კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვინ მართავს ტელევიზიებს?

24 ივლისი, 2009

ზვიად ქორიძე კომუნიკაციების ეროვნული კომისიისგან და ტელეკომპანიებისგან არხების მფლობელთა ვინაობის გამოქვეყნებას ითხოვს

თაკო ხუციშვილი

ქართულ ტელევიზიებში ბოლო დროს განხორციელებულმა საკადრო ცვლილებებმა საზოგადოებას არაერთი კითხვის ნიშანი გაუჩინა. ტელეკომპანია „იმედის“ გენერალურ დირექტორად გიორგი არველაძის დანიშვნას, მეორე დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ლევან ყუბანეიშვილის თანამდებობიდან გადადგომა მოჰყვა. საკადრო ცლილებები იმავე დღეს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-საც შეეხო. საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ირმა ნადირაშვილმა ნინო შუბლაძე შეცვალა, ხოლო ეს უკანასკნელი გენერალური დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. სატელევიზიო ცვლილებების შესახებ გვესაუბრება ჟურნალისტი ზვიად ქორიძე.

- ბოლო პერიოდში სატელევიზიო სივრცეში საკადრო ცვილებები განხორციელდა,  როგორ შეაფასებდით ამ მოვლენებს?

- ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ცვლილება საზოგადოებრივ მაუწყებელზე. რატომ გადადგა ლევან ყუბანეიშვილი თანამდებობიდან ჩემთვის უცნობია, უცნობია ასევე საზოგადოებისთვისაც. სამეურვეო საბჭოც ამ საკითხზე არანაირ კომენტარს არ აკეთებს. მათ უხმოდ დააკმაყოფილეს ლევან ყუბანეიშვილის განცხადება გადადგომაზე. მიმაჩნია, რომ ლევან ყუბანეიშვილი ვალდებულია, საზოგადოებას ამცნოს ის მოტივები, რის გამოც გადადგა. არა მგონია, რომ ეს მოუცლელობის ან დაღლის ან ავადმყოფობის გამო მომხდარიყო. მე ვაპირებ, შევიტანო განაცხადი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში და გამოვითხოვო იმ სხდომის სტენოგრამა, რომელზეც განიხილეს ლევან ყუბანეიშვილის განცხადება გადადგომის შესახებ.

- „რუსთავი 2“-სა და „იმედში“ განხორციელებულ ცვლილებებზე რას გვეტყოდით?

- რაც შეეხება სხვა არხებზე განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს ამას ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. არც ისე მნიშვნელოვანია ვინ დაიკავებს ამა თუ იმ თანამდებობას ამ არხებზე. ეს აღმასრულებლების საკითხია და ვფიქრობ, რომ აღმასრულებლების ცვლილება არ არის მთავარი. უფრო მნიშვნელოვანია ინფორმაცია ტელევიზიების მფლობელებზე, ანუ მათზე, ვინც რეალურად მართავენ ამ არხებს. მოკლედ მთავარი კითხვები ასეთია - ვინ არიან ამ ტელეკომპანიების რეალური და ვინ ფორმალური მფლობელები; ვინ აფინანსებს ამ ტელეკომპანიებს. აქამდე მედიაში ხშირად წამიკითხავს იმ ჟურნალისტების კომენტარები, რომლებიც წამოვიდნენ „იმედიდან“. ბევრი ამბობს, რომ „იმედი“ გიგი უგულავას კონტროლის ქვეშ იყო. რა მნიშვნელობა აქვს გიგი უგულავა გააკონტროლებს ამ არხს არაფორმალურად თუ გიორგი არველაძე ფორმალურად?

ეს ის გიორგი არველაძეა , რომელიც წელიწადნახევრის წინ იყო ამ მთავრობის მინისტრი და მეტიც ის იყო იმ მცირერიცხოვანი ჯგუფის აქტიური წევრი, რომლებმაც 2007 წლის 7 ნოემბერს მხარი დაუჭირა ტელეკომპანია „იმედის დახურვას“. მინისტრობის პერიოდში მას ჰქონდა კერძო ბიზნესი, ვგულისხმობ სარეკლამო კომპანია „სარკეს“, რომელიც სამთავრობო შეკვეთებზე გამდიდრდა 2006-2008 წლებში. ისიც აღსანიშნავია, რომ ამ სამთავრობო შეკვეთებს სარეკლამო კომპანიას აძლევდა ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, რომლის მინისტრიც გიორგი არველაძე იყო. ეს ჩვეულებრივი კორუფციული სქემაა და მეტი არაფერი. მან ამ სქემისთვის პასუხი უნდა აგოს კანონის მთელი სიმკაცრით. მაგრამ, დღეს ის კანონისგან თავის დაძვრენას ახერხებს. ის ეცდება პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დაუმტკიცოს ერთგულება.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჯოზეფ ქეის პატარკაციშვილის ქონების მხოლოდ განკარგვის უფლება ჰქონდა. მან კი საკონტროლო პაკეტი მიჰყიდა „რაკიინ ჯგუფს“. ამ ჯგუფის არცერთი წარმომადგენელი ამ ხნის განმავლობაში არ გამოჩენილა და არ გაუკეთებია კომენტარი გენერალური დირექტორის შეცვლის თაობაზე, რაც ჩემთვის გაუგებარია.

- საეჭვოდ ხომ არ გეჩვენებათ ის ფაქტი, რომ ტელეკომპანიების საკადრო ცვილებები ერთმანეთს დაემთხვა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხელისუფლება რაღაცისთვის ემზადება?

რისთვის უნდა ემზადებოდეს ხელისუფლება? „რუსთავი 2“ მანამდე სხვა რამეს გააკეთებდა,როცა ნინო შუბლაზე იყო საინფორმაციოს უფროსი და დღეს სხვა რამე გააკეთებს? უბრალოდ ნინო შუბლაძე დააწინაურეს გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე. ახლა მივიღე ინფორმაცია, რომ ის შეიძლება საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის ერთ-ერთი კანდიდატიც იყოს. არ მაინტერესებს ის ინტრიგები, რომლებიც თან ახლავს ასეთ საკადრო გადადგილებებს. როგორც მოქალაქეს ის უფრო მაინტერესებს, ვინ არის არხების რეალური მფლობელი. საზოგადოებისთვის უფრო მნიშვნელოვანია იცოდეს ვინ ფლობს საკონტროლო აქციათა პაკეტს ამ ტელევიზიებში, როგორ ხდება ამ არხების დაფინანსება, როგორია მათი წლიური ბიუჯეტი...

ერთი მხრივ არხები, მეორე მხრივ კომუნიკაციების ეროვნული კომისია კანონით ვალდებულია გამოაქვეყნოს ინფორმაცია დამფუძნებელთა შესახებ. სწორედ ესაა ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა. როცა ჯო ბაიდენს მიმართეს მედიის წარმომადგენლებმა, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ამ საკითხში გამჭვირვალობის მიღწევა იყო. ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ამ გაჭვირვალობას მივაღწიოთ.

- ამჟამად „1 არხის“ გენერალური დირექტორის თანამდებობა ვაკანტურია, ხომ არ აპირებთ კენჭისყრაში მონაწილეობას?

ჯერ კონკრეტულად არ გადამიწყვეტია, მაგრამ ვფიქრობ ამ თემაზე, ისევე როგორც წელიწადნახევრის წინ ვფიქრობდი და შევიტანე განაცხადი. ამ შემთხვევაში მე არ მაქვს ილუზია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო პოლიტიკური ნებისგან იქნება განთავისუფლებული და ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც იქნება მიუკერძოებელი და ობიექტური, მაგრამ მე კიდევ ერთხელ ვეცდები, რომ საზოგადოებას ვესაუბრო იმაზე, თუ როგორ უნდა დავიხსნათ საზოგადოებრივი მაუწყებელი ტყვეობისგან.

ამ თემაზე:

პირველი არხი და უმრავლესობის ვნებები

ახალი ამბები