კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟურნალისტი გოგონა პოლიციის უფროსის კაბინეტში გალახეს?

12 ივნისი, 2009

გიორგი ფუტკარაძე
გიორგი გირკელიძე
გურიიდან

ჩოხატაურის პოლიციის შენობასთან  და გაზეთ „გურია ნიუსის“ რედაქციასთან გუშინ ადგილობრივი ჟურნალისტების მიერ მშვიდობიანი აქცია გაიმართა. ჟურნალისტებმა 10 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩოხატაურის რაიონის სამმართველოს თანამშრომლების მიერ გაზეთ „გურია ნიუსის“ ჟურნალისტის, ნატო გოგელიასთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება გააპროტესტეს.

გუშინ ჟურნალისტებს პოლიციის შენობა დაკეტილი დახვდათ, თუმცა პლაკატები - „ნუ გვცემთ“, „თავისუფლება სიტყვას“, „შორს ხელები ჟურნალისტებისაგან“ - მაინც გააკრეს.

რაც შეეხება მომხდარს, ინციდენტი სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც გოგელია ცდილობდა გაერკვია, თუ რისთვის დაიჭირეს „ალიანსი საქართველოსთვის“ წარმომადგენელი მამუკა ცინცაძე, რომელსაც ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

როგორც თავად ნატო გოგელია ამბობს, ოთხშაბათს, 10 ივნისს, დაახლოებით 4 საათისთვის, ჩოხატაურის რაიონის პოლიციის შენობაში მივიდა, რომელიც დაკეტილი დახვდა და მან მორიგეს სთხოვა პოლიციის უფროსისთვის ეცნობებინა მისი მისვლის შესახებ.

„მითხრეს, რომ ავთო ვასაძე (ჩოხატაურის პოლიციის უფროსი) რამდენიმე წუთში მიმიღებდა. ველოდებოდი. მორიგემ კარი გამიღო და მითხრა, რომ უფროსი მელოდებოდა. კარებში ფეხი შევდგი თუ არა, წინ გადამიდგა ჩოხატაურის პოლიციის უფროსის შვილი, ტატო ვასაძე, რომელიც შსს გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომელია და როგორც მოგვიანებით მამამისმა განმარტა, თურმე ჩოხატაურზე ყოფილა მომაგრებული.

„მწვდა ხელებში, შემაჩერა კარებში და წიხლებს მირტყამდა. სიტუაცია პოლიციის უფროსმა განმუხტა, რომელმაც მის შვილს საყვედური უთხრა ასეთი საქციელის გამო“ - ამბობს გოგელია.

მისი თქმით, ავთო ვასაძემ პირობა დადო, რომ დასჯიდა შვილს.

„როცა ეს მოვლენები ხდებოდა, გურიის გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი თავის დამქაშებთან ერთად ქეიფობდა, ხოლო სამხარეო სამმართველოს უფროსი სატელეფონო საუბრისას, ისე რომ არცკი უთქვამს სიტუაციას გავარკვევო, დაბეჯითებით ამტკიცებდა, რომ ასეთი რამ არ მოხდებოდა“, - ამბობს გოგელია.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელი თამაზ ტრაპაიძე ამბობს, რომ აღნიშნული შემთხვევის შესახებ ის გოგელიას ესაუბრა. ტრაპაიძის თქმით, ჟურნალისტის ჩვენებიდან გამომდინარე, პოლიციელის მხრიდან ადგილი აქვს კანონის დარღვევას.

„ჟურნალისტი იყო მიღებაზე ჩაწერილი და შეიძლება ითქვას, თავად პოლიციის უფროსმა დართო ნებართვა მისულიყო მასთან და დაესვა მისთვის სასურველი კითხვები. კარებში კი შეხვდა პოლიციის თანამშრომელი, რომელმაც ფაქტიურად არ მისცა ნება მისულიყო უფროსთან, გადაეღობა მას. აქედან გამომდინარე, საქმე გვაქვს კანონდარღვევასთან, რადგან მან ხელი შეუშალა ჟურნალისტს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში.

„რაც შეეხება ფიზიკურ ზეწოლას, ქალბატონი ნატო აღნიშნავს, რომ მას შეეხნენ ფიზიკურად და ვერ მოახერხა თავისი უფლების განხორციელება მანამ, სანამ არ ჩამოვიდა პოლიციის უფროსი და არ აიყვანა მასთან. როგორც ირკვევა, პოლიციის უფროსი და თვითონ ის პიროვნება, რომელიც ჟურნალისტს გადაეღობა - გურიის პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომელი მამა-შვილი არიან. ამავე დროს შვილი ზედამხედველობას უწევს პოლიციის უფროსს - მამას. რაც კანონდარღვევაა“, - ამბობს ტრაპაიძე.

გაზეთ „გურია ნიუსის“ დამფუძნებელი ია მამალაძე აცხადებს, რომ 10 ივნისის ფაქტი იშვიათი გამონაკლისი არაა და „გურია ნიუსის“ ჟურნალისტებზე ზეწოლა ხშირად ხდება. მისი თქმით, სულ ცოტა ხნის წინ იყო შემთხვევა, როცა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ტავმჯდომარემ ანტონ ხუნდაძემ სრულიად უწყინარი ინფორმაციის გამო შეურაცხყოფა მიაყენა მათ ჟურნალისტს.

რაც შეეხება გოგელიას პოლიციის უფროსთან სტუმრობის მიზეზს, მამალაძე ამბობს, რომ ჟურნალისტი ცდილობდა გაეგო, თუ რატომ იყო დაპატიმრებული ადამიანი, რომლის მშობლები და ახლობლები იყვნენ რედაქციაში მისულები და დახმარება ითხოვეს.

„ვიკითხეთ, რა მოხდა და „რა მოხდაზე“ როდესაც წიხლს იღებ პასუხად, გადაგრეხილ მაჯას და დასისხლიანებულ ხელებს - ეს არის ძალიან მძიმე, ვერაფერს ვერ შველი და არანაირი რეაქცია მეორე მხრიდან არ არსებობს.

„ამ ორი დღის განმავლობაში ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი არ გამოჩენილა. მე ამას პირდაპირ ვუკავშირებ თვითმმართველობის არარსებობას ჩვენთან. როდესაც მოქალაქეს იჭერენ, ხომ შეიძლება გაგიჩნდეს სურვილი, იკითხი რაშია საქმე?!“ - ამბობს მამალაძე.

ინციდენტს ასევე გამოეხმაურა რეგიონული მედიის ასოციაცია და არაერთი რეგიონული მედიასაშუალებაც, რომელთაც ეს ფაქტი გააპროტესტეს. მედიაექსპერტი ია ანთაძე კი მომხდარს მკაცრად აკრიტიკებს და დამნაშავეთა დასჯას ითხოვს.

„ის, რომ ახალგაზრდა ჟურნალისტ ქალს ხელით ეხებიან პოლიციის შენობაში, ნიშნავს იმას, რომ დარწმუნებული არიან ადამიანები, ამის გამო პასუხს არ აგებინებენ. ეს არის ძალიან დიდი თვითნებობა, რომელიც სხვადასხვა ფორმით სხვადასხვა ადგილზე ხორციელდება“, - ამბობს ანთაძე.

„რეზონანსი“ ტატო ვასაძესაც დაუკავშირდა, რომელმაც ინფორმაცია კატეგორიულად უარყო.

„თუ სხვა საკითხზე გსურთ საუბარი, არავითარი პრობლემა არ არის, მაგრამ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საჭირო კომენტარისთვის პრესსამსახურს, მაიკო გიორგაძეს მიმართეთ. ეს ყველაფერი ტყუილია“, - განაცხადა ვასაძემ.

ჩვენ ასევე ვცადეთ მაიკო გიორგაძესთან დაკავშირება, თუმცა ის ჩვენს ზარებს არ პასუხობდა.

წყარო: რეზონანსი

ახალი ამბები