კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟურნალისტები რადიო “იმედის” დირექტორს განსხვავებული აზრისთვის დევნაში ადანაშაულებენ

14 ნოემბერი, 2008

გელა მთივლიშვილი

რადიოკომპანია „იმედის“ დირექტორს ნინო გაბრიაძეს საინფორმაციო სამსახურის კორესპონდენტები განსხვავებული აზრისთვის დევნაში ადანაშაულებენ. ზეწოლის შესახებ ჟურნალისტებმა მანანა თოქმაჯიშვილმა და ნინო ცხვარაშვილმა დღეს, სახალხო დამცველის ოფისში გამართულ შეხვედრაზე განაცხადეს. ჟურნალისტების თქმით, დირექტორი მათ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებების დაწერას ავალდებულებს. მანამდე გაბრიაძის გადაწყვეტილებით, ის საზოგადოებრივ–პოლიტიკური გადაცემები დაიხურა, რომელსაც თოქმაჯიშვილი და ცხვარაშვილი უძღვებოდნენ.

როგორც ცნობილია, ტელერადიოკომპანია „იმედის“ ამჟამინდელმა მფლობელმა ჯოზეფ ქეიმ რადიო „იმედის“ დირექტორი ნონა ყანდიაშვილი თანამდებობიდან 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაათავისუფლა. რადიო „იმედის“ დირექტორად რეგიონული მართვის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დავით ტყეშელაშვილის პრესმდივანი ნინო გაბრიაძე დაინიშნა. რადიოს კორესპონდენტების ცნობით, სარედაქციო დამოუკიდებლობასა და ჟურნალისტების საქმიანობაში უხეში ჩარევა ახალმა ხელმძღვანელმა თანამდებობაზე მოსვლისთანავე დაიწყო.

„გაბრიაძემ დირექტორად დანიშვნისთანავე დაიწყო ინფორმაციის დახარისხება. ჩვენს მიერ მომზადებული ათი ინფორმაციიდან რვას ეთერში არ უშვებდა, იმ მიზეზით, რომ ზემოთ არ გაეხარდებოდათ. როდესაც პირდაპირ ეთერში პოლიტიკური თოქ–შოუები მიმყავდა და სტუმრად, მაგალითად, სახალხო დამცველს სოზარ სუბარს ან ჟურნალისტ ია ანთაძეს ვიწვევდი, გაბრიაძე მეკითხებოდა, რატომ არ ვიწვევდი  პირდაპირ ეთერში ამ ადამიანების შემცვლელებს.

- ნინო, ვის გთავაზობდა რადიო „იმედის“ დირექტორი გადაცემის სტუმრებად?

- მითითებდა, რომ მომეწვია ის ადამიანები, ვინც ხელისუფლებას მკვეთრად არ გააკრიტიკებდნენ. მე შევთავაზე ხელმძღვანელობას, რომ სტუმრებს თვითონ შევარჩევდი და მოგვეწვია ის ადამიანებიც, რომლებიც მათ სურდათ, მაგრამ ჩვენი პოზიციები ერთმანეთს არ დაემთხვა. შემდეგ ეთერიდან მოხსნეს თოქშოუ „დღის არხი“, სხვადასხვა გადაცემები, რომელსაც ვაკეთებდით. პირდაპირ ეთერში სტუმრებს უკვე აგვისტოს თვეში აღარ ვიწვევდით. გადაცემების ეთერში გასვლას სექტემბრისთვის დაგვპირდნენ, მაგრამ აღარ განაახლეს. გვეუბნებიან, რომ ჩვენ არაკვალიფიციური ჟურნალისტები ვართ, რომ გვინდა სტუმრად ყოველთვის ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები მოვიყვანოთ, თუნდაც სახალხო დამცველი, რომელთა ეთერში ყოფნაც არ გვაწყობს და ამიტომ არ შეგიშვებთ ეთერშიო. ამის შემდეგ მე გაზეთ „რეზონანსში“ გამოვაქვეყნე ჩემი სათქმელი, რადგან ამის საშუალებას რადიოს ეთერით არ მაძლევდნენ. ნინო გაბრიაძემ კიდევ ერთხელ დამიბარა თავის სამუშაო ოთახში და განმიცხადა, რომ ვალდებული ვიყავი სამსახურიდან წავსულიყავი. მე მას ვუთხარი, თუ ჩემნაირი ადამიანები არ აწყობთ, დაეწერათ ბრძანება ჩემი სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე. ამაზე გაბრიაძემ აღნიშნა, რომ განცხადება მე თვითონ უნდა დამეწერა. ამჟამად კი ვარ რადიო „იმედის“ თანამშრომელი, მაგრამ მკვეთრად შემიმცირეს ხელფასი, არ მაძლევენ ჩემზე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვნად შესრულების საშუალებას. გაბრიაძე თითქმის ყოველდღიურად მიბარებს თავის სამუსაო ოთახში და ახდენს ზეწოლას, რომ დავწერო განცხადება და სამსახურიდან წავიდე.

- რადიოკომპანიის დირექტორი სხვა თანამშრომლებზეც თუ ახდენს ზეწოლას?

- იგივე მდგომარეობაშია ჟურნალისტი მანანა თოქმაჯიშვილი, რომელმაც ზეწოლის შესახებ ასევე ისაუბრა. ხუთი თანამშრომელი იძულებული გახდა განცხადება დაეწერა და სამსახურიდან თავად წავიდნენ. თანამშრომლების დიდი ნაწილი შეეგუა ამ ვითარებას, ბევრიც ვერ ეგუება, მაგრამ ვერც აპროტესტებს.

სოზარ სუბარი, საქართველოს სახალხო დამცველი: „ამ ჟურნალისტებმა განცხადებებით რადიოს ხელმძღვანელობის შეცვლიდან მალევე მოგვმართეს. საქართველოს შრომის კოდექსი მათ ვერ დაიცავს, რადგან მათი გათავიუფლება შეუძლიათ ხელის ერთი აქნევით. კანონმდებლობა დასაქმებულის უფლებებს ვერ იცავს. ისინი საზოგადოებამ უნდა დაიცვას. თუ ჟუნალისტები რადიოდან მაინც გაათავისუფლეს, ეს იქნება პოლიტიკური ნიშნით დევნა. სწორედ ამ გზით შევეცდებით მათ დაცვას. რადიოს დირექტორის მიერ ხაზგასმა იმაზე, რომ ისინი არ არიან პროფესიონალები, ცინიზმია, რადგან რადიო „იმედს“ საქართველოში ყველაზე მაღალი რეიტინგი ჰქონდა მანამ, სანამ მის ეთერში „დღის არხი“ და სხვა მსგავსი გადაცემები გადიოდა“.

ზვიად ქორიძე, ჟურნალისტი: „მე არ ვიცი როგორია რადიო „იმედის“ ხელმძღვანელობის გაწონასწორებულობის ხარისხი. ერდათერთი რაც შემიძლია ვთქვა, ნორმალურმა მენეჯერმა კი არ უნდა გაუშვას ისინი სამსახურიდან, უნდა გაითვალისწინოს ეს შენიშვნები და დაფიქრდეს, მართლა არის თუ არა ეს პრობლემა. თუ ეს ყველაფერი ასეა, როგორც ჟურნალისტებმა თქვეს, მაშინ რადიო „იმედის“ სარედაქციო დამოუკიდებლობის ხარისხი შემცირდება და რადიო მსმენელს დაკარგავს“.

რადიოკომპანია „იმედის“ დირექტორი ნინო გაბრიაძე ჟურნალისტების ბრალდებებს უარყოფს. „როგორც ახალი ხელმძღვანელი შევეცადე კადრების გადახალისებას. ამის სრული უფლება მაქვს, რადგან ყველა მენეჯერს აქვს თავისი ხედვა და მოსაზრებები. მე ვფიქრობ, რომ მიშა ფეიქრიშვილს უკეთესად მიჰყავს გადაცემა, ვიდრე ცხვარაშვილს და თოქმაჯიშვილს მიჰყავდათ. რაც შეეხება სხვა ჟურნალისტების რადიო „იმედიდან“ წასვლას, ისინი სამსახურიდან არავის გაუშვია. მუშაობა სხვა მედიასაშუალებებში თავისი სურვილით გააგრძელეს“, - განაცხადა ნინო გაბრიაძემ.

ახალი ამბები