კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოსახლეობა ბოდბის დედათა მონასტრის იღუმენიას უპირისპირდება(ნაწილი 2)

12 მარტი, 2009

გელა მთივლიშვილი, კახეთი

გეკუთვნის, მაგრამ არ გეკუთვნის

2007 წლის 12 აპრილს გოდერძი გორდეზიანმა საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე 5 ჰექტარი საძოვარი მიწა შეიძინა, რომელსაც მანამდე, 2001 წლიდან, იჯარით ფლობდა 49 წლის ვადით. მიწის შესყიდვის განცხადებით სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს თავად გორდეზიანმა მიმართა. როგორც სამმართველოს 2007 წლის 10 მარტის #625 წერილიდან ირკვევა, გორდეზიანის განცხადებას თანდართული დოკუმენტაცია შედარებულ იქნა სამმართველოში არსებულ დოკუმენტებთან, რის შედეგადაც დადგინა დოკუმენტაციის სისწორე და რეალობა. ამავე წერილით სამმართველოს უფროსი ბუცხრიკიძე გორდეზიანს ატყობინებს, რომ უფლება აქვს შეისყიდოს აღნიშნული მიწის ნაკვეთი. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 2007 წლის 12 აპრილს გორდეზიანმა მართლაც შეისყიდა აღნიშნული საძოვარი, თანხაც გადაიხადა და საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრშიც დაარეგისტრირა.

2007 წლის 30 აპრილს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს უფროსმა ახალი ბრძანება გამოსცა, 2007 წლის 12 აპრილის ბრძანების გაუქმების თაობაზე. ე.ი. გაუქმდა ის ბრძანება, რომლითაც გორდეზიანს ხსენებული მიწის ნაკვეთი გადაეცა. ახალი ბრძანების საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურმა ცვლილება მოახდინა და გორდეზიანს საკუთრების უფლება გაუუქმა.

სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს 2007 წლის 30 აპრილის ბრძანების გაუქმების მოთხოვნით გორდეზიანმა ადმინისტრაციული წესით იდავა, მაგრამ უშედეგოდ. თელავის რაიონულმა სასამართლომ კი მისი სარჩელი დაუშვებლად სცნო და წარმოებაში საერთოდ არ მიიღო.
გორდეზიანის თქმით, 5 ჰექტარი საძოვარი მას მონასტრის თხოვნით ჩამოართვეს. "მანამდე იღუმენიამ რამდენჯერმე გვთხოვა, რომ ნაკვეთი მისთვის მიგვეყიდა, რაზედაც უარი ვთქვით, რის შემეგაც საძოვარი საერთოდ ჩამოგვართვეს", - აღნიშნავს გორდეზიანი.

საძოვრის ჩამორთმევის შემდეგ საჯარო რეესტრის სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურში აღნიშნული მიწის ნაკვეთი, სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირდა, როგორც ტყის მასივით დაფარული მიწა. არადა, კახეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მიერ გაცემული ცნობის თანახმად, აღნიშნული ნაკვეთი სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიებს არ მიეკუთვნება.

იღუმენიას ჟურნალის რედაქტორიც უპირისპირდება

ანა ხუნაშვილი - გორდეზიანი, ჟურნალ "ბოდბის სამრეკლოს" გამომცემელი და რედაქტორი: `"ეკლესიის მრევლი 1989 წლიდან ვარ. ჟურნალის გამოცემაზე მუშაობა 2003 წელს დავიწყე. იღუმენიას ტაძრის ერთ-ერთი შემწირველის ნინა კოსწინას შესახებ ვთხოვე ინფორმაცია, რაზედაც უარი მითხრა. ჟურნალის პირველი ნომერი 2003 წლის ივლისში გამოვეცი. იღუმენიამ შემომითვალა, ჟურნალის სახელწოდება მისთვის გადამეცა, სხვა შემთხვევაში ჟურნალს ვეღარ გამოვცემდი. სხვადასხვა მუქარების მიუხედავად, იღუმენიას ამ მოთხოვნას არ დავთანხმდი, თუმცა გარკვეული ხნის შემდეგ იძულებული გავხდი, მუშაობა შემეწყვიტა. იღუმენიამ სრულ იზოლაციაში მომაქცია. მონასტერში მოღვაწე პირებს ჩემთან საუბარი და ურთიერთობა აუკრძალა. ტაძარში რომ ჩავდივარ, ხმას არავინ მცემს. 2004 წელს ერთ-ერთმა დედაომ მონასტრის ტერიტორიაზე ყოფნის დროს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფაც მომაყენა. ამ ფაქტზე სიღნაღის პოლიციაში განცხადებაც შევიტანე, მაგრამ არავის დავუკითხივარ.

ჟურნალის მეორე ნომერი 2004 წლის თებერვალში გამოვეცი. ერთ-ერთ გვერდზე გამოქვეყნდა სტატია, სადაც ბოდბის მონასტრის იღუმენიას საქმიანობას ვაკრიტიკებდი. გაიგო თუ არა იღუმენიამ ამის შესახებ, საეკლესიო პირების დახმარებით, ჟურნალის თითქმის მთელი ტირაჟი ამოიღო ადგილობრივებიდან. ის გვერდი, სადაც სტატია იყო დაბეჭდილი, ამოხიეს და ჟურნალი ხალხს უკან დაუბრუნეს. 2004 წლის შემდეგ ჟურნალი აღარ გამოსულა".

შს სიღნაღის რაიონული სამმართველოს ინფორმაციით, 2004 წლიდან 2008 წლის ჩათვლით, სამმართველოში, ანა ხუნაშვილი – გორდეზიანის განცხადება, მისი ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე, რეგისტრირებული არ არის. თუმცა, სიღნაღის პოლიციაში არსებობს სპეციალური სამეთვალყურეო საქმე ბოდბის დედათა მონასტრისა და გორდეზიანებს შორის არსებული კონფლიქტის გამო.

ილია გოგოლაშვილის საქმე

ილია გოგოლაშვილი ერთ - ერთი მათგანია, რომელიც დედასთან, რიმა მატინოვასთან ერთად, იმ ადგილზე მდებარე სახლში ცხოვრობდა, სადაც ამჟამად მონასტრის მიერ კაფე – ბარი შენდება. ილია გოგოლაშვილი I ჯგუფის ინვალიდია და ფსიქონევროლოგიურ აღრიცხვაზე დგას, თუმცა მოვლენებს დეტალურად იხსენებს.

"ჯერ კიდევ მანამდე, სანამ სახლს დაგვინგრევდნენ, მონასტრის მსახურმა ნანა მახარობლიძემ არაერთხელ გვითხრა, რომ მონასტერი ჩვენი ბინის შესყიდვით იყო დაინტერესებული. მეც და დედაჩემიც ამაზე უარს ვამბობდით, არ გვინდოდა სხვაგან წასვლა. უარის მიუხედავად მახარობლიძე თავს არ გვანებებდა, თითქმის ყოველდღე გვაწუხებდა, რომ სანამ დროა სახლი მოგვყიდეთ, თორემ, მერე, შესაძლოა, საერთოდ უსახლკაროდ დარჩეთო. მონასტრის ახლოს რადგან ვცხოვრობდით და არსად ვმუშაობდი, ძირითად დროს ეზოში ვატარებდი. ძალიან ბევრჯერ პოლიციამ იძულებით წამიყვანა განყოფილებაში, სადაც მცემდნენ და მაბრალებდნენ, რომ მონასტერთან წესრიგს არღვევო. არაერთხელ, რამდენიმე დღის განმავლობაში იზოლატორშიც გამომაწყვდიეს. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს, როცა მე დაკავებული ვიყავი და დედაჩემიც სახლში არ იმყოფებოდა, სიღნაღის საავადმყოფოში მუშაობდა დამლაგებლად, სახლი დაანგრიეს. მოგვიანებით, დედაჩემი სიღნაღში მდებარე ბინაში შეასახლეს, რომელიც ნანა მახარობლიძეს ეკუთვნის. მე კი, დღემდე ქედელში ვცხოვრობ, მიტოვებული სახლის ერთ-ერთ ოთახში", - აღნიშნავს ილია გოგოლაშვილი.

სიღნაღის რაიონული სასამართლოდან ილია გოგოლაშვილის დაკავების შესახებ მხოლოდ ორი დადგენილება მოვიპოვეთ.

2007 წლის 25 მარტს ილია გოგოლაშვილი შს სიღნაღის რაიონული განყოფილების საუბნო ჯგუფის უფროს ინსპექტორს მამუკა ქოქიაშვილს ჰყავს დაკავებული. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში მოცემულია, რომ იგი სიღნაღის რაიონის ქედელის დასახლებაში, ბოდბის მონასტერთან უცენზურო სიტყვებით იგინებოდა, რითაც საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვია. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ პოლიციას ამის შესახებ მონასტრიდან ტელეფონით შეატყობინეს. მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილს ილია გოგოლაშვილი სამართალდამრღვევად ჰყავს ცნობილი და ადმინისტრაციული სახდელის სახით 100 ლარის ოდენობით ჯარიმა აქვს დაკისრებული.

ოფიციალური მონაცემებით, ილია გოგოლაშვილი პოლიციამ მეორედ 2007 წლის 05 სექტემბერს დააკავა. სიღნაღის რაიონული სასამართლოს დადგენილებიდან: "ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე სასამართლოში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, საქართველოს შს სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს სიღნაღის რაიონული განყოფილების საუბნო ჯგუფის ინსპექტორ მაკა ნადიკაშვილის მიერ 2007 წლის 05 სექტემბერს გამოვლენილ იქნა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი, სიღნაღში, ქედელის დასახლებაში მცხოვრები ილია გოგოლაშვილი ბოდბის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას უცენზურო სიტყვებით და უმისამართოდ იგინებოდა, რითაც დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი და სხვა მოქალაქეების სიმშვიდე. სამართალდარღვევის ოქმს თან ერთვის სატელეფონო შეტყობინების ოქმი, ილია გოგოლაშვილის ადმინისტრაციული წესით დაკავების ოქმი, ბოდბის მონასტრის მსახურთა, დედა თამარის (ნანა ჭანტურია) და დედა იოანას (მახარობლიძე) წერილობითი განმარტებები სამართალდარღვევასთან დაკავშირებით".

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 32-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, ადმინისტრაციული პატიმრობა არ შეიძლება შეეფარდოს პირველი ან მეორე ჯგუფის ინვალიდს. აქედან გამომდინარე, მოსამართლე თამაზ ჯალიაშვილს ილია გოგოლაშვილი ამჯერადაც 100 ლარით ჰყავს დაჯარიმებული.

სასამართლოს ორივე დადგენილებაში ნათქვამია, რომ ილია გოგოლაშვილმა მის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა დაადასტურა. სინამდვილეში, როგორც გოგოლაშვილი განმარტავს, პოლიციის თანამშრომლებიდან ზეწოლის მიუხედავად, მან სასამართლოს არცერთხელ არ დაუდასტურა, რომ უცენზურო სიტყვებით იგინებოდა. "სასამართლოზე იმასაც ვამბობდი, რომ თავიდან მოშორების მიზნით მაკავებდნენ, რომ ჩემი სახლი მიესაკუთრებინათ, მაგრამ არავინ მისმენდა", - ამბობს ილია გოგოლაშვილი.

ინფორმაცია საჯარო რეესტრიდან

იმის გასაგებად, მონასტრის მსახური იოანა (ნანა მახარობლიძე) ნამდვილად არის თუ არა დაინტერესებული და დაკავებული მონასტრის ახლოს მდებარე სახლების და მიწის ნაკვეთების შესყიდვით და მის სახელზე ამჟამად არის თუ არა რეგისტრირებული სიღნაღში უძრავი ქონება, წერილით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურს მივმართეთ. სარეგისტრაციო სამსახურის ცნობით, ნანა მახარობლიძის სახელზე სიღნაღში შედეგი ქონებაა რეგისტრირებული:

1/. ქ. სიღნაღი, წმინდა ნინოს ქ. #9-ში მდებარე მიწის ნაკვეთი ფართით 185 კვ.მ და მასზე განთავსებული შენობა – ნაგებობა. რეგისტრაციის თარიღი 15.03.2007 წ.

2/. ქ. სიღნაღი, წმინდა ნინოს ქ. #17-ში მდებარე მიწის ნაკვეთი, ფართით 460 კვ.მ. და მასზე განთავსებული შენობა – ნაგებობა. რეგისტრაციის თარიღი 05.12.2005 წ.

3/. ქ. სიღნაღი, წმინდა ნინოს ქუჩაზე მდებარე ყოფილი ტუბდისპანსერის I კორპუსის არასასოფლო – სამეურნეო ფართი 28,4 კვ.მ. რეგისტრაციის თარიღი 26.02.2007 წ.

4/. ქ. სიღნაღი, წმინდა ნინოს ქუჩაზე მდებარე ყოფილი ტუბდისპანსერის II კორპუსის არასასოფლო – სამეურნეო ფართი 128 კვ.მ. რეგისტრაციის თარიღი 26.02.2007 წ.

5/. ქ. სიღნაღი, წმინდა ნინოს ქ. #9-ში მდებარე არასასოფლო – სამეურნეო ფართი 31,5 კვ.მ. რეგისტრაციის თარიღი 07. 12. 2005 წ.

6/. ქ. სიღნაღი, წმინდა ნინოს ქ. #9-ში მდებარე არასასოფლო – სამეურნეო ფართი 38 კვ.მ. რეგისტრაციის თარიღი 26.06.2006 წ.

7/. ქ. სიღნაღი, წმინდა ნინოს ქ. I შესახვევი #2-ში მდებარე არასასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მქონე სამოსახლო მიწის ნაკვეთის ფართი 600 კვ.მ. რეგისტრაციის თარიღი 09.01. 2006 წ.

რაც შეეხება ქ. სიღნაღში, წმინდა ნინოს ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლების მფლობელების განცხადებებს იმის შესახებ, რომ ბოდბის მონასტრის იღუმენიას ნებართვის გარეშე საჯარო რეესტრის სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურში, უძრავი ქონების რეგისტრაციაზე უარს ეუბნებიან, სამსახურის უფროსი თამაზ ბურდულაძე განმარტავს: "პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნინო ბურჯანაძის ბრძანებულებით, 2008 წელს, ბოდბის დედათა მონასტერს მიმდებარე ტერიტორია, 60 ჰექტრამდე ტყის ფართობი გადაეცა მიჩინების წესით, თუმცა მონასტრის სახელზე ამ ფართობის დარეგისტრირება ვერ შევძელით, რადგან მიჩინების წესით უძრავ ქონებას ვერ ვარეგისტრირებთ. ქედელის მკვიდრებს მონასტრიდან თანხმობის წარმოდგენას კი არ ვთხოვთ, არამედ ვეუბნებით, რომ ორივე მხარე ერთდროულად მოვიდნენ, რათა ერთი და იგივე ტერიტორია ორჯერ არ დავარეგისტრიროთ სხვის სახელზე და ინტერესების გადაკვეთა არ მოხდეს. ჩვენ მზად ვართ საკუთრება დავურეგისტრიროთ ყველას, ვინც წარმოგვიდგენს საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტებს, ყიდვა – გაყიდვის ხელშეკრულებას, მემკვიდრეობის მოწმობას ან საკუთრების მოწმობას. თუ მოქალაქეები საკრებულოდან საკუთრების მოწმობის მიღებას ვერ ახერხებენ, ეს ჩვენი პრობლემა არ არის".

მონასტერი ბრალდებებს უარყოფს

ბოდბის დედათა მონასტრის იღუმენია დედა თეოდორა (მახვილაძე) ყველა ბრალდებას უარყოფს, გარდა იმისა, რომ მან ნამდვილად მოითხოვა და ითხოვს გორდეზიანის საკარმიდამო ნაკვეთში მდგარი ფაცხების აღებას.

"მონასტრის საკუთრებაში რომ იყოს მიმდებარე ტერიტორიები, ამის სურვილი ნამდვილად გვაქვს. ისტორიულად ეს მიწები ეკლესიას ეკუთვნოდა, ამიტომაც ვართ დაინტერესებული ტერიტორიების დაბრუნებით, მაგრამ ძალით არავის არაფერს ვართმევთ. რაც შეეხებათ გორდეზიანებს, მათი მხრიდან ჩვენდამი ცილისწამებას აქვს ადგილი. მე მესმის ამ ადამიანების კომერციული ინტერესები, მე არ ვიცი კანონმდებლობა რას ადგენს, მაგრამ ჩვენ ეკლესიის სასარგებლოდ და მონასტრის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ. ანა გორდეზიანისთვის შეურაცხყოფა არავის მიუყენებია. პირიქით, მან არაერთხელ თავად მოგვაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. რაც შეეხება ილია გოგოლაშვილს, გეკითხებით, როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა მონასტრის წინ ადამიანი იგინება და წესრიგს არღვევს? სხვა გამოსავალი ჩვენ არ გვქონდა. სიმართლეს არ შეესაბამება ქედელის დასახლების უწყლოდ დარჩენის შესახებ გავრცელებული ინფორმაციაც. წყალი ჩვენც გვინდა და იმ რამდენიმე ოჯახსაც, რომელიც აქ ცხოვრობს. მონასტრის მიერ მომლოცველთა სატრაპეზოს მშენებლობა კი საპატრიარქოსთან არის შეთანხმებული და გემგეობიდან რამე ნებართვა თუ იყო საჭირო, არ ვიცი. ერთი სიტყვით, ცილისწამების ეს კამპანია მთლიანად გორდეზიანების მიერ არის აგორებული", - აღნიშნავს ბოდბის დედათა მონასტრის იღუმენია.

ახალი ამბები