01:08, Saturday, 06.06.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ენერგოგანაჩენი

07.10.2008
გელა მთივლიშვილი, კახეთი

2008 წლის 3 ოქტომბერს, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ს/ს "კახეთის ენერგოდისტრიბუციის" საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე მომხმარებლების მიერ, ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესი განიხილა. მოსახლეობის მრავალგზის პროტესტის და საკანონმდებლო წინააღმდეგობების მიუხედავად, სემეკმა სადისტრიბუციო კომპანიას ე.წ. კომუნალური მრიცხველებით მოქმედების ვადა 2009 წლის პირველ ივნისამდე მისცა. 

ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია 1996 წელს საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, მომხმარებლის მონოპოლიური ფასებისგან დასაცავად შეიქმნა, თუმცა კომისიის მიერ ბოლო წლებში მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, ექსპერტები ასკვნიან, რომ კომისია მომხმარებლების უფლებებს არღვევს.

საერთო მოხმარების მრიცხველებით მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის უფლება სემეკმა ს/ს "კახეთის ენერგოდისტრიბუციას" პირველად 2005 წლის 29 ნოემბერს მიანიჭა.  დადგენილების ვადა 2008 წლის 01 ივლისამდე განისაზღვრა და კახეთის მასშტაბით დარჩენილი ინდივიდუალური მრიცხველების არმქონე მომხმარებლებზე უნდა გავრცელებულიყო, თუმცა "კახეთის ენერგოდისტრიბუციის" ხელმძღვანელობამ საერთო მრიცხველებით სარგებლობა ყველას მოსთხოვა. ამან მოსახლეობის პროტესტი არაერთხელ გამოიწვია. "კახეთის ენერგოდისტრიბუციის" აბონენტები მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადს ინდივიდუალური მრიცხველების ჩვენებით იხდიდნენ და საერთო მრიცხველების მიხედვით დარიცხული თანხების გადახდაზე უარს ამბობდნენ. ასეთ მომხმარებლებს სადისტრიბუციო კომპანია ელექტროენერგიის მიწოდებას უწყვეტდა.

"ს/ს "კახეთის ენერგოდისტრიბუციის" მიერ ელექტროენერგიის მიწოდება კომუნალური მრიცხველების საშუალებით რეგულირდება, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილებით დამტკიცებული "ს.ს. ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციის" საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე მომხმარებლების მიერ ინდივიდუალური მრიცხველების გარეშე მოხმარებული ელ. ენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესის საფუძველზე. აღნიშნული წესი მიღებულია "ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" საქართველოს კანონის მე - 5 მუხლის I პუნქტის, 28 - ე მუხლის I პუნქტის და 36 - ე მუხლის III პუნქტის "ვ" ქვეპუნქტის საფუძველზე, ს/ს "კახეთის ენერგოდისტრიბუციაში" დაწყებული საპრივატიზაციო პროცესების ხელშეწყობის უზრუნველყოფის მიზნით", - აცხადებს "კახეთის ენერგოდისტრიბუციის" გაკოტრების მმართველი ზურაბ დიღმელაშვილი.

გარდა იმისა, რომ საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე მომხმარებლების მიერ ინდივიდუალური მრიცხველების გარეშე მოხმარებული ელ. ენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესი არ უნდა შეეხოთ იმ მომხმარებლებს, რომელთაც გააჩნიათ გამართული ინდივიდუალური აღრიცხვის ხელსაწყო, ამ ნორმატიული აქტით კიდევ რამდენიმე პირობაა დადგენილი:

"მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში კომპანია ვალდებულია მოთხოვნიდან ერთი კვირის ვადაში შეამოწმოს მომხმარებლის კუთვნილი ინდივიდუალური აღრიცხვის ხელსაწყოს გამართულობა და აღნიშნულის საფუძველზე შეადგინოს აქტი ინდივიდუალური აღრიცხვის ხელსაწყოს გამართულობის ან გაუმართაობის შესახებ. თუ კომპანიამ ერთი კვირის ვადაში არ შეამოწმა და არ შეადგინა შესაბამისი აქტი, მრიცხველი ითვლება გამართულად".

