კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რამ გაყო „ძველი“ და „ახალი“ დევნილები?!

27 აგვისტო, 2009

საბა წიწიკაშვილი, გორი

აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან 1991-93 წლებში დევნილები ფიქრობენ, რომ საქართველოს ხელისუფლება 2008 წლის ომის დროს დაზარალებულებს გაცილებით უკეთ ეპყრობა. საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები ამაყობენ იმით, რომ განსხვავებით ყოფილი პრეზიდენტისგან, საკუთარი მმართველობის პერიოდის დევნილებს ამჟამინდელი პრეზიდენტი კომფორტულ გარემოში აცხოვრებს.

„ჩვენ შევარდნაძის დევნილებად ვითვლებით და არავინ გვაქცევს ყურადღებას“, - ამბობს ცხინვალიდან 16 წლის წინ დევნილი ელენა ახალკაცი, რომელიც გორში, წმინდაწყლის „სტუდბინაშია“ შესახლებული. სტუდბინა თავის დროზე გორის უნივერსტიტეტს ეკუთვნოდა, ამჟამად ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ბალანსზეა.

 „სტუდბინაში“ „ძველი დევნილები“ ცხოვრობენ. მის რეაბილიტაციას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით კომპანია „ნიუ ენერჯი“ ახორციელებს. მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, „ნიუ ენერჯი“ „სტუდბინის“ გარდა გორში სისხლის გადასხმის სადგურის საცხოვრებელ ბინებსაც არემონტებს. სულ „ნიუ ენერჯი“ გორში 139 ბინას არემონტებს. აქედან 87 „სტუდბინაში“ დევნილთა საცხოვრებელია.

სამუშაოების მთლიანი ღირებულება 1 მლნ 192 071 ლარს შეადგენს. კონტრაქტის მიხედვით, სამუშაოები 23 მარტიდან დაიწყო და უნდა დამთავრებულიყო 23 აგვისტოს, თუმცა აღნიშნული თარიღები საერთოდ არ ემთხვევა რეალურ პროცესებს. სამუშაოები მაისში დაიწყო, ხოლო დღეის მდგომარეობით  ნახევარიც არ არის შესრულებული.

რას ნიშნავს „ძველი“ და „ახალი“…

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ექსპერტის, იურისტ თამარ კორძაიას აზრით, ამგვარი დაყოფა 2008 წლის აგვისტოს ომმა მოახდინა.

„არსებული ვითარება განსაკუთრებულად სწრაფ რეაგირებას მოითხოვდა. განსაკუთრებულად მწვავედ დადგა ე.წ. ახალი დევნილების საკითხი, რადგან ისინი ღია ცის ქვეშ იყვნენ დარჩენილები და მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა უპირველეს ამოცანად იქნა მიჩნეული. თუმცა, ტერმინოლოგიური დაყოფა არ ატარებს სამართლებრივ დატვირთვას და ამას მხოლოდ ფაქტობრივი მდგომარეობის აღწერისთვის იყენებდნენ. სამართლებრივ ნორმებში ასეთი დაყოფა არ მომხდარა და ვერც მოხდებოდა, რადგან ეს სრულიად ეწინააღმდეგება სამართლის ზოგად პრინციპებს“, – აცხადებს თამარ კორძაია.

აგვისტო - დამპალი კარტოფილი და ჩაცომებული პური

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ წმინდაწყლის დასახლებაში ყოფილ „სტუდბინას“ ესტუმრა. ხუთსართულიანი კორპუსის პირველ სართულზე სამშენებლო ნაგვის გროვებია. ოთახებში უკვე დამონტაჟებულია მეტალოპლასტმასის ახალი კარ-ფანჯარა, მაგრამ, როგორც ჩანს, ფანჯრებში მინების ჩასმას არ ჩქარობენ.

შენობაში ცხინვალიდან და აფხაზეთიდან დევნილები ცხოვრობენ. ცხინვალელები აქ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას პერიოდში მოვიდნენ. ამჟამად „სტუდბინაში“ დევნილების 87 ოჯახი ცხოვრობს. მათგან 7 - აფხაზეთიდან დევნილია, დანარჩენი - ცხინვალიდან. თითოეული მათგანი სახელმწიფოსგან 22 ლარს იღებს. 2009 წლის მაისამდე მათთან დასახმარებლად არავინ მისულა.

„მხოლოდ არჩევნების დროს მოგვიტანეს თითო ტომარა ფქვილი, ხოლო ამ გაზაფხულზე - გვარჯილა. კაციშვილი ჩვენი მომხედავი არ არის. ლტოლვილთა სამსახური და მისი თანამშრომლები წესიერად არც კი გვიცნობენ“, - გვითხრა აფხაზეთიდან დევნილმა ალა მელაიამ.

ისინი იხსენებენ, ჯერ კიდევ გორის ოკუპაციის პერიოდში, როგორ მოუტანა ხელისუფლებამ ჩამბალი პური. საცხობიდან წამოღებული ერთად ჩაწყობილი პურები ჩაცომებულიყო, ხოლო აქაურმა მაცხოვრებლებმა ეს ჩამბალი პურები მიმტანებს უკან გაატანეს. მეორედ დამპალი კარტოფილები მიუტანეს. – „აი, ასეთი პატივი გვცა „ძველ დევნილებს“ ვიცე-გუბერნატორ ზურაბ ჩინჩილაკაშვილის მიერ ორგანიზებულმა  სამაშველო ჯგუფმა 2008 წლის აგვისტოში“ - იხსენებენ დევნილები.

„უკან რომ გავატანეთ გაფუჭებული საკვები ჩვენს მთავრობას, გაბრაზდნენ და მას მერე ყურადღებას აღარ გვაქცევენ. მერე მარხილით სტიქაროსანს დაჰქონდა პური და ის რომ არ ყოფილიყო, ალბათ, შიმშილით დავიხოცებოდით“, - გვითხრა დალი მებაღიშვილმა.

გორიდან რუსების გასვლის შემდეგ „ძველი დევნილების“ ცხოვრება ჩვეულ კალაპოტში ჩადგა. ისინი დახმარების სახით სულზე კვლავ 22 ლარს იღებენ. დენზე და წყალზე ლიმიტი აქვთ. მათ გვერდით უშველებელ მინდორზე კოტეჯების მშენებლობა გაჩაღდა, თუმცა, ამ კოტეჯებს მხოლოდ ფანჯრებიდან უყურებენ. „მეორედ დევნილობისთვის“ კოტეჯი რამდენიმე „სტუდბინელ“ ოჯახსაც ერგო.
 
„ძველი დევნილები“ კვლავ 22 ლარის, ლიმიტირებული დენისა და წყლის ამარა დარჩნენ. მათთვის სიტუაცია მხოლოდ 2009 წლის მაისში შეიცვალა.

ნაძალადევი რეაბილიტაცია...

2009 წლის მაისში ძველი დევნილებით დასახლებულ ადგილებში სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები გამოცხადდნენ და მოსახლეობას განუცხადეს, რომ მათი ბინების რეაბილიტაცია იწყებოდა. მოსახლეობას ავეჯისგან სახლების დაცლა მოსთხოვეს. რეაბილიტაციის პროცესი ორი კვირის განმავლობაში დასრულდებაო, შეჰპირდნენ დევნილებს.

რამდენიმე ოჯახი საგონებელში ჩავარდა. მაგალითად, ელისო ჩაჩიბაიას ოჯახი, რომლის საცხოვრებელი ფართი სულ რაღაც 9 კვადრატული მეტრია და იმ მომენტში სხვაგან წასასვლელი არ ჰქონდათ. ავეჯი დერეფნებში და სათავსოებში გაიტანეს და მეოთხე თვეა ასეთ პირობებში უწევთ ცხოვრება.
 
მშენებლობის ტემპი თავიდან თითქოს დამაკმაყოფილებელი იყო, მაგრამ სიტუაცია ორ კვირაშივე საგანგაშო გახდა.

„თბილისში სასტუმრო ივერიიდან რომ ხალხი გამოასახლეს, მანქანები შეაშველეს დევნილებს და ავეჯის გამოტანაში მიეხმარნენ, აქ კიდევ სად უნდა წაგვეღო ჩვენ მიერ წლობით ნაგროვები ნივთები. ქუჩაში ხომ არ გამოვიტანდით? ასე გაჭირვებით ხან სად გვიწყვია, ხან სად. დავიღალეთ, ნორმალური ცხოვრება გვინდა. ან დროზე დაამთავრონ ეს სამუშაო, ან კიდევ ის თანხა ჩვენთვის მოეცათ და ჩვენ თვითონვე მივხედავთით ჩვენს თავს“, - ამბობს თამარ კასრაძე. როგორც მან გვითხრა, მშენებელ მუშებს არც მასალა აქვთ საკმარისი, არც თვითონ არიან საკმარისნი. გვირჩია დილის საათებში მისვლა, რადგან ამ დროს მაცხოვრებლებს შორის მუშების გამო აყალმაყალი იმართება. მუშათა სიმცირის გამო, ცდილობენ საკუთარ სახლებში ამუშაონ, რათა დროზე დაასრულონ სამუშაოები. მუშაც იმას მისდევს, ვინც კარგი პურის ჭამას დაჰქპირდება და ცოტაოდენ ფულად  „პატივისცემასაც“ არ დაიშურებს.

