13:04, Tuesday, 31.03.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

რუსულ-აფხაზური პროვოკაციის შედეგები და მორიგი ქართული შეცდომა

31.10.2008
ნანა ფაჟავა,წალენჯიხა

წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავაში განხორციელებულ აფეთქებას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. რაიონის გამგებელი გია მებონია და ადგილობრივი მცხოვრები ოთარ საბულუა აფეთქების შედეგად ადგილზევე დაიღუპნენ. შემთხვევის ადგილზე დაჭრილი ზვიად ლაგვილავა კი ურთულესი ქირურგიული ოპერაციის შედეგად მკურნალობას ზუგდიდის ცენტრალურ საავადმყოფოში გადის. ოფიციალური ინფორმაციით აფეთქება მართვადი ნაღმის საშუალებით რუსულ-აფხაზური ბლოკ-პოსტიდან მაშინ განხორციელდა, როცა სამართალდამცავები, გამნაღმველები, ხელისუფლების წარმომადგენლები და ჟურნალისტები ღამით დაცხრილული საბულუას სახლის დასათვალიერებლად იყვნენ მისულები.

მოვლენებს ევროკავშირისა და გაეროს მისიებიც აკვირდებოდნენ. იყო თუ არა შესაძლებელი პროვოკაციის თავიდან აცილება?! შეცდომა თუ არაპროფესიონალიზმი _ როგორ მოქმედებდნენ გამნაღმველები და სამართალდამცავები დანაღმულ ტერიტორიაზე?! როგორ აღმოჩნდნენ ინციდენტის ადგილზე ჟურნალისტები და ხელისუფლების წარმომადგენლები?! – ამ კითხვაზე ოფიციალური პასუხი არ არსებობს, თუმცა საავადმყოფოსთან შეკრებილი ადამიანები ერთმანეთს სწორედ ამ კითხვებით მიმართავდნენ.

25 ოქტომბერს, დღის ორის ნახევრისთვის მძიმედ დაჭრილი გია მებონია და პოლიციელი ზვიადი ლაგვილავა ზუგდიდის ცენტრალურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს, თუმცა რაიონის გამგებელი უკვე გარდაცვლილი იყო. სამედიცინო ექსპერტის, როინ ფეტელავას განცხადებით, მას თავის ქალა ჰქონდა დაზიანებული.

როინ ფეტელავა: "გია მებონიაზე ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ დაზიანებულია მხოლოდ თავის ქალა. ამოღებულია ნამსხვრევი და შესაბამისი ექსპერტიზა დაადგენს თუ რა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღიდან ან რა სახის ასაფეთქებელი მოწყობილობიდან აქვს მიყენებული დაზიანება".

წალენჯიხის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილეს, ზვიად ლაგვილავას კი ჭრილობები მხრისა და გულმკერდის არეში ჰქონდა მიყენებული. ქირურგიული ოპერაცია 4 საათი გაგრძელდა.

როლანდ ახალაია, ქირურგი: "დაჭრილის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურად მძიმეა, იგი ჯერ კიდევ რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მას ჰქონდა შემღწევი ჭრილობა გულმკერდის არეში, ფილტვის დაზიანებით. ჭურვის ნამსხვრევი გულთან ახლოს იყო გაჩერებული. გამჭოლი ჭრილობა აღენიშნებოდა მარცხენა მხრის არეში".

მუჟავას მკვიდრი, შემთხვევის ადგილზე ასევე მძიმედ დაჭრილი, ოთარ საბულუა ჯვარზენის საავადმყოფოდან ზუგდიდში მოგვიანებით, ოთხი საათისთვის გადმოიყვანეს. თუმცა მანამდე ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოსთან შეკრებილი სამართალდამცავები საუბარში აღნიშნავდნენ, რომ საბულუას ზუგდიდში გადმოყვანას მისი მდგომარეობის სიმძიმის გამო აზრი არ ჰქონდა. არ არის ცნობილი, თუ რატომ შეიცვალა ვითარება და რატომ გახდა აუცილებელი ქუთაისის ეროვნული სამედიცინო ცენტრიდან რეანომობილის გამოძახება, რომელიც ათიოდე წუთში უკან საბულუას გარეშე დაბრუნდა.

ოთარ საბულუას გადარჩენის იმედი კი საავადმყოფოსთან შეკრებილ მის ახლობლებს ბოლო წუთამდე ჰქონდათ. ნაზი საბულუა, ოთარ საბულუას და იმ წუთებს იხსენებდა, როცა ჟურნალისტებმა მისი ძმა სახლის დასათვალიერებლად იძულებით წაიყვანეს.

ნაზი საბულუა: "ჩემი ძმის ოჯახი 24 ოქტომბრის ღამეს სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. იმ ღამეს ცოცხლებმა ჩემთან გამოაღწიეს. ჩემი ოჯახი მისი სახლიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში მდებარეობს, დილით ჩემმა ძმამ მისი სახლი შორიდან შეათვალიერა. დღის 12 საათისთვის კი ხელისუფლების წარმომადგენლები და ჟურნალისტები მოვიდნენ. ერთ-ერთმა კორესპონდენტმა ჩემს ძმას უთხრა, შენი სახლის გადასაღებად მივდივართ და გამოგვყევიო. ოთარმა უარით უპასუხა, ის ტერიტორია დანაღმულია და იქ მისვლა საშიშია, ვერ გამოგყვებითო. კორესპონდენტმა კი თქვა, ჩვენ შევდივართ და სახლის პატრონი როგორ არ მოდიხარო, აბა, წინ გაგვიძეხიო..."

როგორც ირკვევა, ოთარ საბულუას სახლთან მიახლოების სურვილი არც რაიონის გამგებელს ჰქონია. ტელეარხებით ცნობილი გახდა, რომ საბულუას სახლის დაცხრილვის შესახებ შესაბამისი კომენტარები ინციდენტამდე რამდენიმე წუთით ადრე უკვე გაკეთებული იყო. გამგებელი, გია მებონია და საკრებულოს თავმჯდომარე, გია ხარჩილავა მომხდართან დაკავშირებით შეფასებებს ყველა სატელევიზიო რეპორტაჟში აკეთებდნენ. თუმცა, უცნობია რატომ გახდა აუცილებელი დაცხრილული სახლის ვიდეოგადაღება მაშინ, როცა ჟურნალისტების ერთი ჯგუფი დილის 5 საათზე სამართალდამცავებთან ერთად შემთხვევის ადგილზე ერთხელ უკვე იმყოფებოდა. ის, რომ გია მებონია თანამდებობრივად არ იყო უფლებამოსილი მსგავს ღონისძიებაში მიეღო მონაწილეობა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და შსს მინისტრი ვანო მერაბიშვილიც აღნიშნავდა.

ტელეარხებით განცხადებები იმასთან დაკავშირებითაც გაკეთდა, რომ გია მებონიას დაკრძალვისა და ზვიად ლაგვილავას მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებდა. არაფერი იყო ნათქვამი ოთარ საბულუაზე. კითხვები აქაც ჩნდება, თუმცა არავინ საუბრობს იმ მიზეზებზე, რეალურად თუ რას უკავშირდება საბულუას სახლის დაცხრილვა და რატომ სდუმან სამართალდამცავები.

"ადამიანის უფლებათა ცენტრის" ინფორმაციით ოთარ საბულუას სახლზე თავდასხმა პირად ანგარიშსწორებას უკავშირდება. ამ ინფორმაციის მიხედვით საბულუას წლების განმავლობაში აფხაზებთან ბიზნესურთიერთობა ჰქონდა. იგი ფერადი ლითონებისა და სიგარეტის ვაჭრობით იყო დაკავებული. ინციდენტის დროს გადაღებულ კადრებში კი ნათლად ჩანდა საბულუას ეზოში მდგარი დაცხრილული ავტომანქანები. ერთ-ერთი ვერსიით ძვირადღირებული ავტომანქანები ოთარ საბულუამ აფხაზეთიდან გასულ კვირას გადმოიყვანა, სავარაუდოდ გასაყიდად. ასე, რომ ქართველი სამართალდამცავებისთვის საბულუას საქმიანობა წესით ცნობილი უნდა ყოფილიყო.

არსებობს ვერსიაც, რომ საბულუამ აფხაზ პარტნიორებს თანხა ვერ გადაუხადა და შურისძიებაც ამ მიზნით განხორციელდა. არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. "ადამიანის უფლებათა ცენტრისთვის" ცნობილი გახდა ასევე იმ რუსულენოვანი სატელეფონო საუბრის შესახებ, რომელიც საბულუასა და უცხო პირს შორის დილის ხუთი საათისთვის მაშინ შედგა, როცა შემთხვევის ადგილზე პოლიცია და ჟურნალისტები მივიდნენ. ამ საუბრის დროს საბულუას ყველა ის პირი დაუსახელებია, ვინც მის სახლში იმყოფებოდა... ან რატომ გახდა საეჭვო ორი ცალი მობილური ტელეფონი, რომელიც მძიმედ დაჭრილ საბულუას შარვლის ჯიბეში აღმოაჩნდა?!

რაც შეეხება აფეთქებას. ამ დრომდე არ არის გამოქვეყნებული საბოლოო  ოფიციალური დასკვნა იმის შესახებ, თუ რა ტიპის იარაღიდან განხორციელდა აფეთქება. ფაქტია, რომ გია მებონიას ნაღმზე ფეხი არ დაუდგამს. წინასწარი, ოფიციალური ინფორმაციით აფეთქება მართვადი ნაღმიდან განხორციელდა. გავრცელდა ვერსიაც, რომ ნაღმი ხეზე, იმ ადგილას იყო ჩამოკიდებული, სადაც მებონიამ გაიარა...

"ადამიანის უფლებათა ცენტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში ერთ-ერთი რესპოდენტი ამბობს: "გია მებონიასა და გია ხარჩილავას უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობა ხალხის წინაშე გასაგებია, ჟურნალისტური ინტერესიც ცნობილია, მაგრამ სად იყვნენ ამ დროს სამართალდამცავები, გამნაღმველები, რომლებსაც ტერიტორიაზე განაღმვითი ოპერაციები უნდა ჩაეტარებინათ?! როგორ დაუშვეს მათ დანაღმულ ადგილებში სამოქალაქო პირების შეშვება და რატომ არ იყო დაცული უსაფრთხოების ელემენტარული ზომები?!"

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

შშმ მსჯავრდებულთა უფლებები პენიტენციურ დაწესებულებაში
შვიდი წელია არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრში ვმუშაობ და ამდენივე წელია, რაც პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულთა უფლებრივ მდგომარეობას ვსწავლობ.
ვრცლად...
გორაშვილი vs ნაჭყებია
სიკვდილით სავსე ქალაქი
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC