კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უკანონო საკადრო პოლიტიკა ქუთაისის მერიაში

6 აგვისტო, 2009

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ქუთაისის საფინანსო სამსახურის ყოფილი თანამშრომელი სამართლიანობის აღდგენისთვის უკვე წელიწადზე მეტია იბრძვის. ანგარიშ-აღრიცხვების წამყვანი სპეციალისტის სვეტლანა ზაქარაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლება ქუთაისის მერიაში შტატების შემცირებით ახსნეს, მაშინ, როცა იმ პერიოდში (და მოგვიანებითაც) აღნიშნულ სამსახურში 8 ახალი თანამშრომელი მიიღეს.

რესპუბლიკური პარტიის ადგილობრივი წარმომადგენლების განცხადებით, აღნიშნული შემთხვევა არც პირველია და არც უკანასკნელი. საკადრო პოლიტიკა ქუთაისის მერიაში კარგა ხანია პარტიული ნიშნით ხორხციელდება. მეტიც, თვითმმართველობის ორგანო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება, როცა უკანონოდ გათავისუფლებულ თანამშრომელს სამსახურში არ აბრუნებს.

„ქუთაისის ადგილობრივმა ხელისუფლებამ კიდევ ერთი უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, რითაც ამჟამად, უკვე, უზენაესი სასამართლოს მოთხოვნა უგულვებელყო, სვეტლანა ზაქარაშვილის სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით. მისი გათავისუფლება შტატების შემცირების მოტივით მოხდა. თუმცა, იმ პერიოდში, იმავე სამსახურში რამდენიმე ახალი თანამშრომელი "ნაციონალების" ჩარევით მიიღეს. ეს პროცესი დღესაც წარმატებით მიმდინარეობს, რისი თქმის საფუძველსაც ის გარემოება მაძლევს, რომ სხვადასხვა სასამართლო ინსტანციის გადაწყვეტილების მიუხედავად (რა თაქმა უნდა, ზაქარაშვილის სასარგებლოდ) მისი გათავისუფლებიდან დღემდე იმავე სამსახურში 8 თანამშრომელია მიღებული. აქედან, ხუთი ძველი, შემცირებული კადრია აღდგენილი და სამიც ახალია მიღებული", - ამბობს რესპუბლიკური პარტიის ქუთაისის კომიტეტის თავმჯდომარე ნატო ქათამაძე.

ზაქარაშვილის საქმემ საქართველოს თითქმის ყველა ინსტანციის სასამართლო მოიარა და საბოლოოდ დაზარალებულის სასარგებლოდ გადაწყდა. 2008 წლის 20 მაისს უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, გაუქმებულიყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 29 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისთვის იმავე სასამართლოს დაბრუნებოდა.

მიღებული გადაწყვეტილება, საკასაციო წესით, ორივე მხარემ გაასაჩივრა. საკასაციო სასამართლომ უარი უთხრა ორივე მხარეს და ძველი გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

2008 წლის 20 ოქტომბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სვეტლანა ზაქარაშვილისა და ქუთაისის მერიის საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ: "1. სადაო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი ქუთაისის მერიის 2007 წლის 20 აპრილის ბრძანება ს. ზაქარაშვილის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.  2. დაევალოს ქუთაისის მერიას გადაწყვეტილებაში მითითებული, არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების მოკვლევა-შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური აქტი დავის საგნიდან გამომდინარე - ს. ზაქარაშვილის სამსახურიდან გათავისუფლების, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე."

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, 2009 წლის 6 აპრილს, ქუთაისის მერიის ბრძანებით, ზაქარაშვილი დაკავებული თანამდებობიდან კიდევ ერთხელ გაათავისუფლეს. აღნიშნული ბრძანება მერიის ყოფილმა თანამშრომელმა ქუთაისის საკრებულოში გაასაჩივრა.

"2009 წლის 24 ივნისს ქუთაისის საკრებულომ განკარგულება გამოსცა, რომლის მიხედვით, ჩემი მოთხოვნა ქუთაისის მერიის 2009 წლის 6 აპრილის ბრძანების გაუქმების  შესახებ, უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა. მე, რა თქმა უნდა, ბრძოლას გავაგრძელებ და დავამტკიცებ, რომ ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში სრული განუკითხაობაა და გადაწყვეტილებებს პირადი ნიშნით იღებენ", - ამბობს სვეტლანა ზაქარაშვილი.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ ყველა პროცედურა კანონის სრული დაცვით განხორციელდა და აქ სადაო, უბრალოდ, არაფერია. რაც შეეხება სამსახურიდან გათავისუფლებულ ზაქარაშვილს, მის უფლებებს რესპუბლიკური პარტიის იურისტები იცავენ. ისინი, როგორც თვითონ აცხადებენ, რამდენიმე დღეში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, დაზარალებულის დასაცავად, მორიგ სარჩელს შეიტანენ.

ახალი ამბები