00:59, Sunday, 20.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ბიზნესმენებზე ზეწოლის კიდევ ერთი მეთოდი

19.03.2009
 ზურაბ მონასელიძე
ნონა სუვარიანი

ბიზნესზე ზეწოლა ისევ გრძელდება. მას შემდეგ, რაც ბიზნესმენი ზურაბ მონასელიძე მსხვილ საინვესტიციო კომპანიას დაუპირისპირდა, მას ბენზინგასამართი სადგური დაულუქეს. როგორც თავად ამბობს, ამაში ოფიციალური პირები არიან დაინტერესებულნი. მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესმენს ყველა საბუთი წესრიგში აქვს, ბენზინგასამართი სადგური 2007 წლის მარტიდან დღემდე დალუქულია. ამ ფაქტთან დაკავშირებით "ადამიანის უფლებათა ცენტრმა" პრესკონფერენცია გამართა.

ბიზნესმენ ზურაბ მონასელიძეს ბენზინგასამართი სადგური უკანონოდ დაულუქეს. მიზეზი, მსხვილი საინვესტიციო კომპანიის დაინტერესება იყო, რომელსაც, თავის მხრივ, ოფიციალური სტრუქტურები მფარველობდნენ. საინტერესოა, რომ მუხლი, რომლის საფუძველზეც ბენზინგასამართი სადგური დაილუქა, ამნისტირებულია. თუმცა, ამ ბენზინგასამართი სადგურით დაინტერესება იმდენად დიდია, რომ ამ მუხლის ამნისტირების შემდეგ, ბენზინგასამართი სადგურის დალუქვის საფუძვლად სხვა მუხლი დასახელდა.

სადგურის მეპატრონის, ზურაბ მონასელიძის თქმით, დალუქვა ფინანსურმა პოლიციამ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ამ ადგილით საინვესტიციო კომპანია „ჰაიატი“ დაინტერესდა და ამ საქმეს ოფიციალური სტრუქტურები მფარველობენ.

ზურაბ მონასელიძე: „2006 წელს, მერიის ზედამხედველობის ინსპექციის უფროსის მოადგილე, ბატონი გიორგი საგინაშვილი დაგვიკავშირდა. მან გვითხრა, რომ იმ ტერიტორიით, სადაც ბენზინგასამართი სადგური მდებარეობს, საინვესტიციო კომპანია „ჰაიატი“ დაინტერესდა, რომელსაც სასტუმროების ბიზნესი აქვს. მას მხოლოდ ტერიტორია აინტერესებდა, რომელსაც სადგური იკავებდა და არა თავად ბენზინგასამართი. საგინაშვილმა გვითხრა, რომ „ჰაიატის“ წარმომადგენელი თავად დაგვიკავშირდება და გაყიდვაზე გვესაუბრებოდა. ვუთხარი, რომ გაყიდვის სურვილი არ გვქონდა. ერთადერთი ვარიანტი, თუ დიდ თანხას გადაიხდიდნენ, რომელიც ჩვენ გვაწყობდა, მაშინ კიდევ დავთანხმდებოდით“.

ერთი წლის შემდეგ, 2007 წლის აგვისტოში, კომპანიის წარმომადგენელი კახა შარაბიძე მართლაც გამოჩნდა. ბენზინგასამართი სადგურის გაყიდვაზეც ისაუბრეს, თუმცა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

„ისინი ამბობდნენ, ჩვენ ბენზინგასამართი სადგური კი არ გვჭირდება, რომლის ღირებულება გაცილებით მეტია, ვიდრე ფართობის, მხოლოდ ტერიტორია გვაინტერესებსო. ამიტომ, ისინი ნაკლებ ღირებულებას განსაზღვრავდნენ. ამასთან, არ ითვალისწინებდნენ, რომ გაყიდვისას სახელმწიფოსთვის 25 % უნდა გადაგვეცა, ანუ ეს ხარჯიც ჩვენ უნდა გაგვეღო. ამიტომ, ჩვენ შორის შეთანხმება ვერ შედგა.  გაფრთხილება მომცა, ჩვენ ზემოთ გვაქვს „რიჩაგები“ და თქვენზე ვიმოქმედებთო. ასე დავშორდით ერთმანეთს. ამის შემდეგ ორი თვე კავშირი არ გვქონია“.

2007 წლის 14 ნოემბრიდან 14 მარტამდე მონასელიძეს ობიექტი შპს „ჯემალი 2007“-ზე ჰქონდა მიქირავებული. მათ ხელშეკრულებაც დადეს, სადაც ურთიერთობის ყველა პუნქტი იყო გაწერილი. გარდა ამისა, თავად მონასელიძეს ყველა ის საბუთი გააჩნდა, რომელიც საკუთრების კანონიერებას ადასტურებდა. ამ ყველაფრის მიუხედავად, 2007 წლის 14 მარტს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა ბენზინგასამართი სადგური დალუქა.

„ბენზინგასამართს შპს 4 თვის განმავლობაში ამუშავებდა და ყველა საბუთი წესრიგში გვქონდა. დალუქვის შემდეგ, როგორც ჩემთვის ამ შპს-ის ხელმძღვანელობისგან გახდა ცნობილი, შპს „ჯემალი 2007“-ზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და გამოძიება დღემდე მიმდინარეობს.

27 მარტს, შპს-ის ხელმძღვანელის შვილმა, ელგუჯა მჭედლიძემ დამირეკა და ობიექტის გასაღები მომთხოვა, პროდუქტი გამაქვსო. მან ამოტუმბა როგორც დიზელი, ასევე ბენზინი. სადგურზე რომ მივედი, შპს-ის ინკასატორი და ორი ოპერატორი დამხვდა. გასაღები მათ გადმომცეს, სალარო აპარატი აიღეს და წავიდნენ. 28-ში ელგუჯა მჭედლიძემ ისევ დამირეკა და მითხრა, რომ ფინანსური პოლიცია სადგურის გასაღებებს ითხოვს. გაირკვა, რომ ოთახი და აბსოლუტურად ცარიელი ბაკები ფინანსთა სამინისტრომ განმეორებით დალუქა, 1 აპრილს კი, „ჯემალი 2007“-მა ხელშეკრულების შეწყვეტა გვთხოვა.

რამდენიმე თვის შემდეგ, როდესაც მუშაობის შესაძლებლობას არ მაძლევდნენ, მე ეს გავასაჩივრე. სარჩელი გენერალურ პროკურატურაში შევიტანე იქიდან კი, ფინანსურ პოლიციაში გადააგზავნეს. განცხადება სოზარ სუბართანაც შევიტანე. ფინანსურმა პოლიციამ დალუქვის მიზეზი ასე განმიმარტა: შპს-ის წინააღმდეგ გამოძიება 192-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს და სადგურის დალუქვა საჭირო იმიტომ არის, რომ ადგილზე არსებული საწვავი დაიცვან. „ჯემალი 2007“-ს ნავთობპროდუქტებით ვაჭრობის  ლიცენზიის არქონას ედავებიან“.

ფინანსთა სამინისტროს ეს განმარტება თვალებში ნაცრის შეყრა და მეტი არაფერია. დალუქვამდე შპს-ის წარმომადგენლებმა საცავებიდან მთელი პროდუქტი ამოტუმბეს. ასე რომ, გასახარჯი და დასაცავიც არაფერი იყო.“

სამინისტროს უფრო დამაჯერებელი პასუხის მოწერით თავი არ შეუწუხებია. საინტერესოა ისიც, რომ ამავე შპს-ის სხვა ობიექტები არ დალუქულა და მათ კვლავ ამუშავებენ. სამინისტრომ არც ძირითადი ოფისი დალუქა.

ფინანსთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა გამომძიებელმა გელა ბარამაშვილმა, რომელსაც ამ საქმის გამოძიება ევალებოდა, კომენტარზე უარი განაცხადა და "ადამიანის უფლებათა ცენტრს" ოფიციალური პასუხი განაცხადის შეტანიდან ერთ თვეში მიაწოდა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტის, ნესტან ლონდარიძის თქმით, ფინანსთა სამინისტროს მიერ 20 ნოემბერს მოწერილ პასუხში, თითქმის ყველა კითხვა იგნორირებულია.

„პასუხი მხოლოდ ერთ კითხვაზე გაგვცა, რაც საქმეს კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის. პასუხში აღნიშნულია, რომ ლუქის ახსნა "ჯემალი 2007"-ის დირექტორის, ჯემალ  მჭედლიძის განცხადების საფუძველზე მოხდა. გელა ბარამაშვილი განმარტავს, რომ ინვენტარიზაცია ჩატარდა ჯემალ მჭედლიძის განცხადების საფუძველზე და საწვავი მას ხელწერილით გადაეცა, ხოლო ბენზინგასამართი იმავე დღეს დაილუქა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩემთვის ბევრი რამ ხდება გაუგებარი. კერძოდ, თუ მჭედლიძეს მატერიალური ქონება ხელწერილით ჩაბარდა, მაშინ რატომაა დალუქული მონასელიძეების საკუთრება? სახალხო დამცველისადმი მიწერილ პასუხში ხომ ნათლად არის მითითებული, რომ ობიექტის დალუქვას საფუძვლად ადგილზე არსებული ბენზინისა და დიზელის საწვავის და სხვა ტექნიკური საშუალებების  ხელშეუხებლობა და ინვენტარიზაცია დაედო".

საქართველოს კანონის "ამნისტიის შესახებ" საფუძველზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან თავისუფლდება ყველა ის პირი, ვინც სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის I ნაწილით არის ეჭვმიტანილი, ბრალდებული, განსასჯელი, ან მსჯავდებული.

ნესტან ლონდარიძე: "აღნიშნულიდან გამომდინარე, მივმართე თხოვნით, რომ "ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის" მე-2 მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნები ამ საქმეზეც გავრცელდეს და უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე შპს "ჯემალი 2007"-ის ხელმძღვანელი პირების მიმართ შეწყდეს წინასწარი გამოძიება. ამაზე პასუხად მაცნობეს, რომ წინასწარი გამოძიება მომდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის II ნაწილის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის".

იმ შემთხვევაში, თუ "ჯემალი 2007" არალიცენზირებული საწვავის რეალიზაციას ახდენდა, ცხადია, ასეთი საწვავი მის ყველა ობიექტებზე იქნებოდა შეტანილი. რატომ არ დაილუქა დანარჩენი ობიექტები და ოფისი, როდესაც იქ შესაძლებელია ყოფილიყო მნიშვნელოვანი მტკიცებულებები და რატომ დაილუქა მხოლოდ მონასელიძეების საკუთრებაში არსებული ობიექტი?  ეს ემთხვევა იმ პერიოდს, როდესაც მას აიძულებენ გაყიდოს საკუთრებაში არსებული ობიექტი, რაც თავისთავად ბადებს ეჭვს. თავად ბიზნესმენი დარწმუნებულია, რომ მისი ბიზნესის წარმევა სურთ. ბენზინგასამართის დალუქვით კი, იმის იმედი აქვთ, რომ ზურაბ მონასელიძე თავის ბიზნესზე უარს იტყვის.

ცოტა ხნის წინ, "ჰაიატმა" თავისი საკუთრება არაბულ კომპანია "რაკიინ დეველოპმენტს" მიჰყიდა. ახალი მესაკუთრის წარმომადგენლები ზურაბ მონასელიძეს არ დაკავშირებიან.

წყარო: გაზეთი “ახალი ალიანსი”

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC