კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

16 წლის მოზარდს დანაშაულის აღიარებას მუქარით აიძულებენ

24 ივნისი, 2009

თეა თედლიაშვილი, გორი

14 ივნისს, გორში, პოლიციელებმა 16 წლის მოზარდი, დავით გორდელაძე დააკავეს. მას ბრალი ქურდობაში ედება, როგორც თვითონ ამბობს უსაფუძვლოდ. გორდელაძე ამბობს, რომ ძალოვნები მისგან აღიარებითი ჩვენების მიღებას მუქარის გზით ცდილობდნენ. გორში სახალხო დამცველის წარმომადგენელი ნინო დალაქიშვილი ირწმუნება, რომ მოზარდის დაკავების დროს ძალოვნებმა კანონის მრავალი ნორმა დაარღვიეს.

16 წლის გორდელაძე მაშინ დააკავეს, როცა ის, სახლში ნადირაძის ქუჩიდან ბრუნდებოდა, სადაც მეგობართან საქეიფოდ იყო. შეკრების ადგილი გორდელაძემ 23 საათზე დატოვა და რუხაძის ქუჩაზე, მამასთან აპირებდა მისვლას. გორდელაძე ყვება, რომ გზაში პოლიციის მანქანა წამოეწია. ძალოვნებმა უთხრეს - მანქანაში ჩაჯექიო. მოზარდმა მანქანაში ჩაჯდომამდე ითხოვა ადვოკატთან დარეკვა, თუმცა ამისი საშუალება მას პოლიციელებმა არ მისცეს და უთხრეს „რა ადვოკატი მანქანაში ჩაჯექიო“. გორდელაძის განცხადებით, მანქანაში სამი პოლიციელი იჯდა, ორი პოლიციელი წინ, ხოლო ერთი უკანა სავარძელზე. გორდელაძე ირწმუნება, რომ უკან მჯდომმა პოლიციელმა მას თავში და სახეში ჩასცხო და თან აგინებდა. გორდელაძემ გინება გააპროტესტა, რაზეც უპასუხეს - „საგინებელი ხარო“.

გორდელაძეს პოლიციელებმა მანქანაში აცნობეს, რომ გორში, ჭალის დასახლებაში დაიკარგა  მოგნიტოფონი და აკუმულატორი. მათ გორდელაძეს სთხოვეს დაუყოვნებლივ ეთქვა სად იყო ეს ნივთები. „როცა ვუთხარი, რომ არაფერი ვიცოდი ამის შესახებ, დამემუქრნენ - თუ ქურდობას არ აღიარებ, დედაშენს ნარკოტიკებს ჩავუდებთ და 20 წელი ციხეში ჩავსვამთო“ - განაცხადა გორდელაძემ სახალხო დამცველის წარმომადგენელთან საუბრისას. 16 წლის მოზარდი აცხადებს, რომ ამ მუქარის შემდეგ „აღიარა“ თავისი დანაშაული.

ამის შემდეგ ძალოვნებმა მას იმ ადგილის დასახელება მოსთხოვეს, სადაც მოპარულ ნივთებს ინახავდა. იმ იმედით, რომ ვინმე ნაცნობს შეხვდებოდა და დახმარებას სთხოვდა გორდელაძემ პოლიციელები ჯერ დედის სამსახურთან ახლოს, გორის საკათედრო ტაძრისკენ, შემდეგ კი საკუთარი სახლის სიახლოვეს მიიყვანა. მაგრამ უკვე გვიანი ღამე იყო და მას არავინ შეხვედრია. ვერც ძალოვნებმა მიაგნეს ნაქურდალ ნივთებს. 

„ამ ადგილიდან ეგ ნივთები ალბათ შენმა პადელნიკმა ლაფერაშვილმა წაიღო კრისულად და სამ დღეში იმასაც მოგაყოლებთო“ - უთხრეს გორდელაძეს პოლიციელებმა. გორდელაძის კითხვაზე ლაფერაშვილი რა შუაშიაო, ძალოვნებმა უპასუხეს - „მაგან ჩაგიშვაო“.

გორდელაძის „მოგზაურობა“ ამით არ დამთავრებულა. იმედგაცრუებულმა პოლიციელებმა ის კომბინატის დასახლებაში, საპატრულო პოლიციის შენობაში გადაიყვანეს და მოსთხოვეს, ეთქვა „ვინ იყო მასთან ერთად საქმეში“. გორდელაძის უარს ძალოვნებმა ისევ მუქარით უპასუხეს, თუმცა მან თანამზრახველობა ვერავის დააბრალა რის შედეგაც ის 15 წუთის შემდეგ სხვა მანქანაში გადაიყვანეს და „ჭალის“ დასახლებისკენ წაიყვანეს.

გორდელაძე აიძულეს ხელი დაედო მანქანის გვერდითი სარკისთვის, პოლიციელებმა, მას მოსთხოვეს, „თქვი, რომ ტაქსების „გარაჟთან“ დაგიჭირეთ და „მაიკის“ ქვეშ ეს სარკე გედოო“.

გორდელაძე ფიქრობს, რომ სწორედ იმ უცნობი კაცის მანქანიდან აბრალებენ სარკის მოპარვას და ავტომობილის ნომერი დაიმახსოვრა: LEV 457. მისი განცხადებით ეს იყო „ოპელი“-ს მარკის ავტომობილი, სიბნელეში ფერი ზუსტად ვერ გაარჩია და ვარაუდობს, რომ მუქი მწვანე ფერის უნდა ყოფილიყო.

16 წლის მოზარდი აცხადებს, რომ ამის შემდეგ ის პოლიციის შენობაში გადაიყვანეს, რაღაც ფურცლებზე ხელი მოაწერინეს და კიდევ ერთხელ შეახსენეს, „ადვოკატს და მოსამართლეს ეტყვი, რომ ის „ტაქსების გარაჟთან“ დაგაკავეთო“.

16 წლის მოზარდი პოლიციელებმა, მხოლოდ ამის შემდეგ გადაიყვანეს გორის წინასწარი მოთავსების იზოლატორში, სადაც ის სახალხო დამცველის წარმოამდგენელმა ნინო დალაქიშვილმა მოინახულა.

16 წლის მოზარდს გორის რაიონულმა სასამართლომ გირაოს გადახდამდე, წინასწარი ორ თვიანი პატიმრობა შეუფარდა და მე-8 საპყრობილეში გადაიყვანეს. მოზარდმა სასასამრთლო სხდომაზე დანაშაული არ აღიარა და განაცხადა, რომ პოლიციელების მხრიდან ადგილი ჰქონდა ზეწოლას, მუქარას და იძულებას.

პროკურატურამ გორდელაძის გათავისუფლების სანაცვლოდ გირაოს სახით 12 ათასი ლარი მოითხოვა, თუმცა სასამართლომ  ეს თანხა 10 ათასი ლარით შეცვალა. გორდელაძის დედამ შეძლოამ თანხის მოძიება და მოზარდი დროებით გათავისუფლებულია, თუმცა თუკი ის საკუთარ უდანაშაულობას ვერ დაამტკიცებს, 2 თვის შემდეგ ისევ ციხეში შეაბრუნებენ და გირაოს სახით გადახდილ 10 000 ლარსაც დაკარგავენ.

გორდელაძის  მშობლები გაცილებულები არიან, მოზარდი დედასთან ერთად კომბინატის დასახლებაში „კარაბლიკების“ ერთ ოთახიან ბინაში ცხოვრობს.

„პროკურატურამ რეალურად არ შეისწავლა გარემობებები. კანონით გირაო ადეკვატური უნდა იყოს დაკავებული ადამიანის ქონებისა, მათ ერთხელ მაინც რომ ენახათ სახლი, სადაც გორდელაძე ცხოვრობს 12 ათასს ლარს ვერ მოითხოვდნენ. გორდელაძეს ჯერ-ჯერობით არ ჰყავს მოწმე, რომელიც დაადასტურებს, რომ ის ნამდვილად წმინდაწყლის დახადლებაში აიყვანეს და მერე რამდენიმე საათი აქეთ-იქით ატარეს. ახლა ეს ბავშვი მარტო დგას მთელი პოლიციეს წინააღმდეგ“ - ამბობს სახალხო დამცველის წარმოამდგენელი ნინო დალაქიშვილი.

ახალი ამბები