კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი უკან

25 აგვისტო, 2009

კოდორიდან დევნილები შიშობენ, რომ ზამთარში ბავშვები გაეყინებათ

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ერთი მაგიდა, 4 სკამი, საწოლი, ტელევიზორი და მაცივარი - ეს ის ქონებაა, რომელსაც კოდორის ხეობიდან 10 აგვისტოს აბარგებული ოჯახების უმრავლესობა დღეს ქუთაისში ფლობს. გარდა ამისა, აქვთ ძველი სამხედრო ლიცეუმის შენობა, რომელიც მათთვის უცხოელებმა გაარემონტეს და რომელშიც მიმდინარე წლის 2 მარტიდან ცხოვრობენ. ისინი უკმაყოფილებას არ მალავენ და საკუთარ გასაჭირზე ყველას ხმამაღლა უყვებიან - იქნებ ხელისუფლებას ხმა ამგვარად მაინც მიაწვდინონ.

„არავის ვახსოვართ და ყურადღებასაც არავინ გვაქცევს. ვისაც უშუალოდ ჩვენზე ზედამხედველობა ევალება, იმას საერთოდ ვერ დაელაპარაკები. პირდაპირ ყვირილსა და ლანძღვაზე გადადის. არ აინტერესებთ როგორ ვართ, რა გვიჭირს და გვილხინს. რადგან ამ გარემონტებულ შენობაში შემოგვასახლეს, ჰგონიათ, რომ სხვა არაფერი გვჭირდება“, - ამბობს გოგონა ფანგანი.

კოდორელი დენილები ქუთაისში 10 აგვისტოს, ზემო აფხაზეთზე რუსული ბომბდამშენების იერიშის შემდეგ ჩამოასახლეს. თავდაპირველად 60-მდე ოჯახი ძველი ავტოლიცეუმის შენობაში, არაადამიანურ პირობებში ცხოვრობდა. 2 მარტიდან კი, ქალაქის განაპირა უბანში, უცხოელი დონორის მიერ გარემონტებულ შენობაში გადაიყვანეს.

ახლა თითო ოჯახი აღნიშნული შენობის ორ ოთახში ცხოვრობს. გარემონტებული კედლების გარდა ყველა ოჯახს აქვს ცალმხრივად ხელმოწერილი ნასყიდობის ხელშეკრულების მიღების ბარათი. ბინის საკუთრებაში გადაცემის ორდერს, დევნილები უკვე სამი თვეა უშედეგოდ ელიან.

„აღნიშნული ხელშეკრულების ორმხრივად გაფორმების შემდეგ მოხდება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ქონებაზე მყიდველის საკუთრების უფლების უსასყიდლოდ რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, რის დასადასტურებლადაც მყიდველს გადაეცემა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან“ - აღნიშნულია ცალმხრივად ხელმოწერილი ნასყიდობის ხელშეკრულების მიღების ბარათში, რომელსაც ხელს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის თანამშრომელი აწერს. ამ ბარათის „ორმხრივად გაფორმებას“ დევნილები იმ დღიდან ელოდებიან რაც ამ შენობაში გადმოვიდნენ საცხოვრებლად, თუმა ისიც კი არ იციან ზუსტად ვინ უნდა მოაწეროს „მეორე მხრიდან“ ხელი ხელშეკრულებას. 

„რად გვინდა ეს ბარათი, არაფერში გვარგია. ჩვენ მყარი დოკუმენტი გვინდა, რომლის მიღების შემდეგ გვეცოდინება, რა არის ჩვენი და რა არა. ჩვენ მთის, სოფლის ხალხი ვართ და შრომას ვართ მიჩვეული. აქ, ამ ოთხ კედელში რა უნდა ვაკეთოთ? როცა გვეცოდინება, რომ ქონებას ვფლობთ, თუნდაც ამ ოთახების და ერთი გოჯა მიწის სახით, ჩვენს ჭკუაზე მოვუვლით და შიმშილითაც არ დავიხოცებით. ნურავის ეგონება, რომ ზედმეტს ვითხოვთ და არ გვახსოვს, რომ სხვა ჩვენზე გაჭირვებულია. უბრალოდ, არ შეგვიძლია აქ ასე უფუნქციოდ და უქმად ყოფნა“, - ამბობს გენწვიშელი ვაჟა ჩოფლიანი.

გენწვიშელი გლეხი წუხს, რომ მთელი დღე ოთხ კედელშია გამომწყვდეული, ირგვლივ კი (შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე), ბევრი დაუმუშავებელი მიწაა. ერთხელ უცდიათ კიდეც დამუშავება და ადგილობრივ მოსახლეობას სერიოზული წინააღმდეგობა გაუწევია.

„მიწა რომ გვქონდეს, თუნდაც ერთი გოჯი, დავამუშავებდით და მწვანილზე მაინც არ ვირბენდით ბაზარში. გარდა ამისა, ერთერთი არასამთავრობო (აფხაზინტერკონტი) საქონელს გვჩუქნიდა და იმის გამო, რომ ადგილი არ გვაქვს, სადაც დავამწყვდევთ, უარი ვთქვით. ტელევიზორში ყველაფერი ისე ჩანს, თითქოს საუკეთესო პირობები გვაქვს, სინამდვილეში კი, რაც არის, ხედავთ. მართალია, ანტისანიტარიაში  აღარ ვცხოვრობთ, მაგრამ ამას ჯობდა სოფელში დავესახლებინეთ... ეს არის მთავრობის მხრიდან ჩვენთვის სასარგებლოდ გადადგმული ერთი ნაბიჯი წინ, ორი - უკან“, - ამბობს ვაჟა ჩოფლიანი.

პრობლემები სხვაც ბევრი აქვთ. თბილისში მცხოვრები დევნილებისგან განსხვავებით, არ სარგებლობენ სატრანსპორტო შეღავათებით. მალე სწავლა დაიწყება და უკვე იმაზე ფიქრობენ, შვილები სკოლაში როგორ ატარონ, როცა არანაირი შემოსავალი არ გააჩნიათ.

ამას ყველაფერს ისიც ემატება, რომ წინ ზამთარია. ისინი კი, უკვე შიშობენ, რომ ბავშვები სიცივისგან გაეყინებათ. მართალია, ამ ეტაპზე კომუნალური ხარჯებისგან გათავისუფლებული არიან, მაგრამ მას შემდეგ, რაც ქონება საკუთრებაში გადაეცემათ, ეს შეღავათიც მოეხსნებათ.

„დენის ტარიფი მაღალია და მის გადახდას ვერ მოვახერხებთ. იქნებ გაზი შემოგვიყვანონ და გასათბობად გაზს გამოვიყენებთ. გვინდა ამის შესახებ მთავრობის წარმომადგენლებს ვუთხრათ, მაგრამ სიახლოვეს არ გვიკარებენ. ნუ დაავიწყდებათ, რომ ჩვენც ხალხი ვართ და ელემენტარული საცხოვრებელი პირობები გვჭირდება“, - ამბობენ დევნილები.

ახალი ამბები