კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მსოფლიოში ფეხმძიმობის გართულებებით წუთში ერთი ქალი იღუპება

14 იანვარი, 2009

ჟურნალისტური მოკვლევა  

“დედათა და ჩვილთა სიკვდილიანობის ერთ-ერთი მიზეზი ოჯახური ძალადობაა”

ოფიციალური სტატისტიკით, ბოლო 3 წლის განმავლობაში საქართველოში 15 დედა და 2325 ჩვილი გარდაიცვალა, თუმცა აღნიშნული მონაცემები ზუსტი არ არის და გარდაცვალების შემთხვევები გაცილებით მეტია. გარდა ამისა, დაფიქსირდა მკვდრადშობადობის 1371 შემთხვევა. დედეთა სიკვდილიანობის 99% სწორედ განვითარებად ქვეყნებზე მოდის. რაც შეეხება მიზეზებს, ძირითადია ოჯახური ძალადობა, სოციალური მდგომარეობა, განათლება, მშობიარობის შემდგომი გართულებები და რისკიანი (სარდაფებში, დამალული) აბორტები.
   
როგორც გენდერული საკითხებისა და ჯანდაცვის ექსპერტები “ადამიანის უფლებათა ცენტრთან” საუბრისას აცხადებენ, ყველა მიზეზს თითქმის სოციალურ კეთილდღეობამდე მივყავართ და სანამ მოსახლეობის ცხოვრების დონე არ გაუმჯობესდება, რადიკალური ცვლილებები შეუძლებელია. ამავდროულად, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ სასწრაფოდ მისაღებია გენდერული კანონი, რომელიც სხვა ფაქტორებთან ერთად, სუსტი სქესის ოჯახური ძალადობისგან დამცველიც იქნება.
  
ის, რომ ოჯახური ძალადობა საქართველოში სერიოზული პრობლემაა, არსებული სტატისტიკაც ადასტურებს, რომელიც აღნიშნული საკითხის ტაბუირების გამო არცთუ ისე ზუსტია. არადა, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ოჯახური ძალადობა ქალებში საკმაოდ სერიოზულ დაავადებებს და პრობლემებს იწვევს. მაგალითად, ნაადრევ მშობიარობას, მკვდრადშობადობას, დედის ან ჩვილის გადრაცვალებას, ინვალიდი ჩვილის დაბადებას.
 

დედათა და ჩვილთა სიკვდილიანობა
რაც შეეხება ოჯახური ძალადობის ფაქტების სტატისტიკას, შსს-ს მონაცემებით, 2007-2008 წლებში 358 შემთხვევა დაფიქსირდა (საუბარია ისეთ შემთხვევებზე, როცა საქმეში პოლიცია ჩაერთო). აქედან 313 მსხვერპლი ქალბატონი იყო, 45 კი - მამაკაცი. როგორც ქალთა საკონსულტაციო ცენტრი - “სახლი"-ს ხელმძღვანელი რუსუდან ფხაკაძე “ადამიანის უფლებათა ცენტრთან” საუბრისას აცხადებს, რეალობასთან მიახლოებული სტატისტიკა იმიტომ არ არსებობს, რომ ქალები ამ საკითხზე საუბრს თავს სხვადასხვა მიზეზების გამო არიდებენ.

რუსუდან ფხაკაძე: “ჩვენს მენტალიტეტში ტაბუირებულია ის საკითხი, რომ ქალი უნდა იყოს საზოგადოებაში წარმოჩნილი. ან, თუ ის საზოგადოებაში წარმოდგერნილია, არც ისე ქალია; არ შეიძლება ის ოჯახის ქალი იყოს და ასე შემდეგ. რაც შეხება ოჯახურ ძალადობას, ის დედათა და ჩვილთა სიკვდილიანობის ერთ-ერთი მიზეზია. ქალს ძალიან ბევრი დატვირთვა აქვს ოჯახში. მას უფრო მეტი პასუხისმგებლობა გააჩნია შვილების მიმართ და შექმნილი არახელსაყრელი პირობები მას უფრო ფიტავს და ანგრევს. ამას ემატება ოჯახური ძალადობაც, რაც ქალის ჯანმრთელობაზე ჩუმი შხამივით მოქმედებს. საბოლოოდ კი მის ჯანმრთელობას მთლიანად ანგრევს. წელიწადში სულ ცოტა 350 ქალის მიღება გვიწევს სხვადასხვა სახის ძალადობასთან დაკავშირებით. პირველ ადგილზეა ფსიქოლოგიური ძალადობა, მეორეზე – ფიზიკური.”
 