„ზამთარი ახლოვდება უკვე და ყველას სახლის რემონტის დამთავრება ეჩქარება. მუშები კი ცოტანი არიან და ვერ აუდიან ამდენ სამუშაოს. ძველები ვინც იყვნენ, ყველანი გაიქცნენ. მუშები გაფიცვასაც კი აპირებდნენ. ფულს არ უხდიან. თუ შენ თვითონ რამეს დაუმატებ, წამოგყვებიან სახლში და დაწყებულ რემონტს გაგიგრძელებენ“, - გვითხრა თამარ კასრაძემ.

ნონა მიქიას თქმით, დაწყებული რეაბილიტაცია მათი დასასრულებელი გახდა. „რად გვინდოდა ასეთი რემონტი, თუკი ბოლოს ჩვენი დასამთავრებელი გახდებოდა? სახლის რეაბილიტაცია ოთახების რემონტით დაიწყეს, მაშინ როდესაც პირველ რიგში ტუალეტი და აბაზანა უნდა გაეკეთებინათ“, - ამბობს ის.

საუბარში ერთ-ერთი სტუმარი მამაკაცი ჩაერია, რომელიც პროფესიით მშენებელი ყოფილა და ახლობელთან სანახავად იყო მოსული. როგორც განაცხადა თვითონაც ცხინვალიდან დევნილია. მან გვითხრა, რომ კომუნისტების დროს სამშენებლო გაერთიანებაში მუშაობდა და გაოცებულია მიმდინარე სამუშაოებით. „მე ცოტა რამ გამეგება მშენებლობაში და რასაც ვუყურებ, სრული არაკომპეტენტურობაა, ვინ რას აკეთებს, არავინ იცის. ეს რა უბედურებაა“, - აცხადებს იგი.

დასაქმება იაფად...

ერთ-ერთ მშენებელს - ცხინვალიდან დევნილ გიორგი რომელაშვილს გავესაუბრეთ. ისიც სტუდბინაში ცხოვრობს და მშენებლობაზე დაასაქმეს. მას მშენებლობის დასაწყისში, მაისში, 200 ლარი მისცეს და კედლების გალესვა დაავალეს.

„ის 200 ლარი ავანსად მომცეს. ეგ იყო და ეგ. მე ძირითადად ლესვაზე ვმუშაობ, მაგრამ არიან მუშები, რომლებიც 9 საათიდან 6 საათამდე მუშაობენ. დღეში 20 ლარს შეჰპირდნენ. ვინც ხელოსნები ვართ, ლესვაში კვადრატულ მეტრზე ორლარნახევარი გაუთვალისწინეს, კაფელზე - 6 ლარი. მაგრამ ხომ გითხარით, მე თავიდანვე ვმუშაობ და მხოლოდ ერთხელ მომცეს 200 ლარი. ახლა უკვე სამუშაოების მეოთხე თვეა და დანარჩენი დაპირებული თანხა არ ჩანს“, - გვითხრა გიორგი რომელაშვილმა.

იქვე სხვა მუშებს, დაახლოებით 4 მუშას გავესაუბრეთ და გვითხრეს, რომ ისინი სულ რაღაც 4 დღეა, რაც მუშაობენ, თანხა, რათქმაუნდა. ჯერ არ აუღიათ. ეს ოთხი მუშაც აფხაზეთიდან დევნილი და სტუდბინაში ახალი შემოსახლებულია. გიორგი რომელაშვილი აცხადებს, რომ მას 200 ლარი ხელზე მისცეს და არავითარ ქვითარზე ან უწყისზე ხელი არ მოუწერია.

სამშენებლო კომპანია „ნიუ ენერჯი“-ს ხელმძღვანელობა იქვე კორპუსთან ახლომდებარე შენობაშია განთავსებული, თუმცა, როდესაც მათთან მივედით, ოფისში არავინ დაგვხდა, მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო საათები ჯერ არ დასრულებულიყო.

ამ არაორგანიზებული სამუშაოების შემყურე ერთ-ერთ დევნილ ალა მელაიას ამ კომპანიისთვის მის ბინაში რემონტის ჩატარების უფლება ჯერ არ მიუცია. მან გვითხრა, რომ არაორგანიზებული რემონტის დაწყებისთვის მზად არ არის და ზამთრის გასვლამდე არც არავის მისცემს უფლებას, მის სახლში რემონტი ჩაატაროს.

დალი მებაღიშვილი ამბობს, რომ მის ბინაში დაყენებულ ფანჯრები მას ზამთარში პრობლემებს შეუქმნის, რადგან ზამთარში, ძირითადად, შეშის ღუმელით თბებიან. ერთიანი ფანჯრები კი ღუმელის დადგმის საშუალებას არ მისცემს. გაზი სტუდბინაში არ გამოჰყავთ, ასე რომ გათბობის ერთადერთ საშუალებად დენის ღუმელი რჩება, რომელსაც ელექტრონერგიის დიდი რაოდენობა სჭირდება. ვინც ზამთარში დენის ღუმელით თბება, დაახლოებით 100 ლარის ელექტროენერგიას ხარჯავს. ლიმიტი კი ამ ოჯახებს მხოლოდ 100 კვტ. აქვთ.

ელენა ახალკაცი ამბობს, რომ რემონტისთვის მასალებს თვითონაც ყიდულობს. მაგალითად, კარები საკუთარი სახსრებით დააყენა, თაბაშირ-მუყაოს მასალა თავისი ხარჯით შეიძინა, რაშიც 260 ლარი გადაიხადა და გარემონტებული და მიტოვებული ოთახი თავადვე გადატიხრა. პირველ სართულზე დაკავებულ სათავსოს ურემონტებენ, მაგრამ თან წართმევით ემუქრებიან. ცხინვალიდან წამოსვლის დროს ორივე  შვილი არასრულწლოვანი ჰყავდა. ამჟამად ერთი დაოჯახებულია, მეორეც დაოჯახებას აპირებს. სწორედ ამიტომ, ელენა ახალკაცს იმედი აქვს, რომ პირველ სართულზე დაკავებულ ფარდულს შეინარჩუნებს და გარემონტების შემდეგ მას მთავრობა არ წაართმევს.

ბოლო სართულზე მოხუცებული ლილი კასრაძე ვნახეთ. მის ოროთახიან ბინაში ჯერ მხოლოდ ერთი ოთახია გარემონტებული. მეორე ოთახის ანგრევის უფლება მშენებლებთ თვითონ არ მისცა. მეორე ოთახში მხოლოდ ფანჯრები გამოაცვლევინა. ტუალეტის რემონტი აგვისტოში დაიწყეს. ყველა ბინაში იგივე მდგომარეობაა. მუშაობის დაწყებისას (მაისში) საკანალიზაციო სისტემა გადაკეტეს. სინამდვილეში, საპირფარეშოების რემონტი ბევრ ბინაში არც დაუწყიათ. საკანალიზაციო სისტემის გადაკეტვის გამო სტუდბინაში შესახლებულები საპირფარეშოებით ვერ სარგებლობენ, ისინი ითხოვენ ბიო-ტუალეტები მაინც დაგვიდგითო, მაგრამ ამ მოთხოვნას შედეგი არ მოჰყოლია.

„სარეაბილიტაციო სამუშაოები მაისის დასაწყისიდან მიმდინარეობს, მაგრამ მე ამის მიმდინარეობას ვერ ვიგებ. გაგვაწამეს ამდენი თვე. შემოვიდნენ და გვითხრეს, შემოსასვლელი დერეფანი, ოთახები უნდა გავარემონტოთ, ფანჯრები გამოვცვალოთო. იატაკზე ლამინატი უნდა დავაგათო, მაგრამ არც ლამინატი დააგეს, არც დაასუფთავეს. ტუალეტის რემონტი დღეს დაიწყეს. მუშებს აძლევენ ძალიან ცოტას, იმდენად ცოტას, რომ მუშაობაც აღარ უნდათ. უნდათ, რომ ჩვენ დავუმატოთ ფული მუშებს. ვერ ვიგებ, ვინ მუშაა და ვინ პრარაბი. აბსოლუტურად არაკომპეტენტურები არიან“, - ამბობს ლილი კასრაძე.

ევროპული რემონტი და არათანაბარი ფართობები

საქართველოს მთვარობის მიერ 2009 წლის 28 მაისის #408 განკარგულებით დამტკიცებული სამოქმედო გეგმის შესაბამისად, დევნილებს უნდა გაურემონტდეთ მათი საცოხვრებელი ადგილები, რათა შეექმნათ ცხოვრების ნორმალური პიროებები.
 
რეაბილიტაცია მოიცავს შენობების გადახურვას, სანიტარიული პირობების გაუმჯობესებას, წყალმომარაგებისა და, სადაც ტექნიკურად შესაძლებელია - გაზმომარაგებით უზრუნველყოფას. სამოქმედო გეგმის მიხედვით, რეაბილიტაციის  სტანდარტებისა და კრიტერიუმების ჩამოყალიბების პროცესი, მინიმალური კრიტერიუმების ჩათვლით,  2009 წლის მაისში უნდა დასრულებულიყო. კრიტერიუმების შემუშავების დროს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოყენებული სტანდარტი უნდა მიეღოთ მხედველობაში, რომლის მიხედვითაც საცხოვრებელი ფართობის სიდიდე საშუალო ოჯახზე (3-4 ადამიანი) 40 კვადრატულ მეტრს შეადგენს.

როგორც წესი, ყოველ ოჯახს საკუთარი სანიტარიული კვანძი უნდა ჰქოდეს, ხოლო იმ შემთხვევაში, როცა ფართობი არ იძლევა სტანდარტის დაკმაყოფილების საშუალებას, სავარაუდოდ, ორი ან მეტი ოჯახისთვის საერთო სველი წერტილი უნდა გაკეთდეს.

სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს დევნილებისათვის სხვადასხვა ვარიანტის შეთავაზებას და მას არჩევანის უფლებას ანიჭებს (სტრატეგიის 2.1.9 მუხლი).
 
,,ანუ თუ მას შესთავაზებენ ალტერნატიულ ფართს ან თანხას, დევნილს უფლება აქვს, აირჩიოს ერთ-ერთი, რომელიც მისთვის ყველაზე ხელსაყრელია. მოკლედ, ეს მხარეეების მოალაპარაკების საკითხია. მთავარი ისაა, რომ სახელმწიფომ უნდა აიღოს მინიმალური ვალდებულება: - ან გაურემონტოს ის ფართი, რომელშიც დევნილი ცხოვრობს, ან სხვა ფორმით მოახდინოს მისი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება“, - აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი თამარ კორძაია.

ლტოლვილთა და განსახლების რეგიონული სამმართველოს მონაცემებით, სახელმწიფოს კუთვნილ კომპაქტურად ჩასახლებულ ადგილებში სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე, მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერები გამოაცხადა და სარემონტო სამუშაოებს ამ ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ატარებენ. „სარეაბიოლიტაციო სამუშაოების შემდეგ მოხდება ამ ფართობების დევნილებისთვის დაკანონება. ანუ ძველი დევნილები იმ ფართის მესაკუთრეები გახდებიან, სადაც წლების განმავლობაში ცხოვრობენ“, - აცხადებს აღნიშნული სამმართველოს უფროსი მანანა ჭამპურიძე.
 
მისივე განცხადებით, ფართების დაკანონება ნებაყოფლობითია. არსებობს ისეთი ოჯახები, რომლებსაც საცხოვრებლად საკმაოდ მცირე ფართი, მაგალითად, 9 კვადრატული უკავია. ასეთ შემთხვევაში, დევნილებს მათთვის საცხოვრებლად გამოყოფილი მცირე ფართობის დაკანონება არ აწყობთ, რადგან ქონების დაკანონების შემთხვევაში ავტომატურად ხდება სხვადასხვა ეკონომიკური დახმარებების შეწყვეტა.

უმრავლესობას ეჭვი ეპარება სამშენებლო კომპანიების კეთილსინდისიერებასა  და სახელმწიფოს გულწრფელობაში. მათთვის უმჯობესი იყო სარემონტო სამუშაოებზე დახარჯული თანხები ფულადი კომპენსაციების სახით მიღოთ. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ თითო ოჯახს იმდენი თანხა ეკუთვნის, რამდენიც ახალ დევნილებს მისცეს. ამ ეჭვებს ის ფაქტიც აძლიერებს, რომ ძველ დევნილთაგან ზოგს მეტი ფართობი უკავია, ზოგს ნაკლები. სარეაბილიტაციო სამუშაოები კი ყველას ერთნაიარად უტარდება.

