კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უჩინარი ადამიანები

14 აგვისტო, 2009

ირინა ჭოჭუა

„შეცვალეთ გარემო და არა ადამიანი“ - ამ თხოვნით მიმართავენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები ხელისუფლების წარმომადგენლებს. საქართველოში ძალიან მწვავედ დგას ინვალიდობის პრობლემა და ეს განპირობებულია ქვეყანაში არსებული არახელსაყრელი პირობებით. ინვალიდთა უფლებადამცავი ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, თუკი გარემო იქნება ხელმისაწვდომი, პრობლემა - ინვალიდობა - აღარ იარსებებს. უნარშეზღუდულთათვის არ არსებობს ადაპტირებული ცხოვრების გარემო, განათლების მიღებისა და დასაქმების თანაბარი პირობები. დღესდღეობით ინვალიდებს არათუ სრულფასოვნად არსებობა, არამედ ტრანსპორტით გადაადგილებაც კი უჭირთ.

2009 წლის 21 მაისს საქართველოს ელჩმა გაეროში ალექსანდრე ლომაიამ ხელი მოაწერა გაეროს კონვენციას, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებს ეხება. კონვენციის მიზანია „ხელი შეუწყოს, დაიცვას და უზრუნველყოს უნარშეზღუდულთა თანაბარი უფლებები“, რაშიც პირველ რიგში დასაქმებისა და სამსახურებრივი წინსვლის უფლება იგულისხმება. დღესდღეობით მოქმედი კანონი შეზღუდული შესაძლენლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ უფლებას ანიჭებს ამ ადამიანებს იმუშაონ შრომის ჩვეულებრივი პირობების საწარმოებსა და ორგანიზაციებში, მაგრამ არ არსებობს მექანიზმი, რომელიც უნარშეზღუდულებს დაასაქმებდა.

„ქვეყანაში არ არსებობს დასაქმების მაკოორდინებელი სტრუქტურა. ჩვენ დავსვით კითხვა: ვის მივმართოთ სამუშაო ადგილებისთვის, მაგრამ ვერ მივაკვლიეთ მსგავს სტრუქტურას და ვერც პასუხისმგებელი პირი ვიპოვეთ. ჩვენ გვაქვს მოსაზრება, რომ გაკეთდეს დასაქმების პროგრამები სამინისტროების მიხედვით, მაგრამ დღეს კონკრეტული არაფერი კეთდება“ - ამბობს „საქართველოს ღვთისშვილთა კავშირის“ პრეზიდენტი ზაზა სიხარულიძე.

„საქართველოს ინვალიდთა ალიანსის“ თავმჯდომარემ, ნინო მარდალეიშვილმა, არაერთხელ მიმართა დახმარებისთვის ქვეყნის პრეზიდენტს, სხვადასხვა სახელისუფლებო უწყებეს, მაგრამ ამაოდ. არსებობს მის მიერ შემუშავებული პროექტი, რომლის მიზანია დაარსდეს ინვალიდთა კლუბი. აქ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ექნებათ პროფესიული განვითარებისა და სამსახურეობრივი წინსვლის პირობები, მაგრამ უმთავრესი წინაღობა ისევ ფინანსური პრობლემებია. „მივმართეთ როგორც მერიას, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროს, პრეზიდენტამდეც მივედით, მაგრამ ყველგან გვაძლევენ უარყოფით პასუხს როგორც თანხებზე, ასევე ფართზე. მე მაქვს პროექტი, რომელშიც ნაწილობრივ ინვალიდები იქნებიან დასაქმებული, ნაწილობრივ ჯანმრთელები ადამიანები. პროექტი მოწონებას იმსახურებს, მაგრამ ვერ მოიძებნა ფინანსები მის განსახორციელებლად“, - აცხადებს ნინო მარდალეიშვილი.
 
ინვალიდთა არასამთავრობო ორგანიზაციების დღის წესრიგში დგას გაეროს კონვენციის რატიფიკაციის საკითხი. იმედოვნებენ, რომ გაეროს კონვენციაზე მიერთება რეალობას შეცვლის. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის სამინისტრომ ვერ გამოიჩინა ოპერატიულობა, ეს პროცესი დასასრულისკენ მიდის. სექტემბერში მოხდება კონვენციის რატიფიცირება, მაგრამ აქვე ჩნდება მორიგი პრობლემა - კონვენციის აღსრულების მექანიზმის არარსებობა. კონვენციაზე ხელმოწერის შემდეგ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უნდა ჩამოაყალიბოს  „ინვლიადთა სოციალური ინტეგრაციის“ 3-წლიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც სექტემბრისთვის უნდა იყოს მზად. გეგმა იმ კონცეფციის მიხედვით ჩამოყალიბდება, რომელიც რატი იონათამიშვილის არასამთავრობო ორგანიზაციამ USAID-ისა და Save The Children-ის დახმარებით შეიმუშავა. აუცილებელი ფაქტორია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების დასაქმებისთვის საჭირო ბერკეტის ამუშავება, რაც ასევე გეგმაში გაიწერება. რატი იონათამიშვილის თქმით დღესდღეობით უფრო ხელსაყრელი გარემოა შექმნილი ინვალიდთა დაცვის ეფექტური სისტემის ასამუშავებლად. „კონვენცია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის რეალური ბერკეტი იმისათვის, რომ პროცესი არათუ დაიძრას, არამედ წარმატებით განხორციელდეს“, - ამბობს არასამთვარობო ორგანიზაციის  „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის“ მენეჯერი.

2007 წელს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შეიქმნა ინვალიდთა არასამთავრობო ორგანიზაციათა საკოორდინაციო საბჭო, რომელმაც მხოლოდ ერთი წელი იარსება. თუმცა გასულ თვეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ეგიდით შეიქმნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სახელწიფო საკოორდინაციო საბჭო. საბჭო დაკომპლექტდა შემდეგი შემადგენლობით: ნიკოლოზ რურუა, დავით ტყეშელაშვილი, ნიკოლოზ გვარამია, კახა ბაინდურაშვილი, ნიკოლოზ გილაური,  ალექსანდრე კვიტაშვილი, ლაშა ჟვანია, სოზარ სუბარი, ოთარ თოიძე.  20 ივლისს სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” გაიმართა ინვლიდთა არასამთავრობო ორგანიზაციების შეკრება, სადაც არჩეულ იქნა შვიდი წარმომადგენელი. არჩევნებისას გათვალისწინებული იქნა ინვალიდობის ყველა ფორმა. განისაზღვრა მათი კრიტერიუმები და ვადები.

საქართველოში 200 ათასამდე უნარშეზღუდული ადამიანია, თუმცა აქედან მხოლოდ 1%-ია დასაქმებული. 18 სმენადაქვეითებული მერიის დასუფთავების სამსახურმა დაიქირავა, 6 მათგანი კომპანია „ჯეოსელის“ თანამშრომელია. ყრუთა კავშირმა USAID -ის დახმარებით 50-მდე ახალგაზრდა გადაამზადა მშენებლის, მღებავისა და სანტექნიკოსის სპეციალობებში. ხოლო წელიწადზე მეტია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 17 ადამიანი მუშაობს. მათ ტრანსპორტირების გამო შინიდან გასვლა უჭირთ, ამიტომ დავალებებს სახლიდან ასრულებენ.
 
2009 წელს დამტკიცებული სოციალური ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტით გამოყოფილია 4 500 000 ლარი რეაბილიტაციის ხელშეწყობის პროგრამისთვის. თანხა გათვალისწინებულია სოციალური ინტეგრაციის, სამედიცინო მომსახურების, დღის ცენტრების პროგრამის, საკურორტო რეაბილიტაციის, დამხმარე საშუალებების უზრუნველყოფის პროგრამისთვის, მაგრამ მიუხედავად ამ პროცესებისა ჩვენს ქვეყანაში ინვალიდთა უფლებები უხეშად ირღვევა. არ არსებობს მათი დაცვის მექანიზმი. დაბალია დამხმარე საშუალებების ხარისხის მაჩვენებელი. არანაკლებ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს უნარშეზღუდულთა აღრიცხვა, არ მოიპოვება მათი რაოდენობის ზუსტი მაჩვენებელი. უნარშეზღუდულთა პროგრამების დაფინანსება ძირითადად უცხოელ დონორებზეა დამოკიდებული. საქართველოში ეს ადამიანები სოციალურად დაუცველ ფენას მიეკუთვნებიან და უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებიან. ჩვენს ქვეყანაში ისინი უჩინარი ადამიანები არიან.

უყურე და შეცვალე

ახალი ამბები