კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სიღნაღში საკუთრების ხელყოფა გრძელდება

24 სექტემბერი, 2008

გელა მთივლიშვილი, კახეთი

გასულ კვირას საქართველოს პრეზიდენტი რამდენიმე საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივით გამოვიდა. მიხეილ სააკაშვილი საკუთრების საკითხსაც შეეხო. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საკუთრების უფლება დაცული უნდა იყოს და სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე საკუთრებას ვერავის ვერ უნდა ართმევდნენ. სააკაშვილის ამ განცხადების მიუხედავად, სიღნაღში საკუთრების ხელყოფა გრძელდება. მოქალაქე ვალერი გონიაშვილს 800 კვ.მ ნაკვეთს ართმევენ. გონიაშვილი საკუთრების წართმევის მცდელობაში სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელს ზაზა ზედელაშვილს ადანაშაულებს.

ვალერი გონიაშვილი 2008 წლის 17 მარტიდან არის ქ. სიღნაღში, გორგასლის ქუჩაზე 800 კვ.მ ტერიტორიის მესაკუთრე, რაც იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის მიერ გაცემული ამონაწერითაც დასტურდება. ვალერი გონიაშვილი მიწის ნაკვეთს 30 წელია ფლობს, თუმცა მისი საკუთრებად დარეგისტრიტრება კანონმდებლობის სრული დაცვით, საპრეზიდენტო პროგრამის `რაც შენია, შენიას~ ფარგლებში განახორციელა.

„ნაკვეთზე საკუთრების მოწმობა სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებულმა საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ გასცა, რის შემდეგაც საჯარო რეესტრშიც დავარეგისტრირეთ. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მცირე ბიზნეს საქმიანობის დაწყება გვინდოდა, მაგრამ სიღნაღის გამგებელმა ზაზა ზედელაშვილმა ამის საშუალება არ მოგვცა.

2008 წლის ივლისში სიღნაღის გამგეობას მივმართეთ განცხადებით და მშენებლობის ნებართვა ვითხოვეთ, რაზედაც არც დადებითი და არც უარყოფთი პასუხი ამ რომდე არ მიგვიღია. ნებართვის გაცემის ნაცვლად გამგებელი ზაზა ზედელაშვილი მოვიდა და გვიყვირა, რომ ხის მაგიდები და სკამებიც არ მოგვეწყო. ამასთან ერთად, გვითხრა, რომ აპირებდა იმავე კომისიის მეშვეობით, რომელმაც ნაკვეთზე საკუთრების უფლება გასცა, ჩვენთვის ადგილი ჩამოერთმია. გამგებლის ამ მუქარის შემდეგ საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარეს ნიკო ძნელაშვილს მივაკითხეთ, რომელმაც გამოგვიცხადა, რომ მიწას ისევ გვართმევენ, რადგან ზეწოლას ახდენენო. ვინ ახორციელებდა მასზე ზეწოლას, არ დაუკონკრეტებია.

ცნობილია, რომ სიღნაღში ზეწოლით, მუქარით და ძალადობით არაერთ მესაკუთრეს წაართვეს უძრავი ქონება. ამიტომ მაქვს საფუძვლიანი შიში, რომ საკუთრებას ჩვენც წაგვართმევენ“,- ამ შინაარსის განცხადებით მიმართა ვალერი გონიაშვილის მეუღლემ გულნარა კანდელაკიშვილმა 2008 წლის 12 სექტემბერს „ადამიანის უფლებათა ცენტრს“.

ორგანიზაციის იურისტები იმავე დღეს შეხვდნენ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს კოტე ხმალაძეს, რომელმაც აღნიშნა, რომ 12 სექტემბრისთვის, ვალერი გონიაშვილის სახელზე გაცემული საკუთრების მოწმობის გადახედვის მოთხოვნით, კომისიისთვის არავის მიუმართავს. "საკუთრების მოწმობა #215 გაცემულია კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით", - აღნიშნა ხმალაძემ. უფლებადაცვითი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე უარი თქვა კომისიის თავმჯდომარემ ნიკო ძნელაშვილმა.

იმავე დღეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ზედელაშვილმა კატეგორიულად უარყო გულნარა კანდელაკიშვილის ბრალდებები. „აღნიშნულ კომისიასთან შეხება საერთოდ არ მაქვს და არც კომისიის წევრებზე ვახდენ ზეწოლას“, - განაცხადა ზედელაშვილმა.

ამ საუბრის დროს გამგებლის ოთახში მყოფმა გამგებლის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე მათეშვილმა საკუთარი მოსაზრება გამოთქვა: „პრეტენზიებიც აქვთ ხომ... საერთოდ, ისიც გასარკვევია, ნაკვეთი როგორ დაისაკუთრეს“.

- ე. ი. ადასტურებთ, რომ გამგეობა დაინტერესებულია ვალერი გონიაშვილის საკუთრების საკითხით?

- არაფერს არ ვადასტურებთ. რაც შეეხება იმას, რომ მოქალაქის განცხადებას აქამდე ვერ ვუპასუხეთ, ეს გამგებლის მოადგილის სხვა თანამდებობაზე გადაყვანამ განაპირობა“, - განმარტა გამგებელმა.

სიღნაღის მუნიციპალიტეტში მოქმედმა საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, 20 სექტემბერს, ვალერი გონიაშვილის საკუთრების კანონიერების საკითხი განიხილა და კომისიის მიერ გაცემული საკუთრების მოწმობა გააუქმა. კომისიამ იმავე დღეს მიმართა იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურს და გონიაშვილისთვის საკუთრების უფლების ჩამორთმევა მოსთხოვა.

რის საფუძველზე და რატომ სცნო ბათილად საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ მის მიერვე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა #215, ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად კომისიის თავმჯდომარეს ნიკო ძნელაშვილს დავუკავშირდით.

„ვერაფერს გეტყვით. მე ვტოვებ კომისიის თავმჯდომარის თანამდებობას“, - განაცხადა ძნელაშვილმა.

ვალერი გონიაშვილისთვის საკუთრების უფლების ჩამორთმევის თაობაზე საჯარო რეესტრის სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურს, გადაწყვეტილება ჯერ-ჯერობით არ მიუღია.

ახალი ამბები