20:37, Tuesday, 02.06.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ლევან ბეჟაშვილი: ადგილობრივი ხელისუფლება ჟურნალისტებთან ურთიერთობას არ უნდა გაურბოდეს

25.02.2008
გელა მთივლიშვილი, კახეთი

ცოტა ხნის წინ, საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულად კახეთის რეგიონში, ლევან ბეჟაშვილი დაინიშნა. იგი მანამდე პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარედ მუშაობდა. ახალი გუბერნატორი რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან აქტიურ ურთიერთობას აპირებს. პირველი ასეთი შეხვედრა, გასულ კვირას, მან უკვე გამართა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

- ბატონო ლევან, კახეთის გუბერნატორად რამდენიმე კანდიდატურა განიხილებოდა. რატომ მაინც და მაინც თქვენ დაგნიშნათ პრეზიდენტმა ამ თანამდებობაზე?

- ამ კითხვით პრეზიდენტს უნდა მიმართოთ.

- სამწუხაროდ, არ გვაქვს ამის საშუალება. პრეზიდენტის პრესკონფერენციებზე მხოლოდ ტელეკომპანიების კორესპონდენტებს იწვევენ და ისიც შერჩევით.

- კახეთის გუბერნატორად ალბათ იმიტომ დამნიშნეს, რომ წარმოშობით აქედან ვარ. გარდა ამისა, მეტნაკლებად ვიცნობ პრობლემებს, რომელიც ამ რეგიონშია. კახეთში სერიოზული საკადრო ცვლილებების გატარებას ვგეგმავ. ვერ გეტყვით, გუბერნატორი დიდხანს ვიქნები თუ არა. ეს იმაზეა დამოკიდებული, ადგილობრივი მმართველობის მუშაობით, რამდენად კმაყოფილი იქნება მოსახლეობა. ჩვენ, კახეთიდან იმაზე დიდ მხარდაჭერას ველოდით, ვიდრე ეს 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებმა აჩვენა.

- კონკრეტულად რა ცვლილებების განხორციელებას აპირებთ?

- თანამდებობიდან უკვე გათავისუფლდა სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელი რამაზ ხატიაშვილი და მის ბედს სხვებიც გაიზიარებენ. ზოგიერთი ჩინოვნიკი სხვა თანამდებობაზე გადავა, ზოგს პასუხისმგებლობაც დაეკისრება. ახალი სახეებიც გამოჩნდებიან, პროფესიონალები, ვინც უფრო კარგად იცის, რა უჭირს გლეხს, კახეთს და ა.შ. პარალელურად, ვსწავლობთ საზოგადოებრივ აზრს, რათა გავიგოთ, რა დამოკიდებულება აქვს ხალხს ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ. რამდენიმე რაიონში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციების ლიდერებიც შეიცვლებიან. რაც შეეხება დაწესებულებების რიგით თანამშრომლებს, მათი სამსახურში დარჩენისა თუ გათავისუფლების საკითხი გადაწყდება იმის მიხედვით, თუ რამდენად კარგად ასრულებდნენ ეს ადამიანები თავის მოვალეობებს.

ჩვენი ინტერესია, რაც შეიძლება მალე მოხდეს რეგიონში ახალი მმართველი გუნდის ჩამოყალიბება. პასუხისმგებლობის აღებისთანავე ერთიანი ძალით შევუდგებით იმ ამოცანების შესრულებას, რაც მოცემულია პროგრამაში „საქართველო სიღარიბის გარეშე“. სახელმწიფო მექანიზმებს მივმართავთ იქითკენ, რომ ბიუჯეტი რეალურად ხალხისთვის დაიხარჯოს.

- თქვენს მიერ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, კახეთში თუ მოხდება მოსახლეობის დასაქმება?

- ეს პროგრამა კახეთშიც ისევე განხორციელდება, როგორც დედაქალაქში და საქართველოს სხვა რეგიონებში. ცხადია, ჩვენ ორიენტირებულები ვართ მოსახლეობის დასაქმებაზე. ამ მიზნით სხვადასხვა საწარმოებიც გაიხსნება, სადაც ადგილობრივები დასაქმდებიან. ვმუშაობთ ასევე სხვა პროექტებზეც, მაგალითად, როგორიცაა გაზიფიცირება სოფლებში, ასევე მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფა. მთავრობას ჰქონდა ხალხთან ურთიერთობის პრობლემა, რასაც აუცილებლად გადავჭრით. ეს დავალება მიცემული აქვთ რაიონების გამგებლებსაც.

- კახეთის გუბერნატორად დანიშვნამდე, თქვენ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტს ხელმძღვანელობდით. როგორც ცნობილია, პარლამენტში შესულია კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებს, შესაძლოა, ჯარიმები ჩამოეწეროთ. უფრო ზუსტად რას ითვალისწინებს ეს კანონპროექტი?

- ამ კანონპროექტში საუბარია ყველა სახის ადმინისტრაციული ჯარიმის, გადახდილის თუ აღუსრულებელის ჩამოწერაზე, მათ შორის ისეთზეც, რომელსაც კანონით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო საურავი დაერიცხა. ვფიქრობთ, რომ ჯარიმების ოდენობა საკმაოდ მაღალი იყო. ხელისუფლებამ შეცვალა კურსი და ხალხის გაჭირვებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მივდივართ ამ ამნისტიაზე.

- და ბოლოს, როგორი ურთიერთობა გექნებათ რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებთან? შესაძლებელი იქნება თუ არა თქვენგან ინფორმაციის მიღება?

- რეგიონის ადმინისტრაცია არ უნდა გაურბოდეს ჟურნალისტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობას. გპირდებით, რომ მედიასთან ხშირი კონტაქტი მექნება. სახელისუფლებო დაწესებულებების მუშაობა და ყველა ის საკითხი, რაც გაინტერესებთ, იქნება გამჭვირვალე. პერიოდულად შევხვდებით ადგილობრივი მედიის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს. მათგან მოვისმენთ პრობლემებს, რომლის მოგვარებასაც შევეცდებით და უზრუნველვყოფთ.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
ბლოგი შექმნილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმების ხელშეწყობა და მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმა“
ვრცლად...
უჩინარი მტერი
აპოკალიფსი არ იქნება
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC