11:05, Friday, 29.08.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

შიდა ქართლის პროკურატურაში ,,დადგენილებები“ ყალბდება

03.06.2008
საბა წიწიკაშვილი, გორი

გორში შარტავას ქუჩა #48-ში მცხოვრები სურათია გიგაური გორის პროკურატურის იმ მაღალჩინოსნების დასჯას ითხოვს, რომლებმაც მისი მეუღლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აღძრული სისხლის სამართლის დადგენილებები შეცვალეს და გააყალბეს. ჩვენს მიერ მოკვლეული მასალების მიხედვით დადგინდა, რომ საქმეში გამომძიებელი მერებაშვილი და პროკურორი მურადაშვილი ფიგურირებენ.

2004 წლის 27 აგვისტოს კონსტანტინე და სურათია გიგაურებს ეზოს და ბინის თაობაზე შელაპარაკება მოუვიდათ კონსტანტინეს ძმისშვილებთან - ალექსანდრე და გია გიგაურებთან. ჩხუბის დროს მოხუცებული კონსტანტინე გიგაური წაიქცა, რა დროსაც მან სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. ინციდენტიდან ერთი თვის შემდეგ მოხუცი გარდაიცვალა. გარდაცვლილის მეუღლემ პროკურატურაში განცხადება შეიტანა. მას ეჭვი ჰქონდა, რომ მოხუცის გარდაცვალების მიზეზი სწორედ ჩხუბი და წაქცევა იყო.

2004 წლის აგვისტოში მომხდარი აღნიშნული ინციდენტი დიდი ხნის განმავლობაში ურეაგირებოდ ედო გამოძიებას. 2005 წლის ივნისში სურათია გიგაურმა მაშინდელ ოლქის პროკურორს კახა ჭუმბაძეს შეახსენა, რომ გამოსაძიებელი აქვთ მოხუცი კონსტანტინე გიგაურის გარდაცვალების მიზეზი. კახა ჭუმბაძემ მოიკითხა საქმე და აღმოჩნდა, რომ გიგაურის გარდაცვალების მიზეზს გორის შს სამმართველოს გამომძიებელი ნიკა მერებაშვილი იძიებდა. კახა ჭუმბაძემ ნიკა მერებაშვილის ზედამხედველ პროკურორს მოხსენებითი ბარათის წარდგენა მოსთხოვა, იმასთან დაკავშირებით, თუ რა ჰქონდა გამოძიებული გამომძიებელს ინციდენტიდან 10 თვის შემდეგ.

გამომძიებელ მერებაშვილის ზედამხედველმა პროკურორმა ალექსი მაზმიშვილმა ოლქის პროკურორს ისეთი მოხსენებითი ბარათი დაუწერა, ქვა გახეთქა. მოხსენებითი ბარათი 2005 წლის 27 ივნისით თარიღდება. ზედამხედველი პროკურორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გამომძიებელმა არასწორად გამოიძია საქმე და კონსტანტინე გიგაურის გარდაცვალების ფაქტზე გამოტანილი არაღძვრის დადგენილება უკანონოდ მიიჩნია.

ციტატა მოხსენებითი ბარათიდან:
,,რაც შეეხება კონსტანტინე გიგაურისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს, რასაც 2004 წლის 27 აგვისტოს მოხდა, აღნიშნულზე წინასაგამოძიებო შემოწმება ჩაატარა გორის საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელმა ნიკა მერებაშვილმა, რომელმაც ჩატარებული შემოწმებით დაადგინა, რომ 2004 წლის 27 აგვისტოს მორიგი კონფლიქტი წამოიწყო სურათია გიგაურმა. ამ ოჯახებს აქვთ სამოქალაქო დავა საქართველოს უზენაეს სასამართლოში საერთო სარგებლოს ეზოს შესახებ, რაც საფუძველი ხდება ამ ორ ოჯახს შორის კონფლიქტური სიტუაციის. ,,მორიგი კონფლიქტის დროს (მერებაშვილის გამოძიებით - ავტ.) ეზოში იმყოფებოდნენ ალექსანდრე გიგაურის მეუღლე - ნანა გიგაური, ასევე თამარ გივიაშვილი თავის მცირეწლოვან შვილთან ერთად. სურათია გიგაურმა წყევლა და ლანძღვა დაუწყო ამ უკანასკნელებს, ხოლო კონსტანტინე გიგაური გამოესაჩლა თავის მეუღლეს, მას უნდოდა, რომ ქვა ესროლა მათი მიმართულებით. ამ დროს ნანა გიგაურმა და თამარ გივიაშვილმა დასახმარებლად მოუხმეს სახლში მყოფ ალექსანდრე გიგაურს. როდესაც ის ეზოში გამოვიდა, კონსტანტინე გიგაურმა უკან დაიხია, წაიბორძიკა და წაიქცა. რის შემდეგადაც ამ უკანასკნელმა მიიღო სხეულის დაზიანება“ - ციტატის დასასრული.

გამომძიებლის ზედამხედველმა პროკურორმა ალექსი მაზმიშვილმა გამომძიებლის დასკვნას წუნი დაუდო. აი, რას სწერს პროკურორი მაზმიშვილი ოლქის პროკურორს: ,,მიუხედავად იმისა, რომ შემოწმების მასალებით დადგენილი იყო საპირისპირო, ამასთან კონსტანტინე გიგაურს სხეულზე აღენიშნებოდა მრავლობითი ნაჭდევები, გაბზარული ჰქონდა მაჯვენა ბარძაყის დიდი ციბრუტი, დაჟეჟილი ჰქონდა მარცხენა იდაყვის სახსარი და მისი ჯანმრთელობის დაზიანება მიეკუთვნებოდა ნაკლებად მძიმე ხარისხს, გამომძიებელ მერებაშვილის მიერ 2004 წლის 26 სექტემბერს გამოტანილ იქნა დადგენილება სისხლის სამართლის საქმისა და სისხლის სამართლებრივი დევნის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, რაც უკანონოა, რადგან ალექსანდრე გიგაურის ქმედება მოიცავს სსკ-ს 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. ანუ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას, რომელიც ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თვრამეტ თვემდე ან თავისუფლების შეზღუდვით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით - ვადით ერთიდან სამ წლამდე.

პროკურორმა მაზმიშვილმა მოხსენებით ბარათს დადგენილებაც მიაყოლა. 2005 წლის 27 ივნისის დადგენილებით, გააუქმა გამომძიებელ ნიკა მერებაშვილის უკანონო დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარს რომ ეხებოდა და საქმეზე ხელახლა დაიწყო გამოძიება.

2005 წლის ივნისის შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. ვიღას ეცალა გარდაცვლილი მოხუცის საქმისთვის. ოლქის პროკურორი კახა ჭუმბაძე სკანდალების ფონზე გაუშვეს. მას ურთიერთობა დაეძაბა როგორც გუბერნიასთან, ასევე ყოვლად უაზროდ სამხარეო პოლიციის უფროსთან. კახა ჭუმბაძის დროს დაიწყო გამოძიება ხაშურის გამგებლის რევაზ ჯობაძის დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ; ასევე გორის რაიონის გამგეობის ფინანსური საქმიანობის შესწავლა, თუ სად მიდიოდა საქართველოს პრემიერის მიერ გამოყოფილი 3 მლნ ლარი. ცოტა ხანში ოლქის პროკურორი კახა ჭუმბაძე და სამხარეო პოლიციის უფროსი ვოვა ჯუღელი რესტორან „ნაჭარმაგევში“ აუხირდნენ ერთმანეთს. ჭუმბაძეს ისე აუვარდა თავში რეგიონის პირველობა, რომ ვოვა ჯუღელს ეუბნებოდა, ყველა მე უნდა მემორჩილებოდეთ, მე ვარ რეგიონში პირველიო. სამხარეო პოლიციის უფროსმა ეს ვერ აიტანა და სულ მაგიდების გარშემო არბენინა პროკურორი. ამის შემდეგ ჭუმბაძე ისევ გენერალური პროკურატურის კედლებში დააბრუნეს.

ერთი სიტყვით, მოხუცი კონსტანტინე გიგაურის გარდაცვალების რეალური მიზეზი 2007 წლამდეც არ იყო გამოძიებული. სურათია გიგაურმა კვლავ მიმართა პროკურატურას, თუ რას აკეთებს გამოძიება აღნიშნულთან დაკავშირებითო. ეს ის პერიოდია, როცა უკვე აღარც ჭუმბაძე მუშაობს პროკურატურაში და აღარც ალექსი მაზმიშვილი. 2007 წლის 6 ივნისს გამოძიების ზედამხედველმა ახალმა პროკურორმა კახა მურადაშვილმა ასეთი ცნობა შეადგინა.

,,გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კახაბერ მურადაშვილმა დღეის რიცხვს შევადგინე აღნიშნული ცნობა შემდეგზე: ჩემი კუთვნილი მობილური ტელეფონიდან, რომლის ნომერია 877 99 02 40, ვესაუბრე შიდა ქართლის საოლქო პროკურატურის ყოფილ პროკურორს ალექსი მაზმიშვილს მის მობილურ ტელეფონზე, რომლის ნომერია 893 55 61 26. მას ვკითხე, გაუქმებული იყო თუ არა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის არაღძვრისა და სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ დადგენილება. მან მიპასუხა, რომ ნამდვილად ახსოვს, 2005 წლის ივნისის თვეში მან შეისწავლა მოკვლეული მასალები კონსტანტინე გიგაურის სხეულის დაზიანების ფაქტზე, რომელზეც გამოტანილი იყო დადგენილება სისხლის სამართლის საქმის არაღძვრის შესახებ და გააუქმა იგი დადგენილებით, რის შემდეგაც დაიწყო წინასწარი გამოძიება.

დადგენილების ერთი პირი მან ჩააბარა საოლქო პროკურატურის კანცელარიას, ხოლო მეორე ჩადო საქმეში და გადააგზავნა გორის შს სამმართველოში რეაგირებისთვის“ - ამ ცნობას კახა მურადაშვილი თავად აწერს ხელს.

კახა მურადაშვილმა ყოფილ პროკურორთან სატელეფონო საუბრის შემდეგ საოლქო პროკურატურის კანცელარიაში დაძებნა დადგენილება და სულ სხვა შინაარსის დადგენილება იპოვა. ამ ფაქტსაც იგი წერილობით ადასტურებს.

,,მე ვთხოვე შიდა ქართლის საოლქო პროკურატურის კანცელარიის უფროსს მარინა ხანიშვილს, რომ მოეძებნა აღნიშნული დადგენილება, რომელმაც დაძებნა და წარმოადგინა შიდა ქართლის საოლქო პროკურატურის პროკურორის მაზმიშვილის 2005 წლის 27 ივნისის დადგენილება სს საქმის არაძღვრისა და სს სამართლებივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ.

ერთი სიტყვით, ამჟამინდელმა რიგითმა პროკურორმა ისე გადაიღო ასლი, დედანი ჩააბარა კანცელარიას და გადაღებული ასლი კი ჩადო საქმეში, ეჭვიც არ შეპარვია, რომ მაზმიშვილის მიერ 2 წლის წინ გამოტანილი დადგენილება შეცვლილი იყო.

ჩვენ პროკურატურაში დავრეკეთ და სწორედ კახა მურადაშვილთან მოვხვდით.

- ბატონო კახა, კონსტანტინე გიგაურის ცემის ფაქტზე რატომ გაქრა პროკურორ მაზმიშვილის მიერ აღძრული სისხლის სამართლის საქმის დადგენილება?

- რას ლაპარაკობთ, ორი სასამართლო ჩატარდა და განაჩენიც გამოვიდა.

- მე სასამართლოზე არ გეკითხებით... მაქვს მაზმიშვილის დადგენილება და მაქვს თქვენი ცნობა, რომელიც ეწინააღმდეგება მაზმიშვილის დადგენილებას. ეს როგორ გავიგოთ. რატომ დაიკარგა მაზმიშვილის ნამდვილი დადგენილება?

- მანდ მე მგონი ტექნიკური შეცდომაა, თუმცა არ არის შეცდომა. უბრალოდ თქვენ იურისტი არ ხართ და არ გესმით, შინაარსი.

- წერა-კითხვა და შინაარსის გამოტანა რომ ვიცი, იმიტომ გეკითხებით. რატომ წერთ, რომ საქმეში არსებობს მაზმიშვილის მიერ გამოტანილი სისხლის სამართლის საქმის არაღძვრის დადგენილება, მაშინ როდესაც მაზმიშვილმა პირიქით, სისხლის სამართლის საქმე აღძვრა მოითხოვა?

- კომენტარს არ მოგცემ...

 

 

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
როგორ აფასებთ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას დაკავებას?
დააკავეს რეალური დანაშაულისათვის, საპროცესო ნორმების დაცვით დააკავეს რელური დანაშაულისათვის, მაგრამ საპროცესო ნორმების დარღვევით დააკავეს არარეალური ბრალდებით, პოლიტიკური მოტივებით მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
ხანგრძლივი და რთული მოსამზადებელი პერიოდის, წვალების შემდეგ 30 ივლისს სარაევოში ჩავფრინდით. ცუდი მეტეოპირობების გამო, დაფრენის დროს განცდილი დიდი შიშის მიუხედავად, თვითმფრინავის ილუმინატორიდან სარაევოს
ვრცლად...
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
არქივი
    

რედაქტორის აზრი

რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
„მართლმსაჯულების ხარვეზები“ - რბილად ასე ვუწოდებთ იმ სისტემურ პრობლემებს, რაც ქართულ მართლმსაჯულებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ახასიათებდა. 
ვრცლად...
პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
შემოდგომის ბუზი
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC