კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვის და რატომ არ აწყობს მედიის თავისუფლება საქართველოში?

23 სექტემბერი, 2008

ნონა სუვარიანი, თბილისი

„ჩვენი დემოკრატიისათვის გამოწვევად რჩება მედიის სრული მიუკერძოებლობა და თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველა ოპოზიციური პარტიის მიერ“, აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა 16 სექტემბერს პარლამენტის წინაშე წლიური ანგარიშის წარდგენისას. ეს ფრაზა მედიის და არა მხოლოდ მედიის წარმომადგენელებმა იმის აღიარებად მიიჩნიეს,  რომ საქართველოში მედიას მძიმე პირობებში უწევს მუშაობა.

იმედი, რომ „მიუხედავად რთული სიტუაციისა, საქართველო მყარად იდგება დემოკრატიისა და რეფორმების გზაზე“ ნატო-ს გენერალურმა მდივანმაც გამოთქვა. სავარაუდოდ, იაპ დე ჰოოპ სხეფერი  სწორედ იმ რეფორმებზე საუბრობდა, რომლებზეც პრეზიდენტმა პარლამენტში გაამახვილა ყურადღება.

თუმცა, რამდენადაც იმედის მომცემი არ უნდა იყოს პრეზიდენტის სიტყვები „მედიის მიუკერძოებლობისა და თანაბარი ხელმისაწვდომობის შესახებ“, საზოგადოებას ეჭვი ისევ აწუხებს. ეჭვი კი მარტივი მიზეზით აიხსნება: მსგავსი დანაპირები ჩვენს საზგადოებას ბევრი ახსოვს...

პრეზიდენტმა ყურადღება ტელეკომპანია „კავკასიაზე“ გაამახვილა, რაც ჟურნალისტ ია ანთაძის თქმით, ზოგად სურათზე მეტყველებს.

„როდესაც მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა „კავკასია“-ზე, ეს ნიშნავდა იმას, რომ სხვა ტელევიზიები იმდენად დამოუკიდებლები არ არიან, რამდენადაც „კავკასიაა“. ჩვენ მისათითებლად მხოლოდ ერთი არხი არ გვჭირდება. „კავკასია“ ხომ არის, ინტერნეტი ხომ არის“. „ხომ არის“ თავისთავად გულისხმობს, რომ სხვა რაღაც არ არის“.

პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ საზოგადოებაში ბევრი პასუხგაუცემელი შეკითხვა არსებობს, ამიტომ დებატები საუკეთესო ფორმატია, სადაც ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს შეხვდებიან.

ტელეკომპანია „კავკასიის“ გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის თქმით, დებატებისთვის ყველა კარგა ხანია მზადაა. საჭიროა მხოლოდ ხელისუფლების ნება, რომ დებატები „თავის არხებზე“ გაუშვას ან საერთოდ მიიღოს მათში მონაწილეობა.

„ჩვენ დიდი სიამოვნებით გავმართავდით დებატებს, ამ დებატებში ხელისუფლება თუ მიიღებდა მონაწილეობას. სამწუხაროდ, ისინი არ არიან მზად. არც ჩვენ ვიკლავთ თავს მათთან რეკვით. როდესაც რამდენჯერმე ვცადეთ, მათი მხრიდან იგნორი მივიღეთ. ჩვენც აღარ გვიცდია. ახლო მომავლაში ვიწყებთ ახალ პროექტებს და ვეცდებით მათთან დაკავშირებას. მერე გამოჩნდება, არიან თუ არა ისინი მზად.

პრეზიდენტის გამოსვლიდან მე პირადად დავინახე, რომ ისინი მედიის თავისუფლების დაშვებას არ აპირებენ. შეიძლება საზოგადოებრივ მაუწყებელზე თვალის ასახვევად გაუშვან დებატები, სადაც გია თორთლაძე და გოკა გაბაშვილი, რომლებსაც სადებატო, რეალურად, არაფერი აქვთ, ერთმანეთის პირისპირ დასხდებიან. რაც შეეხება სახელმწიფოს მიერ მართვად არხებს, არ მგონია, იქ რამე შეიცვალოს. დებატები მათთვის არის, ვინც ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებების მიღებაზე არის პასუხისმგებელი“.

რაც შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს, დებატების  გაჩენამ იქ არ დააყოვნა და მომავალი ორშაბათიდან პოლიტიკური თოქ შოუ „დღის კომენტარი“ ისევ აღდგება.

სოფო კვინტრაძე:  „თოქ შოუ ჩვეულებრივად კვირაში ორჯერ, ძველი ფორმატით გავა. ეთერის განახლებას 1 დეკემბრიდან ვაპირებთ. 1 დეკემბრამდე არის კიდევ ორი თვე. მაგრამ ვინაიდან საზოგადოებაში ამ პოლიტიკურ თოქ შოუებზე და დებატებზე მოთხოვნილება არის, გადავწყვიტეთ ახლავე აღვადგინოთ ძველი ფორმატით მაინც. შემდეგ უკვე პოლიტიკური თოქ-შოუები ეთერში სრულიად განახლებული ფორმატით გავა“.   

უცნაურია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობამ თოქ შოუების მოთხოვნასა და აუცილებლობაზე ახლა, პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, იფიქრა. არადა ომის შემდეგ საზოგაობის ამ მოთხოვნის შესახებ მიხვედრა არც ისე რთული იყო...

„ლამაზი საუბარი“ და „მხოლოდ კოსმეტიკა“ - ასე დაახასიათა რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლა. პოლიტიკოსი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა 5 წლის განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცა, რომ არ შეუძლია იყოს დემოკრატი ლიდერი.

„ყოველთვის, როდესაც დასავლეთიდან ზეწოლას გრძნობდა, გამოდიოდა და ყვიროდა, რომ ეს მისი ბრალი არ იყო და რომ ახლა ყველაფერი შეიცვლება. სასამართლოს გულისხმობდა. მაგრამ, ვხედავთ, დღესაც რა გაგვაჩნია.

მე ახალს არაფერს ველოდები, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლებას პარლამენტში სრულიად კონფორმისტული უმცირესობა ჰყავს, როდესაც ოპოზიცია და ხელისუფლება პარლამენტის ტრიბუნასთან ერთმანეთს დემაგოგიაში და რიტორიკაში ეჯიბრებიან და არა რეალურად პრობლემების გამოვლენასა და მოგვარებაში“.

თინა ხიდაშელი აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილმა კარგად იცის, რა არის თავისუფალი მედია, ამიტომ მედიის თავისუფლებას ის არასდროს დაუშვებს. რადგან თავისუფალი მედია ხელისუფლებიდან მის წასვლას ნიშნავს.

„იმედი მაქვს, საქართველოში ერთი ჟურნალისტი მაინც გამოჩნდება, რომელიც ხმამაღლა ისაუბრებს, რა ინსტრუქციებს აძლევენ ტელეჟურნალისტებს ყოველ ორშაბათს თათბირებზე. თუ რამე მოხდება და ქართულ ტელესივრცეში ერთი თოქ შოუ მაინც გამოჩნდება, ეს იქნება ამ ინსტრუქციების გაგრძელება: თითქოს საქართველოში არასაპარლამენტო ოპოზიცია არ არსებობს, თითქოს არ არსებობენ ახალი დევნილები, თითქოს საქართველოში არ არსებობს მსხვერპლი. არ არსებობენ დამოუკიდებელი ექსპერტები. არსებობს მხოლო 3-კაციანი სია ადამიანებისა, რომლებიც ქართული ტელესივრცის მუდმივი სტუმრები არიან“.

ის, რომ საქართველოს დემოკრატიზაციით ევროსტრუქტურები არიან დაინტერესებულნი და ამაზე ხმამაღლად საუბრობენ, ასევე იმედის მომცემია. სწორედ მედიის დამოუკიდებლობა არის ლაკმუსის ქაღალდი და ამავდროულად კატალიზატორი ქვეყნის დემოკრატიზაციის გზაზე. თუმცა რესპუბლიკელი თინა ხიდაშელი დარწმუნებულია, რომ ქართული მედიის დამოუკიდებლობას არც ეს უშველის.
 
„მთელი ამ წლების განმავლობაში ყოველ წელს თითო ტელევიზია ქრებოდა. გადაცემები ეთერიდან  ქრებოდა. რადიოებს ჰქონდათ პრობლემები. ამის შესახებ მთელმა მსოფლიომ იციდა, მათ შორის ევროკავშირმაც. მაგრამ ამის გამო დიდი ისტერიკა არავის აუტეხავს. სამწუხაროდ, ეს იმიტომ, რომ საქართველო მათთვის ცენტრალური ქვეყანა არ არის. საქართველომ ამხელა ყურადღება ომის გამო მიიპყრო. ომით გამოწვეული დესტაბილიზაცია მთელი მსოფლიოსთვის საფრთხის მატარებელი იყო, თან იმის გათვალისწინებით, რომ მონაწილე რუსეთი იყო. ყველაზე სამწუხარო მთელ ამ დისკუსიაში, რომელიც მსოფლიო მედიაში მიმდინარეობს ის არის, რომ ყველამ დაივიწყა საქართველო და საუბარი რუსეთზე და იმ საფრთხეზე დაიწყო, რომელიც რუსეთი ქმნის მსოფლიოსთვის“.

სწორედ ამიტომ თინა ხიდაშელს არ აქვს იმედი, რომ ევროპა „გადაირევა“ და საქართველოს  დემოკრატიაზე დაიწყებს ზრუნვას. მისი თქმით, ეს მხოლოდ ჩვენი გასაკეთებელი საქმეა“.

ჟურნალისტი ია ანთაძე აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტი უკვე მეორედ დგება არჩევანის წინაშე: მან უნდა აირჩიოს ან მილიტარიზაციის  ან დემოკრატიზაციის და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების გზა.

„შესაძლებელია პრეზიდენტს გარემომ უკარნახოს, რომ შეცვალოს მართვის სტილი, რაც არსებული მდგომარეობიდან საუკეთესო გამოსავალი იქნება. თუ ეს არ მოხდება, მაშინ ჩვენ გავაგრძელებთ იგივე გზას, რომელმაც მძიმე შედეგამდე მიგვიყვანა“.

ჟურნალისტი საუბრობს მედიის გათავისუფლების ერთ-ერთ გზაზე.

„რუმინეთში არსებობს ტელეკომპანია  „პრო“, რომელიც ცენტრალური ევროპის მედიაჯგუფს ეკუთვნის. ამ ორგანიზაციას აღმოსავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანაში თავისი მედიაორგანიზაციები აქვს. შეიძლება მას ან ნებისმიერ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციას ინტერესი გაუჩნდეს, თავის ტელევიზია საქართველოშიც დააფუძნოს.

მაგრამ, იმისთვის რომ აქ დააარსოს ტელეკომპანია, მას ხომ სიხშირე და ლიცენზია დასჭირდება. თან უნდა არსებობდეს ხელისუფლების ნებაც, რომ უცხოელს მისცეს სიხშირე დამოუკიდებელი ტელევიზიის შესაქმნელად“.

ახლო მომავალში ხელისუფლებას ერთი გამოცდა მაინც ექნება ჩასაბარებელი. 30 სექტემბერს ტელეკომპანია „მაესტროსთვის“  ლიცენზიის გაცემა-არგაცემის საკითხი საბოლოოდ გადაწყდება. მოსამართლის საბოლოო გადაწყვეტილება გამოაჩენს ხელისუფლების რეალურ მისწრაფებებს.

 

ახალი ამბები