კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პირობების არარსებობის გამო მოსახლეობა კონფლიქტის ზონის სოფლებს ტოვებს

17 ნოემბერი, 2008

გელა მთივლიშვილი, შიდა ქართლიდან

გორის რაიონის სოფლებში: ზემო და ქვემო ნიქოზში, ქვემო ხვითსა და ერგნეთში მცხოვრებნი დახმარებას ითხოვენ. ადგილობრივებს უსაფრთხოების გარანტიას ვერავინ აძლევს. ამასთან, დაზარალებულების განცხადებით, მათ არც საკვები აქვთ, არც გათბობა და არც სასმელი წყალი. მოსახლეობას იმ თვეებში "მოხმარებული“ ელექტროენერგიის გადასახადის გადახდასაც სთხოვენ, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს ისინი სოფლებში საერთოდ არ ცხოვრობდნენ.

ხელისუფლების დაპირებების მიუხედავად, საომარი მოქმედებების შედეგად გადამწვარი და დანგრეული სახლების ბინადარნი დღემდე უსახლკაროდ არიან დარჩენილები და თავს მეზობლებს აფარებენ. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ დაზარალებულ ოჯახებს მხოლოდ 3 მეტრი ცელოფანი მისცა, დალეწილი ფანჯრების და დაცხრილული სახურავების ამოსაქოლად. გაუსაძლისი პირობების გამო ათობით ოჯახი იძულებული გახდა, საცხოვრებლად სხვაგან, ნათესავებთან გადასულიყო. სოფელ ზემო ნიქოზში, რომელიც ცხინვალიდან 400 მეტრით არის დაშორებული, მიტოვებულ სახლებს ოსები იკავებენ.

ზემო და ქვემო ნიქოზი, ქვემო ხვითი და ერგნეთი ადგილობრივებმა 2008 წლის 8-9 აგვისტოს დატოვეს და იქ დაბრუნება მხოლოდ 10 ოქტომბერს შეძლეს. ორი თვის განმავლობაში ცხინვალთან ახლოს მდებარე სოფლებში რუსი ჯარისკაცები და ოსი შეიარაღებული პირები დათარეშობდნენ. ზემო ნიქოზის მკვიდრი ზამირა ლომსაძე, რომელმაც საკუთარი სახლის ეზოში ბომბის აფეთქების მიუხედავად, სოფელი არ დატოვა, ამბობს, რომ ოსებმა თითქმის ყველა სახლი სროლების შეწყვეტის შემდეგ გაძარცვეს.

"ცეცხლის შეწყვეტამდე მონასტერში მონაზვნებთან ერთად სარდაფში ვიმალებოდით. გვესმოდა, როგორ ესროდნენ მონასტერს, როგორ იწვოდა სახლები, თუმცა გარეთ გასვლას ვერ ვახერხებდით. სარდაფიდან მხოლოდ მას შემდეგ გამოვედით, რაც ინტენსიური სროლები შეწყდა. სახლები იმ დროისთვისაც გაქურდული იყო, მაგრამ ძირითადად მაინც მერე გაიძარცვა. ყველაფერი წაიღეს რაც გვქონდა: პურის ფქვილი, სურსათი, ძვირფასეულობა, ტექნიკა, ტანსაცმელი, თეთრეული და ლეიბებიც კი. სადაც შესვლას ვერ ახერხებდნენ, გატეხეს, დაარბიეს და ისე შევიდნენ. საქონლისა და ფრინველის ნაწილი აქ დახოცეს და შეჭამეს, დანარჩენი - წაიყვანეს. არაფერი დაგვიტოვეს", - ამბობს ზამირა ლომსაძე.

სოფელ ზემო ნიქოზში მთლიანად არის გადამწვარი 20-ზე მეტი და დაზიანებულია აბსოლუტურად ყველა საცხოვრებელი სახლი. დამტვრეულია კარ-ფანჯრები, დახვრეტილია სახურავი. ქარისგან, წვიმისგან და სიცივისგან დასაცავად გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ადგილობრივებისთვის, ერთ ოჯახზე 3 მეტრი ცელოფანი, ერთი თბილი პლედი და ერთიც სამხედრო სტილის ქურთუკი გამოყო. რაც შეეხება საკვებს, მოსახლეობის განმარტებით, დახმარებას მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციები გასცემენ, ისიც დაახლოებით 30 ოჯახზე, მაშინ როცა სოფელ ზემო ნიქოზში 300-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს.

"გვინდოდა თუ არა, 10 ოქტომბერს სოფელში იძულებით დაგვაბრუნეს. დაგვპირდნენ, რომ ყველანაირად დაგვეხმარებოდნენ, მაგრამ მას შემდეგ არც გორის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან, არც შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციიდან და არც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან არავის მოვუკითხივართ. არავინ გვიცავს. იშვიათად მხოლოდ ტელეკომპანიების კორესპონდენტები თუ მოვლენ და ისინიც აქ არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ არაფერს ამბობენ. სოფელში მხოლოდ სკოლა მუშაობს და რამდენიმე ადამიანია დასაქმებული. ომამდე თავს საქონლის და სოფლის მეურნეობის პროდუქტების გაყიდვით ვირჩენდით. საქონელი საერთოდ აღარ გვყვავს, ჩვენი სოფლის ბაღები კი ცხინვალს ესაზღვრება და იქ ვერ გავდივართ. ოსებმა თუ შეგვნიშნეს, მაშინვე სროლას იწყებენ. თანაც, ტერიტორია ამ დრომდე არ გაუნაღმავთ. ვისაც ნათესავი ჰყავს თბილისში ან სხვაგან, სურსათს ხანდახან ისინი გვაწვდიან", - ამბობს ვანო ძამუკაშვილი.

რამდენიმე დღის წინ, ზემო და ქვემო ნიქოზს, ქვემო ხვითს და კონფლიქტის ზონის 30-ზე მეტ სოფელს, აგვისტოში, სექტემბერსა და ოქტომბერში "მოხმარებული“ ელექტროენერგიის თანხის გადაუხდელობის მიზეზით ელექტროენერგიის მიწოდებაც შეუწყვიტეს.

"დევნილობიდან რომ დაგვაბრუნეს, ელექტროენერგიის ბოძები და მავთულები მიწაზე ეყარა, სოფელს ელექტროენერგია საერთოდ არ მიეწოდებოდა. აღდგენითი სამუშაოები თვითონ ჩავატარეთ და 20 ოქტომბერს დავასრულეთ. მიუხედავად იმისა, რომ 10 აგვისტოდან 10 ოქტომბრამდე სოფელში არ ვყოფილვართ და ელექტროენერგია მხოლოდ 20 ოქტომბერს მოგვაწოდეს, ამ თვეების გადასახადს კატეგორიულად გვთხოვენ. დახმარებისათვის ადგილობრივ ხელისუფლებას დავუკავშირდით, მაგრამ შიდა ქართლის ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ "ენერგო პრო ჯორჯია" კერძო კომპანიაა და მის საქმიანობაში ვერ ჩავერევითო. ბოლოს, ხალხი რომ აღელდა, დაგვპირდნენ, აგვისტოსა და სექტემბრის თანხას სახელმწიფო გადაიხდის, ოქტომბერი კი თვითონ უნდა გადაიხადოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია ელექტროენერგიას არ მოგაწვდითო. ერთი სიტყვით, ყურადღებას არავინ გვაქცევს", - ამბობს გიორგი მჭედლიძე. მისივე თქმით, ამ და სხვა პრობლემების მოსაგვარებლად შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციას დაზარალებულებმა არაერთხელ მიაკითხეს, პროტესტის ნიშნად სავტომობილო გზაც გადაკეტეს, მაგრამ უშედეგოდ.

"გუბერნატორი ვარძელაშვილი და გუბერნიაში მომუშავე ჩინოვნიკები ჩვენს დანახვაზე იმდენად აგრესიულები ხდებიან, რომ პირდაპირ გვიყვირიან, რით ვერ გაძეხითო. თვითონ საუკეთესო პირობები აქვთ. ერთი დღეც კი ვერ გაძლებენ სასმელი წყლის, საკვების, შუქის და გათბობის გარეშე", - აღნიშნეს დაზარალებულებმა.

შიდა ქართლის გუბერნატორი ლადო ვარძელაშვილი დაზარალებული მოსახლეობის პრეტენზიებს უარყოფს. "ხელისუფლება დაზარალებულებს ყველა სახის დახმარებას უწევს. რაც შეეხება ელექტროენერგიის ოთხი თვის გადასახადს, დავალიანებამ (ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი) 497 030 ლარი შეადგინა. აგვისტოს მოვლენების გათვალისწინებით, სახელმწიფო ფარავს აგვისტო - სექტემბრის დავალიანებას, რომელიც 154 631 ლარს შეადგენს. რაც შეეხება ივლისისა და ოქტომბრის დავალიანებას, მოსახლეობა ინფორმირებული იყო, რომ ამ თანხას სახელმწიფო ვერ გადაუხდიდა," - აცხადებს ლადო ვარძელაშვილი.

ოფიციალური ინფორმაციით, სოფელ ზემო ნიქოზის საჯარო სკოლაში ომამდე 160 მოსწავლე ირიცხებოდა, ამჟამად კი მხოლოდ 50 ბავშვი სწავლობს. ადგილობრივების განმარტებით, დაზარალებულ სოფლებში არსებული გაუსაძლისი პირობების გამო ათობით ოჯახმა სახლი დატოვა და საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა. მიტოვებულ სახლებს ცხინვალიდან გადმოსული ოსები იკავებენ.

ახალი ამბები