ოჯახურ ძალადობასთან ერთად, დედათა და ჩვილთა სიკვდილიანობის ერთ-ერთ მიზეზად სპეციალისტები მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას ასახელებენ. “ქალთა ცენტრის” პრეზიდენტის, პროფესორ ია ვერულაშვილიოს თქმით, აღნიშნულ მიზეზებთან ერთად განიხილება მიგრაცია და შემოტანილი ინფექციები: “ჩვილთა  სიკვდილიანობის მიზეზი გარდამავალ პერიოდში საკმაოდ დიდი მიგრაციაა, რის შედეგადაც, ძალიან ბევრი სექსუალური გზებით გადამდები დაავადებები და შიდსი შემოდის ქვეყანაში. ისიც პრობლემაა, რომ სოციალური მდგომარეობის გამო ქალი პროფილაქტიკურ გასინჯვას არ მიმართავს. რაც შეეხება ოჯახურ ძალადობის, ის  სერიოზულ უარყოფით გავლენას ახდენს არა მხოლოდ ქალის, არამედ ბავშვის ჯანმრთელობაზეც. აქედან გამომდინარე, თუ ორსული ცხოვრობს ოჯახში, სადაც ძალადობის ქვეშაა, ფეხმძიმობა პათოლოგიურად მიმდინარეობს და ცუდი შედეგებით,  ხშირად დედის ან ჩვილის სიკვდილიანობით მთავრდება. თუ ნაყოფი გადარჩა, ის  პატარა წონისაა, რასაც მთელი რიგი პრობლემები და სირთულეები მოსდევს. ასეთი გოგონები სკოლის ასაკში დეპრესიულები არიან, ბიჭები კი აღგზნებულები და ეს ის კონტიგენტია, რომელთაც რთულ ბავშბევს ეძახიან. თინეიჯერულ ასაკში ისინი თავად არიან მოძალადეები. ამიტომ, უკვე მთელ მსოფლიოში ლაპარაკი მიდის იმაზე, რომ პრევენცია უნდა დაიწყოს მუცლად ყოფნის, ანუ, ორსულობის პერიოდში. თუ გვინდა, რომ ჯანსაღი მომავალი თაობა გვყავდეს, პრევენცია აუცილებელია.”

დასახელებული მიზეზების გარდა, დედათა და ჩვილთა გარდაცვალების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ჯანდაცვის სფეროს მოუწესრიგებლობას ასახელებს სამშობიარო სახლ “ჰერა"-ს გენერალური დირექტორი, ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი თამაზ კორძახია. მისი თქმით, მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისი, დემოგრაფიაზე კიდევ უფრო აისახება და მდგომარეობა გართულდება.

თამაზ კორძახია: "ჩვილთა თუ დედათა სიკვდილიანობაზე არსებული სოციალური ფონი პირდაპირ აისახება. ეკონომიკური კრიზისი, რომელიც საქართველოშიც დაწყებულია, დემოგრაფიაზეც სერიოზულ გავლენას მოახდენს და ძალიან გააუარესებს. პრობლემა, რაც დღეს ახალშობილთა სამსახურს აქვს, განპირობებულია იმით, რომ ორსულთა სრულფასოვანი კვლევა არ ხდება, არადა ინფექციები სიკვდილიანობის ერთ-ერთი  ყველაზე ხშირი მიზეზია. შესაბამისად, მაღალია ნაადრევი მშობიარობის პროცენტული მაჩვენებელიც. ასეთ შემთხვევაში ბავშვი მოუმწიფებელი იბადება. ხშირია სასუნქი სისტიემების პრობლემები. სამწუხაროდ, მართვით სუნთქვის აპარატებთან დაკავშირებით, ქალაქში კატასტროფული სიტუაციაა. ხშირია შემთხვევა, როცა ბავშვი სამშობიაროდან სტაციონარშია გადასაყვანი და აპარატი თავისუფალი არ არის. ამ აპარატსაც ხმარების თავისი რესურსი გააჩნია და ისეთ აგრესიულ რეჟიმში, როგორც საქართველოში მუშაობს, ვერ უძლებს და მწყობრიდან გამოდის. უფრო რთული მდგომერეობაა რეგიონებში. რაც შეეხება ფემძიმე ქალბატონებს, სახელმწიფო ქალთა კონსულტაციის  მხოლოდ 4 ვიზიტს აფინანსებს, მაგრამ ამ ვიზიტში თითქმის არაფერია ჩადებული. ვიზიტი მხოლოდ ვიზიტი ხომ არ უნდა იყოს, რომ მიხვიდე, ექიმს დაელაპარაკო და მორჩა. თუ პაციენტს რამე აწუხებს, კვლევები და მკურნალობა ხომ უნდა გაგრძელდეს, ეს არ ფინანსდება. ისევ და ისევ სოციალურ პრობლემებთან მივდივართ. რაც შეეხება ნაადრევი მშობიარობის მიზეზებს, ეს არის სხვადასხვა ინფექციები, არასრულფასოვანი კვება, სოციალური გარემო, ფსიქოემოციური სფერო და სხვა. მიზეზი იმდენად ბევრია, ხანდახან ვერც იჭერ, რატომ მოხდა. პრობლემის გამოსწორებამდე ისევ და ისევ ეკონომიკურ კეთილდრეობას მივყავართ.”   

დედათა და ჩვილთა გარდაცვალების თუ ოჯახური ძალადობის არსებულ სტატისტიკას ექსპერტები არ ენდობიან და აცხადებენ, რომ რეალობა გაცილებით მძიმეა. როგორც  ოჯახის დაგეგმვის ფედერაციის პრეზიდენტმა, ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის კვლევითი ინსტიტუტის გენერალურმა დირექტორმა, აკადემიკოსმა არჩილ ხომასურიძემ “ადამიანის უფლებათა ცენტრთან” საუბრისას აღნიშნა, მართალია, საქართველოში ოჯახური ძალადობა იმ მასშტაბის არ არის, როგორც აფრიკის ქვეყნებში, თუმცა დედათა და ჩვილთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია.

არჩილ ხომასურიძე: “საქართველოში ოჯახური ძალადობა ისეთი აქტუალური არ არის, როგორც აფრიკისა და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში. თუმცა, ძალადობა, ქალის დისკრიმინაცია, არაადამიანად ჩათვლა ისევ პრობლემაა. მეტსაც გეტყვით, აბორტების ნაწილი სწორედ ძალადობის შედეგია. სიკვდილიანიობის შესახებ  ოფიციალური მონაცემები საქართველოში პრაქტიკულად ყოველთვის ფალსიფიცირებული იყო და ის რეალურს არ შეესაბამებოდა. აცხადებენ, რომ 2007 წელს მხოლოდ 2 დედა გარდაიცვალა -  ზრაპარია. რაც ვიცი, შარშან ეს ციფრი 22 იყო. ასევე მაღალია ჩვილთა სიკვდილიანობა.”

რესპონდენტი დედათა და ჩვილთა გარდაცვალების მიზეზებად ჯანდაცვის სისტემის პრობლემებსაც ასახელებს: ”მიზეზები სამედიცინო მომსახურების დაბალ დონესაც უკავშირდება. მაგალითად, ერთ-ერთი მიზეზია მართვით სუნთქვით აპარატების კატასტროფული მდგომარეიობა ან ინკუბატორების უკმარისობა. ამას მოსდევს  სამედიცინო პერსონალის უცოდინარობა და გაუნათლებლობა. წლების წინ ინკუბატორები არ იყო, მაგრამ ამდენი ჩვილი არ იღუპებოდა. ასევე სხვა მიზეზებია სიდუხჭირე, სამედიცინო დაწესებულებების აჭღურვილობა, სიღარიბე, და საავადმყოფოების სერვისი – სისუფთავე, ჰიგიენა, სტერილიზაცია.”
 

კვლევები
ის, რომ საქართველოში გენდერული ბალანსის დაცვაზე საუბარი ნაადრევია და ქალები ყველა მიმართულებით დისკრიმინაციას განიცდიან, გაეროს და კავკასიის ქალთა კვლევითი და საკონსულტაციო ქსელის მრავალკომპონენტიანი კვლევებიც ადასტურებს. კვლევები ეხება როგორც ოჯახურ ძალადობას, ისე ქალთა სოციალურ-ეკონომიკურ სტატუსს, ეკონომიკური ძალადობის ნიშნებს, ფსიქოლოგიურ თუ ვერბალურ ძალადობას და ასე შემდეგ. ამ მხრივ, განსაკუთრბით მძიმეა რეგიონების სპეციფიკა.

კვლევების მიხედვით, თბილისთან შედარებით, რეგიონის წარმომადგენლებს შორის მეტია მათი წილი, რომელთა ოჯახებში საბოლოო გადაწყვეტილება მეუღლეებს ეკუთვნის. რაც შეეხება სოციალურ-ეკონომიკურ სტატუსს, კვლევებით, რესპონდენტთა უმრავლესობას ან საერთოდ არ გააჩნია საკუთარი შემოსავალი, ან აქვს მეტად მცირე ოდენობის. გამოკითხული ქალბატონების 11,7% ამბობს, რომ ოჯახს თავად არჩენს; 19,7% ამბობს, რომ ოჯახის ბიუჯეტში გარკვეული წვლილი შეაქვს; 19,7% თვლის, რომ ძალიან მცირე შემოსავალი აქვს; დარჩენილი 47,8% ამბობს, რომ საკუთარი შემოსავალი საერთოდ არ გააჩნია.

ასევე კვლევებით გამოიკვეთა ქალთა კატეგორია, რომლებიც მხოლოდ იმიტომ არ მუშაობენ, რომ მეუღლეები უშლიან. მაგალითად, აღმოჩნდა, რომ გამოკითხულ ქალბატონთა 56% საერთოდ არ მუშაობს; შემთხვევითი სამუშაო აქვს 2,4%-ს; 52% კი იმ მიზეზით არ მუშაობს, რომ მეუღლე უშლის.

რაც შეეხება ეკონომიკურ ძალადობას, კვლევებით, "ყველაზე მეტად გავრცელებულია ფინანსური დეპრივაცია და მატერიალური დამოკიდებულება ქმარზე. ეს კი გულისხმობს ნებისმიერი საჭიროების დასაკმაყოფილებლად განკუთვნილი საყიდლების სრულ ფინანსურ კონტროლს, დაწყებული მათ შესაძენად ფულის გაცემიდან, დამთავრებული ანგარიშის ჩაბარებით თითქმის ყველა შენაძენის შესახებ. ამ ფინანსური ზეწოლის ქვეშ ქალთა საკმაოდ დიდი რაოდენობა იმყოფება. საერთო დანაზოგით თავისუფლად სარგებლობის შესაძლებლობა გამოკითხულთა მხოლოდ 12,4% გააჩნია."

კვლევაში ცალკე თავი ეთმობა ფსიქოლოგიურ ძალადობას. აქ საუბარია პიროვნული ღირსებების გაუფასურებაზე, როცა ქალს აგრძნობინებენ, რომ მამაკაცის გარეშე არაფერს წარმოადგენს და დაიღუპება. გამოკითხულთა 44% ადასტურებს, რომ მსგავსი რამ განუცდია. 61,3% კი ამბობს, რომ მისი მიზნები და მიღწევები დიდად არაფერს ნიშნავს და არ ფასობს.                 

სტატისტიკა
საქართველოში არსებული სტატისტიკით, 2005 წელს 916 ჩვილი გარდაიცვალა, მათ შორის, 434 გოგო და 482 ბიჭი; 2006 წელს – 753 ჩვილი (358 გოგო და 395 ბიჭი); 2007 წელს - 656 (284 გოგო და 372 ბიჭი).
მკვდრადშობადობა დედის ასაკის მიხედვით: 2005 წელს 15 წლის ასაკის ფეხმძიმობის გამო 2 ჩვილი გარდაიცვალა – 1 გოგო და 1 ბიჭი; 15-19 წლის ფეხმძიმობის ასაკში - 42 გოგო და 43 ბიჭი; 20-29 წლის ასაკში – 170 გოგო და 196 ბიჭი; 30-39 წლის ასაკში – 100 გოგო და 91 ბიჭი; 40-49 წლის ასაკში – 9 გოგო და 14 ბიჭი. 2007 წელს – 15-19 წლის ასაკში – 18 გოგო და 18 ბიჭი; 20-29 წლის ასაკში – 101 გოგო, 104 ბიჭი; 30-39 წლის ასაკში – 43 გოგო, 58 ბიჭი; 40-49 წლის ასაკში – 9 გოგო და 14 ბიჭი.
დედათა მოკვდავობა: 2005 წელს 15-29 წლის 5 დედა გარდაიცვალა; 2006-ში – 3, 2007-ში – 0. 30 წლის და მეტის სულ 3 წელში – 15 (ეს არის არაზუსტი სტატისტიკა).

რაც შეეხება მსოფლიო მასშტაბით დედების გარდაცვალების შემთხვევებს, ყოველ წელს 529 000 გოგონა და ქალი კვდება ფეხმძიმობის შემდგომი გართულებებით. ანუ, დაახლოებით ერთი ქალი ყოველ წუთს. დედათა სიკვდილიანობის 99% განვითარებად ქვეყნებზე მოდის.

მაგალითად, აფრიკაში ქალებს 16 შემთხვევიდან 1 შანსი აქვთ მშობიარობის შემდგომი გართულებებით სიკვდილისა. შედარებით ჩრდილოეთ ამერიკის ქალებთან, რომელთა რისკი 2 566-დან ერთია. თინეიჯერები, ქალებთან შედარევბით, 2-ჯერ მეტი რაოდენობით იღუპებიან ფეხმძიმობის გართულებებისა და ბავშვის დაბადების გამო.
 
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გათვლებით, მშობიარობის მიზეზებით ყოველწლიურად ნავარაუდევია 529 000 გარდაცვალება. აქედან 253 000 აზიში. აღნიშნული მიზეზებით სიკვდილიანობის მაჩვენებელი ქვეყნების მიხედვით შემდეგია; აზერბაიჯანში წელიწადში 94 შემთხვევა, ანუ 520-დან 1; საქართველოში 32 შემთხვევა, ანუ 1700-დან 1; თურქეთში 70 შემთხვევა ანუ 740-დან ერთი; საბერძნეთში 76 შემთხვევა, ანუ 370-დან 1; ყაზახეთი – 210, უზბეკეთში - 24, ჩინეთში – 56, იაპონიაში - 10. ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ავღანეთი – 1900 და შემდეგ მოდის ლაოსი – 660 შემთხვევა. 

“ადამიანის უფლებათა ცენტრი” შეეცადა იმ დედებს გასაუბრებოდა, რომელთაც სხვადასხვა მიზეზებით ჩვილი გარდაეცვალათ და ასევე იმ მშობლებს, რომელთა შვილები ფეხმძიმობის შემდეგი გართულებებით გარდაიცვალნენ, თუმცა, იმ მიზეზით, რომ მათთვის ამ საკითხზე საუბრით არაფერი შეიცვლება, საუბარი არ ისურვეს. 

ეკა გულუა

ახალი ამბები