„დიახ, ეს გარემონტებული ფართები მათ შეუძლიათ, დაირეგისტრირონ საკუთრებაში, თუმცა ამისთვის გარკვეული ეტაპების გავლაა საჭირო“, - აცხადებს თამარ კორძაია. თამარ კორძაია დევნილთა ინფორმირებულობისთვის დაწვრილებით გვესაუბრა ქონების საკუთრებაში გადაცემის  პროცესის შესახებ.

რეაბილიტაციიდან დაკანონებამდე..

რეაბილიტაციის დასაწყებად იმ კომპაქტური ჩასახლების ობიექტები შეირჩა, რომლებიც რეაბილიტაციის შემდეგ საცხოვრებლად ვარგისი იქნებოდა და ამავე დროს სახელმწიფოს საკუთრებად ითვლება; ობიექტის შერჩევის შემდეგ სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ ამ ჩასახლებებში მაცხოვრებელთა სიების დადგენა-დაზუსტება დაიწყო. ეს დავალება სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე განსახორციელებელ ღონისძიებათა პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის N4 განკარგულებით მიიღო.

გარდა ამისა, უნდა წარმართულიყო საცხოვრებელი ბინების შიდა აზომვითი სამუშაოები, თუმცა მსგავსი არაფერი მომხდარა. დევნილები აცხადებენ, რომ სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელები მათ მოულოდნელად გამოეცხადდნენ და ფართობების დროებით დაცლა მოსთხოვეს.

მთავრობის მიერ შემუშავებულ სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ  დევნილთა სურვილის დაფიქსირება იმ შემთხვევაშიცაა საჭირო, თუკი მათ დაკავებული ფართობი საკუთრებაში გადაეცემათ. ფართის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე დევნილსა და სახელმწიფოს შორის ხელშეკრულება იდება.

საბოლოოდ, ამ შეთანხმების საფუძველზე, დევნილს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტს გადასცემს. რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯები ხელმწიფო ბიუჯეტიდან იფარება.

ასეა განმარტებული იმ სტრატეგიაში, რომელიც დევნილთათვის აბსოლუტურად უცნობია.  ისინი პრაქტიკულად საინფორმაციო ვაკუუმში იმყოფებიან. გარდა ამისა ნათელია, რომ ჩვენს მიერ ნახსენებ სტუდბინაში პროცესები ამ წესების სრული დარღვევით მიმდინარეობს.

თამარ კორძაიას განმარტებით იმ დევნილებმა, რომლებსაც საცხოვრებლად მცირე ფართი აქვთ გამოყოფილი „2.1.6. მუხლის მიხედვით, უნდა მოითხოვონ შესაბამისი ფართები სულადობის მიხედვით. დევნილებმა უნდა მიაწოდონ სამინისტროს ინფორმაცია ფართის ოდენობასა და ოჯახის სულადობაზე და ამის მიხედვით დაიწყონ მოლაპრაკება“.

„კერძო ჩასახლებებმა თავის თავს თვითონ უნდა მიხედონ“...

გორში არის რამოდენიმე დევნილთა დასახლება, რომლებიც კერძო პირებს ეკუთვნის, მაგალითად „ტურბაზა“, სასტუმრო „ქართლი“, სასტუმრო „კოლხეთი“. სახელმწიფო ამ კერძო დასახლებებს არ არემონტებს.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს რეგიონული სამმართველოს სპეციალისტის თამაზ გვიმრაძის განცხადებით, მათ სასტრუმო „ქართლის“ მეპატრონეებთან უკვე გამართეს მოლაპარაკებები სასტუმროს სახელმწიფოს მიერ გამოსყიდვის თაობაზე, თუმცა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

„სასტუმროს მფლობელებმა სახელმწიფოს საკუთრებაში სასტრუმოს გადასაცემად სოლიდური ფასი დაგვისახელეს, კვადრატულ მეტრში დაახლოებით 400 დოლარის გადახდას გვთხოვდნენ. ამდენი თანხა კი სახელმწიფოს არა აქვს. ამიტომ ჩვენ უარი ვთქვით ობიექტის შესყიდვაზე. შესაბამისად, იქ მცხოვრები დევნილების ფართი გაურემონტებელი დარჩება“ - აცხადებს თამაზ გვიმრაძე.

ახალი ამბები