლებელი. მასწავლებლობა ისეთი პროფესიაა, რომელიც ვადაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული, არამედ, კვალიფიციურობაზე და გამოცდილებაზე."

კიდევ უამრავი ხარვეზი არსებობს, რომელიც ზოგადი განათლების შესახებ კანონში თუ შრომითი კოდექსშია ჩადებული. ყველა ეს ხარვეზი დირექტორს, ან საერთოდ, დამსაქმებელს სუბიექტური მიდგომის შესაძლებლობას აძლევს.

მიუხედავად ყველაფრისა, ექსპერტიც და პროფკავშირიც  ერთხმად აცხადებენ, რომ პედაგოგებს საკუთარი დაცვის საშუალება დღესაც აქვთ. ამისთვის არსებობს კონსტიტუცია, საერთაშორისო თუ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები.

თუმცა, სამწუხაროდ, ხშირად საკითხი სხვაგვარად ისმის, უნდა თუ არა პედაგოგს საკუთარი უფლებების დაცვა და „ღიად თამაში“.

მანანა ნიკოლაიშვილი აღნიშნავს, რომ დღეს არიან ისეთი პედაგოგებიც, ვისაც საკუთარი უფლებების დაცვა არ სურს. ვინც ორმაგი სტანდარტებით თამაშობს და ყველაფერს ეგუება.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო დაკარგეთ თუ არა სამსახური?
დიახ არა

ბლოგი

მორიგების მორიგი შეთავაზება
საზოგადოება ინფორმირებულია, რომ 2017 წლის დეკემბრიდან ქალაქ თბილისის მერიისა და წყლის გამანაწილებელი კომპანიის - GWP-ს წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი მაქვს სარჩელი, რომლითაც მოვითხოვ თბილისის
ვრცლად...
ძალადობის მსხვერპლი ქალები
ცხოვრება ეჭვისა და უნდობლობის სამყაროში
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC