05:21, Saturday, 25.01.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

შსს-ს მიერ ნაწამებთა რაოდენობა გაიზარდა

16.05.2009
ქართლოს შარაშენიძე, ირაკლი მანაგაძე

საქართველოში წამებისა და დამცირების პერიოდი დაბრუნდა. „ვარდების ხელისუფლება“ ამაყობდა, რომ საქართველოში არც სამხედრო აჯანყება მოხდებოდა და არც არავის აწამებდნენ. მითი დაიმსხვრა, -  „სუპერდემოკრატიულმა“ ხელისუფლებამ ბრჭყალები გამოაჩინა.

ბოლო პერიოდში წამებისა და ღირსების შემლახავმა ფაქტებმა საგანგაშო ციფრებს მიაღწია. ჟურნალისტ ნიკა ავალიანის ცემის ფაქტის გამო დაკავებული მელორ ვაჩნაძის, გიორგი ონიანის და რევაზ რევაზიშვილის წამებისა და დამცირების ფაქტმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. ხალხის რეაქციაც ადეკვატური აღმოჩნდა. პატრიარქის თხოვნის საფუძველზე ახალგაზრდები გაათავისუფლეს.  ამის შემდეგ ჩნდება ახალი ინფორმაცია ე.წ. ბუნტის დროს დაკავებული სამხედროების წამების შესახებაც.

აკაკი აფციაური, ნიკოლოზ ბიბილაშვილი, თემურ მელიქიძე, სანდრო ვეშაგური და ნუგზარ ოთანაძე ის ადამიანები არიან, რომლებიც დაკავების შემდეგ არაადამიანურად აწამეს.

სახალხო დამცველი სოზარ სუბარი:

 - მუხროვანის ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებული პირებიდან ბევრმა არ მოგვცა ახსნა-განმარტებები, მხოლოდ ხუთმა მათგანმა განგვიმარტა, თუ როგორ სასტიკად ხდებოდა მათი წამება. ყველა ამ ადამიანს აღენიშნება ძალიან სერიოზული დაზიანებები და ზოგიერთ შემთხვევაში, აშკარად ჩანს წამების ნიშნები. ესენი არიან: აკაკი აფციაური, ნიკოლოზ ბიბილაშვილი, თემურ მელიქიძე, სანდრო ვეშაგური და ნუგზარ ოთანაძე. ამ ხუთი ადამიანიდან, განსაკუთრებით მძიმე დაზიანებები აღენიშნება ნუგზარ ოთანაძეს, რომელიც  დაწვრილებით ყვება, თუ როგორ ხდება მისი წამება; კერძოდ, თუ როგორ სცემდნენ მოდულის შენობაში რამდენიმე საათის განმავლობაში უნიღბო ადამიანები რეზინისა და პლასტმასის ხელკეტებით. ითხოვდნენ ეღიარებინა არარსებული დავალება, რომელიც თითქოს მას მისცა მისმა სიძემ, მის ძმასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ეს არის ოთანაძის ძმა, რომელზეც არის ძებნა გამოცხადებული. აკაკი აფციაურს დაზიანებული აქვს სახისა და ზურგის არე, ჩამსხვრეული აქვს კბილები. ის სცემეს, როგორც დაკავებისას, მიუხედავად იმისა, რომ მას წინააღმდეგობა არ გაუწევია, ასევე, „მოდულში“ გადაყვანის შემდეგ.

თითქმის მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა დაკითხვა და პერიოდულად ცემა პატიმარ ნიკოლოზ ბიბილაშვილისა, რომელსაც აქვს ასევე ძალიან სერიოზული  დაზიანებები.  ასევე, რამდენიმე საათის განმავლობაში სცემდენენ თემურ მელიქიძეს.

- რამდენად მძიმედ არიან ნაცემები?

- არიან ძალიან მძიმედ ნაცემები, რამდენიმე მათგანს აქვს სერიოზული დაზიანებები, ეს თვალნათლივ ჩანს, ექსპერტიზაც კი არ სჭირდება.  იმის თქმა, რომ ოთანაძემ წინააღმდეგობა გაუწია დაკავებისას, არის აბსოლუტურად გამორიცხული. მას ისეთი ტიპის დაზიანებები აღენიშნება, რომ თვალნათლია, ის არის დაკითხვისას ნაწამები. შეუძლებელია მთელს ზურგზე აღენიშნებოდეს ხელკეტების კვალი და ეს დაზიანებები დაკავებისას მიეღო.

გიორგი ჩხეიძე, სახალხო დამცველის მოადგილე :

- თქვენ, თავად ნახეთ ეს ადამიანები, რამდენად მძიმეა მათი მდგომარეობა?

- ოთანაძის მდგომარეობა არის მძიმე, მას დაზიანებები აღენიშნება მთელ სხეულზე, სისხლანჟღენთები, უჭირს მარჯვენა ხელის მოძრაობა. შესაბამისად, მან მოგვცა ახსნა-განმარტება, რომლის საფუძველზეც გავაგზავნეთ რეკომენდაცია მთავარ პროკურატურაში.

- ხომ არ ყოფილა სამართალდამცველების მხრიდან წინააღმდეგბა დაკავებულების ნახვისას?

- VIII იზოლატორში იყო გაურკვევლობა. დირექტორმა სახალხო დამცველის რწმუნებულებს მოსთხოვა დამატებითი დამადასტურებელი საბუთი იმისა, რომ ნამდვილად არიან თანამშრომლები, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა. ეს არის კანონის დარღვევა და ჩვენ ამაზე რეაგირებას მოვახდენთ.  ვინაიდან ჩვენთვის მთავარი იყო, რომ დაკავებულები გვენახა და გავსაუბრებოდით მათ, წარმოვადგინეთ დამატებითი საბუთები.

ოთანაძის საქმე

ცალკე საუბრის თემაა ნუგზარ ოთანაძის საქმე რომელიც მუხროვანის ინციდენტთან დაკავშირებით ძებნილი კობა ოთანაძის ძმაა.

რამდენიმე დღის წინ ნუგზარ ოთანაძე მისმა ადვოკატმა გიორგი მებონიამ მოინახულა. ადვოკატმა განაცხადა, რომ ოთანაძე სასტიკად ნაწამებია, დაზიანებული აქვს ქვედა და ზედა კიდურები, სახის და ზურგის არე.

„როგორც დაკავებული ამბობს, ნუგზარ ოთანაძე სოდ-მა დააკავა და მოდულის შენობაში ოთხმა პირმა სასტიკად სცემა. ეს პირები სამოქალაქო ფორმაში იყვნენ ჩაცმულები და ყველა მათგანის ამოცნობა ოთანაძეს შეუძლია. დაკავებულს ძმის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას სთხოვდნენ, თუმცა ოთანაძემ ამის შეახებ არაფერი იცოდა, რის გამოც სასტიკად გაუსწორდნენ“, - განაცხადა მებონიამ.

სასტიკი წამების შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ დააკმაყოფილა შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის შუამდგომლობა პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით და ოთანაძეს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

ნუგზარ  ოთანაძის ადვოკატმა ონისე მებონიამ მოსამართლე ოთანაძის მძევლად აყვანაში დაადანაშაულა. “მოსამართლე გიორგი არევაძეს ვადანაშაულებ კობა ოთანაძის ძმის მძევლად აყვანაში და პენიტენციალური სისტემისათვის გადაცემაში. ოთანაძის სახლში სპეცრაზმის შეჭრას საფუძვლად დაედო ერეკლე კოდუას ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ძებნილები ნუგზარ ოთანაძის სახლში იმყოფებოდნენ. ძებნილები სახლში არ დახვდნენ და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით დააკავეს ნუგზარ ოთანაძე, რომელიც მოდულის შენობაში სასტიკად აწამეს”, - განაცხადა მებონიამ.

“ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ საუბრისას დაკავების დეტალებს ნუგზარ ოთანაძის მეუღლე იხსენებს.

ნათია ლონდარიძე, ნუგზარ ოთანაძის მეუღლე:

- როგორ მოხდა თქვენი მეუღლის დაკავება?

- ღამის  პირველ საათზე, ათმა შეიარაღებულმა ნიღბოსანმა შემოანგრია სახლის კარი და წაიყვანეს ჩემი მეუღლე, ნუგზარ ოთანაძე, მას დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია. ახლა გავიგეთ, რომ სასტიკად არის ნაცემი. ადვოკატი ამბობს, რომ ნაწამებია. გვდევნიან და გვავიწროებენ, არ აუხსნიათ დაკავების მიზეზიც. მხოლოდ ძმის გამო არის დაკავებული.

- სად მუშაობდა თქვენი მეუღლე?

- ჯარში, ექვსი თვეა უმუშევარია, რაიმე საპასუხისმგებლო პოსტი არ ეკავა, ჩვეულებრივი რიგითი იყო.

- ხომ არ გდევნიან ოჯახის წევრებს?

- კი გვითვალთვალებენ და მუდმივი კონტროლის ქვეშ ვართ. ასევე ზეწოლაა ნუგზარ ოთანაძის ძმაზეც.  ეს ბუნებრივია, დევნაა.

კობა ოთანაძის ძმა ჯიმშერ ოთანაძე პოლიციას მისი ოჯახისა და ახლობლების მიმართ ზეწოლასა და თვალთვალში ადანაშაულებს.

ჯიმშერ ოთანაძემ განაცხადა, რომ მუხროვანის ამბოხებამდე მისი ძმა კობა ოთანაძე მოდულის შენობაში იყო დაბარებული და მასზე დევნა ხორციელდებოდა. კობა ოთანაძე მუხროვანის ინციდენტამდე 14 დღით ადრე იყო გაქცეული.

“ამბოხის შემდეგ ჩვენზე ზეწოლა იყო, ერთი კვირის შემდეგ, ამ ამბოხიდან, ღამით ჩემ პატარა ძმასთან ნუგზარ ოთანაძესთან შევიდნენ უცნობი პირები, რკინის მასალით შეამტვრიეს კარი, სპეცრაზმი შეიჭრა  და საწოლიდან წამოაგდეს, მოგვიანებით კი, სასტიკად აწამეს მოდულის შენობაში", _ განაცხადა ჯიმშერ ოთანაძემ.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC