კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გზა აფხაზეთისკენ

17 აპრილი, 2008
“Грузия, я люблю тебя” - წერენ აფხაზი ბავშვები

 მარიკა შონია, თბილისი

“აფხაზეთი ჩვენი მიწაა და უნდა დავიბრუნოთო, ეს სიტყვები ხშირად გვესმის. სამწუხაროდ, ხალხზე ნაკლებად ვლაპარაკობთ.  სოხუმში რომ ჩავდივარ, ხშირად მეკითხებიან,  აფხაზეთი აფხაზებისგან რომ დაიცალოს, ასეთი აფხაზეთი გინდათო? და მე არ ვიცი რა ვუპასუხო, იმიტომ რომ ძალიან ხშირად აქაც ვგრძნობ, რომ ჩვენ რეალურად ვერ გავარკვიეთ, რა გვინდა, მიწის დაბრუნება თუ ამ ხალხთან შერიგება”, - აღნიშნავს ქალბატონი ესმა, რომელიც აფხაზეთში გაზრდილი აფხაზური ოჯახის შვილი  და ამჟამად თბილისში მცხოვრები ქართველი შვილების დედაა.

ალბათ ეს ის კითხვაა, რაც  პირველ რიგში მოითხოვს პასუხს.. როცა სიმღერებით ვესალმებით აფხაზეთს, ალბათ, იმ ხალხს ისისც უნდა ვაგრძნობინოთ, რომ ეს სალამი მარტო თეთრ სანატორიას და თოლიებს არ ეგზავნებათ, არამედ იმ ხალხსაც რომელთანაც მრავალწლიანი თანაცხოვრება გვაკავშირებს, ჩვენი რესპოდენტებიც, სწორედ ამ კავშირების გახსენების და გაცოცხლების  გზას თვლიან ყველაზე მოკლე და მართებულ გზად აფხაზეთამდე.

„მართალია, ომი მოხდა და ეს ძალიან მძიმე და მტკივნეული გადასალახია, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე არ შემიძლია არ მახსოვდეს ის დიდი სითბო და განსაკუთრებული ურთიერთობები, ის საოცარი სიახლოვე, რაც მანამადე ჩვენს შორის არსებობდა, ვიღაცის შეცდომების გამო  მომხდარმა ძალადობამ არ მინდა რომ ეს ყველაფერი წაშალოს.... და ჩვენ, ადამიანებმა დავკარგოთ ერთმანეთი, რადგან ჩვენ სინამდვილეში საერთო მიწის გარდა, ყველაზე მეტად ეს ურთიერთობები და სიახლოვე გვაკავშირებდა“, - ესეც ქალბატონი ესმას სიტყვებია.

ესმა კოკოსკერიას, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის  აფხაზურ ენოვანი  “მოამბის” რედაქტორი გახლავთ, სწორედ ამ ურთიერთობების შესახებ ვესაუბრეთ, ამ ურთიერთობების გახსენებას და გაცოცხლებას ემსახურება უმთავრესად გადაცემა, რომელსაც ქალბატონი ესმა და მისი კოლეგები ამზადებენ, და როგორც აღმოჩდა, არც თუ უშედეგოდ. ქალბატონი ესმას თქმით, ამ გადაცემას აფხაზეთში დიდი ინტერესით უყურებენ, თუმცა სამწუხაროდ, მისი სიგნალი მხოლოდ ოჩამჩირემდე ვრცელდება, დანარჩენ აფხაზეთში სატელიტით  თუ უყურებენ. როგორც აღმოჩნდა, განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს გადაცემის არა საინფორმაციო, არამედ ის ბლოკი, სადაც აფხაზეთიდან დევნილთა ცხოვრებაზეა საუბარი:

„ხალხს აქვს საშუალება უბრალოდ ნაცნობი სახეები ნახოს, ის სახეები, რომლებიც ენატრებათ, მეზობლები, ნათესავები, ნაცნობები… და როცა ჩვენ აქედან ვაჩვენებთ რომ ეს ხალხი ცოცხალია, რომ მათ ახსოვთ აფხაზეთი და ის ძველი ურთიერთობა, და ენატრებათ ეს ურთიერთობა, ეს, რა თქმა უნდა, იქითა მხრიდანაც იწვევს გამოხმაურებას“

მიუხედავად იმისა, რომ ძველი თაობები, რა თქმა უნდა იცნობენ ერთმანეთს და ბევრიც აქვთ კარგი გასახსენებელი,  მოდის ახალი თაობაც, რომელსაც არასოდეს ჰქონია ეს ურთიერთობა და ომის დროს დაიბადა. რა იციან მათ ქართველებზე, გარდა იმისა რომ ქართველებმა დაიწყეს ომი? ამ კითხვით ისევ ქალბატონ ესმას მივმართეთ:

„აფხაზეთში ახალგაზრდებს ცოცხალი ქართველი პრაქტიკულად არ უნახავთ, არანაირი ინფორმაცია არა აქვთ აქაური ახალგაზრდების მენტალიტეტზე, მათ პოზიციაზე და ა. შ. მახსოვს  ერთი ასეთი შემთხვევა, რამდენიმე წლის წინ, აფხაზეთში ერთმა ახალგაზრდა ბიჭმა მითხრა, როგორ უნდა დავიძინო დაწყნარებულმა, თუ გვერდზე ქართველი იცხოვრებსო...   როცა ყოველთვის  მტრის ხატის გამყარება ხდება, ასეთ შედეგს ვიღებთ. საქმე იმაშია, რომ ჩვენთან, აქაურმა მოსახლეობამ, 15 წლის მანძილზე როგორღაც შევძელით ამ ტრაგიკული განცდების გადალახვა.  აქ, ასე ვთქვათ, ცხოვრება წინ წავიდა. იქ სხვა ვითარებაა, დრო გაჩერებულია, ჩაკეტილი გარემოა, ყოველდღე ადამიანს რომ უჩვენებ ომის სასტიკ კადრებს, ახსენებ ახალგაზრდობას რომ ეს იყო და ეს არ უნდა დაგავიწყდეს, რა თქმა უნდა ეს ყოველივე ფსიქიკაზე მოქმედებს

სამი წლის წინ, ქართულ-აფხაზური ურთიერთობების  ინსტიტუტის ორგანიზებით, რომელსაც ბატონი ზურაბ შენგელია ხელმძღვანელობს, მოვიპატიჟეთ აფხაზ ახალგაზრდათა ჯგუფი, სხვათა შორის, ესენი იყვნენ მეომარი ბიჭები, თბილისში ისინი რაგბის მატჩს დაესწრნენ, და თბილისშივე შემთხვევით ნახეს ნიკოლშოუს ცნობილი კლიპი. ძალიან მოეწონათ და თქვეს, რომ კარგი იქნებოდა ეს კლიპი აფხაზურადაც ყოფილიყოო. ეს იდეა ჩვენც მოგვეწონა და დავიწყეთ მისი განხორციელება. ნიკოლშოუს კლიპის გარდა, კიდევ 7 ქართული სიმღერა ჩაიწერა აფხაზურად, მათ შორის უცნობის “ვაგონი”, ლელა წურწუმიას, მწვანე ოთახის და სხვათა სიმღერები...  ეს ჩანაწერები წავუღეთ აფხაზეთში. პირველი რეაქცია იცით რა იყო მათი მხრიდან? - А  они оказываеться  талантливые (ისინი თურმე ნიჭიერები ყოფილანო), გაიკვირვეს.

წარმოიდგინეთ რამდენად არიან ისინი მოკლებულნი ჩვენს შესახებ ინფორმაციას. ეს სიმღერები შემდეგ აფხაზეთში იმდენად პოპულარული გახდა, რომ ყველა ბარში, რესტორანში, მანქანაში,  ქორწილებში უსმენდნენ. ხალხი მიხვდა, რომ არც უცნობი და არც სხვა მომღერლები არ იყვნენ პოლიტიკოსები. მათ ეს სიმღერები მათთვის გულით ჩაწერეს, რითაც თავისი დამოკიდებულება გულწრფელად გამოხატეს და ამაში არანაირი ლოზუნგები, მოწოდებები და ქვეტექსტები არ ჩაუდიათ, ამიტომ ვერანაირმა მთავრობამ და პოლიტიკამ ამის გავრცელებას ხელი ვერ შეუშალა და ხალხმაც ეს მიიღო. მაგრამ როგორც კი შეამჩნევენ , რომ რამის მიღმა შეიძლება პოლიტიკა ან  მსგავსი სახის რაიმე ქვეტექსტი იმალებოდეს, ძალიან ეჭვის თვალით ეკიდებიან. ხალხის  დონეზე ასევე ვიცი, რომ გამოითქვა სურვილი, რომ აფხაზეთში ცოცხალი კონცერტებიც ჩატარდეს ქართველი მომღერლების მონაწილეობით, მაგრამ ჯერჯერობით ამის განხორციელება, ალბათ, ძნელი იქნება, რადგან მარტო ხალხის ნება  ვერ წყვეტს ამ საკითხს.

ასევე მინდა გავიხსენო, შარშან, ეთნოგრაფიულ მუზეუმში  აღნიშნული აფხაზეთის დღეები, აფხაზეთიდან გვყავდა მოწვეული ათ კაცამდე სტუმარი. ამ ღონისძიებაზე ყველაფერი გაკეთებული იყო აფხაზურ სტილში, აფხაზურ ფაცხაში, აფხაზური ატრიბუტიკით, აფხაზური კერძებით, თხაც კი ჩამოგვიყვანეს აფხაზეთიდან, შესრულდა საქართველოს ჰიმნი აფხაზურ ენაზე, უამრავი აფხაზური სიმღერა, ცეკვა, ჩვენი სტუმრები, ჩემი თვალით ვნახე ამის შემხედვარენი როგორ ტიროდნენ და ამბობდნენ, ჩვენი თვალით რომ არ გვენახა ეს ყველაფერი, ვერასოდეს წარმოვიდგენდით სოხუმში, რომ თბილისის შუაგულ ცენტრში ასეთი რამ შეიძლებოდა მომხდარიყოო.

ძალიან კარგი გაცვლითი პროექტი განხორციელდა შარშანწინ, როცა 15 ქართველი ბავშვი გაემგზავრა ზაფხულში სოხუმში 2 კვირით, 15 აფხაზი ახალგაზრდა კი, დაახლოებით 16-17 წლის, ზამთარში ბაკურიანში დავასვენეთ. ისინი შემდგომ თბილისში, ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ მიიღო, მთელი პარლამენტი დაათვალიერებინა. ბოლოს ბავშვებს ფურცლები დაურიგეს სადაც შთაბეჭდილებების შესახებ უნდა დაეწერათ, “Грузия, я люблю тебя” , იყო ერთ-ერთი ასეთი წარწერა.

ამ ბავშვებმა დაინახეს, რომ მათთვის ცხოვრება ენგურს გამოღმაც გრძელდება, და გახარებული წავიდნენ აქედან, თუმცა რამდენადაც ვიცი, ამის გამო, აფხაზეთში გარკვეული პრობლემებიც შეექმნათ, მაგრამ რაც მთავარია, ის სითბო, რაც  მათ აქედან წაიღეს არასოდეს დაავიწყდებათ.

აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ამ ხალხს უფრო მეტი ინფორმაცია სჭირდება, უფრო მეტი დადებითი იმპულსები. ჩემის აზრით, ის მთავარი, რაც ჩვენს შორის პრობლემას და დაბრკოლებას ქმნის, არის უნდობლობა,  მათ არ სჯერათ რომ გარდა ტერიტორიისა, ჩვენ აფხაზეთის სხვა რამეც  გვაწუხებს. ისინი ამბობენ, განა არ ვიცით რუსეთი რა არის, მაგრამ ქართველები ხომ ჩვენიანები იყვნენ და რატომ გაგვიკეთეს ესო... ისინი რუსეთისკენ იმიტომ კი არ იყურებიან, რომ უფრო მეტად უყვართ ის,  დარწმუნებული ვარ, რომ  ეს გამორიცხულია, უბრალოდ ქართველების აღარ სჯერათ.

თუმცა, უნდა ითქვას, რომ ბოლო დროს, ყოფით დონეზეც უფრო აქტიური ხდება კონტაქტები,  აფხაზეთიდან თვითონ ჩამოდიან. აფხაზეთში ხალხს ელემენტარულად მკურნალობა სჭირდება,  რისი სრულყოფილი საშუალებაც იქ არ არის., რუსეთში წასვლა უფრო ძვირი ჯდება და ისევ აქეთ ამჯობინებენ წამოსვლას. ბოლო თვეების განმავლობაში თხუთმეტამდე ადამიანი ჩამოვიდა აფხაზეთიდან სამკურნალოდ, ძირითადად კიბოს, შიდსის, ნარკომანიის და სხვა სახის პრობლემების გამო. ჯანდაცვის სამინისტროს ამ მხრივ მადლობა მინდა ვუთხრა, რადგან არსებობს პროგრამები, რომლებიც ამ ხალხის მკურნალობას აფინანსებს და ეს მნიშვნელოვანია, რადგან ამ ხალხმა უნდა დაინახოს, რომ მათთვის აქ ცხოვრება გრძელდება და უკეთესია, ვიდრე ეს შეიძლება იყოს რუსეთში. რაღაცით ამ ხალხის დაინტერესება საჭიროა, და მე ვთვლი რომ მსგავსი დაინტერესების იმპულსები გარკვეულწილად ჩნდება. მე ვერ გეტყვით რომ ეს ხდება მასიურად, მაგრამ მაიმც არის ამის მაგალითები.

მაგალითად,  წელს ორმა აფხაზმა ახალგაზრდამ გაიარა ერთიანი ეროვნული გამოცდები და მოეწყო ქართულ უმაღლეს სასწავლებელში. ერთ-ერთი გაგრელი ბიჭია, მეორე სოხუმელი გოგო.  მართალია, მათ ას პროცენტიანი გრანტი ვერ მიიღეს, მაგრამ ხომ ჩააბარეს მაინც გამოცდები და თან ქართულში 28 ქულაც მოიპოვეს, რამაც მე ძალიან გამაკვივა კიდეც. რამდენადაც ვიცი, ამ ბავშვებს, სწავლის თანხის დაფარვაში ნაწილობრივ განათლების სამინისტრო, ნაწილობრივ კი სადაც სწავლობენ ის უმაღლესი სასწავლებელიც ეხმარება.

ვფიქრობ, მსგავსი ინიციატივები ძალიან მისასალმებელია. ამავე დროს,  უნდა აღინიშნოს, რომ, რა თქმა უნდა, არავის არ ეკისრება იმხელა პასუხისმგებლობა აფხაზური მოსახლეობის მიმართ მთელს მსოფლიოში, როგორც ქართულ სახელმწიფოს.
არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ერთი ისტორიული და კულტურული წიაღიდან მოვდივართ, ჩვენი ტრადიციები და წეს-ჩვეულებები ფაქტობრივად, იდენტურია, განსაკუთრებით მეგრელებისა და აფხაზებისა. მართალია, მე არც ისტორიკოსი ვარ და არც ეთნოგრაფი, მაგრამ მთელი საქართველო მოვლილი მაქვს, და ვერავინ დამარწმუნებს, რომ მეგრელისთვის აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრები კახელი უფრო ახლოს იყოს, ვიდრე აფხაზი, იმდენად დიდია ამ ხალხების ტრადიციებს შორის სიახლოვე, თუნდაც მიცვალებულის დატირების ტრადიცია, ქორწილების აღნიშვნა, სუფრის წესი და ა.შ. ”

ქალბატონი ესმას ეს მოსაზრებები, ჩვენმა დანარჩენმა რესპოდენტებმაც გაიზიარეს. ქალბატონი შორენა ფილია, რომელიც ასევე შერეული აფხაზურ-ქართული ოჯახის წარმომადგენელია და ამავე დროს, არასამთავრობო ორგანიზაციის “პირისპირ” ხელმძღვანელი (ეს ორგანიზაცია საქართველოში მცხოვრები აფხაზი ქალბატონების გაერთიანებას წარმოადგენს),  ასევე თვლის, რომ ქართველებსა და აფხაზებს შორის სიახლოვეს დიდი ისტორიული და კულტურული ფესვები აქვთ და ამას გაფრთხილება უნდა. 

ამ ორგანიზაციის თაოსნობით გამოიცა წიგნი “ქალთა ბედი” , რომელშიც იმ ტრაგიკულ  შედეგებზეა საუბარი რომელებიც აფხაზეთის ომმა, შერეულ აფხაზურ ქართულ ოჯახებს   მოუტანათ. ეს წიგნი, ქალბატონი შორენას თქმით, აფხაზეთშიც  გავრცელდა და დიდი ინტერესი გამოიწვია. წიგნიდან ნათლად ჩანს, რომ ომმა და ძალადობამ თანაბარი ტკივილი მოუტანა ორივე მხარეს, თუმცა ჩვენი რესპოდენტები, რომლებმაც ეს ტკივილი საკუთარ თავზეც იწვნიეს, ყველაფრის მიუხედავად, თვლიან, რომ ეს არის საერთო ტკივილი, რომელმაც ორი ხალხი, რომლებსაც ერთად უცხოვრიათ, საერთო ოჯახები შეუქმიათ, არ უნდა გააბოროტოს და არ უნდა დააშოროს:

შორენა ფილია: „მინდა რომ  ჩემს შვილებს შეეძლოთ აფხაზეთში ჩასვლა, მინდა, რომ იცოდნენ, რომ იქაც ჰყავთ ნათესავები, რომლებსაც ასევე უყვართ და ელოდებიან მათ. ისინი უკვე დიდები არიან,  მაგრამ დღემდე სიყვარულით იხსენებენ იმ პერიოდს, როცა ჩემს სოფელში, ლიხნში ისვენებდნენ თავიანთი აფხაზი ნათესავების გარემოცვაში. მათ ძალიან ენატრებათ ის დღეები“ .

ლოლიტა ურუშაძე: „მე შერეულ ოჯახში გავიზარდე, დედა აფხაზი მყავს, თინა მუკბა, მამა ქართველი მყავდა.. როცა ომი დაიწყო, ქართველები ქარველებისკენ დადგნენ, აფხაზებმა ჩათვალეს, რომ ასევე თავი უნდა დაეცვათ, არადა, რა გვქონდა ერთმანეთისგან დასაცავი? დარწმუნებული ვარ, იქ შეიარაღებული ძალა საერთოდ რომ არ ჩარეულიყო, პრობლემა არ გამწვავდებოდა და არაფერი მოხდებოდა. ხალხი თითქოს იძულებით ჩაერთო ამ ბრძოლაში.. და ეს ჩვენი დიდი ტკივილია...  ორივე მხარის ტკივილი...  დღეს, როცა ტელევიზორში აჩვენებენ აფხაზეთის კადრებს, ყოველთვის ვცდილობ, ჩემს შვილს ვაჩვენო, რადგან მინდა იცოდეს, რომ ის მისი სამშობლოცაა, იქ ცხოვრობენ მისი ნათესავები... მინდა რომ ყველაფერ ამის მიმართ სიყვარული ჩავუნერგო. მინდა, რომ აფხაზეთშიც, ასევე ახსენებდნენ შვილებს, რომ მათ აქეთაც ყავთ ნათესავები, ახლობლები, მეგობრები, და მათ შორის არა მარტო ომი, არამედ დიდი სიყვარულიც არსებობდა“.

მარინა არშბა: „ჩემი შვილი, გიორგი სანიტარ-ინსტრუქტორად მსახურობდა და ომის დროს დაიღუპა,  გიორგი ყოველთვის ცდილობდა ყოფილიყო შემრიგებელი, აფხაზეთშიც, ფიქრობდა, რომ ამისთვის მიდიოდა..  მიუხედავად იმისა, რომ დედისთვის შვილზე ძვირფასი არავინ არსებობს, შვილი შენი სხეულის ნაწილია,  მაინც მიმაჩნია, რომ  ჩვენმა ტკივილმა არ უნდა გაგვაბოროტოს, არა მგონია, ვინმეს ვინმეს შვილის მოკვლა ნდომოდა.
 მიუხედავად ამისა, მე მაინც მომხრე ვარ, რომ ჩვენ შვილებს, არა სიძულვილი, არამედ სიყვარული ჩავუნერგოთ. ჩემის აზრით,  ახალი თაობები უნდა შევახვედროთ ერთმანეთს, მე, მაგალითად, 7 და 12 წლის შვილიშვილები მყავს, კარგი იქნება რომ  შევახვედროთ ისინი თავიან თანატოლების, ეტყვიან ისინი ერთმანეთს რამეს ცუდს?  რა თქმა უნდა, არა. თუ ეს ჩვენ არ შთავაგონეთ.

მე ბევრი სიკეთე და სიყვარული მახსოვს აფხაზეთთან დაკავშირებით, მამაჩემი, სოკრატ არშბა, ცნობილი ექიმი, ქირურგი გახდათ, ის ჯერ აფხაზეთში, შემდეგ თბილისში მოღვაწეობდა, მის მიმართ და საერთოდ, ჩვენი ოჯახის მიმართ ყოველთვის დიდი სითბო და სიყვარული არსებობდა. მე ეს ძალიან კარგად მახსოვს“.


ახალი ამბები