კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რა კავშირი აქვს ლუკა რამაზაშვილის პატიმრობას თელავის ტელეკომპანიასთან

2 ივლისი, 2009

გელა მთივლიშილი, კახეთი

კონსერვატორული პარტიის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიამ პარტია „მრეწველების“ კახეთის რეგიონალური ორგანიზაციის ყოფილ ხელმძღვანელს, ლუკა რამაზაშვილს პოლიტიკური პატიმრის სტატუსი მიანიჭა. თელავის რაიონული სასამართლოს მიერ ყაჩაღობაში, სხვისი ნივთის დაზიანება-განადგურებაში, გამოძალვასა და სხვა დანაშაულებში მსჯავრდებული რამაზაშვილი სასჯელს უკვე მეოთხე წელია იხდის. რამაზაშვილის საქმე წარმოებაში მიიღო ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ. თელავის ტელეკომპანია „თანამგზავრის“ დირექტორი ენრი კობახიძე და მისი ბიზნესპარტნიორი, კომპანია „ყაზბეგის“ გენერალური დირექტორი გოგი თოფაძე ირწმუნებიან, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ლუკა რამაზაშვილი ციხეში დამოუკიდებელი რეგიონალური ტელეკომპანიის ხელში ჩაგდების მიზნით ჩასვა.

კახეთის საოლქო პროკურატურამ აფხაზეთის ომის მონაწილე, ვახტანგ გორგასლის ორდენის კავალერი ლუკა რამაზაშვილი 2006 წლის 30 იანვარს დააკავა. თავდაპირველად, რამაზაშვილს ბრალი 13 ცალი სამშენებლო ფილის ქურდობაში დასდეს, თუმცა მას შემდეგ, რაც ამ ფილების მფლობელი გელა ნინიაშვილი გამოჩნდა და განაცხადა, რომ მისთვის ფილები არავის მოუპარავს, რამაზაშვილს ბრალდება დაუმძიმეს. პროკურატურამ მას ბრალი აზერბაიჯანელი ეროვნების მოქალაქეებისთვის ქონების წართმევაშიც დასდო. ამავე დროს, სამართალდამცავებმა, დააკავეს გელა ნინიაშვილიც, რომელიც რამდენიმე დღე დაპატიმრებული იყო.

სისხლის სამართლის საქმე თელავის რაიონულმა სასამართლომ განიხილა. სასამართლო პროცესების მონიტორინგს ეუთოს პროექტის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი ახორციელებდა. როგორც ორგანიზაციის ანგარიშშია ნათქვამი, პროცესზე დასაკითხად მოწვეული მოწმეები ხმამაღლა და ხაზგასმით აცხადებდნენ, რომ მათ წინასწარ გამოძიებას რამაზაშვილის საწინააღმდეგო ჩვენებები პროკურატურის მხრიდან ზეწოლისა და მუქარის შედეგად მისცეს.

„რამდენიმე მოწმემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ გამომძიებელმა მათ ხელი ცარიელ ფურცლებზე მოაწერინა. ერთ-ერთმა დაზარალებულმა მუსრადინ ნაბი ოღლიმ კი სასამართლოს უჩვენა, რომ ჩვენებას, რაზედაც მისი ხელმოწერაა, საერთოდ არ იცნობს. მოწმეებმა აივენგო წიქარაძემ, ბესარიონ ქიტიძემ და არსენ პავლიაშვილმა კი აღნიშნეს, რომ მათ ჩვენებებში ის დაწერეს, რასაც გამომძიებლები კარნახობდნენ. ამ განცხადებების შემდეგ ცრუ ჩვენებების მიცემის ბრალდებით, ეს მოწმეები კახეთის საოლქო პროკურატურამ დააკავა და მათ პატიმრობა შეუფარდეს“, - ნათქვამია სასამართლოს მონიტორინგის ანგარიშში.

რამაზაშვილის ადვოკატები შალვა შავგულიძე და ალექსი შოშიკელაშვილი ბრალდებულის უდანაშაულოდ ცნობას და გათავისუფლებას, პროკურატურა კი მისთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა. 2006 წლის 26 ოქტომბერს მოსამართლე ლია ოთარაშვილმა ლუკა რამაზაშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

რამაზაშვილის ბიზნესპარტნიორი და პარტია „მრეწველების“ თავმჯდომარე გოგი თოფაძე სასამართლოს მიერ განაჩენის გამოცხადებამდეც ამბობდა და ახლაც იმეორებს, რომ ლუკა რამაზაშვილი კახეთის იმდროინდელი ხელმძღვანელების პირადი პატიმარია, რომლებიც ამჟამადაც მაღალი თანამდებობის პირები არიან.

„ლუკა რამაზაშვილი თელავის რაიონის მაშინდელი გამგებლის - გოჩა მამაცაშვილის და გუბერნატორის - პეტრე ცისკარიშვილის მითითებით დააპატიმრეს. მამაცაშვილსა და მის ბანდას ძალიან არ მოსწონდათ ის, რომ ჩვენ თელავის რაიონში ხე-ტყის გადამამუშავებელი საწარმო გავხსენით. მათ სურდათ, რომ უკონტროლოდ მოჭრილი ხე-ტყე ისევ უცხოეთში გაეტანათ“, - აღნიშნავს თოფაძე.

თოფაძის ამ ბრალდებას მამაცაშვილი და ცისკარიშვილი მაშინაც და ახლაც კატეგორიულად უარყოფენ. მამაცაშვილი ამჟამად გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილეა, ხოლო ცისკარიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი.

ლუკა რამაზაშვილის დაპატიმრებას თელავის ტელეკომპანია „თანამგზავრის“ მუშაობას უკავშირებს ტელეკომპანიის ხელმძღვანელი ენრი კობახიძე. ადგილობრივი ტელევიზიის დირექტორად კობახიძე, ლუკა რამაზაშვილის რეკომენდაციით, მას შემდეგ დაინიშნა, რაც ტელეკომპანიაში არსებული წილის განკარგვის შესახებ რამაზაშვილს დახმარება ტელევიზიის ერთ-ერთმა მეპატრონემ მარიეტა კორინკოროვა-გრიშიკაშვილმა სთხოვა.

ენრი კობახიძე: „თელავის ტელეკომპანიის დირექტორად 2006 წელს დავინიშნე. დაახლოებით ერთ თვეში თელავის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა გოჩა მამაცაშვილმა დამიბარა და მითხრა, რომ ტელეკომპანიას ახალი ამბები მმართველი პარტიის სასარგებლოდ უნდა გაეშუქებინა. ამაზე მან ჩემგან უარი მიიღო. პირდაპირ ვუთხარი, რომ სარედაქციო საქმიანობაში არავის ჩავრევდით, თუმცა ყველა ამბავს გავაშუქებდით. საუბარი არ დამამთავრებინა, მითხრა, რადგან ვერ შევთანხმდით, გადაწყვეტილებას ჩვენ მივიღებთო“.

მარიეტა გრიშიკაშვილი: „ამის შემდეგ, რამდენიმე დღეში მე დამიკავშირდნენ და ტელევიზიაში ჩემი კუთვნილი წილის დათმობა მომთხოვეს. რა ფორმით, არ დაუკონკრეტებიათ, თუმცა თუ გავასხვისებდი, იყიდიდნენ. უარი ვთქვი“.

ენრი კობახიძე ამბობს, რომ ტელევიზიის დამფუძნებლისგან წილის დათმობაზე უარის მიღების შემდეგ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები თავად ლუკა რამაზაშვილს დაუკავშირდნენ. „ლუკამ რამდენჯერმე მითხრა, გამაფრთხილეს, ტელევიზიის გამო დიდ პრობლემებს შეგიქმნითო“, - ამბობს კობახიძე.

მისივე თქმით, ტელეკომპანიასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც სერიოზული ზეწოლის მიუხედავად, ეთერში, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის ამსახველი კადრები გაუშვეს. სპეცოპერაციის დროს პოლიციის თანამშრომლებმა ორი ადამიანი დახოცეს.

„მასალის გავრცელებამდე კახეთის გუბერნატორის მოადგილე შალვა ერისთავი მირეკავდა და მოითხოვდა, რომ სიუჟეტი ეთერში არ გაგვეშვა. იგივეს პოლიციის სამხარეო სამმართველოს ხელმძღვანელობაც მოითხოვდა, მაგრამ მასალა ეთერში მაინც გავუშვით. ისე მოხდა, რომ მომდევნო დღეებში ეთერში გავიდა სიუჟეტი, სადაც ნაჩვენები იყო, როგორ იჩეხებოდა უკანონოდ და როგორ გაჰქონდათ ხე-ტყე თურქეთში. სიუჟეტის თანახმად, ამ ყველაფრის უკან თელავის გამგებელი გოჩა მამაცაშვილი იდგა“, - იხსენებს ენრი კობახიძე.

ამის შემდეგ, თელავის ტელეკომპანია, ყოფილი დირექტორის და ერთ-ერთი მფლობელის ზურაბ ქუმსიაშვილის მოთხოვნით, შენობიდან გააძევეს. ტელევიზიის მოქმედმა ხელმძღვანელობამ ტელეკომპანიის ფუნქციონირებისათვის ქალაქ თელავში კერძო ბინა იქირავა, მაგრამ მისი დატოვებაც რამდენიმე დღეში მოუხდათ. ზუსტად ამ დღეებში ლუკა რამაზაშვილიც დააკავეს. ამავე დროს ტელევიზიაში ფინანსური პოლიციაც შევიდა.

ნატო მეგუთნიშვილი, „თანამგზავრის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი: „სახლის მეპატრონემ დაგვირეკა და გვითხრა, თანხა რაც გადამიხადეთ, უკან დაგიბრუნებთ, მემუქრებიან, ბინა ტელევიზიას რატომ მიაქირავეო. ოფისისა და სტუდიის უქონლობის გამო გადაცემების მომზადებას ვეღარ ვახერხებდით. შევაჩერეთ ყოველკვირეული გადაცემა „დიალოგი“, რომელიც პირდაპირ ეთერში გადიოდა. ზეწოლა იყო ჟურნალისტებზეც: - კორესპონდენტებს გამგეობის და საკრებულოს შენობებში არ უშვებდნენ, ინფორმაციას და კომენტარს არ აძლევდნენ, იძულებული გავხდით ყოველდღიური საინფორმაციო გამოშვებაც დაგვეხურა“.

2006 წლის 01 თებერვალს სამართალდამცავებმა ტელეკომპანია „თანამგზავრის“ დირექტორი ენრი კობახიძეც დააკავეს. თელავის პოლიციის თანამშრომელი უჩა იაგორაშვილი კობახიძეს წვრილმან ხულიგნობაში ადანაშაულებდა. საქმის მასალების მიხედვით, კობახიძემ სასამართლო დარბაზში იმ დროს შეიგინა, როცა მოსამართლემ ლუკა რამაზაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციის ერთი თანამშრომლის გარდა კობახიძის მხრიდან გინებას არავინ ადასტურებდა, სასამართლომ ტელევიზიის დირექტორი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად მაინც სცნო და მას ჯარიმის სახით 7,5 ლარის გადახდა დააკისრა.

ენრი კობახიძის განცხადებით, მარიეტა გრიშიკაშვილს ტელევიზიაში 40 პროცენტიანი წილი რომ დაეთმო, ამაზე ლუკა რამაზაშვილთან მოლაპარაკებები მისი დაპატიმრების შემდეგაც მიმდინარეობდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ტელეკომპანია „თანამგზავრის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ელდარ გრიშიკაშვილი (მარიეტა გრიშიკაშვილის შვილი) მამასთან ერთად თავის სახლში 1998 წელს მოკლეს. ეს საქმე დღემდე გამოუძიებელია.

ახალი ამბები