აღნიშნული მოთხოვნით კომპანიას წერილობით არაერთმა პირმა მიმართა, მაგრამ "კახეთის ენერგოდისტრიბუციას" ვალდებულება არ შეუსრულებია. არადა, თუ მრიცხველი გამართულია, სემეკის დადგენილების თანახმად, მომხმარებელი გადის საერთო მრიცხველით რეგულირების სფეროდან და კომპანია ვალდებულია მომხმარებელზე დახარჯული ელექტროენერგიის დარიცხვა ინდივიდუალური აღრიცხვის ხელსაწყოს ჩვენების შესაბამისად აწარმოოს.

ამავე წესის მიხედვით, კომპანიასა და საერთო მრიცხველის მქონე უმრიცხველო მომხმარებლებს შორის თვეში ერთხელ უნდა მოხდეს შედარების აქტის გაფორმება, სადაც სხვა მონაცემებთან ერთად უნდა შევიდეს საერთო მოხმარების მრიცხველის ჩვენება, ელექტროენერგიის ტექნიკური დანაკარგები და თითოეული მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგია. შედარების აქტში შეტანილი მონაცემების საფუძველზე კომპანია შეადგენს და მომხმარებელს წარუდგენს გადახდის ქვითარს, სადაც სხვა მონაცემებთან ერთად მოცემული უნდა იყოს მომხმარებლის მიერ გადასახდელი ელექტროენერგიის საფასური, ასევე მომხმარებელთა პრეტენზიების განმხილველი სამსახურის მისამართი.

დროებითი წესის მე-8 მუხლი ადგენს, რომ "მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში კომპანიის მიერ დავალიანების მქონე აბონენტის გათიშვა უნდა განხორციელდეს ინდივიდუალურად". ს/ს "კახეთის ენერგოდისტრიბუცია" კი სხვა მოთხოვნებთან ერთად ამ მოთხოვნასაც არღვევს და დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში არა მხოლოდ ერთი საერთო მრიცხველით მოსარგებლე მომხმარებლების ჯგუფს უწყვეტს ელექტროენერგიის მიწოდებას, არამედ ბოლო დროს მთლიანად ტრანსფორმატორს თიშავს. შედეგად ათასობით ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე რჩება, რის გამოც მოსახლეობაში დიდი დაპირისპირებაა, განსაკუთრებით სადღესასწაულო, დასვენების ან მათ წინა დღეს, რა დროსაც ენერგოკომპანიას წესით ასევე ეკრძალება მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა.

სემეკ-ის 2006 წლის 15 მაისის #18 დადგენილების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოსახლეობისათვის 220/380 ვოლტ ძაბვაზე, მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის მიხედვით ელ. ენერგიის შესასყიდი ტარიფებია: 100 კვტსთ-ის ჩათვლით 11.00 თეთრი / კვტსთ (12.98 თეთრი / კვტსთ დღგ-ის ჩათვლით);  101 კვტსთ-დან 300 კვტ.სთ-ის ჩათვლით 14.0 თეთრი / კვტსთ (16.52 თეთრი/კვტ.სთ დღგ-ის ჩათვლით); 301 კვტსთ და მეტი 14.83 თეთრი / კვტსთ (17.49 თეთრი / კვტსთ დღგ-ის ჩათვლით).
 
წესით, საერთო მოხმარების მრიცხველების მქონე აბონენტები მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს პირველი საფეხურის (100 კვტსთ-მდე) ტარიფით უნდა იხდიდნენ, თუმცა "კახეთის ენერგოდისტრიბუცია" მომხმარებლებს ელექტროენერგიის საფასურის გადახდას მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობის მიხედვით სთხოვს, ე.ი. თუ აბონენტის მიერ მოხმარებული ელექტროენერგია საანგარიშო დროის განმავლობაში 301 კვტსთ-ს აღემატება, მომხმარებელს 1 კვტსთ ელ. ენერგიაში 17.49 თეთრის გადახდა უწევს.

"კახეთის ენერგოდისტრიბუცია" რომ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს უხეშად არღვევს, ამის თაობაზე სემეკი ინფორმაციას ფლობს. ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიას წერილობით არაერთხელ აცნობეს, რომ კომპანია მომხმარებლებს აშანტაჟებს და ფულს სძალავს, მაგრამ უშედეგოდ.

2008 წლის 3 ოქტომბერს, სემეკმა ს/ს "კახეთის ენერგოდისტრიბუციის" საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე მომხმარებლების მიერ, ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესი განიხილა. მოსახლეობის მრავალგზის პროტესტის და საკანონმდებლო წინააღმდეგობების მიუხედავად, სემეკმა სადისტრიბუციო კომპანიას ე.წ. კომუნალური მრიცხველებით მოქმედების ვადა 2009 წლის პირველ ივნისამდე მისცა. 

ენერგოომბუდსმენის მალხაზ ძიძიკაშვილის თქმით, ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის ეს გადაწყვეტილება უსამართლოა, მაგრამ ამ ეტაპზე ეს არის ერთადერთი მექანიზმი, რომლითაც მოხმარებული ელექტროენერგიის დაანგარიშებაა შესაძლებელი.

არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტი ლია ხუროშვილი აცხადებს, რომ "კომუნალური მრიცხველების მიხედვით მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ვალდებულება ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა, რადგან სხვისი ვალდებულების იძულებით დაკისრებას წარმოადგენს", - აღნიშნავს იურისტი.

კომუნალური აღრიცხვის წესი წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონთან "მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ." აღნიშნული კანონის მე-2 და მე-6 მუხლების შესაბამისად მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს სათანადო ინფორმაცია პროდუქციის რაოდენობაზე, ასევე მიიღოს გამყიდველისაგან ინფორმაცია მიღებული პროდუქციის წონის ან მოცულობის შესახებ, რომლის საშუალებაც ამ შემთხვევაში არ ეძლევა.

ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის განმარტებით, კომუნალური აღრიცხვის შემოღება მოხდა გარდამავალი პერიოდისათვის, ვინაიდან კომპანიას საკუთარი რესურსი არ გააჩნდა მასობრივად მოეწსრიგებინა აღრიცხვის კვანძი და ქსელი. "საქართველოს ენერგოსექტორში შექმნილი იყო რთული მდგომარეობა და სხვა ალტერნატივა არ არსებობდა. მაგრამ კომუნალური წესით ანგარიშსწორება არ უნდა გახდეს მუდმივი, ეს მხოლოდ დროებით ხასიათს უნდა ატარებდეს. ამასთან ერთად კომპანიამ უნდა განახორციელოს სემეკ-ის დადგენილებით განსაზღვრულ ვადებში ინდ. გამრიცხველიანება", - აცხადებენ სემეკში.

"კახეთის ენერგოდისტრიბუცია" ვერც ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას ახორციელებს და ამას მწირი შემოსავლებით ხსნის. კომპანია 2005 წლიდან გაკოტრების რეჟიმშია. 2006 წლიდან კომპანიის საპრივატიზაციო პროცესი დაიწყო. ამ დრომდე 4 კონკურსი და 1 აუქციონი ჩატარდა, მაგრამ კომპანია არ გაიყიდა. გაკოტრების რეჟიმში მყოფი ს/ს "კახეთის ენერგოდისტრიბუციის" მმართველის ყოველთვიური ხელფასი 18 ათას ლარს შეადგენს.



Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

ძალადობის მსხვერპლი ქალები
ასაკის მატებას ერთი უპრატესობა აქვს, მრავალწლიან გამოცდილებასთან ერთად საზოგადოებრივი ცნობიერების ცვლილების უშუალო მონაწილე ხდები. ეს ცვლილებები შემდეგ უკვე საკანონმდებლო ცვლილებებში აისახება. დრო ცვლის
ვრცლად...
ქალ პატიმართა მოლოდინები
სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC