17:45, Wednesday, 16.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

პოლიციის გულგრილობით მუზეუმები მასობრივად იძარცვება

30.01.2009
 სახლ–მუზეუმი
გელა მთივლიშვილი, კახეთი

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კახეთში მუზეუმების გაძარცვის 20-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. პოლიციის რაიონულ სამმართველოებში ყველა ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მაგრამ გამოძიებას ამ დრომდე არცერთი საქმე არ გაუხსნია.

ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, მუზეუმების ძარცვის შედეგად გამოძიებით დაუდგენელმა ბოროტმოქმედებმა ნატო ვაჩნაძის სახლ–მუზეუმიდან გაიტანეს სხვადასხვა დასახელების სამუზეუმო ექსპონატები და ძველებური ხალიჩები; დიდების მემორიალის მუზეუმიც ორჯერ გაძარცვეს. ერთხელ ჯარისკაცის მამის ქანდაკებას სპილენძის ფურცლები მოხსნეს, ხოლო მეორედ გამოფენიდან 10 ცალი სპილენძის ჭედური ნაკეთობა მოიპარეს; იოსებ ნონეშვილის სახლ–მუზეუმიდან ვიეტნამური 11 პატარა ფიგურა, ძველებური ყანწები და სხვადასხვა ნივთები მოიპარეს. რამდენიმე დღის წინ ვაჩნაძიანის სოფლის ისტორიის მუზეუმი მეოთხედ გაძარცვეს. მძარცველებმა მუზეუმიდან ამჯერად ანტიკვარული თოფები, ხმლები და სატევარები გაიტანეს.
 
მანამდე, გამოძიებით დაუდგენელი პირები, ვაჩნაძეანის სოფლის ისტორიის მუზეუმიდან, სხვადასხვა დროს, უქარქაშო ხმლებს, ანტიკვარულ თოფებს, ბრინჯაოს შრომის იარაღებს და სხვა ძვირადღირებულ ნივთებსაც დაეუფლნენ; მუზეუმს ამ დრომდე შემორჩა XIX საუკუნით დათარიღებული ხელნაწერი ვეფხისტყაოსანი, ერეკლე II-ს ხელნაწერი წყალობის სიგელი და ანტიკური და ფეოდალური ხანის უნიკალური ნივთები, მაგრამ არც სამუზეუმო გაერთიანება და არც ადგილობრივი ხელისუფლება კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენაზე არ ზრუნავს.

მიუხედავად იმისა, რომ ერთი და იგივე მენეჯერის მუშაობის დროს ვაჩნაძიანის სოფლის ისტორიის მუზეუმი არაერთხელ გაიძარცვა, შესაბამის სამსახურებს, სამუზეუმო გაერთიანებას, გამგეობის კულტურის განყოფილებას და მუნიციპალიტეტის გამგეობას, რომელიც აღნიშნული სამსახურების ზედამხედველია, მუზეუმის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობის საკითხი არ დაუსვამს. უფრო მეტიც, ამ სამსახურებში საერთოდ არ დაინტერესებულან მუზეუმის დარაჯი, რომელსაც მუზეუმზე მეთვალყურეობა მთელი ღამის განმავლობაში ევალება, სად არის და რას აკეთებს მაშინ, როცა მუზეუმს შენობაში შესასვლელი ყველა კარის და ფანჯრის დაზიანების გარეშე ძარცვავენ?!

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი ჩივიაშვილმა არათუ ამ საკითხებზე გაგვცა პასუხი, არამედ მან მომხდარის შესახებ საერთოდ არ იცოდა. "როდის მოხდა ეგ ფაქტი? ალბათ, პოლიცია აწარმოებს გამოძიებას", - განაცხადა ჩივიაშვილმა.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სპეციალისტი, ისტორიკოსი თამაზ მარკოზაშვილი მიიჩნევს, რომ მუზეუმში შემორჩენილი დიდი მნიშვნელობის ნივთების გადასარჩენად, დაუყოვნებლივ უნდა გატარდეს გარკვეული ღონისძიებები. მისი თქმით, საშიშროება იმისა, რომ მუზეუმიდან იარაღის გატანის შემდეგ მძარცველები წერილობითი ძეგლების გატანითაც დაინტერესდნენ.

 გაძარცვული სტენდი
თამაზ მარკოზაშვილი:
"ძარცვის ალბათობა რომ შევამციროთ, პირველ რიგში მუზეუმი უნდა იყოს დაცული, რაც არ არის."

- ბატონო თამაზ, მუზეუმი იქნებ სწორედ იმიტომ არის დაუცველი, რომ პირთა ჯგუფის ბიზნესინტერესებს ხელი არ შეეშალოს. გავრცელებული ინფორმაციით, შუამავლის მეშვეობით, ნაძარცვი ნივთები საზღვარგარეთ იყიდება.

- გამორიცხული არაფერია, მაგრამ მუზეუმის ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, რადგან ოთხივე ძარცვა მათი მმართველობის დროს მოხდა. მართალია პოლიციაში განაცხადეს, მაგრამ გამოძიება უსასრულოდ გრძელდება. იმის გამო, რომ ამ მუზეუმში სამეცნიერო მუშაობა არ მიმდინარეობს და არცერთ ძეგლს არ აქვს პასპორტი, შეუძლებელია ზარალის დადგენაც.

- ძეგლებს რომ პასპორტი არ აქვს, ესეც ვინმეს ინტერესებში ხომ არ შედის? როგორც ცნობილია, ბოლო დროს, კულტურის სამინისტროს დავალებით, ძეგლების პასპორტიზაცია ხდება.

- ამ სამუშაოების ჩაუტარებლობის მიზეზად მუზეუმებში ფინანსების უქონლობას ასახელებენ, მაგრამ ამის მიზეზი უფრო მეტად ის არის, რომ მუზეუმებში დასაქმებულ მეცნიერ–თანამშრომლებს მონდომება აკლიათ. ძეგლებს პასპორტები რომ არ აქვს, ეს რათქმაუნდა ხელს აძლევს მძარცველებს, იმიტომ, რომ ექსპონატის ძებნა, რომლის მონაცემებიც უცნობია, სირთულეებთან არის დაკავშირებული~.

რატომ არ აქვს მუზეუმში არსებულ ნივთებს პასპორტები, ჩვენ ამ კითხვით ვაჩნაძიანის სოფლის ისტორიის მუზეუმის მენეჯერს, იზა დანელიშვილსაც მივმართეთ. "ვერ ხერხდება", - აღნიშნა მან.

- რატომ ვერ ხერხდება ქალბატონო იზა, რა გიშლით ხელს?

- ველოდებით დროს, რომ მოიცლიან და ჩვენამდეც მოვლენ.

- ვის ელოდებით, ვინ  უნდა მოიცალოს?

- სოფელში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩნდა ბევრი მასალა, რომლის მეცნიერული გამოკვლევაც მიმდინარეობს. ველოდებით, რომ ორ კვირაში უნდა მოგვიტანონ ეს მასალა.

- კი მაგრამ, ეს რა შუაშია? ხომ შესაძლებელია რომ ეს მასალაც მძარცველებმა ჩაიგდონ ხელში?

- იცით რა, შეიძლება ყველაფერი მოხდეს.

- ქალბატონო იზა, როდესმე თუ მიგიმართავთ ადგილობრივი ხელისუფლებისათვის და გითხოვიათ დახმარება, რომ მუზეუმი დაუცველია, შენობაში წყალი ჩადის, ექსპონატები ზიანდება და ა.შ.

- წლიურ ანგარიშს როცა ვაკეთებთ კულტურის განყოფილების სახელზე, ყოველთვის ვუთითებთ.

- მაგრამ ყურადღებას არავინ გაქცევთ?

- არა, მე ვთვლი, რომ ვერ იცლიან.

- რას ნიშნავს ვერ იცლიან? ისევ იგივეს იმეორებთ. ვინ ვერ იცლის?

- ვინც არის კომპეტენტური.

- ვის გულისხმობთ? ვინ არის პასუხისმგებელი, რომ ძეგლებს ყურადღება მიექცეს?

- ყველაფრის გაგება აუცილებელი არ არის.

ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, მუზეუმის გაძარცვამდე რამდენიმე დღით ადრე, დასახლებულ უბანში, სადაც მუზეუმი მდებარეობს, უცნობი მამაკაცი იმყოფებოდა. მამაკაცს, რომელიც ადგილობრივებს თელავის მკვიდრად გაეცნო, მაგრამ ვინაობა არ გაუმჟღავნებია, უთქვამს, რომ სოფლებში ძველი საბრძოლო იარაღების შეძენის სურვილით დადის, ყიდვის შემთხვევაში კი სერიოზულ თანხას იხდის. "მაშინ ამაზე ყურადღება არ მიგვიქცევია. მუზეუმი რომ გაიძარცვა, მერე ვიფიქრეთ, რომ შესაძლოა, ეს მამაკაცი აქ იმიტომ იყო, რომ ძარცვის ფაქტი, ფულის შოვნის მიზნით, აქაურებს დაბრალდეთ. სინამდვილეში კი, როგორც წინა შემთხვევაში, დანაშაული ამჟამადაც უფრო ორგანიზებულად არის ჩადენილი. არაფერი არ არის გატეხილი და მძარცველები დაკეტილ მუზეუმში როგორ მოხვდნენ?", - კითხულობენ ადგილობრივები.

მუზეუმების გაძარცვის ფაქტებზე არც შს გურჯაანის და შს არც კახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში კომენტარს არ აკეთებენ.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC