22:09, Sunday, 29.03.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

უსინათლო, მოხუცი ქალი თავშესაფარს ითხოვს

04.07.2008
ნანა ფაჟავა, ზუგდიდი

პირველი ჯგუფის ინვალიდი, 70 წლის ლიანა მალანია თავშესაფარს 17 წელია უშედეგოდ ეძებს. იგი წლების განმავლობაში საქართველოს უსინათლოთა საზოგადოების ზუგდიდის სასწავლო-საწარმოო წამოწყებაში მუშაობდა. უსინათლოთა საზოგადოების პრეზიდენტმა ოროთახიანი ბინის მისაღებად ლიანა მალანიას მაშინ თანხაც გამოუყო, მაგრამ დასავლეთ საქართველოში საომარი მოქმედებების დაწყების გამო ბინათმშენებლობაც შეწყდა და სამშენებლო გაერთიანების ლიკვიდაციაც მოხდა. მას შემდეგ უბინაოდ დარჩენილმა ქალმა მცირეწლოვან ვაჟთან ერთად კარდაკარ, ნათესავებთან სიარულში მთელი ცხოვრება გაატარა.

ლიანა მალანია ახლა საკუთარ დას შეეკედლა და ზუგდიდის ცენტრში, ცხრასართულიანი სახლის მე-8 სართულზე 20 წლის ვაჟთან, გოგა ემუხვართან ერთად ცხოვრობს. რამდენიმე თვის წინ ლიანა მალანიას და საცხოვრებლად ქალიშვილთან გადავიდა, რადგან ხეიბარმა მოხუცმა ლიფტის გარეშე არსებულ სახლში გადაადგილება ვეღარ შეძლო. ქალბატონ ლიანასაც უჭირს გრძელი კიბეების ავლა, მაგრამ უკანასკნელ ძალ-ღონეს იკრებს.

ლიანა მალანია გლაუკომით - მხედველობის ნერვის სრული ატროფიით 1964 წლიდან არის დაავადებული. მხედველობა კი მან 2004 წელს სამუდამოდ დაკარგა. დის ბინაში გადაადგილება მას შედარებით უადვილდება, რადგან მისთვის ყველა კუთხე ნაცნობია. ნელი, ფრთხილი ნაბიჯებითა და ხელის ცეცებით ქალბატონი ლიანა საშინაო საქმეების კეთებასაც ახერხებს, სადილსაც ამზადებს და სამოსსაც რეცხავს.

ლიანა მალანია: „ყველაფერს ჩემი ერთადერთი შვილისათვის ვაკეთებ, მისი არსებობა ძალას მმატებს, მაგრამ გულს ის მიკლავს, რომ მის სახეს ვერასოდეს ვნახავ. აქ თავს მყუდროდ ვგრძნობ, მაგრამ საკუთარი სახლი რომ მქონდეს უფრო მშვიდად ვიქნებოდი. საკუთარ კერას კი სიბერეშიც ვეღარ ვეღირსე. ადრე სოფელ რიყეში, ქმრის მშობლიურ სახლში ვცხოვრობდით. 20 წლის წინ დავქვრივდი. ჩემი ქმარი პირველი შვილის გარდაცვალებას დარდით გადაჰყვა. ბავშვის დაბადების დღეს კი დედამთილიც გარდაიცვალა. ქვრივი ქალი ჩვილ ბავშვთან ერთად სოფელში ვეღარ გავჩერდი...“

1991 წელს ლიანა მალანია ამხანაგურ ბინათმშენებლობაში ჩაერთო, საიდანაც ოროთახიანი ბინა უნდა მიეღო. უსინათლოთა საზოგადოების პრეზიდენტმა ბინის მშენებლობისათვის საჭირო თანხა - 42.600 რუსული რუბლი ზუგდიდის ავტოსატრანსპორტო გაერთიანების ანგარიშზე ჩარიცხა, რომელიც მშენებლობას #1 ჩაის ფაბრიკის ტერიტორიაზე აწარმოებდა, მაგრამ 1991-92 წლებში, ცნობილი მოვლენების შედეგად, ბინათმშენებლობა შეწყდა. მოგვიანებით კი ავტოსატრანსპორტო გაერთიანების ლიკვიდაციაც მოხდა. მიუხედავად ამისა, მისმა დირექციამ გაითვალისწინა უმწეო ქალის მდგომარეობა და სათანადო, წერილობითი თხოვნისა და თანხმობის შემდეგ თანხა ზუგდიდის მრავალდარგოვანი კომუნალური მეურნეობის ანგარიშზე 1992 წლის 11 ივნისს ჩარიცხა.

ლიანა მალანია: „კომუნალური მეურნეობის უფროსმა, ნუგზარ მალაშხიამ მითხრა, გინდა ბინა შეარჩიე, გინდა სახლი მოიძიე და გიყიდითო. ისეთი პერიოდი იყო, საცხოვრებელი სახლები არც იყიდებოდა და არც ვინმე ყიდდა, მთელი სამეგრელო შეიარაღებულ ფორმირებებს ჰქონდა დაკავებული... მალაშხიას 1996 წელს კვლავ მივაკითხე. მან მითხრა: „შენი ფული გაუფასურდა, რას მთხოვო, შენი მანეთის კურსი ახლა 4 თეთრს უტოლდებაო“. ოფიციალურ წერილშიც ასეთი პასუხი გამცა. მეორედ რომ მივედი გამომიცხადა, რომ თითქოს ჩემი ბინისათვის თანხა არც არასოდეს იყო ჩარიცხული... დეპრესიაში ჩავვარდი და დიდი ხნით ლოგინად აღმოვჩნდი“.

2004 წლის 24 დეკემბერს ლიანა მალანიამ წერილი უკვე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან გააგზავნა, სადაც მას შესაბამისი სამსახურებისგან ბინით ან მისი შესაძენი თანხით დაკმაყოფილებას, მორალური ზიანის ანაზღაურებას სთხოვდა. უსინათლო ქალის გასაკვირად პასუხმაც არ დააყოვნა და ერთი თვის თავზე რაიონის გამგეობაში დაიბარეს, სადაც განუმარტეს, რომ პრეზიდენტის განკარგულებით კომუნალურ მეურნეობას მისი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება დაევალა, თუმცა უშედეგოდ.

უსინათლო ქალი იძულებული გახდა საქმე გაესაჩივრებინა. ლიანა მალანიამ 2005 წლის აგვისტოში ზუგდიდის რაიონის სასამართლოს საჩივრით მიმართა. სასამართლო განხილვამდე მან რაიონის გამგებლიდან წერილი მიიღო.

ლიანა მალანია: „რაიონის გამგებელი, ალექსანდრე ქობალია სიტყვასიტყვით ასე მწერდა: „თანხის ჩარიცხვას პრაქტიკაში ადგილი არ ჰქონია, ბინის მიღების რიგში თქვენ არ ყოფილხართ, თავისთავად ბინას ვერ მიიღებთო“. კომუნალურის უფროსმა, ნუგზარ მალაშხიამ ისიც კი მაკადრა: „ფული ერთხელ უკვე გაიტანე და როგორ არ გახსოვსო?!“ - ეს უკვე მეტისმეტი იყო, ბრმა ქალს ცილიც დამწამეს. როდესაც ხელისუფლება და მოსამართლეები მიხვდნენ, რომ მე არაფერს დავთმობდი და ვერც მომატყუებდნენ, გარიგება შემომთავაზეს“.

2005 წლის 27 დეკემბერს ზუგდიდის მრავალდარგოვანი კომუნალური მეურნეობის უფროსსა და ლიანა მალანიას შორის მორიგების აქტი შედგა, რომლის მიხედვითაც ნუგზარ მალაშხიამ იკისრა ვალდებულება, რომ პირველი შესაძლებლობისთანავე უზრუნველყოფს მოსარჩელე მალანიას ორიოთახიანი საცხოვრებელი ბინით ქალაქის ტერიტორიაზე. ლიანა მალანია კი ვალდებული იყო ოროთახიანი ბინით დაკმაყოფილების შემთხვევაში ფულად თანხაზე პრეტენზიები არ განეცხადებინა. მხარეები ასევე შეთანხმდნენ იმაზეც, რომ მორიგების დამტკიცებისა და საქმის შეწყვეტის შესახებ განჩინება არ გასაჩივრდება.

შეთანხმება არ დარღვეულა, მაგრამ 2006 წლის 4 ივლისს კომუნალური მეურნეობის მრავალდარგოვანი გაერთიანების საბინაო კომისიის სხდომაზე ლიანა მალანიას თამარ მეფის ქუჩა #3-ში მდებარე ცხრასართულიანი სახლის პირველ სართულზე ისეთი ფართი გამოუყვეს, რომელიც საცხოვრებლად უვარგისი იყო.

ლიანა მალანია: „როგორც შევიტყვე, პირველი სართული სავაჭრო ობიექტებისთვის იყო განსაზღვრული. იქ ახლა მხოლოდ ცარიელი ბეტონის კედლებია და სადარბაზოდან შესასვლელიც არ აქვს, მისასვლელი კიბე გარედან უნდა გაუკეთდეს. ამისათვის თანხები სად მოვიძიო, ვინ გამომიყოფს?! ერთადერთი ნივთი, რაც ჩემი საკუთრებაა, არის მაგიდა. სხვა არაფერი მაბადია, რომ გავყიდო. ყველაფერი შვილის აღზრდას და ელემენტარული განათლების მიღებას მოვახმარე. როგორც უმწეოს, სოციალური დახმარება მქონდა და ისიც მომიხსნეს, მითხრეს: „ორი ქულით მეტია და აღარ გეკუთვნითო“. ვისღა შევჩივლო?!“

რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობას ერთდროული დახმარების მიღების თხოვნით ლიანა მალანიამ ცოტა ხნის წინ მიმართა, იგი 300 ლარს ითხოვდა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია შესაბამისი კომისიის გადაწყვეტილება. ბინის გასარემონტებლად ეს თანხა მცირეა, მაგრამ უსინათლო ქალბატონს საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების იმედი აქვს.



Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაბრუნებას?
დიახ არა არ მაქვს პასუხი

ბლოგი

შშმ მსჯავრდებულთა უფლებები პენიტენციურ დაწესებულებაში
შვიდი წელია არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრში ვმუშაობ და ამდენივე წელია, რაც პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულთა უფლებრივ მდგომარეობას ვსწავლობ.
ვრცლად...
გორაშვილი vs ნაჭყებია
სიკვდილით სავსე ქალაქი
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC