10:43, Thursday, 18.09.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

მეტეხის „ბროვკა“ ინგრევა - მერიაში კი აცხადებენ, რომ ამაში უცნაური არაფერია

24.03.2008
ეკა ქევანიშვილი, თბილისი

მუკუზანის ქუჩა # 7-ში გაყიდულ მიწის ნაკვეთზე ახლა მშენებლობა მიდის - რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი ბესარიონ ხვინთელიანი სასტუმროს აშენებს. ერთი შეხედვით ყველაფერი წესრიგშია. მიწა კანონიერ მფლობელობაშია, პროექტი - შეთანხმებული. მეტეხის ე.წ. „ბროვკა“ კი გვარიანად ამოთხრილი და დანგრეული. მერიაში ირწმუნებიან, რომ მეტეხის კლდე - „ქალაქის აივანი“, როგორც მას არქიტექტორები უწოდებენ, დაზიანებული არ არის. არადა, მტკვრის სანაპიროდან სულ სხვა სურათი მოჩანს.

ქალაქის ძველ უბნებში, სადაც არაერთი შენობა და ადგილი კულტურულ მემკვიდრეობადაა გამოცხადებული, აქამდეც უამრავი უვარგისი პროექტი დამტკიცდა ისე, რომ ამ პროცესს ხელი ვერავინ შეუშალა. თუმცა მაშინ გადაწყვეტილებებს ორი - მერიაში არსებული და კულტურის სამინისტროს საბჭო წყვეტდა. ამ უკანასკნელს ახლანდელი კულტურის მინისტრი ნიკა ვაჩეიშვილი ხელმძღვანელობდა და ხშირად მერიის მოწონებული პროექტებიც დაუბლოკავს.

დღეს საბჭოს „გაერთიანებული“ ჰქვია და ის მერიაში მოღვაწეობს. მასში კულტურის სამინისტოს საბჭოდან ორი ადამიანი მოხვდა. არქიტექტორები, რომელთა საკმაოდ დიდი ნაწილი კომენტარებს რატომღაც ვინაობის დასახელების გარეშე აკეთებენ, ამბობენ, რომ ორსაფეხურიანი სისტემის შეცვლა არასწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან ახლა ქალაქის მერის, გიგი უგულავას გავლენა გაცილებით მეტი და აშკარაა. ამასვე იმეორებს ჟურნალისტი და „თბილისის ჰამქარის“ ხელმძღვანელი ალექსანდრე ელისაშვილი, რომელმაც 5 მარტს მეტეხის კლდეზე მიმდინარე მშენებლობა ერთხელ უკვე გააპროტესტა. მაშინ მანვე გააჟღერა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ სასტუმროს მშენებლობაში ცნობილ კრიმინალურ ავტორიტეტს ტარიელ ონიანს ჰქონდა ინტერესი.

ეს ამბავი მაშინ მედიამ მხოლოდ ამ კუთხით აიტაცა. ცხადია, ოფიციალურ დოკუმენტაციაში ამ ადამიანის სახელი არსად ფიგურირებს, თუმცა, როგორც ელისაშვილი ამბობს, მან ეს ამბავი სამ წყაროსთან გადაამოწმა და დაუდასტურეს. მათ შორის, მერიიდანაც. ონიანის სახელი ამ ამბავში იმდენადაა საინტერესო, რამდენადაც ჩნდება ეჭვი, რომ დაცულ ტერიტორიაზე ამგვარი მშენებლობის წამოწყება და კლდის დაზიანება ჩვეულებრივ მოკვდავებს და უგავლენო ადამიანებს არ შეუძლიათ. უფრო მნიშვნელოვანია, რატომ მოხდა კლდის ამ მასშტაბით ამოტეხვა და ისეთი პროექტის დამტკიცება, რომელიც თავად საბჭოს წევრებსაც დიდად არ მოსწონდათ.

ალექსანდრე ელისაშვილი: მთავარი ის არ არის, ვის ეკუთვნის ეს ტერიტორია, თუმცა ესეც არანაკლებ მნიშვნელოვანია, არამედ ის, რომ დარღვეულია კანონები: „ლანდშაფტის დაცვის შესახებ“ და „ისტორიული დაცვის შესახებ კანონი“. ასევე სამშენებლო კანონი. ჩემი ინფორმაციით, შეთანხმებულთან შედარებით ორი ზედმეტი სართულია პროექტზე დამატებული. ასევე მომატებულია  ფართიც - 300 კვ.მ ზედმეტად.  რამდენადაც მე ვიცი, ნიკა ვაჩეიშვილი თავის დროზე ამ პროექტის წინააღმდეგი იყო. არც ძველი თბილისის გამგეობა შეხვდა ამას სიხარულით, მაგრამ პროექტი მაინც გავიდა. მე ვფიქრობ, რომ აქ საკმაოდ დიდი კორუფცია იყო, რადგან მერია კბილებით იცავს ამ პროექტს.

ჩემთვის მიუღებელია ის არგუმენტი, რომ სასტუმროს მანქანებისთვის სადგომი სჭირდებოდა და ეს პრობლემა კლდის მოჭრის ხარჯზე მოაგვარეს.  თუ ერთმა გაბედა და პრეცენდენტი შეიქმნა, შემდეგ ამას ყველა გაბედავს. ესაა პრობლემა. მთლად მაღალ სასტუმროს იქ ვერ ააშენებდნენ გასაგები მიზეზების გამო. ეს ტენდენცია წავა მარჯვნივაც და მარცხნივაც. დააკვირდით, მტკვრის ზედაპირამდე კლდის რამდენიმე მეტრია დარჩენილი. თბილისში კი სანახავი მეტი არც არაფერია“.

მფლობელების ამბავს რაც შეეხება, ელისაშვილი იხსენებს ერთ-ერთ მშენებელთან ომარ მელქაძესთან სატელეფონო საუბარს, რომელმაც უთხრა, „შენ ისეთ ხალხს დაეჯახე, მეშინია, არავინ დაიღუპოსო“. მას, თურმე, ადგილობრივმა  მოსახლეობამაც იგივე ურჩია, ამ საქმისთვის თავი დაენებებინა.

ვნახოთ, რას ამბობენ მერიაში. მაგალითად,  მანუჩარ მახათაძეს, ქალაქის მთავარ არქიტეტორს დამტკიცებული პროექტი მოსწონს. გვიხსნის, რომ ეს ადგილი საკმაოდ მოუვლელი იყო, ეკალ-ბარდით დაფარული. ისტორიულად კი ამავე ადგილას ოთხსართულაინი სახლი მდგარა. შემდეგ ეგ შენობა დაინგრა. ხოლო დღეს კლდის რა ნაწილიც არის მოჭრილი, მახათაძის განმარტებით, იქ არსებული  სახლის საძირკველია და არც  ზედმეტად არის კლდე მოჭრილი.

„სამწუხაროდ, ეს ძალიან ვიწრო ქუჩაა და ავტოფარეხი ვერსად მოეწყობოდა. ამიტომ გარკვეული ნაწილი მოიჭრა, მაგრამ ქვებს ინახავენ და კლდის გარეგნული იერსახე ისევ აღდგება. ასე მოხდა სასტუმრო „ძველი თბილისის“ მშენებლობის დროსაც. არანაირი კანონი არ არის დარღვეული. პროექტს გავლილი აქვს მეთოდური საბჭო. ის არაერთხელ იყო გამოტანილი განსახილველად, უამრავი შენიშვნა მიიღო და ბოლოს დამტკიცდა. პროექტი არ არის ცუდი და მაგ ადგილს ახალი სასტუმრო ძალიან მოუხდება. მეტეხის ქედს კი იერ-სახე ჩამოყალიბებული აქვს და მას აღარაფერი შეცვლის. გეოლოგიური დასკვნაც ამ პროექტში დევს. რეალურად აქ აშენდება ოთხსართულიანი სასტუმრო. ხოლო მიწისქვეშ ექნება სამი სართული“, - ასეთია მახათაძის განმარტება.

გაერთიანებული საბჭოს კიდევ ერთი წევრი, ხელოვნებათმცოდნე მარინა ხატიაშვილი მახათაძისგან განსხვავებით თვლის, რომ გარკვეული შეცდომები ამ ამბავში მაინც იყო. თუმცა სასტუმროს და მიწის მფლობელის, ბესარიონ ხვინთელიანის კავშირებს ტარიელ ონიანთან გამორიცხავს:
„ხვინთელიანმა შეიძინა მიწა და გადაწყვიტა სასტუმროს აშენება. ამ ადამიანს პირადად შევხვდი და თავადაც გაოგნებულია, რომ ეს მშენებლობა ტარიელ ონიანის სახელს დაუკავშირდა. მეტეხის  პლატო დაზიანდა და ეს არის მთავარი.  როდესაც პროექტი შეთანხმდა ანუ შარშან, მისი მოცულობა საკმაოდ დიდი იყო და მასში არაერთი შესწორება შევიდა. ამ ადგილას იყო ორი დიდი ქვაბული, კლდესა და კლდეს შორის გამყოფი ნაწილი - ე.წ. ჯიბე. მშენებლობის დროს მოიჭრა ეს კლდე და ტაფობი ამიტომ გამოჩნდა. ასევე იქ იყო ჯაგნარი, რომელიც გაიჩეხა. იქ არსებული სახლის  სარდაფები ჩადიოდა ძალიან ღრმად, მიწაში. ამ სარდაფებს კლდე ეფარებოდა და ესეც მოინგრა. პროექტი ითვალისწინებდა კლდეში ჩასვლას და ალბათ, მსგავსი რამ არ უნდა დაშვებულიყო თავიდანვე.  მაგრამ ექვსი თვე იწელებოდა ამ პროექტის დამტკიცების პროცესი, ბოლოს კი,  რადგან სასტუმრო შენდებოდა და ბიზნესი შემოდიოდა საქართველოში, მივიღეთ ეს პროქტი.  პროექტი არ იყო კარგი. მაგრამ კერძო საკუთრებაზე ადამიანს უარს ვერ ეტყვი.

სხვათა შორის, არანაკლები საფრთხე ემუქრება ქიაჩელის ქუჩას, სადაც ლურჯი მონასტერია. ამ ადგილსაც სჭირდება ყურადრების მიქცევა. ამ ქუჩას ვკარგავთ, რადგან  პროქტი, რომელსაც მთელი წელი უარი ეძლეოდა, გავიდა“.

პროექტის ხილვის და შეფასების გარეშე ანალიზის გაკეთება, არქიტექტორებს ცხადია, უჭირთ. მაგალითად, ლადო ვარდოსანიძეს პროექტის უნახავად მხოლოდ იმის თქმა შეუძლია, რომ  ეს ადგილი სახელმწიფო დაცვის ზონაა და ცუდია თუ იქ ლანდშაპტია დაზიანებული: „ეს არის ქალაქის აივანია და თუ ის ზიანდება, ეს ძალიან ცუდია, მაგრამ ზეპირი კომენტარის გაკეთება პროექტის ნახვის და შეფასების გარეშე ძალიან ძნელია“.

ჟურნალისტები კი სწორედ მათ შეფასებებზე ვართ დამოკიდებული. რაც აშკარად ჩანს, მეტეხის დანგრეული კლდეა. ხოლო არის თუ არა დამამშვიდებელი გარემოება ის, რომ იქ თანამედროვე სასტუმრო აშენდება, ხოლო კლდის ნამტვრევებით ეს ადგილი ისევ აღდგება, ამის შეფასება სწორედ არქიტექტორებისათვის მიგვინდვია.

სხვათა შორის, ამ ადგილას მიმდინარე მშენებლობას არც პაატა გაფრინდაშვილი იწონებს. კულტურის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ამბობს, რომ „ეს ერთ-ერთი ადგილი იყო, სადაც ასე თუ ისე შენარჩუნებული იყო ძველი ქალქის იერ-სახე და ჩემი პირადი აზრი თუ გაინტერესებთ, მე ვერ ვხედავ გამართლებას. მანდ ცალკეულ შენობებს აქვს მინიჭებული ძეგლის სტატუსი, რისი ხელყოფაც არ შეიძლება. მაგრამ ახლა ასეთ საკითხებს მთლიანად, მერიაში არსებული ერთობლივი საბჭო წყვეტს“.

„თბილისის ჰამქარი“ აქციების გაგრძელებას გეგმავს. მშენებლობა კი მუკუზანის ქუჩის # 7-ში სწრაფი ტემპით გრძელდება.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
როგორ აფასებთ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას დაკავებას?
დააკავეს რეალური დანაშაულისათვის, საპროცესო ნორმების დაცვით დააკავეს რელური დანაშაულისათვის, მაგრამ საპროცესო ნორმების დარღვევით დააკავეს არარეალური ბრალდებით, პოლიტიკური მოტივებით მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
ხანგრძლივი და რთული მოსამზადებელი პერიოდის, წვალების შემდეგ 30 ივლისს სარაევოში ჩავფრინდით. ცუდი მეტეოპირობების გამო, დაფრენის დროს განცდილი დიდი შიშის მიუხედავად, თვითმფრინავის ილუმინატორიდან სარაევოს
ვრცლად...
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
არქივი
    

რედაქტორის აზრი

რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
„მართლმსაჯულების ხარვეზები“ - რბილად ასე ვუწოდებთ იმ სისტემურ პრობლემებს, რაც ქართულ მართლმსაჯულებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ახასიათებდა. 
ვრცლად...
პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
შემოდგომის ბუზი
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC