კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კნოლევში დევნილებს იძულებით აბრუნებენ

17 ნოემბერი, 2008

,,ფეხმძიმე ქალმა რა სოფელი უნდა გავამაგრო“

ნონა სუვარიანი, თბილისი

სოფელ კნოლევში დაბრუნებული დევნილები თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ. მიუხედავად ამისა, მათ სამშვიდობოზე დარჩენის საშუალებას არ აძლევენ. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლები დევნილებს ამგვარ არჩევანს უყენებენ, ან დაბრუნება, ან კომპაქტურად ჩასახლებულ ადგილებში ჰუმანიტარული დახმარების გარეშე ცხოვრება.

კნოლევი ბუფერული ზონის ერთ-ერთი სოფელია. მის გარშემო ოსები და რუსები დგანან. სოფელი ზნაურის რაიონს ესაზღვრება. ღამღამობით აქ სროლის ხმა ხშირად ისმის. მოსახლეობას ეშინია. თუმცა, როგორც თავად ამბობენ, წასასვლელი არსად აქვთ. კომპაქტურად დასახლების პუნქტებიდან მათ სოფლებში დაბრუნებას შიმშილის მუქარით აიძულებენ.

კნოლევიდან დევნილებს პირველად 4 ნოემბერს, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან შევხვდით. მაშინ ისინი სამინისტროს წარმომადგენელთან შეხვედრას ითხოვდნენ. მათ რუსთავის მე-17 პრიფესიული სასწავლებლის შენობის დატოვებას და სოფელში დაბრუნებას აიძულებდნენ, ქალბატონებს კი სოფელში დაბრუნების ეშინოდათ. ამაზე humanrights.ge-ზე უკვე დაიწერა: http://www.humanrights.ge/index.php?a=article&id=3269&lang=ge 

ქარელის რაიონის სამხარეო პოლიციის უფროსი ვლადიმირ ჯუღელი ირწმუნებოდა, რომ სოფელში დაბრუნება ნამდვილად უსაფრთხოა. მოგვიანებით რუსთავში იგივე გაიმეორა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენელმაც. თუმცა იგივე პიროვნება მანამდე ირწმუნებოდა, რომ სოფელში ქალბატონების ყოფნა მართლაც საშიშია. კნოლევში დაბრუნების აუცილებლობაზე სამინისტროშიც გუბერნატორის, ლადო ვარძელაშვილის ინფორმაციაზე დაყრდნობით საუბრობდნენ. თუმცა ქალბატონები, რომლებიც სამინისტროსთან გავიცანით გვიყვებოდნენ, რომ სროლის ხმა სოფელში ძალიან ხშირად ისმის.

ინფორმაციის გადასამოწმებლად humanrights.ge ქარელის რაიონის გამგებლის მოადგილეს დაუკავშირდა. ლევან აბაშაშვილმა დაგვიდასტურა, რომ მდგომარეობა არც ისე უსაფრთხოა. თუმცა ისიც აღნიშნა, რომ საუბარია არა უშუალოდ კნოლევზე, არამედ იმ ტერიტორიაზე, რომელიც  უშუალოდ საზღვართან მდებარეობს და ამის თაობაზე კომპეტენტური პირები საქმის კურსში არიან. მისივე თქმით,  ქალბატონების იძულება, დაბრუნდნენ სოფელში გაუგებრობა უნდა იყოს.

მიუხედავად ამისა, მოგვიანებით ლევან აბაშაშვილმა განგვიცხადა, რომ დევნილების  დაბრუნება მართლაც აუცილებელია, რადგან, თუ სახლები დაცარიელდება, მათ ოსები დაეუფლებიან. პოზიციები უნდა გაამაგრონო, გვითხრეს დევნილებზე. აღსანიშნავია, რომ საუბარია მხოლოდ 9 ადამიანზე, რომელთაგან 5 ბავშვია.
 
humanrights.ge  სოფელ კნოლევში ჩავიდა. მოსახლეობა აქტიურად ცდილობდა აეხსნა, თუ რა პირობებში უწევთ ცხოვრება. აღსანიშნავია, რომ სოფლიდან რუსულ
ბლოკ-პოსტამდე 70 მეტრია. კარგად ჩანს,  რუსული დროშა და რუსი სამხედროები. ტყეებსა და სოფლებში ოსები არიან განლაგებულები.

„დაუცველები ვართ. რუსების წინ ვდგავართ“.

„სულ ისვრიან. სად დავიმალო აღარ ვიცი. სახლი დანგრეული მაქვს“.

მარიამ თოთლაძე, კნოლევის მცხოვრები: „ბავშვების გამო მეშინია, ჩემს თავს არ დავეძებ. რამე რომ მოხდეს, სად წავიყვანო?! სკოლიდან დაბრუნებისას სროლის ხმა გაიგო და შეშინებულს გული წაუვიდა“.

ლედი ბირთველიშვილი, კნოლევის მცხოვრები: ,,ღამის 12-ზე რომ დაიწყო, დილის 4 საათამდე ისროდნენ. ბავშვი კრუნჩხვებში ჩამივარდა, ბავშვებს ეშინიათ, წივიან-კივიან. დამშვიდდეს სიტუაცია და შემოვიყვანთ. სოფელი უნდა გაამაგროთო, მეუბნებიან. ფეხმძიმე ქალმა რა სოფელი უნდა გავამაგრო?!“

სოფელში  გამგებლის მოადგილესთან ერთად  ჩავედით. ეს სამხედროებმაც კარგად იცოდნენ. ამიტომ მოსახლეობასთან ერთად იქ ქართველი ჯარისკაცებიც დაგხვდნენ. მოსახლეობა გვარწმუნებდა, რომ ჩვეულებრივ, იმ ადგილას, ანუ საზღვართან, არავინ დგას. ეს რეპლიკები ჯარსკაცების მხრიდან უკომენტაროდ დარჩა.

გია გულიაშვილი, ჯარისკაცი: ,,ჩვენსკენ არ ისვრიან, უბრალოდ გვაფრთხილებენ, აქ ვართ და ფხიზლად იყავითო. საშიში არაფერია, საფრთხე არ არის. ფეხმძიმე ქალებს რაც შეეხება, პრობლემა ისაა, რომ  რამე რომ იყოს, ექიმთან მისაყვანად საათნახევარი დასჭირდებათ.  სხვა მხრივ, ჩვენ აქ ვართ ასევე აქაა სპეცრაზმი და დამკვირვებლებიც ყოველ დღე ამოდიან“.

ამ სროლებს გარკვეული ახსნა ლევან აბაშაშვილმაც მოუძებნა. მისი თქმით, რუსებსა და ოსებს შორის ურთიერთობა დაძაბულია. რუსები ოსებს იარაღს ართმევენ და ამის გამო ერთმანეთში კონფლიქტი აქვთ. რაც შეეხება სოფელს, ტერიტორიას ქართველი ჯარისკაცები აკონტროლებენ.

 „ესენი თუ შემოვლენ, სანამ თქვენ დაგირეკავთ, დედას გვიტირებენ! ჩვენ აქ უსაფრთხოდ არ ვართ“, - ისროლა ერთ-ერთმა მოსახლემ რეპლიკა, რასაც აბაშაშვილის აღშფოთება მოჰყვა.

 „მოიცა ერთი წუთით, რაზე გვემდურებით?! რა არის, ჩვენ დავიწყეთ ეს ომი?! წადი მაშინ აქედან, სადაც გინდა წადი. შენი მიწაა და შენ უნდა იყო აქ. მუცლები გახეთქვაზე გაქვთ. ქვეყანას უჭირს. თქვენ კი მარტო პრეტენზიებს აყენებთ. სულ მომეცი, მომეცის რომ სთხოვ სახელმწიფოს... მოდი, აბა, ამოდი ჩემთან, დილიდან საღამომდე ხალხი მყავს“, - უყვიროდა ის ერთ-ერთ მოსახლეს, თუმცა მოგვიანებეთ აღნიშნა რომ მაინც ესმის მათი: ,,შიშის ფაქტორი ყოველთვის იქნება, როდესაც წინ რუსი გყავს. სულ რომ არ ისროლოს, მაინც გეშინია. ასპროცენტიანი გარანტია ხვალ და ზეგ არ გვექნება. მთელ მსოფლიოს ეშინია  რუსების. ვერავინ გაიგებს წინასწარ, რა მოხდება. ვერასდროს დავიჯერებდი, რომ ქარელი დაიბომბებოდა“. 

ბუფერულ ზონაში მოსახლეობაზე თავდასხმები, მოროდიორობა, ადამიანების გატაცება დღემდე გრძელდება. რამდენიმე დღის წინ ქარელის რაიონის სოფელ დვანთან აფეთქებამ ორი სამართალდამცავის სიცოცხლე იმსხვერპლა. ძალადობაზე ჰელსინკის კომიტეტის და ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებიც საუბრობდნენ, როდესაც კონფლიქტის ზონა თავად მოინახულეს.

„კონფლიქტის რეგიონში ეთნიკური წმენდა ისევ გრძელდება.  ქართულ-ოსურ სოფელ დისევში ვიყავი და ეს საკუთარი თვალით ვნახე. სოფელში სახლების  მესამედი გადამწვარია. ზოგი სახლი ჩვენი იქ ყოფნის დროსაც იწვოდა. თითქოს ქართული მოსახლეობის დასჯის გეგმაც არსებობს. სოფელში ყოფნის დროს მოსახლეებმა გვითხრეს, რომ ოსები დიდი მანქანებით იყვნენ ჩასულები. მოროდიორობა იმ პერიოდშიც იყო, როდესაც ჩვენ სოფელში ვიმყოფებოდით”, - მოგვითხრობს ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის წარმომადგენელი, ოგე ბორჩგრევინკი. მან სოფლები ოქტომბერში მოინახულა.

ცხადია, ამგვარი ინფორმაციის შემდეგ დევნილები სახლებში დაბრუნებას ფრთხილობენ. დევნილებს დროებითი დასახლების ადგილების დატოვებას შემდეგნაირად აიძულებენ: „თუ გინდათ დარჩით, მაგრამ პროდუქტებს აღარ მიიღებთ“. კნოლევის მაგალითიც ხელისუფლების ასეთ მიდგომას ადასტურებს. მოსახლეობას მხოლოდ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“  აქტიური ჩარევის შემდეგ მიაწოდეს საკვები პროდუქტები.

სახალხო დამცველის მოადგილისთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება არსებობდეს ადამიანი, რომელსაც საკუთარ სახლში ცხოვრებას, სადღაც ბაგა-ბაღში ცხოვრება ერჩივნოს. როგორც სოფო ხორგუანი აღნიშნავს, დევნილების სოფლებში იძულებით დაბრუნების ფაქტები ომბუდსმენის ოფისმაც დააფიქსირა.

სოფო ხორგუანი: „იძულება მხოლოდ იმას არ ნიშნავს, ვიღაცამ ხელი მოგკიდოს და მანქანაში ჩაგაგდოს. ზეწოლა ის არის, როდესაც გეუბნებიან, რომ დახმარება აქ აღარ გექნება. მოდის სამინისტროს ან გამგეობის თანამშრომელი და ეუბნება: ,,თქვენ აქ არ უნდა დარჩეთ, სად უნდა წახვიდეთ, ეს ჩვენი საქმე არ არის“. ასეთი ფაქტები გვაქვს. იძულება იყო, როდესაც გამოაცხადეს, აგერ დგას ავტობუსი და მიბრძანდითო. არ გეკითხებიან, გინდა - არ გინდა, უნდა ჩაჯდე და დაბრუნდე იქ, სადაც ცხოვრობდი.

ამ ზონაში დამკვირვებლები იმიტომ არიან, რომ უსაფრთხოება დაიცვან. განაღმვითი სამუშაოები დღემდე არ არის დასრულებული. მთელი ამ ტერიტორიის განაღმვა მოკლე ვადაში წარმოუდგენელიცაა. უსაფრთხოების ზომები რომ არ არის დაცული, ამაზე ადამიანის უფლებების უმაღლესმა კომისარმაც ისაუბრა. ამიტომ ადამიანების იძულებით დაბრუნება ამ სოფლებში ჩემთვის მიუღებელია.

გარდა ამისა, ერთ-ერთ კომპაქტურად ჩასახლებულ პუნქტში (სოფლის მეურნეობის აკადემიის შენობა) დევნილებთან გვქონდა შეხვედრა. თავიანთ დეპუტატთან შეხვედრა მოახერხეს და გაიგეს, რომ ოცი ნოემბრიდან მათი გასახლება დაიწყება. მათ ძალიან ბევრი კითხვა ჰქონდათ. თურმე წეროვანში უნდა ჩაგვასახლონო, სადაც ახლა დევნილებისთვის სახლებს აშენებენ. სახლები ექსპლუატაციაში შესვლას თავისი წესები აქვს: კედელი უნდა გამოშრეს, რასაც გარკვეული დრო სჭირდება; გზა, გაზი, წყალი, კომუნიკაციები უნდა გაკეთდეს. უნდა დადგინდეს, რომელ სკოლაში უნდა იარონ ბავშვებმა. ძალიან ბევრ რამეზე ვერ გაიგებ რეალობაა თუ მითი. ამბობენ, სახლში რომ შევლენ, კიდევ 5 ათასი ლარის საყოფაცხოვრებო ნივთებს მიიღებენო. თუმცა ზოგს ურჩევნია, 5 ათასი ლარი ხელზე მიიღონ, ვიდრე დახმარების პაკეტი. ზოგს უკვე მაცივარი აჩუქეს, ზოგს ტელევიზორი. თავად განსაზღვრონ, რომელი საყოფაცხოვრებო ნივთი სჭირდებათ. მერე მიწის ნაკვეთები უნდა დაგვირიგდესო, სად უნდა დაურიგდეთ, როგორ განისაზღვრება. დევნილებს ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა აქვთ“.

სოფო ხორგუანს მიაჩნია, რომ დევნილები მეტად უნდა იყონ ჩართულები იმ საკითხების გადაწყვეტაში, რომელიც მათ ეხებათ.

ახალი ამბები