21:34, Tuesday, 02.06.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

უგულავას ავტობუსები გორში პრობლემებს ქმნიან

28.02.2008
საბა წიწიკაშვილი, გორი

გორში ადგილობრივმა ხელისუფლებამ პრეზიდენტის წინასაარჩევნო კამპანიის დროს მიცემული პირობების დარღვევა დიდი ხანია დაიწყო. მაგალითად, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა გაძვირდა. შიდა ქართლის ამჟამინდელი გუბერნატორი ლადო ვარძელაშვილი, მართალია, აცხადებს, რომ მან მთელი რეგიონის პრობლემები იცის, თუმცა სოფელში მაცხოვრებელთა მგზავრობის პრობლემები მისთვის ნაკლებად ცნობილია.

2007 წლის დეკემბრიდან 8 ავტობუსი სოფლების მასშტაბით გაანაწილეს. ამ ავტობუსებმა ყველაზე მძიმე დღეში მიკროავტობუსების მფლობელები ჩააყენა. ყვითელმა ავტობუსებმა იმ სოფლებში, სადაც ე.წ. „მარშრუტკები“ 1.50 ლარად დადიოდა, 1 ლარად დაიწყეს მოძრაობა. ხოლო იქ, სადაც „მარშრუტკები“ 1 ლარად დადიოდნენ, ავტობუსებმა 50 თეთრი დაადეს ფასი.

ამან, რა თქმა უნდა, „მარშრუტკების“ მძღოლების პროტესტი და უკმაყოფილება გამოიწვია. მაგალითად, გორის რაიონის სოფელ სკრაში მიკროავტობუსის მძღოლებმა ყვითელი ავტობუსის მძღოლი სცემეს და ამ დღის შემდეგ შემდეგ ყვითელი ავტობუსი სოფელში აღარავის დაუნახია.

სოფელ სკრაში არსებულ მდგომარეობაზე ჯერ კიდევ 2008 წლის 22 იანვარს მხარის მაშინდელ გუბერნატორს ლადო გეგელაშვილს მუნიციპალიტეტის გაზეთ ,,ლომჭაბუკის“ ჟურნალისტმა ხათუნა ბალიაშვილმა დაუსვა კითხვა... ბალიაშვილი სამსახურში სწორედ სოფელ სკრიდან დადის.

ხათუნა ბალიაშვილი: ,,უკვე რამდენიმე დღეა სოფელში მძღოლებს ერთმანეთში ხელჩართული ჩხუბი აქვთ. თუკი ავტობუსით 50 თეთრს ვიხდიდი, დღეს წამოვედი მიკროავტობუსით და 80 თეთრი გადავიხადე. რატომ აღარ დადის ყვითელი ავტობუსები? ხალხი ძალიან კმაყოფილია მაგ ტრანსპორტით მგზავრობით“.

ყოფილმა გუბერნატორმა სთხოვა არასამთავრობო ორგანიზაციების და მასმედიის წარმომადგენლებს, ასეთი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში ხმა აღიმაღლონ და ხელისუფლების მაღალ ეშელონებს შეატყობინონ.

ავტობუსების საქმის შესწავლა ყოფილმა გუბერნატორმა, ლადო გეგელაშვილმა ვეღარ მოასწრო, რადგან შიდა ქართლში ახალი გუბერნატორი ლადო ვარძელაშვილი გამოგზავნეს.

ვარძელაშვილის მოსვლის შემდეგ ავტობუსების ფასებმა ზოგან აიწია, ზოგან კი მარშრუტი საერთოდ მოიხსნა. მაგალითად, სოფელ სკრაში ყვითელი ავტობუსი აღარ დადის. სოფელ ქვახვრელში კი ავტობუსით მგზავრობის ფასი 60 თეთრის ნაცვლად 80 თეთრი გახდა.

მარიკა სირანაშვილი: (ქვახვრელის მკვიდრი) - ,,ვიდრე ყვითელი ავტობუსები გამოჩნდებოდა, ყოფილი გუბერნატორი ლადო გეგელაშვილი შეგვპირდა, რომ მგზავრობა 60 თეთრი ეღირებოდა. თუმცა როგორც კი გამოჩნდა ავტობუსი, 70 თეთრი დაედო ფასი. ესეც არ იკმარეს და უკვე ერთი კვირაა 80 თეთრად ვმგზავრობთ.
ფასის გაძვირება მას შემდეგ მოხდა, რაც პრეზიდენტის არჩევნებმა ჩაიარა."

ავტობუსის მძღოლი ,,ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ საუბარში აცხადებს, რომ მგზავრობის ფასის მომატება გარდაუვალია.
,,ავტოპარკის დირექტორმა განგვიცხადა, რომ ავტობუსში საწვავი ჩვენ უნდა ჩავასხათ, გარდა ამისა, ყოველდღიური შესატანი ავტოპარკში 30 ლარი გახდა. მაშინ, როდესაც თავიდან საუბარი იყო, რომ დღეში 5 ლარი უნდა გადაგვეხადა. ხარჯები იმხელა გვაქვს მძღოლებს, რომ ჩვენ 60-70 თეთრად ვერ ვივლით ამ მანძილზე", - გვითხრა ავტობუსის მძღოლმა.

გორის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ ფასების გაძვირება ტყუილია. გამგეობის აპარატის უფროსმა კახა ტოლიაშვილმა გვითხრა, რომ ფასების გაზრდა შესაძლოა რომელიმე მძღოლის პირადი სურვილის საფუძველზე მოხდა. ,,თქვენ ალბათ გეშლებათ რაღაც და ვიღაცამ მოგატყუათ“, - გვითხრეს გამგეობისა და სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურში.

,,ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ პირადად გადაამოწმა ინფორმაცია და მართლაც, იქ სადაც ყვითელი ავტობუსის ფასი 60 თეთრი უნდა ღირდეს, 80 თეთრი გადაგვახდევინეს. ავტობუსების სალონში გაკრული ფასების სია მძღოლებმა დიდი ხანია  ჩამოხიეს.

როგორც გავარკვიეთ, ეს ყვითელი ავტობუსები გორში არავის ბალანსზე არ არის. ისინი კვლავ თბილისის მერიას ეკუთვნის. ტრანსპორტი, როგორც ჩანს, თბილისის მერმა გიგი უგულავამ შიდა ქართლის ადგილობრივ ხელისუფლებას ,,ათხოვა“. არის ვარაუდი, რომ თბილისის მერიამ ეს 8 ყვითელი ავტობუსი ისევ უკან წაიყვანოს.

თბილისის მერმა გიგი უგულავამ გორს 8 ჰოლანდიური ავტობუსი 2007 წლის ნოემბერში გადასცა. მაშინ გორის საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ხმალაძე აცხადებდა, რომ უახლოეს ხანებში გადაწყდებოდა ამ მანქანების პატრონის ბედი.

როგორც ირკვევა, ყვითელი ავტობუსები შპს ,,გორი-ავტოტრანსმა“ ჩაიბარა. ეს კომპანია 2004 წლის დეკემბერში ჩამოყალიბდა. ,,გორიავტოტრანსის“ ჩამოყალიბება იმ დროს მოხდა, როდესაც მაშინდელმა რაიონის გამგებელმა სოსო მუმლაძემ, ასევე 8 უფრო დიდი ავტობუსი ჰოლანდიიდან ჩამოიყვანა. მაშინ,  ,,გორი-ავტოტრანსს“ სათავეში ირაკლი ოქრუაშვილის ნათესავი თამაზ სვიანაძე (ზედმეტსახელად ,,კაპუსტა”) ჩაუდგა. დღეს სვიანაძე ამ ფირმის ხელმძღვანელი გასაგები მიზეზების გამო აღარ არის.

,,ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ ვითარების შესწავლის შედეგად გაარკვია, რომ ადგილობრივი მთავრობა ამ ავტობუსებს უკანონოდ განკარგავს. კერძოდ, გორის საკრებულომ ისე ჩააბარა ავტობუსები შპს ,,გორიავტოტრანსს“, რომ თბილისის მერიას არც შეეკითხა. გარდა ამისა, გორის საკრებულომ თვითნებურად გამოაცხადა მძღოლების შერჩევაზე კონკურსი და თან ამ კონკურსის ჩასატარებლად თანხებიც კი დახარჯა.

კერძოდ, 2007 წლის  15 ნოემბერს გორის საკრებულომ წინადადებით მიმართა ადგილობრივი ტელეკომპანია ,,თრიალეთის“ დირექტორს ჯონდო ნანეტაშვილს და ტელევიზიის ეთერით საკონკურსო განაცხადის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით ხელშეკრულების გაფორმება სთხოვა. ხელშეკრულების მიხედვით, ტელეკომპანია ,,თრიალეთმა“ ვალდებულება აიღო 532 ლარად ავტობუსების მძღოლების კონკურსთან დაკავშირებით 1 ნოემბრიდან 30 ნოემბრამდე ტელევიზიის ეთერით განცხადება გაეკეთებინა.

ხელშეკრულება 2007 წლის 15 ნოემბერს გაფორმდა. საკრებულოს მიერ მომზადებულ განცხადებაში წერია, რომ მძღოლების მსურველებს განაცხადები 1 ნოემბრიდან უნდა შეეტანათ. ჯერ ერთი გაურკვეველია, თბილისის მერიის ავტობუსებზე გორის საკრებულომ რატომ გაუფორმა ,,თრიალეთს“ ხელშეკრულება, ხოლო ამ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტმა რატომ გადაურიცხა თანხა ,,თრიალეთს".

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
ბლოგი შექმნილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმების ხელშეწყობა და მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმა“
ვრცლად...
უჩინარი მტერი
აპოკალიფსი არ იქნება
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC